"სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" არ მომეწონა" - გზაპრესი

"სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" არ მომეწონა"

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 2 შვილის - ერეკლეს და ლილეს დედა გახლავთ. ლილე ჯერ 2 წლისაც არ არის, ერეკლეს კი ახლახან პირველი სასწავლო წელი დაეწყო... გვანცა დარასელიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა: ოჯახთან ერთად, ის დედაქალაქიდან მცხეთაში გადასახლდა...

- ძალიან კარგი შვებულება მქონდა: 1-2-ჯერ ქვეყნიდან გასვლა, ბავშვების მთაში და ზღვაზე წაყვანა მოვახერხე... გასული ზაფხული ჩემთვის გამორჩეული იმით იყო, რომ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე - მცხეთაში გადავსახლდით (სახლი ავაშენეთ). მგონი ყველანი შევიცვალეთ, რადგან ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვე, სიმწვანე, სუფთა ჰაერი უკეთესობისკენ ცვლის.

- დედაქალაქიდან მცხეთაში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზი რა იყო?

- პირველ რიგში, ძალიან დამღლელი გახდა, რომ მარტო შენ ამ გარემოს უკეთესობისკენ ვერ ცვლი. გვინდოდა, ბავშვებს სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნის საშუალება ჰქონოდათ და ისეთ ადგილას გვეცხოვრა, სადაც სიმშვიდე იქნებოდა, ჰაერში გამონაბოლქვის გაუსაძლისი სუნი არ იგრძნობოდა. სხვათა შორის, რაც იქ გადავსახლდით, დედაქალაქში ჩამოსვლისთანავე ვგრძნობთ, როგორი დიდი განსხვავებაა - იქ ყოფნა ბედნიერებაა. გაგვიმართლა, რომ საშუალება გვაქვს, საცხოვრებელი ადგილი დიდი ხნით შევიცვალოთ. საერთოდაც, მგონი იქ სამუდამოდ გადავსახლდებით.

- სამსახურში ყოველდღე მცხეთიდან დადიხარ?

- კი, უკვე 3 თვეა.

- რთული არ არის?

- თავდაპირველად რთული იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ერეკლე წელს სკოლაში შევიდა. ვნახოთ, მისთვის ყოველ დილით სკოლაში სიარული რამდენად კომფორტული იქნება, თუმცა მგონია, რომ ეს 15-წუთიანი სხვაობა (რაც მცხეთიდან დედაქალაქში შემოსვლას სჭირდება) მაინც გადაწონის იმ ფაქტს, რომ იქ ყველანი ბევრად კარგად ვგრძნობთ თავს.

- ერეკლეს პირველი სასწავლო წლისთვის როგორ ემზადებოდით?

- საერთოდ, ყველა მოვლენისთვის მზადყოფნა მიყვარს. ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. მათ ყოველთვის ყველაფრის შესახებ ვუყვები, ბევრს ველაპარაკები. მათთან ურთიერთობას ბევრ დროს ვუთმობ. დიდ ენერგიას ვხარჯავ, ყველა კითხვაზე რომ ვუპასუხო, მათი ყველა ინტერესი რომ დავაკმაყოფილო. დიდი ხანია, რაც პირველი კლასისთვის ვემზადებით. ჯერ იყო სკოლის შერჩევის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ეს ძალზე სტრესული გახლდათ: ცხოვრებაში როგორი სტრესიც უნდა განმეცადა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ღამით ვერ დამეძინა, ახლა კი - ღამით შფოთვით მეღვიძებოდა, - ვაიმე, ნეტავ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ? ნეტავ, კარგი სკოლაა თუ არა-მეთქი?.. როგორც იქნა, სკოლა შევარჩიე. მეორე უმნიშვნელოვანესი ეტაპი ის იყო, რომ ერეკლე ამ სკოლაში უნდა მიმეყვანა და მეჩვენებინა, გარემო მასაც უნდა მოსწონებოდა... ძალიან მიხარია, რომ პირველ კლასში თავის უახლოეს, საბავშვო ბაღის მეგობართან ერთად მივიდა. მათთვის ეს სტრესის შემსუბუქება იქნება. ფაქტობრივად, ერეკლემ ორშაბათს ახალი ცხოვრება დაიწყო. მანამდე მოვუყევი, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია; სადაც რაღაცას გთხოვენ და შენც შეგიძლია, მოითხოვო-მეთქი. სხვათა შორის, პასუხისმგებლობა აქვს. არ უყვარს, როცა შენიშვნას იმსახურებს. სულ ცდილობს, მომზადებული იყოს. იმედი მაქვს, ეს თვისებები სკოლაში გამოადგება.

- კერძო სკოლაში სწავლობს?

- დიახ.

- რატომ შეარჩიეთ კერძო სკოლა და არა - საჯარო?

- სიმართლე გითხრათ, საჯარო სკოლაზე არც მიფიქრია, რადგან პირველ რიგში, მინდა, იქ იაროს, სადაც სწავლას შეეჩვევა. სასწავლო დაწესებულების მხრიდან ყურადღების თითოეულ მოსწავლეზე კონცენტრაცია მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ერთმანეთს იმაში კი არ უნდა ეჯიბრებოდნენ, ვის როგორი ჩანთა ან ტელეფონი აქვს, ზაფხულში მშობლებმა ვინ უკეთეს ადგილას წაიყვანეს დასასვენებლად, არამედ - ვინ უკეთესად ისწავლის. ამის მიხედვით ვეძებე, ვეძებე და ვფიქრობ, რომ სკოლა სწორად შევარჩიე, თუმცა სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" მაინც არ მომეწონა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით - მინიმუმ, პირველი წელი გვიჩვენებს, ჩემი შერჩეული სკოლა როგორია...

GzaPress- რატომ გამორიცხე, რომ კერძო სკოლაში ბავშვებს შორის არ იქნება შეჯიბრება, ვინ უკეთეს ადგილას დაისვენა, ვის უკეთესი ტელეფონი აქვს?..

- არა, ეს ყველგან შეიძლება, იყოს. ასეთი შეჯიბრება კერძო სკოლებშიც არის და ე.წ. ელიტურ საჯარო სკოლებშიც. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი კერძო სკოლაში ივლიდა, რადგან მინდა, გარანტიები მქონდეს, მაგალითად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაც მშობელს შეუძლია, კერძო სკოლას უფრო მოსთხოვოს, რადგან კერძოს თავისი მენეჯმენტი, გადაწყვეტილებები აქვს და საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უდგება, ვიდრე სამწუხაროდ, საჯარო სკოლები. სასწავლო დაწესებულების შერჩევისას უსაფრთხოება უმთავრესი იყო. მგონია, რომ კერძოში, მოსწავლეებთან მიდგომების თვალსაზრისით, ბევრი აქვთ ნაფიქრი - როგორ უნდა შევიდეს სკოლის სამყაროში პირველკლასელი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

- შენი გოგონას შესახებაც მოგვიყევი...

- ლილე წლის და 7 თვის ხდება. ჩემთვის ის ცალკე სამყაროა. საერთოდ, ასეა: ბავშვის გარშემო "იკრიბება" ოჯახი, მაგრამ ლილე ჩვენთვის "სხვა ცენტრია". იმიტომ არა, რომ გოგოა: უბრალოდ, ისეთი ბავშვია, რომ სულ ყურადღების ცენტრშია, მის მიმართ გულგრილი არავინ რჩება, ყველას უყვარს და ყველას ეპრანჭება. ცხოვრებას ისე გვიხალისებს, რომ ბევრ პრობლემას გვავიწყებს. მგონია, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გადასარევი გადაწყვეტილება ამ ბავშვების გაჩენა იყო: ჯერ ერთი, საუკეთესო დაძმობა აქვთ, ერთმანეთზე გიჟდებიან, რაც ჩემთვის ყველაზე მაგარი საყურებელია და მეორეც - ორივე თავისებურად კარგია... ზედმეტი არ მომივიდეს - თავისი შვილები ყველა დედას უყვარს (იღიმის)...

- რომელი შვილი უფრო მეტად გგავს?

- ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს, - ბავშვობაში ასეთი იყავიო. ლილე გარეგნობითაც მგავს და ჭამის მადითაც - ჭამა უყვარს. ძალიან მხიარულია და არ არსებობს, არ მიგიზიდოს. ამბობენ, რომ ბიჭიც მგავს. უბრალოდ, ის "ღია ფერებშია". სხვათა შორის, გოგოსაც თმა საკმაოდ გაუღიავდა. მამასაც ჰგავს.

- დროს როგორ ანაწილებ, რომ პატარებისთვის მოიცალო?

- ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ, რადგან საბედნიეროდ, სამსახური საშუალებას მაძლევს, დღის განმავლობაში ბავშვებისთვის დრო დამრჩეს, ანუ კონკრეტული, დადგენილი რეჟიმით არ ვმუშაობ, რომ აუცილებლად 7 ან 6 საათამდე სამსახურში უნდა ვიყო. ხანდახან 6-ზე უკვე სახლში ვარ. შესაბამისად, მთელ საღამოს ბავშვებთან ვატარებ. ამიტომ მგონია, რომ დროს კარგად ვანაწილებ - მყოფნის. უბრალოდ, ხანდახან დრო ჩემთვის აღარ მრჩება: "არაფრის კეთების" დრო (20 წუთი თუ 1 საათი) ყველა ადამიანს სჭირდება მოსადუნებლად... სამწუხაროდ, ამისთვის ვერ ვიცლი.

- "არაფრის კეთების" გარდა, მოუცლელობის გამო, კიდევ რის დანაკლისს განიცდი?

- რამის გამო გული ნამდვილად არ მწყდება. პრეტენზია ცხოვრების კი არა, საკუთარი თავის მიმართ მაქვს, რადგან ხანდახან მენეჯმენტში არ ვვარგივარ, თორემ ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერი შეუძლია - რა თქმა უნდა, როცა გარემო და ოჯახის წევრებიც ხელს უწყობენ. მე ნამდვილად მიწყობენ ხელს, განსაკუთრებით - ჩემი მეუღლის მშობლები. ისინი ძალიან მეხმარებიან. პრინციპში, რამეს თუ მოვინდომებ, შემიძლია, გავაკეთო. უბრალოდ, ცოტათი ზარმაცი ვარ. ჩემი ყველაზე უარყოფითი თვისება ის არის, რომ საქმის გადადება მჩვევია: ვამბობ ხოლმე, ამის გაკეთება ხვალაც ხომ შემიძლია-მეთქი? მერე, ხვალაც იმავეს ვამბობ... ეს თვისება უნდა დავძლიო.

- ბავშვების გაზრდაში ძიძა გეხმარება?

- კი, ძიძა გვყავს. ზოგიერთი ადამიანი ე.წ. ძიძის ინსტიტუტის წინააღმდეგია. მე ამ აზრს არ ვიზიარებ. ოჯახის წევრებს ერთმანეთის სიყვარულისთვის ენერგია და დრო რომ დარჩეთ, ამისთვის უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც ტექნიკურ თუ სხვადასხვა ფუნქციას გადაინაწილებს. ძიძის ყოლა იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მან გაგიზარდოს - არავითარ შემთხვევაში, ამის მომხრე არ ვარ. უბრალოდ, ძიძა იმაში გეხმარება, რომ ვიდრე ბავშვს წვნიანს მოუმზადებს, მანამდე შვილთან ერთად ბალახზე იკოტრიალო, ნაკლებად დაისტრესო... ჩვენი ძიძა ბავშვებს ისე უყვართ, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ - ის მათი საუკეთესო მეგობარია.

- ძიძის შერჩევა საკმაოდ პრობლემატურია. როგორ შეარჩიე?

- როცა ერეკლე ერთი წლის იყო, ძიძა კასტინგით შევარჩიეთ. 5 წელია, ჩვენთან მუშაობს.

- ბავშვების აღზრდისას დაბნეულხარ?

- არა, სხვათა შორის, ამ მხრივ, საკმაოდ გაწონასწორებული ვარ: "პანიკიორი" და მშიშარა არ გახლავართ. ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვი დავარდნილა, თავი დაურტყამს, საკვები გადასცდენია, სიცხე ჰქონია... უამრავი პრობლემაა. ერთი კვირა საავადმყოფოშიც ვიწექით, მაგრამ ყველაფერს მშვიდად, წყნარად, საქმიანად გავართვით თავი. მიმაჩნია, რომ ამ დროს დედის სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, თავდაჯერებულობა გადამდებია. მგონია, რომ გამოსავალს ყველა სიტუაციიდან ვიპოვი.

ეთო ყორღანაშვილი