"როცა ვისვენებ, მგონია, რომ რაღაცას ვაშავებ" - გზაპრესი

"როცა ვისვენებ, მგონია, რომ რაღაცას ვაშავებ"

"კომედი შოუს" მსახიობი - თათია სულუაშვილი დღესდღეობით, რამდენიმე საქმესაა შეჭიდებული. გამოგვიტყდა, - თავადაც მიკვირს, ამდენ რამეს როგორ ვასწრებო... აღმოჩნდა, რომ მსახიობი ადრეული ასაკიდანვე მატერიალურად დამოუკიდებელი ყოფილა და სტუდენტობისას, სწავლის პარალელურად, პატარა ბიზნესიც წამოუწყია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა...

GzaPress- ფულის მნიშვნელობა როდის გააცნობიერე?

- ალბათ, როცა სკოლა დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და პირველი ხელფასი - 77 ლარი ავიღე (მარჯანიშვილის თეატრში, სადიპლომო სპექტაკლში ვითამაშე). 21-22 წლის ვიყავი. ეს 77 ლარი 3 თვის ჰონორარი იყო. ჯგუფელები წავედით და ყავა დავლიეთ - ასე აღვნიშნეთ გოგონებმა, იმ დღეს მოვილხინეთ (იცინის)...

- როგორი განცდა დაგეუფლა?

- მაშინ მეგონა, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყო. იმ წუთში ის 77 ლარი 7.700 იყო! ვერ ვიტყვი, იმ 3 თვის განმავლობაში რამდენი ბენზინი დავწვი, მაგრამ პირველი ჰონორარი ჩემთვის მაინც ძვირფასი თანხა გახლდათ (იღიმის). ძალიან მაგარი შეგრძნება დამეუფლა...

- შენი პირველი ოფიციალური სამსახური მარჯანიშვილის თეატრი იყო?

- მარჯანიშვილის, ახმეტელისა და რუსთავის თეატრშიც ვთამაშობდი, მაგრამ პირველი ხელფასი "მარჯანიშვილში" ავიღე.

- დღესდღეობით, მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

- რატომღაც, ბავშვობიდან ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. არ შემეძლო, ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი, თუნდაც - მშობლებზე. ჩემი ფული ყოველთვის მქონდა, ოღონდ სტუდენტობისას 2 ლარი რომ იყო გზის ფული, მე 10 მქონდა ხოლმე (იცინის).

- როგორ?

- პარალელურად, მაშინ ტანსაცმლის მაღაზიაც მქონდა გახსნილი, რომელსაც სხვათა შორის, ძალიან კარგად ვამუშავებდი. ასე რომ, ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. ის მაღაზია რამდენიმე დაქალმა გავხსენით. უბრალოდ, მერე ისე მოხდა, რომ დროის დეფიციტის გამო, დავხურეთ, თორემ ძალიან კარგად მუშაობდა.

- არ გიფიქრია, რომ ეს საქმე ისევ გაგეგრძელებინა?

- როგორ არა, მაგრამ იმდენად ცოტა თავისუფალი დრო მრჩება, რომ საკუთარი თავისთვის არ მყოფნის.

- ამჟამად, რამდენი სამსახური გაქვს?

- ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ. ასევე, ჩემი თეატრალური სტუდია მაქვს, სადაც თითქმის მთელი დღე დაკავებული ვარ: მოსწავლეებს მსახიობის ოსტატობას ვასწავლი. სტუდიაში საკმაოდ ბევრი ბავშვია. სწავლობენ: მსახიობის ოსტატობას, თანამედროვე ცეკვას, მეტყველებას, ხატვას, ძერწვას, ქვიშაზე ხატვას... "გადარბენაზე" ვარ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, "კომედი ჯგუფში" ვმუშაობ. ფაქტობრივად, სამი სამსახური მაქვს.

- სტუდიის გახსნის იდეა როგორ გაგიჩნდა?

- შემოთავაზება მივიღე, რომ კონკრეტულ ადგილას (სადაც საცურაო კომპლექსია), რამე გამეხსნა. ბავშვობიდან მსურდა, თეატრალური სტუდია მქონოდა, სადაც ვასწავლიდი. ამ საქმისგან დიდ ენერგიას ვიღებ. პროფესიით კინოსა და დრამის მსახიობი ვარ. რაკი მე ვეღარ ვთამაშობ სცენაზე, მინდოდა, მსახიობის ოსტატობა ბავშვებისთვის გამეზიარებინა... მოლაპარაკება შედგა, სტუდია შევქმენი. ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, სისტემა როგორ უნდა ამეწყო. ძალიან კარგად მუშაობს. დაახლოებით 70 ბავშვი გვყავს. მეც კმაყოფილი ვარ და ბავშვებიც.

- საქმის წამოწყებამდე, ბიზნესის მართვის მიმართულებით, რაიმე ტრენინგი, კურსი ხომ არ გაიარე?

- არა, ეს სისტემა თავად ავაწყვე. ვფიქრობ, ამის გაკეთება მარტივია, როდესაც შენი საქმე გიყვარს და ზუსტად იცი, ასეთ სტუდიაში რა უნდა ასწავლო, რა იმუშავებს...

- დროის მენეჯმენტს როგორ უმკლავდები?

- ძალიან გადატვირთული, საშინელი რეჟიმი მაქვს - ამას არავის ვუსურვებ, რადგან დილის 7 საათზე ვიღვიძებ: ერთი ბავშვი ბაღში უნდა წავიყვანო, მეორე - სკოლაში. შემდეგ "კომედი ჯგუფში" სამსახური მეწყება... მერე სტუდიაში მივდივარ. 6-დან 9 საათამდე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) სულ გაკვეთილები მაქვს. რამდენიმე დღე სტუდიაში ყოფნა მიწევს. გვაქვს სპექტაკლები. ბავშვები სხვადასხვა თეატრში გაგვყავს - იქ თამაშობენ... როცა მცალია, თუკი ჩემზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, ცენტრში სამუშაოდ მივდივარ. მოკლედ, ყველაფერს ვერგები - სახლშიც, გარეთაც... მეც მიკვირს, ამ ყველაფერს როგორ ვასწრებ, მაგრამ როცა ადამიანს სხვა გზა არ გაქვს, ახერხებ...

- დასვენების დღე გაქვს?

- შემთხვევით თუ გამოჩნდა ისეთი დღე, როცა არაფერი ხდება, შეიძლება, დავისვენო. სხვათა შორის, როცა სახლში ვისვენებ ან შუადღისას მძინავს, მგონია, რაღაცას ვაშავებ, ძალიან ცუდად ვიქცევი. ვფიქრობ: რატომ უნდა მეძინოს? ახლა რატომ უნდა დავისვენო, რა ხდება-მეთქი? მერე ვცდილობ, სხვა საქმით დავკავდე. ერთი სიტყვით, დასვენება მეხამუშება. ძალიან ცუდია, მაგრამ თუ ვისვენებ, ვცდილობ, არსად წავიდე, საკუთარ თავს გართობის უფლება ნაკლებად მივცე და მაქსიმალურად შვილებთან ვიყო; ის დეფიციტი, რასაც დედის მხრიდან განიცდიან, ავანაზღაურო. შვილებს მოვკიდებ ხოლმე ხელს, ჩავსვამ მანქანაში და ხან კინოში მივდივართ, ხან - ცენტრში... დავპროწიალობთ აქეთ-იქით (იცინის).

GzaPress- შენი შვილების შესახებ მოგვიყევი...

- 2 შვილი მყავს - 8 წლის ქეთო და 4 წლის დათა. სხვათა შორის, ქეთო ნიჭიერი ბავშვი გახლავთ. უყვარს ხატვა, ძერწვა, ცეკვაზეც დადის. 6 წლისამ სპექტაკლში პირველად ითამაშა. ძალიან აქტიური ბავშვია. ხან უნდა, რომ მსახიობი გახდეს, ხან - მოცეკვავე, მომღერალი... მასში საკუთარ თავს ვხედავ: მის ასაკში მეც სულ ვმღეროდი და პატარა ეტიუდებს ვთამაშობდი: ხან ქათამი "ვიყავი", ხან - ძაღლი. ქეთოსაც ზუსტად ასეთივე მანერები აქვს... დათა ჯერ ბაღში დადის. ჩემი ბიჭია და ძალიან მიყვარს. ორივე შვილზე ვგიჟდები (იღიმის)!..

- ოჯახურ ბიუჯეტს როგორ ანაწილებ?

- ძალიან მფლანგველი ვარ. შეზღუდვები არ გამაჩნია: მაგალითად, ფეხსაცმელი თუ მომეწონა, შეიძლება, მასში 1.000 ლარი გადავიხადო და მეორე დღეს უფულოდ დავრჩე. ეკონომიის გაკეთება მიჭირს. ვიცი, ეს ჩემი "მინუსია". ისე, ბიუჯეტს საკმაოდ კარგად ვანაწილებ. ყველაფერს კარგად ვგეგმავ. ისე არასოდეს მომხდარა, რომ რაღაც არასწორად გამეთვალა.

- ფინანსური კრიზისი შეგქმნია?

- დღესდღეობით, ამ ქვეყანაში შეიძლება, ვინმეს ცოტა კრიზისი არ ჰქონდეს? ისეთი კრიზისი არ მახსოვს, რომ მაგალითად მე ან ჩემს შვილებს რამე სურდათ და ვერ გავაკეთე, მაგრამ პატარ-პატარა "ჩავარდნები" ცხოვრებაში ხდება ხოლმე. ეს როდის არის, იცი? ხელფასამდე 2 დღე რომ არის დარჩენილი. მერე თანხა "დაჯდება" და - "გოოლ" (იცინის)!.. მიდიხარ და ხარჯავ.

- ოდესმე "სივი" გაგიგზავნია?

- არასოდეს. "კომედი ჯგუფშიც" გასაუბრებით მოვედი: სკოლაში სწავლის პერიოდში, "კავეენში" ვთამაშობდი. "კომედი შოუს" ბიჭებს იქიდან ვიცნობდი. დამირეკეს, მოვედი, რამდენიმე სიტყვით გამესაუბრნენ და მერე უკვე შემომთავაზეს - თუ სურვილი გაქვს, მოდიო. ასე დავიწყე მუშაობა და შემოვრჩი - უკვე 12 წელია, აქ ვარ.

- რას ურჩევ ქალბატონებს, ვისაც საკუთარი საქმის წამოწყება ან პროფესიული საქმიანობა სურთ?

- ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ყველა წინააღმდეგი იყო, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ძალიან დიდი წინააღმდეგობები და ბრძოლები მქონდა. ჩემი მოსწავლეები მეკითხებიან ხოლმე: უნივერსიტეტში ჩაბარება არ გაგიჭირდათ? აქამდე როგორ მოხვედით? რთული იყოო? ადამიანს რაც გულით გინდა, გამორიცხულია, იმას ვერ მიაღწიო. ასე რომ, ყველას ვურჩევ, მიზანი დაისახონ და აუცილებლად მიაღწევენ. საკუთარი თავისთვის იცხოვრონ. თუკი ადამიანი ბედნიერი იქნები, ალბათ, ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ.

ეთო ყორღანაშვილი