"ისეთი გამოხედვა აქვს, ადგილზევე ვშეშდები"
უკვე მეორე კვირაა, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი ეთერში გადის. გამოცდილი, მომხიბვლელი და წარმატებული მოცეკვავე - ჯულიანა ბარ-გნარი პარტნიორობას ამიკო ჩოხარაძეს უწევს. წყვილმა გაგვიმხილა, რომ რეპეტიციების დროს ნერვიულობენ, მაგრამ ცდილობენ, ეს ერთმანეთს არ აგრძნობინონ...
ჯულიანა:
- ვიცოდი და ვხედავდი, რომ ამიკო საქართველოს ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. გამიგია, რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ამ თვისებას ადამიანში ძალიან ვაფასებ. სხვათა შორის, გამიხარდა, როცა გავიგე, ამიკოს მეწყვილე ვიქნებოდი. ვიფიქრე, რომ მუშაობის ძალიან საინტერესო პროცესი მელოდა. ჩემი მოლოდინი გამართლდა.
- დარწმუნდი, რომ მართლა კარგი იუმორის გრძნობა აქვს?
- კი. უბრალოდ, რეპეტიციის დროს იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ეს დიდად გამოვხატოთ, მაგრამ როცა ვისვენებთ, იუმორს კარგად ამჟღავნებს (იღიმის).
ამიკო: - სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით, ჯულის იუმორს ვეძებ, ანუ ყველა ადამიანს იუმორის განსხვავებული გრძნობა აქვს, შესაბამისი მიდგომა სჭირდება. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილე ყველა ადამიანთან, იუმორის მხრივ, მიდგომის რაღაც ფორმას მივაგენი. ჩემს ხუმრობებზე ჯულისაც ეღიმება, მაგრამ ძალიან მკაცრია და ჯერჯერობით, მის იუმორს ვერ მივაგენი. თუმცა, სადღაც "ახლოს" ვარ - მესამე-მეოთხე "ლაივზე" "მოვტეხავ".
- ჯულიანა, ამიკო როგორი მოსწავლეა?
- ძალიან მიყვარს, როცა ადამიანის ნიჭს შრომისმოყვარეობაც ემატება, რადგან ალბათ, მხოლოდ ნიჭით ადამიანი ვერ განვითარდება. ამიტომ, ამიკოს ამ თვისებასაც ვაფასებ და მიხარია, რომ აბსოლუტურად ყველაფერში "მომყვება": არასოდეს მეუბნება, - ამას ვერ გავაკეთებო. ყოველთვის მაქსიმუმზე მეტის გაკეთებას ცდილობს. არ იცის, გამოუვა თუ არა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც ემოციებით სავსე, რთული ტექნიკური დეტალებით დატვირთული კარგი ნომრისთვის არის საჭირო.
- უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტისთვის დამახასიათებელ რთულ სამუშაო რეჟიმს ფეხი აუწყვე? თუ ჯერ ისევ ადაპტაციის პერიოდი გაქვს?
- იყო პერიოდი, როდესაც ცხოვრების სპორტული სტილი მქონდა. არ ვცეკვავდი, მაგრამ დილაობით ვვარჯიშობდი, საღამოს აუცილებლად დავრბოდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი... მოკლედ, სულ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი. შემდეგ სპორტულ ცხოვრებაში "ჩავარდნა" მქონდა - ღამის ცხოვრებას "მივყევი". საბოლოო ჯამში, ამან ჩემზე ზეგავლენა მოახდინა - გავზარმაცდი... რა თქმა უნდა, ეს პროექტი დამეხმარა, რომ უფრო მეტად მოტივირებული ვიყო და სპორტული ცხოვრებით დავკავდე. მეორე კვირაა, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში გადის და ამ ხნის განმავლობაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცოტათი წონა დამაკლდა, ღიპუცელა შემომეწია (იცინის)...
- უთანხმოება არ მოგდით ხოლმე?
ჯულიანა: - როცა 2 ადამიანს საერთო მიზანი აქვს, მთავარია, ორივე ბოლომდე იხარჯებოდეს. მცირე უთანხმოება ბუნებრივი რამ არის. უბრალოდ, ეს არაადეკვატურ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს.
ამიკო: - პიროვნული უთანხმოება არ მოგვსვლია.
ჯულიანა: - ჯერჯერობით, ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა.
ამიკო: - თუკი რაიმეს არასწორად ვაკეთებ, ამას ჯული მპატიობს, რადგან პროფესიონალი მოცეკვავე არ ვარ. იმ წუთში ნერვები ეშლება, მაგრამ ცდილობს, არ გამოხატოს - მეგობრულად მიფრთხილდება. ისეთი გამოხედვა აქვს, ადგილზევე ვშეშდები (იცინის). მეც ვცდილობ, არ ვაჩვენო, რომ ვნერვიულობ. რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოგვდის.
- გასული სეზონების განმავლობაში, კონკურენტებს შორის დაძაბული სიტუაცია იგრძნობოდა? ინტრიგები იყო? ამ მხრივ, ახლა როგორი სიტუაციაა?
- სხვათა შორის, შარშან, მთელი სეზონის განმავლობაში აღვნიშნავდით, რომ არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო. ვარსკვლავების ცეკვის შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ. პიროვნულად იყვნენ ძალიან კარგები. შარშანაც და ახლაც არ მიგრძნია, რომ კონკურენტებს ერთმანეთის მიმართ შურის გრძნობა გასჩენოდათ ან უთანხმოება მოსვლოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უცხოელი მოცეკვავეა ჩამოსული, ჯერჯერობით, ძალიან თბილი, მეგობრული, "შეკრული" გუნდია. ყველა ერთმანეთს ეხმარება. პროექტის მსვლელობისას, მხარში ამოდგომა და თბილი დამოკიდებულება საჭიროა.
- ვარსკვლავ მეწყვილეებთან დღესაც ურთიერთობ?
- ალბათ, ჩემი გრაფიკი კარგად იცი: დილიდან საღამომდე ვვარჯიშობ, ბავშვებს ვავარჯიშებ. ამის გამო, ვარსკვლავებს კი არა, ჩემს ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც ვერ ვხედავ ნორმალურად. თუმცა, ვარსკვლავ მეწყვილეებთან გატარებული თბილი დღეები ყოველთვის გვახსოვს და ვაფასებთ. დარწმუნებული ვარ, როდესაც დაგვჭირდება, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ამოვუდგებით. არ შემიძლია, რომ ნოდიკო ტატიშვილი არ ვახსენო: მას პროექტამდეც ვიცნობდი. ის ჩემი უახლოესი მეგობარია. ასევე, მის სტუდიაში ქორეოგრაფად ვმუშაობ... ასე რომ, ეს ადამიანი ყოველთვის ჩემ გვერდით არის, როგორც მეგობარი.
- მეუღლე არ ეჭვიანობს, რომ პროექტში ასეთი მომხიბვლელი, ცეცხლოვანი პარტნიორი გყავს?
ამიკო: - არა, არ ეჭვიანობს, რადგან ჩემში დარწმუნებულია. ეჭვიანობის საბაბი არ მიმიცია. მახსოვს, როცა მე და ჯულიმ პირველი ნომერი შევასრულეთ, იმ ცეკვის ამსახველი "პოსტი" გააზიარა მინაწერით - ქმარი უნდა იყოს ასეთიო (იცინის).
- შვილები როგორ გგულშემატკივრობენ? - ისინი ბათუმში არიან და ტელეფონით ვესაუბრები ხოლმე. ჩემი 5 წლის გოგონა - ემილი პირდაპირ მეუბნება: - მამა, რომ მოიგებ და ჩამოხვალ, ბარბის სახლი და მანქანა მიყიდეო. იმიტომ უნდა, გავიმარჯვო, რომ რაღაცები ვუყიდო. მაინც ქალბატონი გახლავთ (იცინის)... ჩემი უფროსი შვილი - 7 წლის საბა ცოტათი უფრო დინჯი ბავშვია. ისიც ისევე ნერვიულობს და განიცდის, როგორც ჩემი მეუღლე და მშობლები. ძალიან ვენატრები. ჩემი ოჯახი მეც მენატრება. ასეთი გულშემატკივრობისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი.
- აქვე გვითხარი, "ჯიდიესიდან" რატომ წამოხვედი და როცა ქართულ ტელესივრცეში არ ჩანდი, რას საქმიანობდი?
- ყველა ტელევიზიიდან საკუთარი სურვილით წამოვედი. "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებთან დღემდე ვმეგობრობ - კვირაში 2-3-ჯერ მივდივარ და მეგობრებს ვნახულობ. ასევე, "ჯიდიესის" თანამშრომლებთანაც ვაგრძელებ მეგობრობას. იქიდან წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ "კავეენში" საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიყავი. შეჯიბრება რუსეთის პირველ არხზე გადიოდა, სადაც რუსეთის 24 გუნდს "თავზე დავახურეთ" მათსავე ენაზე, ქართული დროშა ავაფრიალეთ და უკან დავბრუნდით - გავიმარჯვეთ. შემდეგ, გარკვეული შემოთავაზებები იყო. "ტეენტეზე", "კომედი ქლაბში" მონაწილეობა და რეზიდენტობა მსურდა. ის პერიოდი მოსკოვში გავატარე, სადაც "კომედი ქლაბს" ვუმიზნებდი. ეს მიზანი არ გამქრალა...
- ჯულიანა, შენ რას საქმიანობდი, სანამ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ამჟამინდელი სეზონი დაიწყებოდა?
- სხვათა შორის, ძალიან წარმატებული წელი მქონდა, რადგან მე და ოთო ფოლადაშვილმა საზღვარგარეთ კარგად ვიასპარეზეთ. ლათინურამერიკული პროგრამით, ყველაზე ძლიერი წყვილების "ტოპასეულში" შევედით.
- "ცეკვავენ ვარსკვლავებში", როცა თქვენს ნომერს დაასრულებთ ხოლმე, ყველაზე მეტად ჟიურის რომელი წევრის შეფასების გეშინიათ?
ამიკო: - ჯულის შეფასების (იცინის). როცა ცეკვას დავასრულებ, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. ჯული თუ მეტყვის, - კარგი ბიჭი ხარო, ე.ი. ყველაფერი კარგად გავაკეთე. მთავარი "ჟიურისგან" პირველი ცეკვის შესრულებისას სწორედ ასეთი შეფასება მივიღე. შემდეგაც მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ უკეთესი სიტყვებით შემაფასონ.
ჯულიანა: - ჟიურის ყველა წევრს დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის მაყურებელთა ოვაცია, რასაც ნომრის შესრულების ბოლოს ვიღებ, ყველაზე დიდი დაფასებაა. ასეთ დროს ვგრძნობ, ცეკვა როგორ შევასრულე, რადგან მაყურებელზე უკეთ, ამის გამოხატვა არავის შეუძლია. შემდეგ, ქორეოგრაფის შეფასებაა უმნიშვნელოვანესი, ვინც ცეკვა დაგვიდგა. კვირის განმავლობაში, ის ჩვენ მიერ შესრულებული ცეკვის კარგ და ცუდ ვარიანტებს ხედავს. ყველას აზრი მაინტერესებს და ვცდილობ, შენიშვნები გავითვალისწინო, რა თქმა უნდა.
ეთო ყორღანაშვილი