რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე გოგა გველესიანმა?
font-large font-small
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე გოგა გველესიანმა?
"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე და სიძლიერე არის მარტოობა"

"ჩემთვის ეს სოფელი არის სულის საზრდო, თავშესაფარი, გადამრჩენი, ენერგიის წყარო"... - ამბობს მსახიობი გოგა გველესიანი. მან ზაფხულის დღეები ხარაგაულში, სოფელ ღუდუმექეთში გაატარა. ინტერვიუს ჩასაწერად ბაბუის დატოვებულ სახლში ვესტუმრე - ეს ის ადგილია, რომელიც სულ ენატრება. რას ნანობს ყველაზე მეტად, რა დროს შეუძლია პატიება, რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს, მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


GzaPress- დაბადების თარიღი...
- ...1965 წლის 23 ნოემბერი. გიორგობას დავიბადე, სახელი კახორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ხარაგაულის რაიონი) პატივსაცემად დამარქვეს. ღუდუმექეთი ჩემი დედულეთია. ყოველ წელს ჩამოვდივარ, აქაურობა ძალიან მიყვარს.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ექიმი, მაგრამ ფიზიკა ის საგანი აღმოჩნდა, რომელმაც ამ სურვილის ასრულებაზე ხელი ამაღებინა, ვერანაირად ვერ გავიგე. მართალია, მაშინ ე.წ. ჩაწყობები იყო და მქონდა შანსი ამ ფორმით ჩამებარებინა, მაგრამ უარი ვთქვი, უღირს საქციელად მივიჩნიე. შემდეგ მსახიობობა გადავწყვიტე. გავლენა სპექტაკლმა - "კავკასიური ცარცის წრე" იქონია, ძალიან მომეწონა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ერთგულიაო. უერთგულესი მეგობრები მყავს. მეგობრებისგან იმდენად დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რასაც ბევრი მშობელი შვილისგან ვერ იღებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...უფლისგან საჩუქრად სიცოცხლე მომეცა, დავიბადე საქართველოში, რომ ვარ ქართველი, მიუხედავად იმისა, დღეს ამ ქვეყანას ძალიან უჭირს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ეს არის სიმტკიცე ხასიათში, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისების გამო უარი ბევრ რამეზე ვთქვი, ხელი შემეშალა, ბევრი რამ დავკარგე. დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა, ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გიყვარსო. ლავირების უნარი ნაკლებად მაქვს გამომუშავებული. ასე რომ არ იყოს, საქმეში მეტად მოგებული დავრჩებოდი.
- რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების ამბავთან...
- ...ამ თემაზე ლაპარაკის სურვილი ნაკლებად მაქვს. ცუდი რატომ ვილაპარაკო? უღირს საქციელზე არ მინდა საუბარი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...არ ვცდილობ გამოვასწორო, თუმცა ვთვლი, რომ უარყოფითი თვისებაა. შემიძლია ადამიანს ძალიან ბევრი მოვუთმინო და ერთ დღეს ურთიერთობის ძაფი საერთოდ გადავჭრა, თითქოს მას აღარ ვიცნობ.
- არ მჩვევია...
- ...ჭორაობა და ღალატი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...(პაუზის შემდეგ) ბევრი მახსენდება, ჩამოთვლა უხერხული მგონია.
- ადამიანი, ვისაც ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...პროფესიულ წარმატებაზე თუ ვისაუბრებ, აუცილებლად მიშა თუმანიშვილი უნდა გავიხსენო. თეატრალურში ჩაბარებამდე მასთან 4 წელი ვიმუშავე, თანაშემწე ვიყავი, სპექტაკლებშიც მათამაშებდა. როცა ჯერი ჩაბარებაზე მიდგა, მითხრა, შენ ახლა დიპლომის გამო აბარებ, თორემ ეს ხელობა უკვე იციო.
- მისგან გამორჩეულად მახსოვს...
- ...პროფესიონალიზმი, საქმისადმი უზარმაზარი სიყვარული. ვერც ერთ ბაბუას ვერ მოვესწარი და შეგრძნება მქონდა, რომ ის ჩემი ბაბუა იყო.
GzaPress- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ყველა კარგად ვიყოთ.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...წონაში ცოტათი მოვიმატებდი.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ტყუილი, ძალიან მიჭირს, არ შემიძლია.
- ვიტყუები...
- ...მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ჩემს ახლობლებს სიკეთეს მოუტანს, მაგრამ ყოველთვის მეტყობა, ამ დროს თამაში არ შემიძლია.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...დაუმსახურებლად ვიღებ შენიშვნას ან ვინმე უტაქტო ადამიანთან მიწევს შეჯახება, საუბარი.
- ვნანობ, რომ...
- ...მარტო დავრჩი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...სისუსტე და სიძლიერეც - ორივე ერთად არის მარტოობა.
- პატიება შემიძლია...
- ...მხოლოდ ერთხელ, მეორედ ლოყას ვეღარ მივუშვერ.
- დაშვებული შეცდომები...
- ...პერიოდულად თავს მახსენებს. გავიფიქრებ ხოლმე, - აი, მაშინ რომ შემეშალა, ახლა ისევ იგივე შეცდომა დავუშვი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...მოთმინება.
- ბოლოს ვიტირე...
- ...კარგ ამბავზეც ხშირად მეტირება, გულჩვილი ნაადრევ ასაკში გავხდი.
- ვიბნევი, როცა...
- ...გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდები. საზოგადოებას ფენებად არ ვყოფ, მაგრამ უხეშ ადამიანებთან ვიბნევი, აგრესიაც მიჩნდება, ამიტომ მათ ყოველთვის ვერიდები, ვტოვებ და მივდივარ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ახლა ისეთ ადგილზე ვარ, სხვაგან ყოფნა არ მინდა.
- ეს სოფელი ჩემთვის არის...
- ...სულის საზრდო, თავშესაფარი, გადამრჩენი, ენერგიის წყარო... დრო იყო, როცა აქ წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩამოვდიოდი.
- სიყვარული ეს...
- ...არის ღმერთი. სიყვარულია, როცა ურთიერთობაში ანგარება არ არის. როცა უბრალოდ გიყვარს, გინდა ძალიან კარგად იყოს, კარგი გაუკეთო...
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ვცდილობდი, მის გვერდით ვყოფილიყავი და ხელით შევხებოდი.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ ჩემს მეგობრებზე. ძალიან მიყვარს ჩემი ძაღლები ბარლი და გაბი.
- ვრისკავ...
GzaPress- ...როცა გასარისკია, თუმცა ჩემს ხასიათში სიფრთხილეც არის.
- თავისუფლებაა...
- ...შენი უფლება, რომლითაც სხვისი თავისუფლება არ უნდა შეზღუდო.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ ბოლო პერიოდში ჩავიკეტე. მართლები არიან, არ ეჩვენებათ. ჩაკეტილობის მიზეზი, რა თქმა უნდა, ვიცი.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...არ დავარიგებდი, პირველ რიგში, ჩემს ქვეყანას მოვახმარდი, რომ მერე ყველას კარგად გვეცხოვრა.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...უარი ვთქვა საკუთარ პრინციპებზე, ჩემს რწმენაზე.
- როცა მარტო ვარ...
- ...მე სულ მარტო ვარ და დრო ძალიან მალე გადის.
- ბედისწერის...
- ...მჯერა.
- ინტუიცია...
- ...მაქვს შემაშინებელი, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველებამდე მისული.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ადრე დედას ველაპარაკებოდი, ახლა - მეგობრებს. დროდადრო ყველაფერი რთულდება. ახალგაზრდობაში ბევრ სირთულეს მარტივად ძლევ.
- ვჯიუტდები, როცა...
- ...ვიღაც ცდილობს დამამშვიდოს, თითქოს მე ვარ მტყუანი, როცა თავადაც იცის, რომ მართალი ვარ.
- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ...არაერთია, ბუნებრივია, მეგობრებს ვგულისხმობ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება..
- ...დედა მეუბნებოდა, ხშირად გადამეხადა მადლობა.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ბავშვი ბოროტი არ არის, ის შეიძლება ცელქი ან ცოტათი ცუდად აღზრდილი იყოს. მას სულსა და გულში ბოროტი ზრახვები არ აქვს. საკუთარ თავსაც და ყველას ვურჩევ, როგორმე, ბავშვობა შევინარჩუნოთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვა