პრობლემები, რომლის წინაშეც ქართული თეატრი დგას - გზაპრესი

პრობლემები, რომლის წინაშეც ქართული თეატრი დგას

წელიწადზე ცოტა მეტია, რაც რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რამდენიმე დღის წინ, ამ თეატრში სპექტაკლის "დედა კურაჟი" პრემიერა გაიმართა. ბერტოლდ ბრეხტის ეს ნაწარმოები გიორგი სიხარულიძემ წარმოადგინა. შეხვედრისას ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა კინომსახიობთა თეატრში მუშაობის ერთწლიანი შეჯამება, ახალი სპექტაკლი და ზოგადად, თეატრში არსებული მდგომარეობა იყო.

- უპირველესი და ძალიან დიდი პრობლემა, რაც სრულიად ქართულ თეატრში დგას, ეს არის სადადგმო თანხების მოპოვება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ თეატრში გავიზარდე, აქ ჩემმა პედაგოგმა ბატონმა მიშა თუმანიშვილმა მომიყვანა. ეს იყო დიდი გამოწვევა და ამავდროულად, პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, როდესაც ამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მოვედი, დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ ჩანაფიქრს თან უნდა ახლდეს შესაბამისი პირობები. მოგეხსენებათ, თეატრში მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელი არ დგამს სპექტაკლებს. ის იმ შემადგენლობას არჩევს, ვინც მასთან ერთად უნდა განახორციელოს სადადგმო პოლიტიკა. მივმართე ჩემს ჯგუფელებს, დათო დოიაშვილსა და დათო საყვარელიძეს, ასევე ამ თეატრის რეჟისორებს: ბატონ ნუგზარ ბაგრატიონსა და ზურა გეწაძეს. ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ სხვა ცნობილ და კარგ რეჟისორებს. შარშან ეს პოლიტიკა განვსაზღვრეთ, უბრალოდ ფინანსების არქონის გამო, ბევრი გეგმა ვერ განვახორციელეთ. ერთადერთი წყარო, საიდანაც ფულს ვიღებთ, ეს არის ქალაქის მერია, მაგრამ მისი ბიუჯეტიც გარკვეულ ზღვართან ჩერდება და არ არის ამოუწურავი. თან, მერია სულ თუმანიშვილის თეატრს ვერ დააფინანსებს. მოკლედ, შენ რაც უნდა განსაზღვრო სამხატვრო პოლიტიკა, მთავარი პრობლემა მაინც ფინანსებია და ამიტომ დავიწყე კოპროდუქციებზე ზრუნვა. ისე გავაკეთებთ, რომ რეჟისორებთან ერთად მოვიძიოთ თანხები და იმედი მაქვს, ამის შედეგად, უფრო მეტი ახალი სპექტაკლი იქნება ჩვენს თეატრში.

- რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყავით...

- 11 წელი ძირითადად, ქუთაისში ვიყავი და იქაც ანალოგიური მდგომარეობაა. ყველა ცდილობს მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს შეძლებისდაგვარად გაუზარდოს ხელფასები და შესაბამისად, სადადგმო ხარჯებისთვის ჯოჯოხეთური შრომაა საჭირო. თანამედროვე თეატრის მოთხოვნებს რომ უპასუხო, ძალიან ძნელია, ამიტომ თანხები აუცილებელია. ძალიან წვალობს სრულიად ქართული თეატრი.

- კერძო სექტორის მიმართ ხშირად ისმის პრეტენზიები, რადგან არ სურთ ფილმების ან სპექტაკლების დაფინანსება და პირადად მე, მათი მესმის...

- თუ კანონში რამე ცვლილებები შევა და მათი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული, ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება, თუმცა, ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელია.

- ხშირად მესმის: "ხალხს აღარ უნდა მძიმე თემებზე სპექტაკლები და დადიან იმის სანახავად, რაზეც გაერთობიან". ეთანხმებით ამ მოსაზრებას?...

- არ ვეთანხმები და ამის ნათელი მაგალითია ჩვენს თეატრში "მეფე ლირი", რომელზეც დღემდე ჭირს ბილეთის შოვნა. ასევეა ვოდევილი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რომელსაც წლებია, ამ თეატრში თამაშობენ. ახლა უკვე "დედა კურაჟიც" გვაქვს, რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშეთ და უკვე დიდი მოთხოვნაა მასზე...

- ქუთაისში, მესხიშვილის თეატრშიც თქვენს დადგმულ "ბამბაზიის სამოთხეს", მიუხედავად თემის სიმძიმისა, არასდროს აკლდა მაყურებელი, ხომ?

- დიახ, "ბამბაზიის სამოთხემ" ყველა რეკორდი მოხსნა. მესხიშვილის თეატრში 813 მაყურებელი ეტევა. 59 ანშლაგი ვითამაშეთ. 2007 წელს გამოვუშვით ეს სპექტაკლი. თეატრს, სადაც მაყურებელი არ დადიოდა, ხალხი მოაწყდა. კოლოსალური შემოსავალი იყო. ეს სპექტაკლი დღემდე მესხიშვილის თეატრის რეპერტუარშია და იქ ჩემ მიერ განხორციელებული არც სხვა სპექტაკლები მოხსნილა - ეფერებიან და უყვართ, რაც რეჟისორისთვის ძალიან სასიხარულოა. მთავარი არა სიმძიმე, არამედ თემის აქტუალობაა. აქაც ასეა, ჩემი სპექტაკლის - "დედა კურაჟი" მთავარი თემა ომია. ბებიებისა და ბაბუებისგან სულ გვესმოდა, ომს არ მოსწრებიხართო. ბუნებრივია, მათაც არ უნდოდათ, რაც მოხდა უკანასკნელ წლებში, მაგრამ თუკი ვინმემ ნახა ომი, ეს ჩვენ ვართ, ყველა უბედურება ერთად გამოვიარეთ. "დედა კურაჟში" მაყურებელს სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრებით, ანუ ომის მარადიულობაზე. ბრეხტი ამ გენიალური პიესით კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გმირები კათარზისს არ განიცდიან. კურაჟმა სამი შვილი მისცა ომს და მაინც ამბობს, რომ მას ომი სჭირდება. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! ეს ხაზგასმით კეთდება, რომ მაყურებელმა თავად იფიქროს, თუ რას უშვრება და რა თვისებებს ართმევს ადამიანს ომი. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან 20 წელზე მეტია ამ მდგომარეობაში ვართ და კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რა წაგვართვა ომმა. ეს მაყურებლისთვის ახლობელი და მტკივნეული თემაა, საათი და 40 წუთი მიდის სპექტაკლი. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე. ყველა ელოდა, რითი დავიწყებდი თუმანიშვილის თეატრში მუშაობას და ვფიქრობ, ეს პიესა სწორად შევარჩიე. სპექტაკლი ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. ბენდს ეძახიან, მაგრამ ეს უკვე ორკესტრია. სპექტაკლში არც ერთი მოწვეული მსახიობი არ გვყავს, ინსტრუმენტებზეც მსახიობები უკრავენ და ეს მათმა შესაძლებლობებმა გამარისკვინა. ამ დასს ნებისმიერი სიმძიმის დაძლევა შეუძლია.

GzaPress- ბავშვობაში მღეროდით...

- დიახ, მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული, ოჯახი საგუნდო-სადირიჟოროსთვის მამზადებდა, მაგრამ არჩევანი რეჟისურაზე გავაკეთე.

- თავიდანვე განსაზღვრეთ, რომ დედა კურაჟის როლში ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე უნდა ყოფილიყო?

- დიახ. თუმცა, მისთვის მოულოდნელი იყო ჩემი შეთავაზება.

- მგონია, ახალგაზრდები და მათი მშობლებიც დღეს პროფესიულ არჩევანს უფრო პრაგმატულად აკეთებენ. წლებია, თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობთ და გეცოდინებათ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ზოგადად ხელოვნებისადმი და კონკრეტულად, სარეჟისორო ფაკულტეტზე სტუდენტების რიცხვმა ხომ არ იკლო?

- იკლო და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში დგას. რამდენიმე თვის წინ, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს ვუსმენდი, რომელიც გულისტკივილით საუბრობდა, რომ კლასიკური მუსიკის მიმართ ინტერესი აღარ არის. ერთი გენიალური კადრი დამამახსოვრდა, შვედეთში ჩადის და ხალხისთვის უკრავს ვიოლონჩელისტი. ადამიანები მასთან მიდიან და ხურდებს უყრიან, ის კი კატეგორიულად ეუბნება, რომ ეს არ არის საჭირო და უკრავს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა კარგ მუსიკას მოუსმინონ. მსგავსი პრობლემაა საოპერო ხელოვნებში, მუსიკაში, თეატრში. თეატრალურში, კონსერვატორიაში, სამხატვრო აკადემიაში საბუთები რომ შემოდის, სულ ვინტერესდები და ვკითხულობ რაოდენობას - ეს რიცხვი ყოველწლიურად, საგრძნობლად იკლებს. ისევ და ისევ ფინანსებთან მივედით. არსებულ ვითარებას მშობელიც ხედავს და შვილიც. მეც არ მინდა, ჩემი შვილი ამ სფეროში იყოს. ქვეყანაში არ არის კულტურის პოლიტიკა განსაზღვრული. შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ შენს შვილს აქვს მონაცემები ამა თუ იმ სფეროში და თავის ნიჭით ყველაფერს მაღალ დონეზე გააკეთებს, მაგრამ არ იცი, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს თუ არა. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ და ამ შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ოდესმე დავსხდებით და კულტურის პოლიტიკას განვსაზღვრავთ. ჩვენი გენიალური კლდიაშვილის სამყაროს კარგად ვიცნობ და ამიტომ, მისი პიესიდან სიტყვებს ხშირად ვიშველიებ: "მოთმინება და იმედი". ეს მოთმინება და იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.

- დაბოლოს, რაც შეეხება ქალბატონ ქეთი დოლიძეს, მას თუ აქვს საშუალება თუმანიშვილის თეატრში დადგას სპექტაკლები და რა ურთიერთობა გაქვთ დღეს მასთან?

- ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. წარმოუდგენელია მასთან კომუნიკაცია, ამიტომ ავირჩიე ძალიან კარგი მეთოდი, წერილობით მივმართავ და მასაც ვთხოვ პასუხი ასე დამიბრუნოს. ეს წერილები მაქვს. ქუთაისის მაგალითზე გეუბნებოდით, რომ მიხარია, ჩემი დადგმული სპექტაკლები მესხიშვილის თეატრის რეპერტუარში კვლავ არის და მისი ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი კოტე აბაშიძე პატრონობს. როცა გინდა, ასე მოგექცნენ, ბუნებრივია, სხვას შენც ასე უნდა მოექცე. ჩემს კოლეგას როგორი ცუდი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეს ჩემ მიმართ, ამას ვერ გავუკეთებ. ქალბატონ ქეთის კარგი ნამუშევრები აქვს. როდესაც მას შევატყობინე, რომ თეატრში უნდა მოვიდეს და თავისი სპექტაკლები აღადგინოს, განაცხადა, მე მაგ თეატრში არ მოვალო. მიუხედავად ამისა, მსახიობებთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ და ვთამაშობთ ქალბატონი ქეთის რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებს. რამდენჯერმე რომ არ ვითამაშეთ, იკითხა, - რატომ არ თამაშობენო. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ის სპექტაკლები, რაც არ არის რეპერტუარში, აღსადგენია და მე ვერ აღვადგენ, თვითონ კი არ მოდის. ყველას ისეთი დამოკიდებულება აქვს ქალბატონი ქეთის მიმართ, რომ დაჩაგრეს და თეატრიდან გაუშვეს, არადა, მას ერთი დღე წყვეტა არ ჰქონია!.. ის უბრალოდ, სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის, თორემ ამ თეატრის რეჟისორია და ხელფასი აქვს საკმაოდ სოლიდური. თანხას იღებს ზუსტად იმდენს, რამდენსაც ამ თეატრის სხვა რეჟისორი.

ანა კალანდაძე