პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს! - გზაპრესი

პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს!

21 სექტემბერს, ყველაზე პატარა მაყურებლისთვის (1-4) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "იავნანა". პატარა მაყურებელს საოცარი თავგადასავალი ელის ღამის სამყაროში, ისინი მსახიობებთან ერთად ეთამაშებიან მთვარის შუქსა და ფუმფულა ღრუბლებს, გაეშურებიან მთვარეზე, რომელიც დედამიწას უზარმაზარი, ნათელი სფეროსავით დასცქერის. თითოეულ მოვლენას სხვადასხვა მუსიკალური ბგერა ახლავს თან, თითქოს ცა და ციური სხეულები ბავშვებს საკუთარ მუსიკალურ ენაზე ესაუბრებიან.

წარმოდგენის იდეას საფუძვლად უდევს სახელოვნებო/კვლევითი პროექტი Bაბყ სპაცე.

22 სექტემბერს პოლონური დასი შედარებით მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის წარმოადგენს სპექტაკლს "მთავარი შეკითხვა". ვოლფ ერლბრუხის ფილოსოფიური იგავი მაყურებელს დააფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის აზრი, თავად სამყარო, რომლის ყოველი ელემენტი თვითმყოფადია, განსაკუთრებული და ამის დანახვა მეტად მნიშვნელოვანია. მთავარი მოქმედი პირია ადამიანი - კაცი, რომელიც წარმოდგენის მსვლელობისას ადამიანთა კრებით სახედ იქცევა.

წარმოდგენის დროს მაყურებელს საკუთარი მოსაზრებები გაუჩნდება, რომელიც შეუძლია დამსწრე საზოგადოებასა და სადადგმო ჯგუფს სპექტაკლის შემდეგ გამართულ ე.წ. ვორკშოფზე გაუზიაროს.

სპექტაკლების დასაწყისი 12 და 14 საათზე. დასწრება თავისუფალია.

სპექტაკლების გარდა, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის, 23-27 სექტემბერს გაიმართება რამდენიმე ე.წ. ვორკშოპი, რომლებსაც გაუძღვებიან: "პინოქიოს" სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

ე.წ. ვორკშოპის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია, აგრეთვე გაიმართება მუსიკალური ე.წ. ვორკშოფი. თითოეული მათგანი დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

კოპროდუქცია განხორციელდა პოლონეთის გრანტის Promesa 2018-ის დაფინასებით, პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.