"დასასვენებლად საბერძნეთში მივფრინავდი, ამიტომ საავადმყოფოში აღარ გავჩერდი" - გზაპრესი

"დასასვენებლად საბერძნეთში მივფრინავდი, ამიტომ საავადმყოფოში აღარ გავჩერდი"

ცოტა ხნის წინ გიორგი გაგლოევმა რთული ოპერაცია გაიკეთა. ახლა კარგადაა და პრემიერაც ჰქონდა, სპექტაკლში "ეზოში ავი ძაღლია" ალექსანდრე ჩინჩახელის როლი შეასრულა. ენერგიით სავსე მსახიობი ახალი ტელედაგაცემისთვის ემზადება, რომელსაც განუყრელ მეგობარ ნინო მუმლაძესთან ერთად წაიყვანს. გაგლოს (ასე მეგობრები ეძახიან) ორი საინტერესო ჰობი აქვს: მსოფლიო რელიგიების ისტორია და მცენარეები. ზეპირად იცის უამრავი თარიღი და მცენარეებსაც ხშირად ყიდულობს, განსაკუთრებით კი სუბტროპიკული ნარგავები უყვარს.

ოპერაციამდე

- პირველი შეტევა ქუჩაში დამემართა და "სასწრაფომ" საავადმყოფოში გადამიყვანა. აღმომაჩნდა თირკმელში კენჭი კი არა, 50 მმ "ლოდი", როცა 7 მმ-ია უკვე საგანგაშო. საოპერაციო ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს დასასვენებლად საბერძნეთში მივფრინავდი, ამიტომ საავადმყოფოში აღარ გავჩერდი. ჩავედი საბერძნეთში და ფანტასტიკური დრო ვატარე. სამწუხაროდ, მეხუთე დღეს საოცარი შეტევა მომცა. ვიძახებ "სასწრაფოს" და მეუბნებიან, - საათნახევარში მოვალთო. იქ თურმე ასეთი წესია, ამაზე ადრე არ მოდიან. ძალიან გამიკვირდა, მედიცინა დაბალ დონეზე ჰქონიათ. ენით აღუწერელ ტკივილებს რა გაუძლებდა? იქაურ ქართველებს გადაურეკეს და ჩემი დეიდაშვილის ახლობელი ექიმი მოვიდა წამლებითა და ნემსებით. ნახევარ საათში ძლივს გამიყუჩდა. მეორე დღეს კარგად ვიყავი. რა თქმა უნდა, წავედი და ეგეოსის ზღვის ნაპირას ვნებივრობდი (იცინის). ასე რომ, აკროპოლისიც და ზღვაც დავიპყარი. ჩამოვედი და ორი კვირის მერე ოპერაცია გავიკეთე, როცა ჩემი ექიმი შვებულებიდან დაბრუნდა. ღვთის წყალობით, გადავრჩი.

GzaPressეპიზოდები მოგზაურობიდან - ორი წლის წინ მე და მუმლიკამ (ნინო მუმლაძე) ევროტური მოვიწყვეთ. ჯერ ბერლინში ჩავფრინდით, მერე ჰამბურგში გადავფრინდით, იქიდან პარიზში. ბევრი რამ დავათვალიერეთ. ბოლოს ბავშვობა გავიხსენეთ და დისნეილენდი მოვინახულეთ. იმდენად კარგი დრო ვატარეთ, რომ სიმართლე გითხრათ, წამოსვლაც აღარ გვინდოდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იმ დროს ფინანსური შესაძლებლობაც გვქონდა და დროც. ბერლინი მსოფლიოში ცნობილია კლუბური ცხოვრებით, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ისვენებენ. მე და ნინომ რამდენიმე კლუბი მოვიარეთ. ერთხელ გადავწყვიტე, ახლა ერთი გოგო უნდა "შევკერო"-მეთქი (იცინის). თან გვახლდა ადამიანი, რომელმაც გერმანული იცოდა. მე არ ვსაუბრობ გერმანულად, ამიტომ არაფერი გამომდიოდა. იქ ისეთი მაღლები და ტანადები დადიოდნენ, ნინოს ხუმრობით ვუთხარი: აქ სულ ლამის ორმეტრიანები არიან და ამათ ფონზე ძალიან გვეტყობა, რომ ჩვენ "მოკლეები" ვართ და თან ჩამოსულები-მეთქი. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გერმანელმა გოგონებმა საოცარი რამ თქვეს, - ნეტა რა უნდა ამ ბიჭს, რას გვეფორთხიალებაო? სამწუხაროდ, მაშინ მივხვდი, რომ შანსები არ მქონდა.

პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის წინ დიდი რიგი იდგა. ჩვენც რიგში ჩავდექით და საათნახევარში შევედით. მე და ნინო ტაძარს ვათვალიერებთ, წირვა ტარდებოდა. ნინოს ვთხოვე, დავსხდეთ და 2 წუთი მესას დავესწროთ-მეთქი. დაღლილები ვიყავით. მერხებს მივუსხედით და სულ მალე, გვერდზე ფეხებთან სითბოს ვგრძნობ და ხვრინვა მესმის. მოვიხედე და ნინო მერხზე წამოწოლილა, ფეხები ჩემკენ მოუშვერია და სძინავს. პადრემ ტაძრიდან გამოგვყარა...

ვფიქრობ, ადამიანი ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს დისნეილენდის დასათვალიერებლად. ეს არის ქალაქი უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც კარიბჭე იღება და სულ სხვა ცხოვრება იწყება, მსოფლიო დონის ატრაქციონების ზღაპრულ სამყაროში ხვდები. იქ ორი დისნეილენდია: ახალი და ძველი. ჩვენ ახალში დილიდან საღამომდე დავყავით. არის სასტუმროები, სადაც ტურისტები ჩერდებიან და რამდენიმე დღე დროს ატარებენ. ნინო ჯერ მეხვეწებოდა, დისნეილენდში წავიდეთო, მერე მეხვეწებოდა - წამოვიდეთო, შიშით ვერც ერთ ატრაქციონს ვერ მიეკარა. მე კი თითოზე ოთხჯერ მაინც ვჯდებოდი. დიდი ადრენალინი მივიღე, როცა დახურულ "კოსმოსში" გავედი. ეს იყო დაახლოებით "ლოკომოტივის" სტადიონისხელა შენობა. ზიხარ საჰაერო ხომალდში და დაფრინავ. გაცნობენ, როგორ იქმნებოდა გალაქტიკა, როგორ ფეთქდება კომეტები და დედამიწაზე ცვივა - ამას რეალურად უყურებ, თან ბნელა, მერე უცბად ნათდება... მოკლედ, 30 წლის ასაკში საკუთარ თავს კარგი საჩუქარი გავუკეთე.

კურკა, გაგლო, ცეროზა - ბავშვობაში დეიდაჩემი და ახლო ნათესაობა პატარა ტანის გამო, კურკას მეძახდა. გაგლოს გვარიდან გამომდინარე მეძახიან, ყველა ასე მიცნობს. ძველი შოუებიც ამ სახელით მიმყავდა. ახალი გადაცემა დავიწყეთ მე და მუმლიკამ. უკვე გვქონდა პირველი გადაღებები ქალაქგარეთ. გადაცემას "გაგლოს და ნინოს შოუ" ჰქვია...

ნინო მუმლაძე ცეროზას რომ მეძახის, მგონი, უკვე საზღვარგარეთაც იციან. საიდან მოდის ეს მეტსახელი? სასმელი იმდენად მიყვარს და ისეთი დოზით ვიღებ, რომ ნინო მეუბნება, - შენ ბოლოს, ცეროზით გარდაიცვლებიო (იცინის). დიდი, ე.წ. მოხეული გარეგნობის კაცები ყანწებით რომ სვამენ, შემიძლია ისინი მალე დავათრო, შემდეგ სხვა სუფრასთან გადავიდე და დალევა გავაგრძელო. ბოლო 15 წელია, ასე ვსვამ, სასმელს ძალიან კარგად ვიტან.

ნაძლევი... - შოუებში მოწვეული სტუმრების უდიდესი ნაწილი ჩვენი მეგობრები იყვნენ, კადრში და მის მიღმაც ბევრს ვხალისობდით. ხშირად ნაძლევს ვდებდით. ერთ-ერთი ნაძლევი ითვალისწინებდა იმას, რომ ცოლი უნდა შემერთო. წავაგე და ცოლი "მოვიყვანე" ცოტა ხნით. სიუჟეტი დავდგით ისე, თითქოს თამუნა მუსერიძე შევირთე და ეს ამბავი ნახევარმა საქართველომ დაიჯერა. ნინო მუმლაძე ჩემი "მეჯვარე" იყო. ბოლოს ერთ-ერთ გადაცემაში ავხადეთ სიმართლეს ფარდა.

საკუთარი ინიციატივა და სხვა როლები - სერიალის "შუა ქალაქი" კასტინგზე მისვლის დღეს გავიხსენებ. რეჟისორები და სცენარისტები ცალკე ისხდნენ და მათ ჩემი შევთავაზე: ჰაბიტუსიდან გამომდინარე, დები ღლონტების დაკარგულ ძმას ვითამაშებ, რომელიც იპოვეს-მეთქი. იქ ეპიზოდი გავითამაშე?! ფაქტობრივად, სცენარი დაგვიწერეო, მითხრეს. ღლონტების ძმა არა, მაგრამ სამხატვრო აკადემიის სტუდენტის, დათოს როლი მომცეს. სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" კასტინგი გავიარე და მეორე დღეს დამირეკეს, დამტკიცებული ხარო. ეს იყო მეორეხარისხოვანი როლი, რომელიც მერე განვითარდა და ერთ-ერთ მთავარ როლად გადაიქცა... ერთხელ "შუა ქალაქის" გმირს ეძებდნენ და კასტინგის გარეშე, პირდაპირ პეტოს უფროსის როლზე ამიყვანეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ვთამაშობდი. მახსოვს, სამინისტროს თანამშრომლები რამდენჯერმე ბარში გადავიკვეთეთ და მკითხეს: იცოდი, რომ ეგეთი ტიპი ნაღდად მუშაობს სამინისტროში და როლი იმაზე დადგიო? არ ვიცოდი, უბრალოდ სერიალის გმირი კახა პატარიძე იყო იმგვარი ტიპაჟი.

GzaPressცხოვრება თეატრით - ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გამოვსულიყავი... თეატრში ხშირად დავდიოდი, ძალიან მიყვარდა ჩაწერილი სპექტაკლების ყურება ეკრანზე. მამიდაჩემს სამსახურში ხშირად დავყავდი. მაშინ რადიოეთერში სპექტაკლები გადიოდა და სამსახურებშიც უსმენდნენ ხოლმე. ერთ დღესაც მოვისმინე, რომ დაიწყებოდა რადიოსპექტაკლი და ავტყდი, სახლში წასვლა მინდოდა, მეგონა ეკრანზეც ვნახავდი. მამიდამ წამომიყვანა სამსახურიდან, მაგრამ სახლშიც მხოლოდ რადიოში რომ ვისმენდი, ძალიან განვიცადე. მაშინ პირველ კლასში ვსწავლობდი. მე-7 კლასში ვიყავი, როცა პირველად ვითამაშე "სამეფო უბნის" სცენაზე მეფის შიკრიკი ფრანგულად და სკოლებს შორის მეორე ადგილი ავიღეთ. საფრანგეთის საელჩო იყო ორგანიზატორი და მახსოვს, ელჩი გამესაუბრა, ძალიან მოვეწონე, თუმცა იმდენი ფრანგული არ ვიცოდი და მარტო "ბიენ, ბიენ" მესმოდა.

თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების წინ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა გიზო სიხარულიძემ მომამზადა, ბიძად მეკუთვნოდა, მისი მეუღლე ეთერი ჩემი ნათესავი იყო. გიზოზე უკეთ მეტყველებაში ვინ მომამზადებდა? მას ერთი საოცარი თვისება ჰქონდა: მათ ოჯახში ვინმე რომ მოვიდოდა, მისი საუბრის მიხედვით იტყოდა, - ეს ვერელია, ან გლდანელი და ა.შ. ისეთი სმენა ჰქონდა, უბნების ინტონაციები იცოდა. მისი მომზადება დამეხმარა და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, თუმცა დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი (იღიმის). არაჩვეულებრივ პედაგოგ გივი სარჩიმელიძესთან მოვხვდი (შარშან გარდაიცვალა). მის დამსახურებად მიმაჩნია რასაც თეატრის ხაზით მივაღწიე და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრის კასტინგზე მივედი. არ მეგონა, მაგრამ არათუ ამიყვანეს, შტატშიც ჩამსვეს. მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ანთაძე გახლდათ და პირადად მან მიმიღო. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვიყავი იმათ შორის, ვისაც ასეთ პატარა ასაკში (20 წლისა ვიყავი) ივანიშვილის ფონდიდან დახმარება მერიცხებოდა. მერე სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ თეატრის ახალმა მმართველმა დიმა ხვთისიაშვილმა ჯერ ხელფასი შემიმცირა 6 თვის მანძილზე 70%-ით და ბოლოს, არ ვიცი, რა მიზეზით, დამითხოვა. მანამდე მას პირადად არ ვიცნობდი და არც მისი დადგმული სპექტაკლები მქონდა ნანახი.

წელს 5 წელი გახდა, რაც თეატრში აღარ ვმუშაობ. ერთი თვის წინ დასმა "სივრცე" შემომთავაზა მუშაობა სპექტაკლზე "ეზოში ავი ძაღლია", სადაც ალექსანდრე ჩინჩახელის როლს ვასრულებ. თეატრის სცენას გადავეჩვიე, ხუთი წლის შემდეგ პირველად, რეპეტიციაზე რომ მოვედი, იმდენად მეუცხოვა, ვფიქრობდი: ხომ არ წავიდე-მეთქი? უცებ გაიღვიძა მიძინებულმა განცდამ, ახლა იმ დონეზე ვარ, დღეს 2 "პრაგონი" ჩავამთავრე და მესამესაც სიამოვნებით გავივლიდი (ინტერვიუ პრემიერის წინა დღეს ჩაიწერა).

ნანული ზოტიკიშვილი