ნათია ბუნტურის ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი - გზაპრესი

ნათია ბუნტურის ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი

რუსთაველის თეატრის ფასადზე დამონტაჟებულ ბანერზე, რომელიც სეზონის გახსნასა და გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამოს წარმოდგენას იუწყება, ამავე დასის მოცეკვავე ნათია ბუნტურია გამოსახული. რუბრიკისთვის "შთაბეჭდილებები" საუბრისას, პირველი შეკითხვა მოცეკვავეს სწორედ ამ თემიდან გამომდინარე დავუსვი.

- სხვადასხვა დროსა და პრემიერებიდან გამომდინარე, თქვენი ფოტო აფიშასა და ბანერზე იბეჭდება. რა განცდაა, როცა საკუთარ თავს ქვეყნის მთავარი თეატრის შენობის ფასადზე ხედავთ?

- პრემიერების წინ, როცა ინტერნეტში ჩვენი დასის გვერდზე ფოტოს ათავსებენ, სწორედ მაშინ თუ შევავლებ ხოლმე თვალს და ვიგებ, რომ ბანერი დაუკიდიათ. ასეთი რაღაცები ჩემთვის მეათეხარისხოვანია, რადგან სპექტაკლის წინ საჭიროა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაცია. ცხადია, ფოტოგადაღება, ბანერი, ტაში და ოვაცია ჩვენი საქმის ნაწილია, მაგრამ მთავარია, როგორ გავიტან სცენაზე იმას, რაზეც ამდენი ვიმუშავე. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაიწყება სპექტაკლი, როგორ წარიმართება და საერთოდ, როგორ ვიცეკვებ.

- პირველი დიდი შთაბეჭდილება, რაც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ და წლებმა ვერ გაახუნა...

- სულ პატარა რომ ვიყავი, იმ დროიდან მოყოლებული მახსოვს, თუ რამ გამახარა ძალიან ან რამ მატკინა გული. მაგალითად, მქონდა ბეჭედი, რომელიც დამეკარგა და ამაზე ბევრი ვიქვითინე. ასევე მახსოვს, როგორ შემიკერა დედამ პირველი კოსტიუმი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში ვსწავლობდი.

- ბავშვობაში კოსტიუმებს დედა გიკერავდათ?

- დიახ, საშუალება არ გვქონდა სამკერვალოში შეგვეკერა, ამიტომ დედამ საკუთარი ხელით ამომიქარგა, ბისერებითა და მძივებით მომირთო კოსტიუმი - ეს არასდროს დამავიწყდება. ის სამოსი დღემდე შენახული გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ძალიან ინტიმური და სათუთი ფაქტები გამახსოვრდება.

- ფოტომეხსიერება გაქვთ?

- ფოტომეხსიერებას ალბათ, ციფრების, ფრაზების, ნოტების სწავლებისას და მსგავს შემთხვევაში ამბობენ. მე ალბათ, უფრო ვიდეომეხსიერება მაქვს და ეს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ხდება. ქორეოგრაფები გვიჩვენებენ მოძრაობებს, ვუყურებთ და ვიმეორებთ, ანუ თვალით ვსწავლობთ და შემდეგ უკვე სხეულით ვიმეორებთ, ვცეკვავთ. ეს ყველაფერი ვიდეოკადრებს ჰგავს (იღიმის).

GzaPress- ადამიანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ...

- არის ერთი ასეთი ადამიანი. მასთან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა შეხება და ალბათ, აწი აღარასოდეს მექნება.

- როგორც მივხვდი, ეს არის ადამიანი პირადი ცხოვრებიდან, ხომ?

- დიახ. პირველი ის გამახსენდა...

- ქვეყანა ან ქალაქი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე...

- მიყვარს სტამბოლი და ყოველთვის მეყვარება. როდესაც "გურჯი ხათუნს" ვამზადებდით, სტამბოლში ვიმოგზაურეთ. შემდეგ მარტოც წავედი. დიდი ძალა აქვს ამ ქალაქს და მასთან ყოველთვის განსხვავებული პირადი სიყვარულით ვიქნები დაკავშირებული.

- ფილმი, რომელიც რამდენჯერმე გინახავთ ან მხოლოდ ერთხელ გაქვთ ნანახი და დღემდე გახსოვთ...

- კინოკლასიკა მიყვარს, შავ-თეთრი ფილმები. მათგან რამდენიმე განსაკუთრებით მომწონს, მაგრამ "კასაბლანკას" დავასახელებ. თუკი ოდესმე ფილმზე მიწევს საუბარი, ფავორიტად ყოველთვის "კასაბლანკას" ვასახელებ.

- ბევრს კითხულობთ და როგორც ვიცი, წიგნებიდან ფრაზების ამოწერა ან ფურცლებისთვის ფოტოების გადაღება გიყვართ...

- დიახ, ასეა. ჩემთვის საინტერესო რაღაცებს ვიწერ, ვინიშნავ, სატელეფონო ბლოკნოტში ვაკოპირებ - ასეთი ქცევა მეხმარება წაკითხულის უკეთ გააზრებასა და მოვლენების გადაფასებაში.

- წლების განმავლობაში იცვლება საყვარელი ჟანრები და ავტორები, მაგრამ თუ გახსოვთ წიგნი, რომელზეც გიტირიათ ან ახლაც ტირით?

- ასეთი მომენტი ხშირია როგორც პროზის, ისე პოეზიის კითხვის დროს. დოსტოევსკის შემთხვევაში ვარ ასე. შეიძლება ვიღაცას რაღაც მონაკვეთის კითხვისას სულაც არ შეექმნას ემოციური განწყობა, მაგრამ შენ აგეტიროს, რადგან შენმა ტვინმა აღიქვა სხვაგვარად. პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, "სამოსელი პირველის" კითხვის დროს ვიტირე. იმ დროს ამერიკაში ვცხოვრობდი და წიგნს მატარებელში მგზავრობისას ვკითხულობდი. ვბღაოდი. ვაგონში მყოფებს ეგონათ, რომ ცუდად ვიყავი და მამშვიდებდნენ (იღიმის). ლექსებზეც მიტირია. ზოგჯერ ისეთი ზუსტი და გამჭოლია, ემოციას აღვიძებს. თუმცა, რაც დრო გადის, იოლად ნაკლებად ვტირი - თითქმის მეორე წელია, ასე ვარ. თუმცა, რაღაცების კითხვისას ტირილამდე დღესაც მივსულვარ და იმ შეგრძნებას, ემოციას შეიძლება თავისუფლად ვუწოდო ტირილი.

- შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ერთი წიგნი ან ავტორი გამოყოთ?

- ახლახან პრუსტის კითხვა დავიწყე, ძალიან მომწონს. მართალია, წიგნი ჯერ არ დამიმთავრებია, მაგრამ რამდენიმე გვერდის მიხედვითაც შემიძლია თქმა და უკვე ვგრძნობ, რომ ის არის ჩემი ფავორიტი. რაც შეეხება პოეზიას, ტერენტი გრანელს დავასახელებ. მისი პოეზია არ არის ყოველთვის იოლად ასატანი, ამიტომ დროდადრო სხვა ავტორებსაც ვკითხულობ, როგორებიც არიან: პაბლო ნერუდა, ტომას ელიოტი, პაოლო იაშვილი, გალაკტიონი და ბევრი სხვა.

- გქონდათ ან გაქვთ თუ არა ჩვევად დღიურის წერა, ან თქვენი შთაბეჭდილებების ჩანიშვნა?

- უწინ დღიურს ვწერდი, მაგრამ ახლა აღარ ვაწარმოებ. დავიწყე ნოველის წერა. მრცხვენია ამას ხმამაღლა რომ ვამბობ, მაგრამ რომ ვიცი, სრულებით არაფერს ნიშნავს, უფრო თამამად შემიძლია საუბარი. დავიწყე, მაგრამ მერე შევჩერდი და გადავწყვიტე, ასაკში რომ შევალ, შემდეგ გავაგრძელო. ეს არის ავტობიოგრაფიული ნოველა, გმირების სახელები შევცვალე და აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. გარდა ამისა, დროდადრო ვცდილობ ჩემი აზრები ჩანახატის სახით გადავიტანო ფურცელზე. ეს დაახლოებით ერთგვერდიანი ნაწერებია და ამგვარ ჩანაწერებს ინტენსიურად ვაკეთებ. ზოგჯერ ვთარგმნი ინგლისურიდან ქართულად. ეს ძირითადად, ლექსებია - პროცესი მსიამოვნებს და მამშვიდებს.

- თქვენს ფოტოებს რომ ათვალიერებთ, მოაქვს ის განწყობა, რაც იმ კონკრეტულ მომენტში, გადაღებისას გქონდათ?

- თითქმის მოაქვს... მიყვარს ფოტოების გადაღება, სხვადასხვა სოციალურ ქსელში განთავსება და ზოგი ამაზე მეჩხუბება. შეიძლება ზედმეტი მომდის. არ ვიცი, რისი დამტკიცება თუ მოსწრება მინდა ან საერთოდ, რატომ მაქვს ასეთი გამალებული მისწრაფება, მაგრამ ფაქტია, რომ მაქვს. მიყვარს სარეპეტიციო დარბაზში შავი სამუშაოს აღბეჭდვა, კულისებს მიღმა სამზარეულოს და ჩვენი ქალაქის ძველი არქიტექტურული ნიმუშების, ზოგადად ქალაქის გადაღება. ასევე, ქუჩებში ადამიანების საინტერესო დგომის თუ ჯდომის მანერა დამიფიქსირებია. ასევე, ისეთი დეტალები, როგორიცაა ჩემი შვილის თმა, ჩრდილი ფარდასთან და ა.შ.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც მიგიღიათ - ამ შემთხვევაში ნივთს ვგულისხმობ...

- 27 სექტემბერს დაბადების დღე მქონდა და მაჩუქეს ყავის არაჩვეულებრივი აპარატი (იღიმის).

- ალბათ, ყავა ძალიან გიყვართ...

- ძალიან მიყვარს და სწორედ იმიტომ მაჩუქეს, რომ დილაობით კარგი ყავა დავლიო.

- და რას დაარქმევთ თქვენი ცხოვრების მთავარ საჩუქარს?

- ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი შვილია.

ანა კალანდაძე