"მის და მისტერ პლანეტა 2018"-ის ფინალი თბილისში გაიმართა - გზაპრესი

"მის და მისტერ პლანეტა 2018"-ის ფინალი თბილისში გაიმართა

კონკურსში, ტალანტის მიმართულებით, "მის ბულგარეთმა და "მისტერ ტაილანდმა" გაიმარჯვეს, სილამაზით კი - "მის უკრაინამ" და "მისტერ აზერბაიჯანმა".

კონკურსის - "მის და მისტერ პლანეტა 2018" ფინალი თბილისში გაიმართა. საღამოს წამყვანები სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი - ეკატერინე მგალობლიშვილი და მოდელი ნინი გრძელიშვილი გახლდნენ. "მის და მისტერ პლანეტის" ფინალში 23 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველო ნინო გველესიანმა და ლუკა თიგიშვილმა წარადგინეს. ნინო "ვიცე-მის პლანეტა" გახდა, ლუკამ კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

GzaPressერთი კვირის განმავლობაში, კონკურსანტები სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. მაგალითად, გამწვანებისა და დასუფთავების აქციაში, საქველმოქმედო საღამოში, ფეშენ და ტალანტის შოუში... ჰქონდათ ექსკურსიები. დაათვალიერეს მცხეთა და თბილისი. კონკურსანტები კახეთს ესტუმრნენ და რთველშიც მონაწილეობდნენ. საგარეჯოს ეწვია საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში. საფუძველი ჩაეყარა საგარეჯოსა და ლიტვის ერთ-ერთი ქალაქის მეგობრობას.

უკვე მე-4 წელია, რაც სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი - "მის და მისტერ პლანეტა" საქართველოში გაიმართა, 2019 წელს კი კონკურსის ფინალი უკვე ტაილანდში ჩატარდება.

ეკატერინე მგალობლიშვილი: - 2015 წელს საქართველოში მხოლოდ "მის პლანეტა" ჩატარდა, რომლის პრეზიდენტიც მსოფლიოს საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი - ირინა პაპაზოვა გახლავთ. მისი დახმარებით, 2016 წელს "მისტერ პლანეტის" საერთაშორისო ლიცენზია შევიძინე და "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსები გავაერთიანეთ. რადგან წელს ტაილანდის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, სილამაზის კონკურსების პრეზიდენტისგან - გუანგ კოსაკულისგან მე და ირინა პაპაზოვამ შემოთავაზება მივიღეთ, რომ 2019 წელს, "მის და მისტერ პლანეტის ფინალი" ტაილანდში ჩატარდეს. კონტრაქტი გავაფორმეთ და მას ამ კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება მივანიჭეთ. შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ ქართველი კონკურსანტები იჩაგრებიან: საქართველოს ყოველთვის ძლიერი წარმომადგენლები ჰყავს, მაგრამ შეუძლებელია, ოქროს გვირგვინი ყოველ წელს ჩვენმა ქვეყანამ დაიტოვოს. ამიტომ მირჩევნია, ერთი წელი კონკურსის ორგანიზება გუანგს მივანდო და "მის და მისტერ პლანეტა 2019" ტაილანდში ჩატარდეს. სამაგიეროდ, სიურპრიზად გეტყვით, რომ საქართველოში სხვა, ძალიან ცნობილი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გაგიმხელთ... წლევანდელი "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსიც წარმატებით შედგა. ამაყი ვარ, რომ ქართველებს ღირსეული წარმომადგენლები გვყავდა, რომლებიც "ტოპ ხუთეულში" მოხვდნენ... მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეჯოს მერს - ბატონ გიორგი ერბოწონაშვილს, ასევე - ნუგზარ კვანტალიანს, რომელიც ქართულ სამოსს ქმნის და ქართველ კონკურსანტებს ყოველთვის უსასყიდლოდ მოსავს. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მხარში ამოგვიდგა და თუნდაც, კონკურსანტებისთვის პრიზები დააწესა.

"მის და მისტერ პლანეტის" ფინალურ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ "მისის პლანეტის" საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს მომღერალი ნინი შერმადინი წარადგენს.

ეთო ყორღანაშვილი