"იმ განწყობით უნდა იცხოვრო, რომ ყოველი დღე ლამაზია"
მსახიობების - თამარ დათუაშვილისა და ზურაბ ცინცქილაძის წყვილს და მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს მაყურებელი კარგად იცნობს. ქალბატონი თამარი ბოლო დროს სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები", ბოლო სეზონში აქტიურად გამოჩნდა. შევეცადეთ, მსახიობი სულ სხვა ამპლუაში გაგვეცნო.
"ნაირ-ნაირ ტორტს ვაცხობდი"
- მე და ზურამ ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენით, 18 წლისას უკვე ქალიშვილი შემეძინა და ცხადია, შვილების გამოკვებაზე მიწევდა ზრუნვა, მერე შვილიშვილები გვეყოლა და აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის საჭირო კერძებს ყოველთვის ვამზადებდი. ადრე მაგალითად, უზარმაზარ, 20-25-კვერცხიან ტორტებსაც ვაცხობდი. ბლომანჟეს ვამზადებ ხოლმე, რამდენიმეფერიანს, ჩემებს ძალიან უყვართ. ყველანაირი კერძის მომზადება შემიძლია. ეს პროცესი მიყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ საქმეში სიყვარულიც არ ჩადე რაღაც დოზით, არაფერი გამოგივა, კერძი უგემური იქნება, ტორტი აუცილებლად ჩავარდება და ა.შ.
"ოლივიე" და ბლინები ჩემი "საფირმოა" - ჩემი გაკეთებული კერძები ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან მოსწონთ. სალათი "ოლივიე" და ბლინები ჩემი "საფირმოა". ყველაფრის კეთება ბებიისა და დედისგან ვისწავლე, მერე რაღაცები მეც შევმატე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შვილებისთვის საჭმელი მე თავად მომემზადებინა. 4-5 კერძს ვაკეთებდი და მერე იმისთვისაც მრჩებოდა დრო, რომ სადმე წავსულიყავი - არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და წუწუნი (იცინის).
"შვილებს მაგალითს ვაძლევდი" - თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვცდილობ, მოწესრიგებული და კარგი დიასახლისი ვიყო. ლამაზად მორთული სუფრა მომწონს, ლამაზი ჭურჭლით, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული - არა. როდესაც სახლში წესრიგია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, დასალაგებლად ბევრი ძალისხმევაც არ დაგჭირდება. ჩემმა შვილებმაც იციან, რა როგორ უნდა გააკეთონ - მაგალითს ვაძლევდი, მიყურებდნენ და ასე ისწავლეს, ზედმეტი ლაპარაკისა და მითითების გარეშე.
"ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ" - სახლში პროდუქტი ზურას მოაქვს, ეს მაინც კაცის ფუნქციაა, მაგრამ თუ ის ვერ მოახერხებს მოტანას, მე წავალ, რა პრობლემაა? ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ. ზურას, მაგალითად, გოზინაყი მოუმზადებია ახალ წელს. სიმართლე გითხრათ, კაცი სამზარეულოში არ მიყვარს, მაშინ როცა იქ მე ვარ. თუ უნდა, კარი შეიკეტოს, გააკეთოს და მერე დამიძახოს (იცინის). მახსოვს, თეა და ანი პატარები რომ იყვნენ, ზურა მათ ხელოვნურ საკვებს უმზადებდა დიდი ენთუზიაზმით, თან ძალიან სუფთად და სტერილურად.
ტრადიციული სუფრის მოყვარულია, ხშირადაა თამადა, თანაც აღიარებული. აქ სმაზე არაა ლაპარაკი, მთავარი სუფრის წაყვანაა, იუმორი, ლექსები, სიმღერები, საუბარი და ა.შ. მასთან ერთად ქეიფი ძალიან მოსწონთ. ტრადიციულად, დაბადების დღეებსა და სხვა ძირითად დღესასწაულებს ოჯახი ერთად აღვნიშნავთ, მერე კი გოგონები მეგობრებთან ერთადაც მიდიან სადმე.
- როცა ბატონი ზურა გაიცანით, მასში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?
- პირველივე დღიდან ვიგრძენი რაღაც, მაგრამ გაცნობიდან სამი წელი იყო გასული, როდესაც დავახლოვდით. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ხშირად დავდივართ დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ, ხშირად - ცალ-ცალკეც გვიწევს, რადგან გადაღებები სხვადასხვა ადგილას გვაქვს. მაგრამ როგორც მსახიობებს, ერთადაც ხშირად გვიწევდა ყოფნა. მსახიობების წყვილი მაინც სხვანაირად კარგად უგებს ერთმანეთს.
ბათუმურ-თბილისური დიდი ქორწილი - ჩვენი ქორწილი იყო თბილისშიც და ბათუმშიც, 45 წლის წინ. ბათუმში ზურას მშობლებმა დიდი ქორწილი გადაიხადეს, ძალიან ბევრი სტუმარი იყო. თბილისში ხელი მოვაწერეთ და აქაც დიდი სუფრა გაიშალა. ჩვენს ქორწილში უამრავი მსახიობი იყო და გურამ საღარაძემ ითამადა. მერე კი მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით. ძალიან მაგარი ქორწილი გვქონდა.
"კუჭში ასე ფენა-ფენა ჩალაგებული საჭმელი ვისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო?" - საერთოდ, მომწონს, როდესაც სუფრაზე კარგი თამადაა, რაც დღეს იშვიათობად იქცა. ქორწილები, რომლებიც დიდ დარბაზებში ტარდება, ერთმანეთს დაემსგავსა და სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. არც ერთმანეთზე სართულებად დაყრილი კერძები მხიბლავს. რომ შეხედავ, უკვე ჭამა აღარ მოგინდება. ვსხედვართ და ველოდებით, როდის რა კერძს შემოიტანენ, მერე გადაიტვირთებიან ჭამისგან და მეორე დღეს არავინ აღარაფრად ვარგა. მუცელში, კუჭში ასე ფენა-ფენა ჩალაგებული საჭმელი, ვისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო? ღრიანცელი, საშინელი მუსიკა, არც ადამიანების საუბარი გესმის, გვერდით მჯდომი ადამიანს ვერ უსმენ. ჰოდა, სხედან და უყურებენ ერთმანეთს - ეს ძალიან არ მომწონს...
"ყურადღებას ღირსშესანიშნაობებს ვაქცევ" - ეგზოტიკურ კერძებზე არ ვგიჟდები, მე მაინც ჩვენი სამზარეულო მირჩევნია ყველა სხვას და სხვათა შორის, გურმანიც არ ვარ. ევროპული კერძები, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ქვეყანაში გამისინჯავს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად ვიხიბლები.
როცა სადმე ჩავდივარ, პირველ რიგში, იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მაინტერესებს. თეატრი იქნება, ოპერა, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თუ სხვა, შესაძლებლობა თუ გაქვს, აუცილებლად უნდა დაათვალიერო.
"ცოტას ვჭამ, ბევრს ვმოძრაობ, აუზზე დავდივარ" - დიეტას არ ვიცავ. არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მშიერი? უბრალოდ, ცოტ-ცოტას ვჭამ და ამაში ხელს ისიც მიწყობს, რომ გურმანი არ ვარ, ბევრის ჭამა არ მიყვარს (იცინის). ბევრს ვმოძრაობ, აუზზე დავდივარ ზაფხულშიც და ზამთარშიც. ზაფხულში ზღვაზე ყოფნა მიყვარს. ზურა ხომ წარმოშობით ბათუმიდანაა და სახლი ისეთ ადგილას გვაქვს, ზღვაზე ფეხით გადავდივართ. ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცურვა, ფეხით სიარული ძალიან კარგია; ვარჯიშიც, ოღონდ ამით სიამოვნება უნდა მიიღო, თავი კი არ უნდა გადააკლა. გარდა ამისა, ბოროტი და შურიანი არ უნდა იყო ადამიანი, ეს აბერებს (იცინის). შხაპის მიღება ყოველგვარ სტრესს ხსნის. იმ განწყობით უნდა იცხოვრო, რომ ყოველი დღე ლამაზია.
თამთა დადეშელი