ის, რაც ხალხმა არ იცის... - გზაპრესი

ის, რაც ხალხმა არ იცის...

ბავშვობაში არქეოლოგიით გატაცებულს, იმის გამო, რომ ჯგუფის წევრები არ დაეკარგა, "განძი" სახლიდან თავად გაჰქონდა და ეზოში მარხავდა... დღესდღეობით, მომღერალ ქეთი ორჯონიკიძეს ბევრი გატაცება აქვს, თან - ისეთი მრავალფეროვანი, რომ გაოცებას იწვევს: შპალერის გაკვრა, ლამინატის დაგება... გარდა ამისა, ტელეწამყვანადაც მუშაობს და კიდევ, ახალი საქმის (რომელსაც "თამაშს" უწოდებს") წამოწყებას აპირებს...

- ტელეწამყვანის ამპლუაში თავს კარგად ვგრძნობ. პრინციპში, ვფიქრობ, ეს საქმე ჩემგან არც ისე შორს არის: წინათ სულ რესპონდენტის როლში ყოფნა მიწევდა, ახლა ვჟურნალისტობ, რაც ძალიან საინტერესოა. თავდაპირველად ვნერვიულობდი, ახლა შედარებით წყნარად ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც სცენაზე ყოველი გასვლის წინ, ცოტათი მაინც ვნერვიულობ.

- მღერი, სიმღერებს წერ, სხვადასხვა სფეროში მოგისინჯავს ძალა, ახლა ტელეწამყვანიც ხარ... პროფესიული თვალსაზრისით, საკუთარი თავი იპოვე?

- მომღერლობა ეს ჩემი პირველი პროფესიაა და ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანს ხელს არაფერი უშლის, რომ განვითარდეს და ბევრი სხვადასხვა საქმე შეითავსოს. საკუთარი თავი ნაპოვნი მყავს, როგორც მომღერალს, ახლა კი უკვე - ავტორ-შემსრულებელს. ნელ-ნელა, სხვადასხვა რაღაცაში ვპოულობ საკუთარ თავს.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- ვოცნებობდი არქეოლოგი ვყოფილიყავი. ისეთი რაღაცების პოვნა მიყვარდა, რაც სხვას არ უპოვია. აღმოჩენები მომწონდა.

- არქეოლოგიისადმი შენი ინტერესი რა ასაკამდე გაგრძელდა?

- ინტერესი ახლაც მაქვს. უბრალოდ, ახლა ეზოში, მიწის სათხრელად ვეღარ გავდივარ (იცინის). საშუალება რომ იყოს, რომელიმე არქეოლოგიურ გათხრებზე სიამოვნებით წავიდოდი.

- ბავშვობაში, "არქეოლოგიური გათხრებისას", ყველაზე ღირებული რა გიპოვია?

- ღირებული - არაფერი, მაგრამ მახსოვს, რომ ბავშვებისგან შემდგარი ჯგუფი მყავდა, რომელიც გათხრებში მეხმარებოდა - ერთად ვმუშაობდით. როცა წამოვიზარდეთ, უკვე აღარ მემორჩილებოდნენ - იმ თვალსაზრისით, რომ არ სჯეროდათ, თუ რამეს იპოვიდნენ. ღამით უკანა ეზოში გავდიოდი, მიწაში თავად ვმარხავდი შუშის ფერად ბურთებს, კოვზებს და ა.შ. მეორე დღეს ვქექავდით ხოლმე და ჩემი "თანამშრომლები" პოულობდნენ. აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ რაღაც მაინც იპოვეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამით ვსულდგმულობდი.

GzaPress- ცხოვრებაში კომფორტს რა გიქმნის?

- სიწყნარე და საქმე, ანუ თუ დაკავებული არ ვარ, დისკომფორტს განვიცდი.

- ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა შენს ცხოვრებაში?

- ხშირად აღარ არის, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ფაქტობრივად, არაფერი ხდებოდა. მსგავს რაღაცებს საშინელ დისკომფორტამდე და დეპრესიამდე მივყავარ.

- საკუთარ თავს თავად უშველე თუ შენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა მოხდა?

- ძირითადად, ასეთ დროს სულ მძინავს, მაგრამ თუ სიმღერას ეხება საქმე, ვცდილობ, ასე თუ ისე, ფორმაში ვიყო, თუნდაც - სახლის პირობებში, რადგან რაღაც საინტერესო შემოთავაზება თუ გამოჩნდება, მზად უნდა იყო, ამისთვის კი დიდი შრომა, პრაქტიკა და "გამღერებაა" საჭირო.

- შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარი თავის მართვა შეგიძლია?

- გააჩნია, კრიტიკული სიტუაციები რა თვალსაზრისით დგება. იცი, როგორ არის? თუ არსებობს ადამიანი, ვისაც შემიძლია, სიტუაციის მართვა გადავაბარო, მაშინ ცოტათი ვიბნევი, მაგრამ თუკი მარტო ვარ, სხვა გზა არ არის - თავი ხელში უნდა ავიყვანო.

- არ თხოვდებიო, გეკითხებიან?

- კი. ამ შეკითხვის დასმისთვის უკვე ჯარიმა არის დაწესებული, ხომ ასეა (იცინის)?

- რას პასუხობ? როგორი რეაქცია გაქვს?

- როგორი რეაქცია უნდა მქონდეს?

- არ თხოვდები?

- არა!.. აი, გიპასუხე (იცინის).

- ყველაზე მეტად, რომელი შეკითხვები გაღიზიანებს?

- აი, ეგ, რაც წეღან მკითხე. ადამიანმა თავისი შეკითხვებით არ უნდა შეგჭამოს. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც მრავალჯერაა გამეორებული და ყელში ამოსული, როგორი დადებითიც უნდა იყოს, გაღიზიანებს. როცა ვინმე ერთხელ გკითხავს და იმასაც, უხეშად რომ ვთქვათ - "გავლით", ხომ არ გაეკიდები - შენ ეს როგორ მითხარიო (იცინის)?!.

- ყოფილა შემთხვევა, როცა წონასწორობა დაგიკარგავს?

- კი, როგორ არა!

- ასეთ დროს როგორი ხარ?

- ძალიან ცოფიანი! ჰოროსკოპის მიხედვით, წლით დრაკონი რომ ვარ, აი, მაშინ ვლინდება - ცეცხლი და ცეცხლი!.. წყენაც და ბრაზიც მალე გამივლის ხოლმე. გარკვეული თვალსაზრისით, ეს კარგიც არის და ცუდიც. უცებ "ავფეთქდები", მეორე დღეს კი შეიძლება, არც მახსოვდეს.

- რომანტიკული ხარ?

- ალბათ ვარ. ძალიან გადარეული და გაგიჟებული - არა, მაგრამ - ნორმალურად, რა...

- რა არის რომანტიკა?

- კარგად ვერ ვაყალიბებ ხოლმე... რომ გითხრა, წვიმაში ფეხშიშველი სირბილი მიყვარს-მეთქი, მოგატყუებ. ალბათ, რომანტიკა ყურადღებაში გამოიხატება, ანუ რომანტიკაში ყველაზე მთავარი ყურადღებაა. ადამიანს რაც უნდა გაუკეთო, თუ შენს საქციელში ყურადღება არ არის, არავითარ რომანტიკას მნიშვნელობა აღარ აქვს.

- მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვანი ბედნიერება შესაძლებელია?

- მეორე ნახევარს გააჩნია. შეიძლება, მასთან ადამიანი უბედური იყოს, მის გარეშე კი კარგად გრძნობდეს თავს. ბედნიერება ინდივიდუალურია - მას ყველა ადამიანი სხვადასხვა რამეში ხედავს, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია, როცა გვერდით ისეთი პიროვნება გყავს, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. ეს ერთ-ერთი დიდი ნაწილია იმისა, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. ისეთი შემთხვევები, როცა ნამდვილ მეორე ნახევარს პოულობ, სამწუხაროდ, არც ისე ხშირია. ხალხი წლობით ერთად ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ მათი პარტნიორი ნამდვილი მეორე ნახევარი არ არის - ითმენენ და იტანენ ერთმანეთს... სხვადასხვა პიროვნების კოლაბორაცია, თუკი რომელიმე მათგანს შეგნება არ ჰყოფნის, ძალიან რთულია.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომელსაც დღეს არაადეკვატურად მიიჩნევ?

- უი, როგორ არ ჩამიდენია! თუ მკითხავ, ვნანობ თუ არა, გეტყვი, რომ მხოლოდ იმას ვნანობ, თუ ვინმემ ჩემ გამო თავი ცუდად იგრძნო, უსიამოვნო გარემო შევუქმენი... ეს ერთადერთი რამაა, რასაც ყოველთვის ვცდილობ, ავერიდო და თუკი მაინც მოხდა, გამოვასწორო...

- რომელიმე არაადეკვატური საქციელის შესახებ მოგვიყევი...

- ეს მე ვარ არაადეკვატური სცენაზე, თორემ ცხოვრებაში საკმაოდ ადეკვატური გახლავართ (იღიმის). სავარაუდოდ, არაადეკვატური საქციელი ჩამიდენია, რადგან ხანდახან ყველანი არაადეკვატურები ვართ.

- ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?

- დიდხანს გძინავს და არასპორტული ხარო - სირბილი და ასეთი რაღაცები მეზარება.

- რა არის ისეთი, რაც შენ შესახებ ხალხმა არ იცის და გინდა, იცოდეს?

- თოჯინების გაკეთების სწავლა მინდა, ოღონდ, მაინცდამაინც ქსოვილის თოჯინების - არა. მაგალითად, ფაიფურის... ახლა ვცდილობ, იდეები ჩამოვაყალიბო, მასალა მოვიძიო და ამაზე "თამაში" დავიწყო.

- შენი ეს ინტერესი რამ განაპირობა?

- ადრე გამოფენისთვის თაბაშირის სკულპტურებს ვაკეთებდი და ახლაც ისეთი ხილული რამის გაკეთება მომინდა, რაც მუსიკასთან კავშირში არ იქნება. ჯერ ხომ ავეჯს ვამზადებდი? ახლა ამ სათამაშოებმა გამიტაცა. კიდევ, შპალერის გაკვრა დავიწყე და ლამინატს ვაგებ. ოღონდ, ვთამაშობ! გამოძახებაზე არ ვმუშაობ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი