მარიკო ებრალიძე შვილსა და მასთან ურთიერთობაზე პირველად ალაპარაკდა - გზაპრესი

მარიკო ებრალიძე შვილსა და მასთან ურთიერთობაზე პირველად ალაპარაკდა

მარიკო ებრალიძე აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებაშია ჩაფლული და თბილისის მერიის "ბიგ ბენდის" სხვა წევრებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობს, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ის ყოველთვის შემოქმედებით სიახლეებსა და პროექტებზე საუბარს ამჯობინებდა, ვიდრე პირადზე. დაოჯახების შემდეგაც ამ პრინციპის ერთგული დარჩა. არც სოციალურ სივრცეში ოჯახური ფოტოების გამოფენა ხიბლავს. მომღერალს სურს, მისი შემოქმედებით იყოს მსმენელისთვის აქტუალური და არა პირადი თემებითა და მისი განხილვით.

- ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, ბოლო პერიოდში კონცერტებს ვმართავთ ღია ცის ქვეშ, რომლის დროსაც ვასრულებთ როგორც დასავლურ რეპერტუარს, ისე ჩვენს ქართულ პოლიფონიურ პროგრამას - როგორც ხალხურ, ისე საესტრადო სიმღერებს. ბენდის ვოკალისტები ვართ: ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, მაია ბარათაშვილი, თემო საჯაია, ვასილ დოლიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე და მე. კონცერტებს ვატარებთ უნივერსიტეტებშიც და ამას უკვე მრავალი წლის ტრადიცია აქვს. რა თქმა უნდა, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩვენეულ პროგრამას ვთავაზობთ კურსდამთავრებულებს და ასევე მათ, ვინც პირველ კურსზე მიდიან უნივერსიტეტში.

- ძალიან დატვირთული ზაფხული გქონდათ...

- ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა "მისაყვედურეს", - ზაფხულში ვერ დავისვენეთ, იმდენ ფოტოებს დებდი "ფეისბუკზე", რომ მათი თვალიერებით დავიღალეთო. მართლაც, ბევრი ადგილი მოვიარეთ და ყველგან კონცერტს ვმართავდით. წლის ბოლომდე საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვაქვს და შემდეგ უკვე ახალი წლის ღამეს შევეცდებით, სხვებთან ერთად, ჩვენი სიმღერით გავალამაზოთ ეს დღესასწაული. მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიხარული იყო ის ფაქტი, რომ ჩვენ "ქართულ ხმებთან" ერთად გვქონდა კონცერტი. ეს ადამიანები 70 წელს არიან გადაცილებული, მაგრამ ახალგაზრდებზე უფრო მეტი ენერგია და მონდომება აქვთ. თავისი ენერგიულობით, ენთუზიაზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით პირადად მე და ასევე, ჩემი კოლეგები შოკირებულები ვიყავით. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული "ქართული ხმების" მიმართ.

- თქვენს ცხოვრებაში იყო ტელეწამყვანობის გამოცდილებაც, ხომ არ გენატრებათ ის დრო?

- ო, რა კარგი პერიოდი იყო, როგორ არ მენატრება?! პირველ არხზე გადაცემა "სიტყვების თამაში", ერთი სეზონი, ანუ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა. ეს ჩემს ორსულობის პერიოდს დაემთხვა და ორმაგად მსიამოვნებდა ის საქმე, რასაც ტელევიზიაში ვაკეთებდი. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი მუცლადმყოფი შვილი ქართულ ენას და სწორად მეტყველებას სწავლობდა (იღიმის). ორსულ ქალებს აქვს ასეთი უცნაური დამოკიდებულებები: მუსიკას ვასმენინებდი, იმაზე მეტ წიგნს ვკითხულობდი, ვიდრე სხვა დროს და მეგონა, მუცლადმყოფი გაიგებდა და წიგნს მიეჩვეოდა (იღიმის). ძალიან მენატრება ის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც პროექტზე მუშაობდა. რომ არა ისინი, ახალ ამპლუაში ყოფნას ვერ დავძლევდი. ყოველთვის ვამბობ: როცა სცენაზე დგახარ, ერთია, როცა კამერაზე მუშაობ, ეპრანჭები, თან მღერი და ასე გადიხარ ფონს, მაგრამ მეორეა, როცა პავილიონში, სტუდიაში ზიხარ და გადაცემა მიგყავს. მეტყველების პედაგოგთან დავდიოდი და წარბის, ღიმილის, ანუ მიმიკების კონტროლიც მიწევდა. ძალიან კარგი სკოლა გავიარე. სიგიჟემდე მენატრება ეს ყველაფერი.

- მას შემდეგ ხომ არ ყოფილა რამე შემოთავაზება ტელევიზიებიდან ან თავად ხომ არ წარგიდგენიათ რაიმე პროექტი?

- სამწუხაროდ, არა. თან მე ვთვლი, რომ ტელევიზიაში ზედმეტი მუსიკოსის დამატება არ არის საჭირო. ტელევიზია არის ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ საქმეს წლების განმავლობაში სწავლობს და როდესაც შენ შედიხარ ამ სივრცეში, რთულია. ამავეს ვიტყვი მუსიკალურ სამყაროზეც: ვისაც შესაბამისი ცოდნა აქვს, იმან უნდა მოიკიდოს აქ ფეხი. მე ვერ მექნება ვერც იმის ამბიცია და ვერც პრეტენზია, რომ ტელევიზიაში ვიღაცის ადგილი დავიკავო. ადამიანები წლების განმავლობაში სწავლობენ ჟურნალისტიკას იმისთვის, რომ შემდეგ ტელევიზიაში იმუშაონ და ამ დროს ვიღაც მომღერალი გოგო მივიდეს და თქვას, მე პროექტი მაქვსო, არასწორად მიმაჩნია. თუმცა, არიან ასეთი მრავალმხრივ განვითარებული ადამიანებიც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე მათ რიცხვში ვერ შევდივარ (იღიმის). ტელევიზიაში ჩემს პროექტს ვერ წარვადგენ, თუმცა, თუ ვიღაც თავისი ინიციატივით დამინახავს ამა თუ იმ შოუსა და პროგრამაში, შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ინტელექტუალურ გადაცემას წავიყვანდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გზა გავიარე, ახლა ნებისმიერ გამოწვევაზე, ექსპერიმენტზე დავთანხმდები და რისკზე წავალ.

GzaPress

- გიყვართ გარისკვა? - შემოქმედების დასაწყისში მქონდა შიში, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ახლა პირდაპირ უარის თქმა რაღაც ორგანიზაციაში თუ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობაზე, არასწორი მგონია. სცადე და თუ არ გამოგივა, ამისთვის არავინ მოგკლავს. იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ სწორად შეაფასო მდგომარეობა და თუ არ გამოგდის, მოიხადო ბოდიში, სხვას დაუთმო გზა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ცდას არაფერი უდგას წინ. ეს ყველაფერი წლებმა და გამოცდილებამ მოიტანა. ნებისმიერი შეთავაზება უნდა მიიღო. გამოგივა, გამოგივა და თუ არა, შენს ნაცვლად სხვა გააკეთებს იმ საქმეს.

- თქვენს პატარაზეც მიამბეთ, რომელსაც 6 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა.

- დემეტრე დოლიძე 6 სექტემბერს 3 წლის გახდა. ღმერთის წყალობით, კარგი ბავშვია. ცელქიც არის, მოუსვენარიც, მაგრამ ჭკვიანური, აზრიანი თვალები აქვს და იმედია, როცა წამოიზრდება გონიერი იქნება. იმისათვის, რომ მომავალში კარგი შედეგი მივიღოთ, როგორც წეღან ვისაუბრეთ, მუცლადყოფნის პერიოდიდანვე ბავშვზე უნდა ვიზრუნოთ. დიდი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. კი, არის ხოლმე წყენა, გაბრაზება, ცოტა უსაქციელობაც, მაგრამ ვცდილობ, ყველა სიტუაციაში ვიპოვო გამოსავალი. მინდა ყველაფერი თამაშით გავაკეთოთ, სიცილით, ხარხარით. დღეს ყველა ბავშვს აქვს ტელეფონის მანია. მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი! სულ რომ გაიფხრიწოს, ტელეფონს არ ვაძლევ! ამ შემთხვევაში, იტიროს, რამდენიც უნდა.

- ნაწილობრივ, მესმის იმ მშობლების, ვინც სამსახურიდან გადაღლილი ბრუნდება და ოღონდ ბავშვი გააჩეროს, ტელეფონს აჩეჩებს, მაგრამ ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, პატარა ათას სისულელეს უყურებს და ამიტომ, თქვენს მიდგომაში სრულიად გეთანხმებით...

- დიახ, ამ საკითხში ძალიან კატეგორიული ვარ. მოვიფიქრე ასეთი თამაში "ტელევიზორობანა". დავხატავთ ფურცელზე ტელევიზორს და ვეუბნები "ჩართოს". ამ დროს მე ვითომ ტელევიზორში ვარ, ხან მანქანებით ვთამაშობ, ხან რაღაცას ვუყვები. მერე ვითომ ის არის ტელევიზორში და იწყებს მოქმედებას. ამ თამაშს აჰყვა, მოეწონა. ხშირ შემთხვევაში ბავშვები უყურებენ, როგორ თამაშობენ სხვები მანქანებითა და ტრაქტორებით. არადა, თავადაც იმდენი სათამაშო აქვს, იმავეს გაკეთება შეუძლია, მაგრამ სხვისი ყურება უფრო მოსწონს. არ მინდა ამ მდგომარეობაში იყოს და ამიტომ მოვიფიქრე "ტელევიზორობანა".

- დემეტრე მუსიკისადმი ინტრესს ხომ არ იჩენს?

- ინტერესი კი არა, რომ ვმღერი, მაჩერებს, მგონი არ მოსწონს ჩემი სიმღერა (იცინის). ფორტეპიანოსთანაც რომ მივალ, არ უნდა, რომ დავუკრა. არიან ბავშვები, რომლებიც დიდი გულისყურით მისმენენ, მაგრამ ჩემს შვილზე იმავეს ვერ ვიტყვი. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ფაქტია, ისეთივე ყურადღებით არ მისმენს, როგორც სხვები.

- იშვიათი გამონაკლისი ხართ, ვინც დეტალურად არასოდეს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე, არც დაოჯახებამდე და არც მას შემდეგ. არც სოციალურ ქსელში გამოირჩევით ამ კუთხით აქტიურობით და მგონი, არც ბავშვის ფოტო გიდევთ...

- მართალია, არ მიდევს. ახლახან დავდე ერთი ფოტო და ისიც ზურგიდანაა, კეფა უჩანს. არ მიყვარს და არ ვწერ: "ახლა წიგნი აიღო", "ახლა ვიძინებთ", "ახლა საპირფარეშოში ვართ", "ახლა მოვედით სახლში"... იმისთვის, რომ აქტუალური ვიყო ინტერნეტში, ბავშვის ფოტოებს არ დავდებ მსგავსი წარწერებით. რა თქმა უნდა, სხვას არ ვეხები, ეს ვიღაცისთვის სრულიად მისაღებია, უბრალოდ მე არ მაქვს ამის სურვილი. მირჩევნია, ჩემი შემოქმედებით და მუსიკალური საქმიანობით ვიყო დაინტერესებული და ასევე აღმიქვამდნენ სხვებიც. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, პირად ცხოვრებაზე არ მესაუბრა. ის კი არა, ბავშვზეც ახლა დავიწყე საუბარი, თორემ მასზე და შვილთან ურთიერთობაზეც ჟურნალისტებთან არაფერს ვამბობდი. ახლა სახელი და გვარი რომ ვთქვი, ეგეც მიკვირს (იღიმის).

- დაბოლოს, ისევ შემოქმედებაზე გკითხავთ, საავტორო სიმღერის ჩაწერას ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში?

- საავტორო სიმღერის ჩაწერა დაგეგმილი მაქვს. მინდა, ოქტომბერში მოვაბა თავი. ვმუშაობ და დინჯი ნაბიჯებით მივდივარ წინ, არ ვჩქარობ, არ მსურს შეცდომა დავუშვა. მინდა საზოგადოების წინაშე ჩემი საავტორო სიმღერებითაც წარვდგე და შეიძლება ჩემი საავტორო ალბომიც გამოვიდეს.

ანა კალანდაძე