"ყველა ქალს ვუსურვებ, მშობიარობის დროს ემღერებოდეს" - გზაპრესი

"ყველა ქალს ვუსურვებ, მშობიარობის დროს ემღერებოდეს"

სოციალურ ქსელში ატვირთულმა ვიდეომ - როგორ ამხნევებს ახალგაზრდა კაცი მშობიარეს საოპერო არიით და როგორ ჰყვება მას მეუღლეც, ბევრი გააოცა. ვიდეოს უამრავი ნახვა ჰქონდა მოკლე დროში და ჩვენც ასე გავიცანით პატარა ლუკას მშობლები - ორი საოპერო მომღერალი, ნათია მელქაძე და ემირ ჩარგაზია. ნათია ამ ამბავზე, ოჯახსა და პროფესიაზე სასაუბროდ სიამოვნებით დაგვთანხმდა.

ნათია მელქაძე:

- დედა საოპერო მომღერალია და მეც მის კვალს გავყევი. პატარაობიდან კონცერტებზე, სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე დავყავდი და ძალიან შემიყვარდა კლასიკური მუსიკა. 6 წლის ვიყავი, ფორტეპიანოზე რომ შემიყვანა. 11 წელი ვისწავლე. მინდოდა, პიანისტი გამოვსულიყავი. დღეში 8 საათს ვუკრავდი, გარეთ სათამაშოდ გასვლა მენატრებოდა. მუსიკალური სკოლიდან დედას რამდენჯერმე სთხოვეს, ნათიას გამორჩეული ხმა აქვს და ამ კუთხით მიაქციე ყურადღებაო. მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავამთავრე და მას შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტი-სტაჟიორი ვარ.

- მეუღლეც საოპერო მომღერალია.

- მეუღლე ემირ ჩარგაზია ქუთაისის ოპერის სოლისტია, თვითონაც მუსიკალური ოჯახიდან არის. თურმე ერთმა მაესტრომ შეამჩნია მისი ნიჭიერება და მშობლებს ურჩია, მუსიკაზე შეეყვანათ. საბოლოოდ, ემირმაც კონსერვატორია დაამთავრა. რთული პროფესია გვაქვს არჩეული. აქ მარტო ნიჭით ვერაფერს გახდები, თუ თავდაუზოგავად არ იშრომე. სამომავლოდ საზღვარგარეთ წასვლას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე კი ემირი ქუთაისიდან თბილისში აპირებს სამუშაოდ გადმოსვლას, რადგან რთულია ცალ-ცალკე ყოფნა.

- ალბათ პროფესიამ დაგაახლოვათ, არა?

- ემირი პირადად საქველმოქმედო კონცერტზე, ქუთაისში გავიცანი, მანამდე ვიცნობდი შორიდან, როგორც კოლეგას. ერთ კონცერტზე ერთად მოგვიწია სცენაზე დგომამ. რეპეტიციებისას, მასტერკლასებზე უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით. ეს იყო დაახლოებით წლინახევრის წინ. ნიშნობიდან ცოტა ხანში გერმანიაში მომიხდა წასვლა 2 თვით, საოპერო ფესტივალზე ვიყავი მიწვეული. ჩამოვედი თუ არა, მალევე დავქორწინდით - გასული წლის 14 აგვისტოს, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ზუსტად 14 აგვისტოს გაჩნდა ჩვენი ლუკაც.

GzaPress

- მაინც, როგორ დაგითანხმა ასე მალე? მაშინაც საოპერო არიებს ხომ არ გიმღეროდა? - (იცინის) რომანტიკულია და სხვათა შორის, არიებსაც მიმღეროდა. ემირს ახასიათებს მოულოდნელი სიურპრიზები ჩემს გასახარებლად. ძალიან ყურადღებიანია. ცდილობს, კომფორტულად ვიგრძნო თავი და ამიტომაც, ადვილად მოვიხიბლე მისით, შემიყვარდა და პასუხზე დიდხანს არც მიყოყმანია. მანამდე მეგონა, რომ მთავარი კარიერა იყო და გათხოვებას ჯერ არ ვაპირებდი, მაგრამ როცა შეგიყვარდება, თურმე ამაზე საერთოდ აღარ ფიქრობ.

- ახლა მშობიარობის შესახებაც უნდა გკითხო...

- ემირი არ აპირებდა მშობიარობაზე დასწრებას, მაგრამ ალბათ, ეს ნაბიჯი დიდი სიყვარულის გამო გადადგა. მე მქონდა სურვილი, მშობიარობისას ჩემ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მეწინააღმდეგებოდა: არ შემიძლია, ცუდად გავხდებიო. ცოტა ხნით აპირებდა შემოსვლას, მაგრამ მერე იმდენად შევიდა როლში, რომ ვეღარც როლიდან გამოვიდა და ვერც ბლოკიდან (იცინის), ბოლომდე ჩემთან იყო. მორალურად მართლაც ძალიან დამეხმარა თავისი გადაწყვეტილებით, მამაცურად გაუძლო ყველაფერს, რითაც თვითონაც გაოცებული დარჩა. არ მეგონა, თუ შევძლებდი, მაგრამ შენ გჭირდებოდიო, - მითხრა.

- მოკლედ, ეს ყველაფერი: სიმღერა მშობიარობის დროს, ამ სიტუაციის გადაღება და სოციალურ ქსელში ატვირთვა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა?

- ვიდეო გადაიღო ბებიაქალმა, ქუთაისის მეორე სამშობიაროში. ჩემმა მეუღლემ სიმღერა რომ დაიწყო, რაღაცნაირად შვება ვიგრძენი და უნებურად მეც ავყევი. ბებიაქალმა კი მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა გადასაღებად. გაოცებული ამბობდა, ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მომხდარაო. დაგვპირდა, რომ არსად დადებდა და მხოლოდ მეგობრებს გადაუგზავნიდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ მაინც ატვირთა. მე და ჩემი მეუღლე ინტერნეტში რაღაცას ვეძებდით და უცებ აღმოვაჩინეთ ეს ვიდეო, გაოცებულები დავრჩით. წავიკითხეთ კომენტარები: ზოგი პოზიტიური, ზოგიც - ნეგატიური. ამბობდნენ, ეს ვიდეო რამ დაადებინათ, ყველაფერი სააშკარაოზე როგორ გამოაქვთ, სირცხვილიაო. თუმცა ვფიქრობ, იქ არაფერია სასირცხვილო. მე თვითონ არ ავტვირთავდი, მაგრამ რაკი ასე მოხდა, უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მეუღლე მეუბნება, - მეორე მშობიარობაზეც გიმღერებო. ყველა ქალს ვუსურვებ, მშობიარობის დროს ემღერებოდეს. ვინც ამ ვიდეოს უყურა, ალბათ ბევრმა იფიქრა, რა ენაღვლებოდა, ალბათ ტკივილები არ ჰქონდაო, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე არ იყო. განა ამით ტკივილები გამიქრა - როგორ შეიძლება სამშობიარო ტკივილები სიმღერით გაგიყუჩდეს? უბრალოდ, უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს, სიმღერას გადავაყოლე გული, სხვა რამეზე გადავერთე, ეგ იყო და ეგ.

- ახლა ის გვითხარი, როგორი ბიჭია ლუკა?

- 3 კგ და 400 გ დაიბადა. სახელი მე შევურჩიე. კარგი ხასიათის ბიჭია. როგორც ყველა, მაშინ ტირის, თუ შია ან რამე აწუხებს. მუსიკალურია. როცა ვმღერით, მაშინვე წყვეტს ტირილს და გვისმენს. თავიდან გვეგონა, მოგვეჩვენა, მერე კიდევ ვცადეთ და იგივე განმეორდა. დღის განმავლობაში ხან მე ვუმღერი, ხან ჩემი მეუღლე. ვფიქრობ, ლუკაც კლასიკური მუსიკის მოყვარული იქნება. მოცარტს ვასმენინებ დილით, ძილის წინ, ეს ძალიან კარგია მისთვის. ემირი კარგი მამაა და შეძლებისდაგვარად მეხმარება ბავშვის მოვლაშიც. ამბობენ, ორი ხელოვანი სახლში რთულიაო, მაგრამ თუ სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, მგონი, რთული არაფერია. მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვის გაჩენამდე გავხსენით ყულაბა და ვთქვით, რომ 9 თვის განმავლობაში რაც შეგროვდებოდა, იმ ფულით გაჭირვებულებს დავეხმარებოდით. ახლა ვაპირებთ ლუკას სახელზე ვინმეს დავეხმაროთ. ძალიან კარგი იქნება, ახალგაზრდა წყვილებმა ეს ტრადიციად ვაქციოთ და მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ვინმეს ცხოვრება.

- რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

- სამშობიაროში ექიმები დავაიმედე, აქ აღარასდროს მოვალ-მეთქი, მაგრამ ალბათ ყველა ასე იძახის, მეორეს აღარ გავაჩენო და მერე ყველას ავიწყდება გადატანილი ტკივილი. შვილი ბედნიერებაა. ყოველდღე რომ უყურებ, როგორ იზრდება, როგორ იცვლება, ამაზე საუკეთესო განცდა ალბათ, არ არსებობს. ვფიქრობ, მეორე ბავშვსაც გავაჩენ. ემირს ძალიან უნდა, გოგო გვყავდეს. რთულია ჩემი პროფესიისა და ოჯახის შეთავსება, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ნებისმიერ კარიერაზე მაღლა მაინც ოჯახი და შვილები დგას!

ნინო ჯავახიშვილი