"ახლა ნორმალურად ვარ" - გზაპრესი

"ახლა ნორმალურად ვარ"

ბევრისთვის მოულოდნელი და ღიმილის მომგვრელი იყო იმის გაგება, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მწერალი და უფლებადამცველი - ირაკლი კაკაბაძე მონაწილეობას მიიღებდა. თავად კონკურსანტი პროექტში მონაწილეობის შესახებ შემოთავაზებას "გიჟურ წინადადებას" უწოდებს. ირაკლი კაკაბაძეს "სკანდალურ პიროვნებად" მოიხსენიებენ, თუმცა ჯერჯერობით, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" განვითარებული სკანდალები მას არ უკავშირდება... გასულ კვირას ირაკლი ქუჩაში გონწასული ნახეს. რა თქმა უნდა, მას ამ ფაქტის შესახებაც ვკითხეთ...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მშვენივრად ვგრძნობ თავს, რადგან ეს არის ადამიანების ძალიან კარგი ჯგუფი. მოცეკვავეებს, პროექტის მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვთ. კარგი ქორეოგრაფები არიან, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუწყონ თუნდაც ისეთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში საერთოდ არ უცეკვია ან ვთქვათ, რაიმე ფიზიკური პრობლემა აქვს და ა.შ. "იმედის" ჯგუფი, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, ნამდვილად დასაფასებელია. მათ მიმართ საკმაოდ დიდი პატივისცემის გრძნობა მაქვს.

- მიზეზი რა იყო, რის გამოც პროექტში მონაწილეობას დათანხმდით?

- სხვათა შორის, ეს ამბავი ძალიან საინტერესო იყო: ნოე სულაბერიძე ჩემში დიდ სიმპათიებს იწვევს, თავისი სატელევიზიო გამოსვლებითა და გადაცემებით. ის დინჯი, დაფიქრებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მასთან ვსაუბრობდი და როდესაც ეს ძალიან საინტერესო, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, ჩემთვის, 50 წლის კაცისთვის გიჟური წინადადება შემომთავაზა, მის მიმართ ნდობით განვიმსჭვალე და ფაქტობრივად, მაშინვე დავთანხმდი. ამ თემაზე მხოლოდ 5 წუთი ვისაუბრეთ. კონკურსზე მეტად, ჩემთვის კრეატიული იდეებია მნიშვნელოვანი, თუ როგორ შეიძლება, საინტერესო, ახალი რამის გაკეთება. თავად ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც ჩემს ახალგაზრდა პარტნიორთან - ელენე სურმანიძესთან ერთად პროექტში გავაკეთე. შეიძლება, კლასიკური გაგებით, ეს ცეკვა არ იყო - პერფორმანსი გახლდათ, რაც ჟიურის წევრებმაც აღნიშნეს, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად ძალიან ღირებულია. მეტი რომ არაფერი გავაკეთო, პროექტიდან მაინც ბედნიერი წავალ, რადგან ჩემმა მეგობრებმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შანსი მომცეს.

GzaPress

- სკანდალურ პიროვნებად მოგიხსენიებენ. ყველაზე სკანდალურად რა მიგაჩნიათ, რაც თქვენს პერსონას უკავშირდება? - სკანდალურად არაფერი მიმაჩნია. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ - სკანდალი არ მაინტერესებს და არც არასდროს მაინტერესებდა. უბრალოდ, სიმართლის თქმა ყოველთვის მაინტერესებდა. პერფორმანსი გამოხატვის ჩემეული ფორმაა. ამას "ქუჩის თეატრი" ჰქვია, რომელიც ხელოვნების გარკვეული ნაწილია. ხელოვნების დანიშნულებაა, რომ სიმართლე თქვას. როდესაც ლოგოცენტრისტები საუბრობენ, რომ ადამიანი ემოცია კი არა, მარტო გონებაა, ეს არასწორია. გონება მხოლოდ ემოციის დამხმარეა, მაგრამ ძირითადად, ადამიანი არის ემოცია - სიყვარული, შემოქმედება... ამიტომ ყოველთვის სიმართლე უნდა ითქვას. როგორც მაჰათმა განდი ამბობდა, სიმართლისთვის ძალიან მტკიცეები უნდა ვიყოთ. თუ ვხედავთ, ადამიანები იჩაგრებიან, უსამართლობაა, ამის შესახებ ყოველთვის უნდა ითქვას განსხვავებული ფორმით. გამოხატვის ჩემი ფორმა უფრო შარლ ბოდლერისეული ეპატაჟის ფორმის ნაწილებს შეიცავს. შარლ ბოდლერის დამკვიდრებული ტერმინია - "ეპატე ბურჟუა" (გააბრაზე ბურჟუა - მოქალაქე, რომელიც სიხარბისგან, უკმარისობისგან დაბრმავებულია). ბოდლერმა ხელოვანის დანიშნულებად მიიჩნია, რომ ბურჟუა ხანდახან გააბრაზოს, ყოველთვის - არა. ხანდახან ის ძალიან კარგ სასიყვარულო წერილებს წერდა...

- ამჯერად, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მომხდარი სკანდალი თქვენ არ გიკავშირდებათ: რას ფიქრობთ ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებაზე პროექტის დატოვებასთან დაკავშირებით? პროტესტის გრძნობა თქვენც ხომ არ გაგჩენიათ?

- ლალი ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი პიროვნება გახლავთ. რა თქმა უნდა, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მან უკმაყოფილება გამოთქვა, რისი საფუძველიც ჰქონდა. ვგულისხმობ იმ უცენზურო გამოთქმას, რომელიც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა - გოჩამ თქვა. ზაკისგან ეს გასაკვირი არ იყო, რადგან მის კულტურაში ეს გამოთქმა ნიშნავს - მე აღფრთოვანებული ვარო, მაგრამ როდესაც ადამიანი სხვებს მიმართავს, - ახლა თქვენ ჩაიფსითო, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება, შეურაცხყოფად მიიღო - ამაში ორი აზრი არ არსებობს, ცხადია. იმედია, ასეთი გამოთქმები არ განმეორდება და შეურაცხყოფას ადგილი არ ექნება, თორემ სხვა არანაირი პრეტენზია არ მაქვს.

- ცეკვაში თქვენს პარტნიორზე რას გვეტყვით?

- არაჩვეულებრივი გოგოა. ვუსურვებ, ძალიან დიდი მოცეკვავე გახდეს. ნიჭიერი ადამიანია. ყველაფერი წინ აქვს - ფაქტობრივად, მისი ცხოვრება ახლა იწყება და მინდა, მხოლოდ საუკეთესო ვუსურვო. რითაც შევძლებ, ყველაფრით დავეხმარები.

- რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში თქვენ შესახებ პოსტი ვნახე, თითქოს ქუჩაში გონწასული გიპოვეს. როგორც ამბობენ, საფაროვის მკვლელობაზე სასაუბროდ კოლეგასთან მიდიოდით...

- გაუგებრობა მოხდა: ავტომობილები მიდიოდნენ, იქ ადამიანებიც იყვნენ... მე გავიქეცი და ფეხი დამიცდა. წავიქეცი. გული წამივიდა. მერე კლინიკაში ვიყავი. უკვე გამოვეწერე... საფაროვის საქმეს რაც შეეხება: ახლა ვიტალი საფაროვის მშობლებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში ფაშისტური გამოხდომები აღიკვეთოს და ადამიანს უცხოურად ლაპარაკის გამო არ კლავდნენ. ანტიფაშისტური კოალიცია შეიქმნა, რომელსაც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გავაფართოებთ. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც "სტუმარ-მასპინძელი", "ვეფხისტყაოსანი", "ლექსი ვეფხისა და მოყმისა" დაწერა - ეს დიდი ამბავია. ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი საქართველოსთვის ნაცისტური იდეოლოგია მიუღებელია. ვინც ასეთ ჯგუფს ქმნის და აფინანსებს, ახალგაზრდებს ცუდ გზაზე აყენებს. თვითონ ახალგაზრდები მსხვერპლნი არიან, რომ ამ იდეოლოგიურ ანკესს წამოეგნენ. ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაციზმისგან მთელი ქვეყანა თავისუფალი იყოს.

GzaPress- შარშან თქვენი ჯანმრთელობის პრობლემაზე - იშვიათ დაავადებაზე წერდით. ახლა როგორ ხართ?

- ჯანმრთელობის იმდენი პრობლემა მაქვს, ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, თქვენი ჟურნალის 10 გამოცემა არ ეყოფა. ამიტომ ჯობია, ამაზე არ ვილაპარაკოთ - ჩემი ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოება არ მოვაცდინოთ. ახლა ნორმალურად ვარ. როგორც ხედავთ, ვცეკვავ. ჩემს დარგში მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასაც მივხედავ. მკურნალობის პროცესში ვარ და ჯერჯერობით, განსაკუთრებულად დიდი პრობლემები არ არის.

- როგორც ვიცი, შვილები გყავთ...

- 2 ბიჭი მყავს - 15 და 11 წლის. უფროსს სერიოზული ინტელექტუალური ინტერესები აქვს, სწავლობს და ა.შ. უმცროსი ახლა იწყებს კარგად სწავლას. ისეთ ასაკშია, როცა ახალგაზრდებს ფეხბურთი უფრო მეტად იტაცებთ. "ბარსელონას" გულშემატკივარი გახლავთ. მოკლედ, ფეხბურთის მატჩებს ერთად ვუყურებთ და "ბარსელონას" ვგულშემატკივრობთ.

- პროექტში თქვენს მონაწილეობას შვილები როგორ აფასებენ?

- პრინციპში, ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა ისეთი უცნაური რამეა, თავადაც მსიამოვნებს, რომ ეს ფაქტი ბევრის ღიმილს იწვევს. ეს შოუ ზუსტად იმისთვის არის, რომ ადამიანის ცხოვრებაში ასეთი საინტერესო ეპიზოდები შექმნას. ჩემს ცხოვრებაში ეს ნამდვილად ექსტრაორდინარული და სასიამოვნო ეპიზოდია. ბედნიერი ვარ, რომ ამ შოუში ამდენი კარგი ხალხი გავიცანი და დავმეგობრდით. შეიძლება ითქვას, ჩემი მთავარი მიზანი უკვე შესრულებულია: ამ ადამიანებთან ერთად, შემოქმედებით პროცესში ვარ ჩართული, რომელსაც თან დიდი სითბო ახლავს. ვხედავ, ერთმანეთს როგორ ეხმარებიან... ხომ იცით, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მძიმე სამუშაოა? ხან ვინმეს რაღაც ასტკივდება... მაგალითად, ამას წინათ, უცებ ზურგი ამტკივდა. პატარა რუსკამ უცებ რაღაც მოიტანა, ზურგზე დამადო და ტკივილმა გამიარა... ერთმანეთს მხარში უდგანან და დაჰფოფინებენ. სინამდვილეში, თითქოს კონკურენტები უნდა იყვნენ, მაგრამ მათ "პარტნიორებს" ვუწოდებ - ყველანი პარტნიორები არიან. ყველას ერთმანეთი უყვარს. ამას წინათ, რატიმ ბარში წაგვიყვანა. საოცარი, სიყვარულით სავსე დრო გავატარეთ. ის დღე არასოდეს დამავიწყდება.

- პროექტში და საერთოდ, ცხოვრებაში თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება - ეს ჩემმა გულშემატკივრებმა უნდა თქვან... ისე, ჩემი უმცროსი ბიჭი ბევრ რამეში ძალიან მგულშემატკივრობს. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ეგ არის. პლუს, კიდევ უამრავი მეგობარი მყავს. გამიჭირდება გამოვყო, ვინ არის მთავარი და ვინ - მეორეხარისხოვანი. ყველანი ძალიან მიყვარს და ყველა მათგანის გულშემატკივრობას ვაფასებ. მინდა, მხარდაჭერა დიდი სიყვარულით "დავუბრუნო", რადგან პირველ რიგში, მათი გულშემატკივარი მე ვარ.

ეთო ყორღანაშვილი