"ნუნუკას" შეწყვეტილი არდადეგები - გზაპრესი

"ნუნუკას" შეწყვეტილი არდადეგები

მსახიობი ქეთი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ადამიანის ხასიათზე პროფესიული საქმიანობა დიდ ზეგავლენას ახდენს, ისევე, როგორც - პირადი ცხოვრება, დანარჩენი საკითხები კი მეორეხარისხოვანია. ქალბატონი ქეთის პერსონაჟი - ნუნუკა (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") ძალიან პოპულარულია და მის გარშემო ბრაზილიური სერიალის დარი მოვლენები ტრიალებს: ნუნუკას ქმარმა უღალატა, მერე ახალგაზრდა სატრფო გამოუჩნდა და მეორედ გათხოვდა, შემდეგ კი - ისევ მარტოხელა ქალის ცხოვრება არჩია. მისმა შვილმა ცოლად მეძავი შეირთო, მერე მოულოდნელად, ღარიბი, სოფლელი სტუდენტი მილიონერად იქცა... სეზონის ბოლოს, ბინის კართან ნუნუკას ჩვილი ბავშვი დაუტოვეს...

- როგორ ხართ, როგორ დაისვენეთ?

- ცოტ-ცოტა დავისვენე, როგორც მოვახერხე. ზღვაზე წასვლა ძალიან მინდოდა. იმედია, კიდევ მოვასწრებ.

- არდადეგები რატომ შეწყვიტეთ?

- გადაღებების გამო.

- სერიალის სეზონის ბოლოს თქვენს პერსონაჟს საინტერესო ეპიზოდი უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, მოვლენები როგორ განვითარდება?

- ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ გულწრფელად ვამბობ: სცენარისტის გარდა, არავინ იცის, რა მოხდება.

- როდესაც თქვენი პერსონაჟი - ნუნუკა "გაიცანით", წარმოიდგენდით, რომ მასთან დაკავშირებით, მოვლენები ასე განვითარდებოდა?

- საერთოდ, ამ გმირის "ხაზის" ასე განვითარება მოულოდნელი იყო. ასეთ რამეზე არ მიფიქრია. როდესაც როლი შემომთავაზეს, ვიცოდი, რომ ეს იყო მთავარი გმირის - დათოს ნათესავი ქალი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და ხანდახან ქალაქში მცხოვრებ ნათესავთან ჩადიოდა. მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, ძალიან სასიამოვნოა.

- თქვენი გმირის რეალური პროტოტიპი არსებობს, ვისგანაც მაგალითად, საუბრის მანერა გაქვთ "აღებული"?

- არა, ასეთი ერთი ადამიანი არ არსებობს, რამდენიმე - კი. სხვადასხვა ადამიანის თვისებები მახსენდება და პერიოდულად, ამ ყველაფერს ვიყენებ ხოლმე.

- ფიცხი ხასიათი გაქვთ? ოდესმე ნუნუკას მსგავსად გაცხარებულხართ?

- კი, გავცხარებულვარ, ცხოვრებაში 4-5 ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ საერთოდ, ფიცხი ხასიათი არ მაქვს.

- რამ შეძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოთ, მოთმინების ფიალა აგივსოთ?

- რა ვიცი, ძალიან არ უნდა გამაბრაზონ (იღიმის).

- რა გაბრაზებთ?

- უხამსობა, უსამართლობა... რაზეც ადამიანები ბრაზდებიან, მეც იმის გამო ვბრაზობ.

- ცოტა რამ თქვენი ბავშვობის შესახებ მოგვიყევით: როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მყავდა ბებიები, რომლებიც თავს მევლებოდნენ. თელავში დავიბადე. ბებიაჩემი კახეთში საკმაოდ განთქმული ექიმი გახლდათ - კახელებს უყვარდათ. შესაბამისად, მეც ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. თბილისში მეორე ბებია მყავდა, მესამეც... კარგი იყო ეს ყველაფერი.

- როდის გააცნობიერეთ, რომ მომხიბვლელი ქალი ხართ?

GzaPress- მომხიბვლელი რომ ვარ, საერთოდ არ გამიცნობიერებია (იცინის)... ვხუმრობ. როგორ არა, ეს მეც გავაცნობიერე, მაგრამ - ძალიან გვიან...

- დაახლოებით როდის?

- როდესაც ცოტათი უფრო თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი პირად ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც. ცოტათი თავდაჯერებულობას ვგულისხმობ, თორემ სრულიად თავდაჯერებულად ახლაც არ ვარ.

- თქვენი აზრით, სიყვარული რა არის?

- იცით, რა, სხვადასხვანაირია: დედის მიმართ სიყვარული სხვა არის, კაცის მიმართ - სხვა... ცოტათი განსხვავებული რამეა, მაგრამ თუ ყველაფერს გავაერთიანებთ, მაშინ ეს არის თავდადება, თავგანწირვა და ა.შ. ანუ სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ თავდაუზოგავი დამოკიდებულებაა.

- რა იყო ის გრძნობა, რასაც ფროდოს მიმართ ნუნუკა განიცდიდა?

- ძალიან ცნობილი გრძნობაა. ალბათ, ეს იყო მამაკაცთან ურთიერთობას, სითბოს, ყურადღებას მოკლებული ქალის რეაქცია, როდესაც ფროდომ ნუნუკას ქალად აგრძნობინა თავი და ეს ამბავი მეხივით გავარდა. ნუნუკა ვერ წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო. რასაკვირველია, ეს სიყვარული კი არა, ეს იყო ქალის რეაქცია.

- მებრძოლი ხასიათი გაქვთ?

- არა. ჩემს ცხოვრებაში იმის საჭიროება არასოდეს ყოფილა, რომ მებრძოლა, რაღაცისთვის მიმეღწია. ჩემი ცხოვრება დაფარულიც არ არის - ერთი ბეწო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ ყველაფერი ვიცით.

- პატარ-პატარა ცხოვრებისეულ პრობლემებს როგორ უმკლავდებით?

- ეს "ბრძოლა" არ არის, ვწვალობ (იცინის).

- ხშირად ტირით?

- არა, ნამდვილად. თუ რაიმე ძალიან გულისამაჩუყებელია, მაშინ ვტირი. "უცრემლო" ადამიანებიც არიან, ვისაც ცრემლები ძნელად მოსდით, მე მათზე ხშირად ვტირი. ემოციური ვარ.

- უცნობები "ნუნუკათი" მოგმართავენ?

- უცნობებიც და უკვე - ნაცნობებიც (იცინის).

- ამაზე თქვენი რეაქცია როგორია?

- გაცნობიერებული მაქვს, რომ როცა გმირი პოპულარული ხდება, ადამიანები ასე აღიქვამენ. ზოგი მაშაყირებს და "ნუნუკას" ამიტომ მეძახის, ზოგი - სითბოთი მომმართავს ასე, ზოგს მართლა ნუნუკა ვგონივარ (იცინის).

- კრიტიკა მოგისმენიათ, თუნდაც - ნუნუკას როლის შესრულებასთან დაკავშირებით?

- იცით, რა? ჩემგან ამის თქმა ძალიან უხერხულია, მაგრამ სადაც ეს იწერება, არ ვნახულობ. ალბათ, ჩემი შვილები და ახლობლები კითხულობენ, ვისაც აინტერესებთ. კრიტიკაც და ბევრი ქებაც ადამიანზე მოქმედებს. ამიტომ ვცდილობ, ეს ყველაფერი ავირიდო. ისე კი, უარყოფითი შეფასება არ გამიგონია.

- როგორც ვიცი, 2 შვილი გყავთ...

- დიახ, უკვე დიდები არიან. ბიჭი მუშაობს და ცალკე ცხოვრობს. გოგომ ახლახან სარა ლორენსის უნივერსიტეტი დაამთავრა (ნიუ-იორკში ცხოვრობს). კინორეჟისორობას აპირებს და მუშაობს.

- შვილისგან შორს ყოფნა არ გიჭირთ?

- კი, მაგრამ როცა ვიცი, რომ მათთვის ეს აუცილებელია, საჭიროა და მეც მაქვს საშუალება, ჩემი საქმით დავკავდე, რაღაცნაირად, ცხოვრება ასე გადის... ალბათ, მერე უფრო გამიჭირდება. ჯერჯერობით, მაგრად ვარ.

- შვილების გარდატეხის ასაკი როგორ გაიარეთ?

- ის იყო, რაც ყველას ახასიათებს: გარდატეხის ასაკში დაიწყო სიზარმაცე, სახლში არმოსვლა, დაგვიანება... განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ეს ვიცოდი და ვცდილობდი, გამეგო. შვილებთან სერიოზული - არა, მხოლოდ მსუბუქი კონფლიქტები და შენიშვნები მქონდა.

- ახლობელი ადამიანისგან ღალატი განგიცდიათ?

- როგორ არა? მგონი, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს არ განუცდია.

- შეგიძლიათ, ასეთ ადამიანს აპატიოთ და მასთან ძველებური ურთიერთობა აღადგინოთ?

- ამისთვის დრო მჭირდება. ისე, კი, შემიძლია. ასეთი შემთხვევა მქონია. მეც შემშლია და მინდა, მაპატიონ. ამიტომ, თუ გინდა, რომ გაპატიონ, ეს თავადაც უნდა შეგეძლოს.

- შერიგებისას პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ?

- ხშირად მიჭირს, როგორ არა (იცინის)! მაგრამ თუ ადამიანი ძალიან მეძვირფასება, ამ შემთხვევაში, არ მიჭირს.

- ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისი შეგქმნიათ?

- როგორ არ შემქმნია? თუ როგორ გავუმკლავდით, სახეზეა (იღიმის).

- თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანს ჰარმონიული ოჯახი ჰქონდეს?

- ალბათ, ორი ადამიანის ბევრი თვისების თანხვედრა უნდა იყოს, რომ მათ ერთად ყოფნა შეძლონ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის. თანაცხოვრება რთული რამეა. სხვათა შორის, მხოლოდ ოჯახურ წყვილს - ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას არ ვგულისხმობ. შეიძლება, თანაცხოვრება დედასთან, შვილთან ვერ შეძლო. მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთს ხელი შეუწყონ, მოთმენა შეეძლოთ, თუმცა მხოლოდ მოთმენაც არ შველის: ორივე პიროვნებას უნდა ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც მათ თანაცხოვრებაში შეუწყობს ხელს.

- თქვენი ვაჟის ცალკე ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილება თქვენი ხასიათების შეუთავსებლობას ხომ არ უკავშირდება?

- არა. ეს გადაწყვეტილება ძალიან ბუნებრივ და ბიოლოგიურ ამბავს უკავშირდება, როდესაც ახალგაზრდას უნდა, შექმნას თავისი ბუდე. თუკი ამის საშუალება არის, ძალიან კარგია. ხომ იცით, ხშირად ამის საშუალება არ არის: ახალგაზრდას კი არა, ბევრ "ძველგაზრდას" არ შეუძლია, მშობლების სახლიდან წავიდეს და თავისი კუთხე შექმნას.

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ახლა - დედაჩემი, რომელიც უკვე ასაკში შევიდა; შვილები, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ჩემი საქმე.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- როგორ არა! იყო პერიოდი, როცა არ ვმუშაობდი, არც კინო, არც - თეატრი... აი, მაგ დროს ცოტა ხნით მიგრძნია, მაგრამ მივხვდი, რომ სასწრაფოდ, თავი უნდა გადამერჩინა.

- როგორ? სევდიანი ფიქრებისგან თავის დაღწევის თქვენეული გზა როგორია?

- ძალიან რთული, სხვაზე დამოკიდებული პროფესია მაქვს და ვფიქრობდი, როდის შემომთავაზებენ რამეს-მეთქი? ერთხელაც, ეს მოხდა: მოულოდნელად ზარი გაისმა, ჯერ - ერთი, შემდეგ - მეორე, მესამე... ასე მოვედი დღემდე.

ეთო ყორღანაშვილი