"სკოლაში პოპულარული გოგო არ ვყოფილვარ"
ახალგაზრდა მომღერალი - ცირა კობიაშვილი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ცირას კონცერტები ჰქონდა. 28 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ექნება, ამჯერად - ბათუმში. პარალელურად, მისი მეორე კლიპის გადაღებაც იგეგმება. როგორც ცირამ გვითხრა, ცოტა გადაღლილია, თუმცა კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და ინტერვიუზეც დაგვთანხმდა...
- ცირა, როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?
- გაფეტიშებული წარმოდგენა, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არ მაქვს. თავს ჩვეულებრივ გოგოდ მივიჩნევ... საკუთარი მომხიბვლელობა ალბათ, მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ფართო საზოგადოებამ გამიცნო.
- რომანტიკული ხარ?
- ძალიან. ზედმეტად რომანტიკულიც კი. ჩემთვის სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიყვარს რომანტიკულ სიტუაციებში ყოფნა და პარტნიორიც თუ ანალოგიურად მექცევა, ძალიან მომწონს.
- გაიხსენე საყვარელი ადამიანისგან მიღებული ბოლო რომანტიკული საჩუქარი, სიურპრიზი...
- საჩუქრებით ყოველთვის მანებივრებენ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გავიხსენებ, რადგან თითოეული საჩუქარი ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიყვარულის გამომხატველია.
- ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?
- იმას, რომ ძალიან ეჭვიანი, ეგოისტი ვარ - ამას ჩემს დედისერთობას ვაბრალებ. ვცდილობ, "მინუსები" - მესაკუთრეობა გამოვასწორო. იმასაც ამბობენ, რომ ხანდახან უპასუხისმგებლო და ცოტა ზარმაცი ვარ. მირჩევენ, რომ უფრო მოტივირებული ვიყო საქმისადმი, არ უნდა ვიყო მესაკუთრე, ეგოისტი და სხვებსაც გავუწიო ანგარიში.
- შენი ხასიათის რომელი თვისებით ამაყობ?
- სამართლიანი ვარ და სხვებისგანაც ამას ვითხოვ - მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვის მიმართაც თავად ვარ სამართლიანი. ერთგულიც ვარ. პირფერობა და ორპირობა არ მახასიათებს. მიმაჩნია, რომ პირდაპირობა ჩემი საუკეთესო თვისებაა, რადგან რასაც ადამიანზე ვფიქრობ, ემოციით და სიტყვიერად იმავეს გამოვხატავ.
- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?
- ხანდახან.
- როგორ სიტუაციაში?
- როგორ სიტუაციაშიც მჭირდება (იცინის).
- რამ შეიძლება მოთმინება დაგაკარგვინოს და ბილწსიტყვაობა დაიწყო?
- ალბათ, საცობებში, როცა საჭესთან ვზივარ; ან თუ ვინმე რაღაცას მიმტკიცებს და ვიცი, რომ ის სიმართლე არ არის, ასეთ დროს შეიძლება, უცენზურო სიტყვები გამოვიყენო.
- ცხოვრებაში კომფორტს რა გიქმნის?
- ალბათ, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა და სიმშვიდე.
- თავს კარგ მომღერლად მიიჩნევ?
- მივიჩნევ, რა თქმა უნდა. კარგი მომღერალი რომ არ ვიყო, ამხელა დაფასება არ მექნებოდა არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.
- როცა გაკრიტიკებენ, როგორი რეაქცია გაქვს?
- კრიტიკის დონეს გააჩნია. თუკი ჩემ მიმართ გამოთქმული კრიტიკა ზრდილობის ფარგლებშია და მივიჩნევ, რომ ვიმსახურებ, ნორმალურად ვიღებ. ვერ ვიტყვი, რომ მიხარია. საერთოდ, კრიტიკა არც ერთ ადამიანს არ უყვარს, მაგრამ თუკი თავხედური არაა და თანაც, საფუძვლიანია, ჩვეულებრივად ვიღებ.
- რაიმე კომპლექსი გაქვს?
- კი, კომპლექსები მაქვს. მაგალითად, იმის კომპლექსი, რომ რაღაც სიტუაციაში ზედმეტად არ ვიგრძნო თავი. კიდევ, ხანდახან მგონია, რომ ხალხმრავალ ადგილებში სათანადოდ არ გამოვიყურები (იცინის). საერთოდ, ვცდილობ, ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყო, ანუ გარეთ თავისუფლად ვერასდროს გავდივარ, რადგან ამის კომპლექსი მაქვს.
- რამ შეიძლება, ცუდ ხასიათზე დაგაყენოს?
- ნებისმიერმა რაღაცამ, რადგან ძალიან ემოციური და ცოტა დეპრესიულიც ვარ. შეიძლება, პატარა დეტალმა ისეთ ცუდ გუნებაზე დამაყენოს, რომ ერთკვირიანი სტრესი მქონდეს.
- სტრესს როგორ უმკლავდები?
- საკუთარ თავში ყოველთვის ვპოულობ ძალას ან გარშემო მყოფები მეხმარებიან, ან შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რომ უცებ "გამოვიდე".
- შენს ცხოვრებაში ყოფილა რაიმე, რის გამოც დღემდე სინდისი გქენჯნის?
- რა თქმა უნდა, ყოფილა. მაგალითად, შეიძლება მეგობარს ან ოჯახის წევრს ვეჩხუბე, არასწორად მოვიქეცი და მერე ამას ვნანობ, - ასე არ უნდა მოვქცეულიყავი-მეთქი. ადამიანები ვართ და ვერ წარმომიდგენია, ვინმეს სინანულის განცდა არ ჰქონდეს.
- სკოლაში პოპულარული გოგო იყავი?
- არა, პირიქით - ძალიან მორცხვი და კომპლექსიანი ბავშვი გახლდით. სკოლაში პოპულარული არასდროს ვყოფილვარ.
- სიმორცხვე დღემდე მოგყვება?
- ახლა სრულიად განსხვავებული პიროვნება ვარ. მორცხვი საერთოდ არ გახლავარ, პირიქით - იმის მრცხვენია, რომ ზედმეტად თავისუფლი ვარ (იცინის).
- რამ შეგცვალა ასე რადიკალურად?
- ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, თუნდაც - იმან, რომ ახლა პოპულარული ვარ. ცხოვრებისეული კომპლექსები და ბარიერები გადავლახე. როცა ამდენი ხალხი მიცნობს, რა თქმა უნდა, მორცხვი ვერ ვიქნები. როცა ფართო საზოგადოების წინაშე, სცენაზე გავედი, ჩემი სიმორცხვე კულისებში დავტოვე.
- როგორ ფიქრობ, შეიძლება ქალი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილად ბედნიერი იყოს?
- ვერ წარმომიდგენია, რომ საყვარელი ადამიანის ან მეუღლის გარეშე ქალი სრულყოფილად ბედნიერი იყოს. ჩემი აზრით, გვერდში მდგომი პიროვნება ყველა ქალს სჭირდება.
- დღეს შენ გვერდით არის ასეთი პიროვნება?
- დიახ, დღეს ჩემ გვერდით არის ასეთი პიროვნება (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი