"მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ ჯიპს, რომელსაც ტრაქტორის ბორბლები აქვს" - გზაპრესი

"მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ ჯიპს, რომელსაც ტრაქტორის ბორბლები აქვს"

"ჩაცმის ეს სტილი, რაც ახლა ამოვიჩემეთ, ქალურობას გვაკარგვინებს. თუ მამაკაცების აზრსაც გავიკითხავთ, ყველას ისეთი ქალი ხიბლავს, რომელიც გემოვნებიანი, ნაზი და ელეგანტურია", - ამბობს ნინო იოსელიანი, რომელიც გემოვნებაზე სასაუბროდ სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ყველაზე მთავარი განათლებაა! განათლებულ ადამიანს შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვაოს! ადამიანი თუ ჭკვიანი და განათლებული ხარ, გემოვნებაც შეგიძლია განივითარო და ზუსტადაც შეაფასო, რა არის კარგი და რა - ცუდი! მოგზაურობაც მნიშვნელოვანია! ასეთ დროს ბევრს ნახავ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ეზიარები, ბევრ ადამიანთან გიწევს კომუნიკაცია და ეს ყველაფერი გემოვნების განვითარებაზე დადებითად აისახება! რაც შეეხება განათლებას, ამაში მხოლოდ ბევრი წიგნის კითხვას არ ვგულისხმობ. ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო და იცოდე, რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. მხოლოდ კლასიკა რომ იკითხო, ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, აუცილებელია იცოდე შენი ქვეყნის და მსოფლიოს წარსული, მაგრამ სიძველეში არ უნდა ჩარჩე! ძველის და ახლის ბალანსია დღევანდელობა!

- სამოგზაუროდ რომელ ქვეყანას აირჩევდით, თანამედროვე მეგაპოლისებს თუ ისტორიული წარსულის მქონეს?

GzaPress- ძალიან მიყვარს ისტორიული ქალაქები! ასევე, მიყვარს ბუნება, ლამაზი და ეგზოტიკური ადგილები... თუმცა, მეგაპოლისებზეც არ ვამბობ უარს და ზუსტად ესაა ძველისა და ახალის ბალანსი, რაც ზემოთ ვახსენე... ზაფხულში ორი თვე ვიყავი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში და ძალიან მომეწონა. ადრე ამერიკაში ვსწავლობდი, მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით დავინახე იქაურობა. სტენფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესოა და იქ ბევრ სიახლეს გავეცანი, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეიძლება ითქვას, 25-ე საუკუნის მსოფლიოში ვიცხოვრე. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი: ირანში, ეგვიპტეში, თურქეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ა.შ. ძალზე საინტერესო იყო უზბეკეთიც, სადაც გაზაფხულზე გახლდით. ძალიან ლამაზია სამარყანდი, განსხვავებული კულტურის ნაგებობებია, ძალიან დიდი მეჩეთები. დიდი ისტორიული სკოლები იყო ადრე სამარყანდში განთავსებული და მათი არქიტექტურა გამორჩეულია იმით, რომ ბევრ ფირუზისფერს იყენებენ...

- ამბობენ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მოდა გაიყინა...

- დიახ, "ბომჟური" სტილი ძალიან აქტუალურია... ბევრი ჭკუაც არ უნდა, ფართხუნა შარვალი ამოიცვა და ხუთი ზომით დიდი მაისური შეუხამო. ეს მართალია, ყოველდღიურად კომფორტულია, მაგრამ მაღალ საზოგადოებაში და განსაკუთრებულ წვეულებაზე ყველას აცვია ისე, როგორც საჭიროა. გაყინული მოდა შეიძლება მასაში იყოს, მაგრამ მაღალ საზოგადოებაში არისტოკრატიულად გამოიყურებიან. Mმაგალითად, ესპანეთში ხშირად მიწევს საუკეთესო რესტორანში ყოფნა, სადაც ყოველთვის მაღალი გემოვნებით იმოსებიან. კალიფორნიაშიც, რესტორნებში დრესკოდია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა! ჩვეულებრივ დღის კაფესა და ბარში სპორტული სამოსით დადიან, რადგან დიდ პოპულარიზაციას უწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბევრს ვარჯიშობენ, ფეხით ან ველოსიპედით დადიან. ამიტომ, ლანჩის დროს სპორტული სამოსით კაფეში შესვლა პრობლემა არ არის, მაგრამ საღამოს წვეულებაზე აუცილებელია ლამაზი სამოსით წასვლა!

- უფროსი თაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თბილისური მოდა დაიკარგა...

- თბილისში ისეთი ადგილები დაიკარგა, სადაც ლამაზად ჩაცმული წახვალ. უფრო პოპულარული გახდა კლუბები, ბარები, სადაც გამოწყობა არ გჭირდება. ასეთი ტრენდი შემოვიდა... ევროპამ უკვე გაიარა ეს პერიოდი და ვფიქრობ, საქართველოშიც მოჰბეზრდებათ. კლასიკა და გლამური არ დაიკარგება! გულის სიღრმეში ყველა ქალს გვინდა მომხიბვლელები, ქალურები და ლამაზები ვიყოთ... ეს ჩაცმის სტილი ქალურობას გვაკარგვინებს. ვერ გაიგებ, ქალი ხარ თუ კაცი... თუ მამაკაცების აზრსაც გავიკითხავთ, ყველას ისეთი ქალი ხიბლავს, რომელიც გემოვნებიანი, ნაზი და ელეგანტურია. ამიტომაც მგონია, რომ ეს სტილი დიდხანს არ გაგვყვება. უბრალოდ, საქართველოში უცებ ვიცით რაღაცის ატაცება.

- ვინ გახსენდებათ ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, როგორც გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ნანი ბრეგვაძე და მისი სამეგობრო წრის ქალბატონები ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად იმოსებიან... ყოველთვის საინტერესოდ იცვამს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე. დიზაინერებიც მშვენივრად იმოსებიან და მუდმივად მოვლილები არიან. მაგალითად, თამუნა ინგოროყვა, თეონა თავართქილაძე...

საქართველოში ქალები უფრო მეტად უვლიან თავს, ვიდრე მამაკაცები... მამაკაცებიდან ყოველთვის კარგად ჩაცმულია ქალაქის მერი კახი კალაძე. იტალიაში რომ ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში, იგრძნობა. Aაქვე ვახსენებდი მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს, ყოველთვის გემოვნებიანადაა ჩაცმული.

- მამაკაცებიდან მხოლოდ კახი კალაძე გაგახსენდათ?..

- მსახიობი ზურა ყიფშიძეც ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურება, გარეგნობაც ხელს უწყობს... საერთოდ, ქართველი მამაკაცები ერთ სტილში არიან: ძირითადად, შავი ფერის სამოსი, შავი წვერი და პატარა ღიპი... ამ ბოლო დროს დაიწყეს ვარჯიში, თორემ უმეტესობა ერთნაირად სასაცილოდ გამოიყურება.

- მუდმივად ლამაზ ფერებში ხართ შემოსილი... რომელია თქვენი საყვარელი ფერები?

- ძალიან მიყვარს თეთრი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, ფირუზისფერი... ჭრელი სამოსიც მომწონს... შავი ფერი, ოქროსფერი დეტალით გაფორმებული ძალიან მიზიდავს.

- აქსესუარები?

- აქსესუარებიდან სამაჯურები მიყვარს და ხშირად ბევრი სამაჯური მიკეთია ერთად. საათებიც მიყვარს. მზის სათვალე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - მზეა, ქარია, ჭექა-ქუხილია თუ თოვს, ყოველთვის მიკეთია...

- როგორი სახლები მოგწონთ?

- მყუდრო სახლი მიყვარს, სადაც ბევრი სიმწვანე, მცენარეები, ყვავილებია... ვერ ვიტყვი, რომ ანტიკვარებით გადატვირთულ სახლში ვცხოვრობ, მაგრამ მიყვარს ნივთები, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ. ნივთებს თავიანთი კავშირი აქვთ წარსულთან, მაგრამ ანტიკვარებს რომ აგროვებენ, ასეთი ადამიანების რიგს არ მივეკუთვნები... საერთოდ სახლის უფრო კლასიკური, ფრანგული სტილი მომწონს, ვიდრე თანამედროვე, სადაც უზარმაზარი სივრცეა და მხოლოდ ერთი ოთხკუთხედი მაგიდა დგას. ასეთ სახლებში ჩემთვის სიცივეა... ძალიან მიყვარს ბუხარი. სასიამოვნოა ბუხრის წინ ყოფნა და წიგნის კითხვა...

- ხშირად კითხულობთ... რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოებები, მწერლები?

- ბავშვობაში კითხვა კლასიკით დავიწყე: "უთავო მხედარი", "გრაფი მონტე კრისტო"... თავიდან ტირილით კითხულობ, არ გინდა და მერე საინტერესო ხდება. დედამ და ბებიამ მიმაჩვიეს წიგნების კითხვას და მას მერე, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... ამერიკულ სისტემაში ვსწავლობდი, თითო სემესტრში 15 წიგნი რომ უნდა წაგეკითხა. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მაქვს წაკითხული... სათავგადასავლო წიგნებს ვკითხულობდი მეცხრე კლასამდე და შემდეგ რომანებზე გადავედი. ახლა უფრო ფილოსოფიურ წიგნებს ვანიჭებ უპირატესობას, ანუ იმას, რაც უფრო მეტად დაგვაფიქრებს ცხოვრებაზე, კაცობრიობაზე... ყველანაირი წიგნი მიყვარს, გარდა ფანტასტიკური ჟანრისა...

GzaPress- ზემოთ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ... რომელი ქვეყანაა, სადაც ჯერ არ ყოფილხარ და რომლის ნახვაზეც ოცნებობთ?

- მექსიკისა და ბრაზილიის ნახვა მინდა. არც ინდოეთში ვყოფილვარ, მაგრამ მალე ჩავალ საინტერესო პროექტით... მექსიკასა და ბრაზილიაში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ ამერიკაში და ამ ქვეყნებში დასასვენებლად მსურს წასვლა... იაპონიაშიც არ ვყოფილვარ... ჩინეთში ნამყოფი ვარ და ძალიან მომეწონა. იქ სრულიად სხვა ცივილიზაციაა, ამ ქვეყნის დათვალიერება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იქ ცხოვრებას არ ვისურვებდი... საცხოვრებლად კალიფორნიაში წავიდოდი. ფანტასტიკური შტატია, არაჩვეულებრივი კლიმატით... მთელი წლის განმავლობაში 25 გრადუსია ტემპერატურა. იქ ულამაზესი ბუნებაა და რაც მთავარია, მსოფლიო ინოვატორების ბუდეა. მე თვითონაც ინოვატორი და რისკიანი ადამიანი ვარ, სიახლეებიც ძალიან მიყვარს... ამბობენ, კალიფორნია ძალიან ძვირად ღირებული ქვეყანაა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ნიუ-იორკი ბევრად ძვირია. ამერიკა სხვა მასშტაბის ქვეყანაა და იქ თუ მუშაობ, ძვირი არაფერი გეჩვენება, რადგან შესაბამისი ანაზღაურებაც გაქვს.

- დასასვენებლად მთა გირჩევნიათ თუ ზღვა?

- რა თქმა უნდა, ზღვა! მთელი ცხრა წელი ბარსელონაში, ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდი. ზღვა ძალიან მიყვარს და წყლის გარეშე თავი ვერც წარმომიდგენია... იმიტომაც მომწონს ალბათ კალიფორნია, რომ იქ ოკეანეა. მართალია, ჩრდილოეთ კალიფორნიაში საკმაოდ ცივი წყალია, მაგრამ მაინც, ზღვის და ოკეანის ენერგია ჩემზე დადებითად მოქმედებს.

მთასაც თავისებური ხიბლი აქვს, განსაკუთრებით - ზამთარში. ძალიან მიყვარს სრიალი, სპორტი. ასე რომ, ზამთარში მთა მიზიდავს... საქართველოში კარგად შეგვიძლია მთის კურორტები განვავითაროთ, ბევრი ტერიტორია გვაქვს საამისოდ. თუმცა, ინფრასტრუქტურა მისახედია... მეგონა, გოდერძის კურორტი კარგად იყო მოწყობილი და ჩემი ორი ესპანელი მეგობარი იქ საშინელ დღეში ჩავარდა. ტრაქტორით მოუხდათ ასვლა, გზაც კი არ მიდიოდა სათხილამურო ადგილამდე... მერე 7 საათი ელოდნენ ტრაქტორს, რათა უკან დაბრუნებულიყვნენ. ისეთი შთაბეჭდილებით ჩამოვიდნენ, თითქოს რაღაც სიურრეალისტურ ქვეყანაში ეგონათ თავი... განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ტრაქტორის ბორბლების მსგავსი ჯიპი - მხოლოდ საქართველოში თუ ნახავდნენ ასეთ რამეს...

მანანა გაბრიჭიძე