როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი - გზაპრესი

როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი

რომანტიკული პიკნიკი ტყეში თუ ვახშამი ეიფელის კოშკზე, როგორია ნამდვილი მამაკაცი და რა არის ბედნიერება, თავისუფლება, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ წინაპართა დანატოვარს და რამდენად ფასეულია მათი ნაქონი ნივთები - ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სიტყვათა ჩამონათვალზე, თავის ასოციაციას გვიზიარებს და საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს იხსენებს.

რომანტიკული ადგილი...

- რომანტიკული შეიძლება იყოს პიკნიკი ტყეში, ვახშამი ეიფელის კოშკზე ან სულაც, სახლში კარგი კინოს ყურება და ა.შ. სიტუაციას რომანტიკულს ადამიანები და მათი ურთიერთობა ხდის, ასეთ შემთხვევაში კი ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყოს დაუვიწყარი...

ფლირტი...

- ეს არის ურთიერთობის საწყისი ეტაპი, ანუ როდესაც წყვილი ჯერ ერთმანეთს კარგად არ იცნობს, მესიჯობენ, ერთმანეთს ეკეკლუცებიან და ა.შ. შეიძლება, ფლირტი დიდ ურთიერთობაშიც გადაიზარდოს ან იქვე შეწყდეს და განვითარება არ მიეცეს, რადგან ფლირტის დროს შესაძლოა, რაღაცები აღარც მოგეწონოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ფლირტი რაღაც ურთიერთობაში გადაიზრდება ხოლმე.

ნამდვილი მამაკაცი... - ესეც ძალიან ინდივიდუალურია. შესაძლოა, ვიღაცისთვის რომანტიკული მამაკაცი იყოს იდეალური, ვიღაცას უფრო უხეში, ძლიერი მოსწონდეს. ნამდვილი მამაკაცი არის ის, ვისთანაც ქალი თავს ბედნიერად გრძნობს, ვინც სხვადასხვა საქციელით აგრძნობინებს ამ ბედნიერებას. შესაძლოა, ის სულაც არ იყოს კუნთებდაბერილი, მაგრამ თვისებები ჰქონდეს განსაკუთრებული.

თავისუფლება...

- თავისუფლება ჩემთვის ვრცელი თემაა, ბევრი შეიძლება ილაპარაკო. თუმცა, თავისუფალი ალბათ მაშინ ხარ, როდესაც საკუთარ თავთან ხარ მართალი, ჭმუნვები არ გაქვს და საკუთარ თავთან ბედნიერი ხარ. ზოგჯერ არის, რომ რაღაც არ მოგწონს, რაღაცის გეშინია ან ნანობ, ამიტომ საკუთარი თავი უნდა მიიღო და მოიწონო ისეთი, როგორიც ხარ. თავისუფლებას არ ვეძახი იმას, ვითომ გამორჩეულები რომ არიან გარეგნულად, საქციელით. ზოგჯერ მგონია, რომ ეს სიტყვა არასწორად ესმით და თავისუფლება უზრდელობაში გადასდით. არადა, ეს შინაგანი განწყობაა. რაც უნდა ბევრი ვიძახოთ, რომ თავისუფლები ვართ, შესაძლოა, რეალურად ასე არ იყოს. ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე მივაღწევ ჭეშმარიტ თავისუფლებას.

GzaPressსიზმარი...

- პატარა სიზმარა ვარ (იცინის). სულ რაღაცები მესიზმრება და სულ რაღაც ამბებში ვარ, მაგრამ სიზმარი ალბათ, მაინც ისაა, რაზეც ვფიქრობთ ან ჩუმი შიშები გვაქვს, ჩვენს ქვეცნობიერს ვაპროგრამებთ... ცუდ სიზმრებს ყურადღებას არ ვაქცევ.

ასტროლოგია...

- ბავშვობიდან ვგიჟდები ასტროლოგიაზე და მჯერა კიდეც. ზოგადად, ზედაპირულად მჯერა ყველაფერ იმის, რაც მახალისებს, ჩემს ცხოვრებას რაღაც კუთხით საინტერესოს ხდის, თანაც, გარკვეულწილად იმედისმომცემია და ა.შ. ჩემი აზრით, როცა რაღაცის გჯერა, ცხოვრება ბევრად საინტერესო და სახალისოა. მაგალითად, ვისაც ღმერთის სჯერა, ყოველთვის დიდი რწმენითა და იმედით არის განმსჭვალული. მე კიდევ, ყველაფრის მჯერა (იცინის), სადაც რაიმე დადებითია. ჩემთვის ვარსკვლავებიც არსებობენ, ღმერთი ხომ თავისთავად, მწამს, მაგრამ ამ პატარ-პატარა სახალისო ამბებისაც მჯერა, რადგან როგორც აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებას სახალისოს ხდის და მათ შორისაა ასტროლოგია.

სენტიმენტები...

- მე ვარ ძალიან სენტიმენტალური, მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი, რომანტიკულიც. ეს თან კარგია, თან ცუდი. კარგია იმ მხრივ, რომ ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება, ფლეგმატური ადამიანები არ მომწონს. თუმცა, სხვებისთვის ალბათ ცოტა რთულია, როცა ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს.

აიწონა-დაიწონა...

- საქანელა... ბავშვობასთან ასოცირდება, საბავშვო ბაღის ეზოში რომ იყო... სხვათა შორის, ადრე დიდი ატრაქციონები ძალიან მომწონდა. მახსოვს, პირველად ზოოპარკში რომ გააკეთეს, ხშირად დავდიოდი. სიმაღლე და სისწრაფე მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ თავს ვიკავებ. სვანეთში პარაპლანით შემეძლო გაფრენა და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ ბოლო წუთს აღარ მომინდა. შესაძლოა, ბავშვობის ქარაფშუტობას მიაქვს ასეთი რაღაცები (იცინის).

ძველი სახლი...

- ჩემი მამაპაპისეული სახლი ყველა თბილისში იყო. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის პირდაპირ, გუდიაშვილის ქუჩაზე გვქონდა სახლი. მერე დაინგრა და ახლა იქ თანამედროვე ნაგებობაა. სხვათა შორის, როდესაც ეს სახლი და ბებიაჩემი მესიზმრება, ყოველთვის კარგი რაღაცები ხდება ხოლმე ჩემს თავს.

ის სახლი ძალიან მიყვარდა, თანაც, ისტორიული იყო - მანანა ორბელიანის სალონი, სადაც მაშინდელი საზოგადო მოღვაწეები იკრიბებოდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავისი "მერანი" პირველად სწორედ იქ წარადგინა და ის ადგილი, ჩემი მშობლების ოთახი იყო. ეს ყველაფერი, ეს სიძველე იგრძნობოდა, რადგან იატაკიც იმდროინდელი გახლდათ. როდესაც სკოლაში რომანტიზმის პერიოდს გავდიოდით და მწერლებსა და პოეტებზე ვკითხულობდი, მანანა ორბელიანის სალონში შეიკრიბნენო, წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნება მექნებოდა იმ მომენტში, რადგან სწორედ იმ სახლში ვიჯექი თავადაც. იქ დიდხანს ვიცხოვრეთ, თუმცა, დროთა განმავლობაში, დაძველდა, ძალიან სქელი კედლები იყო და ნელ-ნელა იბზარებოდა... ბევრი რამ გამოიარა იმ სახლმა, 9 აპრილი, თბილისის ომი... თურმე, 9 აპრილს, ბებიაჩემს ფანჯრიდან შემოჰყავდა დაჭრილი ადამიანები და დახმარებას უწევდა. ამ დროს, ჩვენ ვაკის სახლში ვცხოვრობდით. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და სწავლა შეწყვეტილი იყო...

წინაპრების ნაქონი ნივთი...

- ჩემი ბებია-ბაბუების ნაქონი ბევრი ნივთი მაქვს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მამაჩემი საზღვარგარეთ მუშაობდა და მშობლებს გამგზავრება ხშირად უწევდათ, ამიტომ მე ბებია-ბაბუებთან დიდ დროს ვატარებდი, მათთან ვიზრდებოდი. ვგიჟდებოდი მათთან ყოფნაზე. რუსთაველის სახლში სვანი ბებო და ბაბუა ცხოვრობდნენ, ბაბუა სამხედრო იყო და იქაური რეჟიმი იმდენად ჰქონდა გამოყოლილი, საჭმელსაც კი განსაკუთრებული რეჟიმით ჭამდა. დედის მხრიდან ბაბუა უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ქიმიის ფაკულტეტის დეკანი, იმერელი, რბილი ხასიათის მქონე ადამიანი. როცა მასთან ვრჩებოდი ვაკეში, სულ რაღაცებს მიმზადებდა, 3-4 წლის ბავშვი უნივერსიტეტში ქიმიის ლექციებს ვესწრებოდი. ბებიაც სულ მუშაობდა, მერიაში და მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი.

წელს ბინა შევიძინე ჩემთვის, ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად და მათი ნაქონი ბევრი ნივთი გადმოვიტანე - ჭურჭელი, ავეჯი, რომელსაც რესტავრირება ჩავუტარე. მაგალითად, ბებიაჩემის სარკე მაქვს, რომელიც ომის დროს ბერლინიდან ჩამოიტანა; კიდევ, მეორე ბებია-ბაბუის ნაქონი სავარძლები, რომლებიც განვაახლე. ჭაღიც კი მაქვს. ეს ყველაფერი სპეციალურად წამოვიღე, რომ სახლში მქონოდა... რელიკვიები მიყვარს. წინაპრებს, მათ დანატოვარს დიდ პატივს ვცემ და ვუფრთხილდები. ისინი ხომ ყველაფერს იმიტომ ქმნიდნენ, რომ ჩვენთვის დაეტოვებინათ, ჩვენ უკეთესად გვეცხოვრა. ჰოდა, მეც ვცდილობ, ეს ყველაფერი დავაფასო და შევინახო, არ გავაფუჭო. როცა მეც მეყოლება შვილები, ამ ყველაფერს გადავცემ.

ძველებური ტელეფონი...

- სახლში ვინტაჟური კუთხეები მაქვს და ვიფიქრე, ძველებური ტელეფონი ხომ არ დავდო-მეთქი? სხვათა შორის, იყიდება და საკმაოდ ძვირი ღირს. მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები, სკოლის პერიოდში სულ ვურეკავდით ერთმანეთს, სიმღერებს ვასმენინებდით, მაშინ მაგნიტოფონი ყველას არ ჰქონდა, ინტერნეტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მართალია, საშინელი პერიოდი იყო, მაგრამ საინტერესო. მენატრება ხოლმე ის დრო. მართლაც, სხვანაირი ურთიერთობები იყო, ყველაფერს სხვა "მუღამი" ჰქონდა.

ნახატი...

- ბევრი მაქვს და ძალიან მიყვარს. ზურა გომელაური მანებივრებს ხოლმე და მეც ბედნიერი ვარ, რომ თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები მაქვს. ჩემი სხვა მეგობრების მიერ შესრულებული ნახატებიც მაქვს. ერთხელ ელენე ახვლედიანის ნამუშევარი ვნახე, ძალიან პატარა ვიყავი და გავგიჟდი, ისე მომეწონა. მისი მიბაძვით, მეც ქალი მხატვარი მინდოდა გამოვსულიყავი. მინდოდა, მეც ელენე მრქმეოდა (იცინის). ამის მერე, სულ მჩუქნიდნენ წიგნებს მისი ნახატებით, ილუსტრაციებით და დღემდე მაქვს შენახული. ახლაც, როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ, ვცდილობ, ყველაფერი ვნახო, მუზეუმები დავათვალიერო.

წიგნი...

- ძალიან მიყვარს მილან კუნდერა, მისი ყველაზე ცნობილი რომანი - "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე". ბოლოს წაკითხული წიგნებიდან გამოვყოფდი "ცუდი გოგოს ოინებს". აი, კონსტანტინე გამსახურდია კი ჩემთვის მწერლების მწერალია, საოცარი წერის სტილი აქვს.

განუყრელი აქსესუარი...

- საათი და ტელეფონი, მაგრამ საყურეები, სამაჯურები, გულსაკიდები - ყველაფერი ფუფალასავით მაქვს აჩონჩხლილი (იცინის). ერთი სამაჯური მაქვს, ქვებისგან გაკეთებული, რომელსაც ძილის დროსაც კი არ ვიხსნი. ჩემმა ეზოტერიკმა მეგობარმა მაჩუქა. სხვათა შორის, ეზოტერიკაც მაინტერესებს.

ბედნიერება...

- ბედნიერება და თავისუფლება ერთ კონტექსტში შეიძლება მოვიაზროთ, ეს ადამიანის შინაგანი განცდაა. ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი ვარ იმით, რაც ცხოვრებაში გამაჩნია. საყვარელ საქმეს ვაკეთებ. თუმცა, სულ, მთელი დღე ბედნიერების შეგრძნებით ვერ იცხოვრებ, ბედნიერი გარკვეულ მომენტებში ხარ, სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში.

თამთა დადეშელი