"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ"
"სკოლაში სწავლისას მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. დედაჩემის დამსახურებაა, რომ ლექსებს მიკითხავდა და მასწავლიდა, მერე მე მაკითხებდა. აღმოჩნდა, რომ შემიძლია ლექსის წაკითხვა და სკოლის საღამოებზე გამოსვლას მავალებდნენ. მეზარებოდა, მაგრამ დედა მაძალებდა, შემდეგ კი, ყოველი გამოსვლის მერე ხუმრობდა, - ხომ გსიამოვნებს, ტაშს რომ გიკრავენო? გავისუსებოდი ხოლმე, ნამდვილად მსიამოვნებდა", - ამბობს მსახიობი მარინა კახიანი, რომელსაც სტუდენტობის დროს ყმაწვილები ლექსებს უძღვნიდნენ. მოგვიანებით უკვე როგორც არტისტს, თაყვანისმცემლები ანებივრებდნენ ლექსებით და მათ შორის, ქალბატონებიც იყვნენ. ერთი ლექსი გიზო ნიშნიანიძემ მიუძღვნა და თავის წიგნში შეიტანა.
"ჩემი სახელი არ მომწონდა..."
- ბავშვობაში ჩემი სახელი არ მომწონდა და ხათუნა დავირქვი. ახლა მარინა ყველა სახელს მირჩევნია, მაგრამ მაშინ რატომღაც ვღიზიანდებოდი. დედაჩემი ხათუნას მეძახდა, ბებია - მარინას და არ ვპასუხობდი ხოლმე, სანამ ხათუნას არ დამიძახებდა. ასეთი უცნაური აჩემება მქონდა. მამაჩემმა სიმღერა "ხათუ-მარი" მომიძღვნა (კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ), იავნანას სტილში, ძალიან ლამაზი მელოდია დამიწერა.
მოგზაურობა თეატრალური მინიშნებებით - ერთ-ერთი რამ, რაც უზომოდ მიყვარს, ეს არის მოგზაურობა. შემიძლია ვთქვა, რომ ავადმყოფი ვარ მოგზაურობის. ზაფხულში თურქეთში, ეგეოსის ზღვაზე ვისვენებ. შარშან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული წელი მქონდა, მაისის ბოლოს რუსთაველის თეატრიდან 2 კვირით თავისუფალი ვიყავი, რადგან მოსკოვის თეატრი ჩამოდიოდა გასტროლებზე, გადაღებებიდანაც ვითხოვე ორი კვირით გათავისუფლება და მეგობრების მიწვევით, ოსლოში აღმოვჩნდით მე და ჩემი მეგობარი. იქ პირველად მოვხვდი. ყველანაირი გაგებით ცივ ქვეყანაში თბილი ადამიანები ცხოვრობენ. ოსლოს გარდა, მანქანით მოვიარეთ შვედეთის ნაწილი, ვიყავით გეტებორგში, 2 დღე კოპენჰაგენში... ასე რომ, მეგობრების დახმარებით მშვენიერი ტური გამოგვივიდა. ოსლოში თუ შემთხვევით აღმოვჩნდი, მერე უკვე დაგეგმილად, დიდი ხნის ოცნება ავისრულე და რომში ჩავედით. იტალიაში გასტროლებზე ვყოფილვარ, მაგრამ რომში - არა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
როცა მსახიობი თეატრში ინტენსიურად მოღვაწეობს, წინასწარ ვერაფერს გეგმავს. წელს მოულოდნელად, ერთი კვირით ათენში აღმოვჩნდით. მერე დავგეგმეთ და წავედით კუნძულზე ეგინა, სადაც არის პატარა ქალაქი აგია მარინა (წმინდა მარინა) და იქ ვისვენებდით. ჩვენი პაწია სასტუმროს გვერდით, რომლის კიბეც პირდაპირ ზღვაში ჩადიოდა, სასტუმრო "არგო" იყო (იცინის). "არგოს" წინ გადაღებული ფოტო გავუგზავნე მეგობრებს და ამაზე ბევრი იხალისეს... "მედეას" გასტროლებით ათენში დაახლოებით ათი წლის წინ ვიყავი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო იქ მცხოვრები ქართველების ემოციები. მათთვის სპექტაკლს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ისინი მხვდებოდნენ სიყვარულით, პატივისცემით, საჩუქრებით, ბევრი მათგანი ტიროდა. საბერძნეთში ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ჯერ კიდევ 1988 წელს, რუსთაველის თეატრმა გასტროლზე "რიჩარდ III" და "მეფე ლირი" იმ საოცარ თეატრში წარმოადგინა, რომელიც აკროპოლისის ფერხთით არის. და აი, წლების შემდეგ საბერძნეთში გავიხსენე ის დრო, როცა იქ "მეფე ლირს" ვთამაშობდით. ძალიან მინდოდა თეატრში შევსულიყავი და მაშინდელი შეგრძნებები განმეახლებინა, როცა ამ ლეგენდარულ სცენაზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, პატარა გოგონა კორდელიას როლს ვასრულებდი, მაგრამ იმ დღეებში ათენში არც სპექტაკლი და არც სხვა რაიმე ღონისძიება არ ტარდებოდა, ამიტომ თეატრში ვერ მოვხვდი.
რეპეტიციებზე... - რეპეტიციებზე ვგიჟდები... ცოტა ზარმაცი ვარ. ხანდახან მეზარება ვარჯიში, რამე ღონისძიებაზე ან პრეზენტაციაზე დასწრება, სხვის სპექტაკლზე მისვლა... რა თქმა უნდა, არ მეზარება სპექტაკლი, სადაც ვთამაშობ და რეპეტიციები, ასევე გადაღებები. სპექტაკლის გამოშვების წინ, რეპეტიციები შეიძლება დილიდან საღამომდე და ზოგჯერ ღამითაც გაგრძელდეს. სიმართლე გითხრათ, ასეთი ხანგრძლივი რეპეტიციები მსიამოვნებს კიდეც. როცა მსახიობი შეუძლოდაა და მისი შეცვლა აუცილებელია, იქმნება ექსტრემალური სიტუაცია და როლი უნდა მომზადდეს ძალიან მცირე დროში, ზოგჯერ ერთ დღეშიც კი. ბევრ მსახიობს არ უყვარს სხვის როლზე დაკავება და უარს ამბობს, მე პირიქით - ეს ყოველთვის საოცრად მსიამოვნებდა და მიხაროდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას. ვფიქრობ, ეს თავისებურად, საკუთარი თავის გამოცდაც იყო. უმეტესად მთავარ როლებს მაძლევდნენ. პირველად ზაზა ლებანიძის როლი მომცეს სპექტაკლში "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", სადაც გურამ საღარაძის მეუღლეს ვთამაშობდი. ქალბატონი ზაზა ავად გახდა. არ ვიცი, ბატონ რობიკოს რატომ მოუვიდა აზრად ჩემი შეყვანა სპექტაკლში, 22-23 წლისა ვიყავი, როლისთვის "შეუფერებელი", მაგრამ ძალიან მომწონდა ეს გმირი. მერე დუბლიორული სისტემით ვთამაშობდი. იყო სპექტაკლი "ვარიაციები თანამედროვე თემაზე", სადაც ბატონმა რობიკომ ისევ ზაზა ლებანიძის როლზე შემიყვანა. მოხუცი რეჟისორის როლს რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა, მე ვიყავი მისი შინაბერა ქალიშვილი. ქალბატონი ზეიკო ბოცვაძეც შემიცვლია და ა.შ. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ.
კინოამბები - პირველად ფილმში "ვერის უბნის მელოდიები" ეპიზოდში ვითამაშე, მაშინ 12 წლის ვიყავი. ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები ამოგვარჩიეს გიმნაზიელების სცენისთვის. ამას როლს არ ვეძახი, მაგრამ ვამაყობდი და მონაწილეობა ძალიან მსიამოვნებდა. ალბათ, ყველა ბავშვს უყვარს ფილმში გადაღება. თუ არ ჩავთვლით გიმნაზისტს, კინოში პირველი როლი ზაალ კაკაბაძის ფილმში "უმცროსი და" მქონდა. იმ წელს პირველი კურსი დავამთავრე და ხევსურეთში ვმოგზაურობდით სტუდენტები, სადაც ჩემი მეგობრის - ნათიას მამამ, პროფესორმა დავით გოგოჭურმა წაგვიყვანა. როცა ჩამოვედი ხევსურეთიდან, ფილმ "უმცროსი დის" ჯგუფის ნაწილი გემზე "გრუზია", გადაღებებზე იყო წასული. სჭირდებოდათ ახალგაზრდა მსახიობი გოგონა და ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ასე ვთქვათ, თავად დამამტკიცა ამ როლზე და პირდაპირ გადაღებაზე გამიშვა.
გია მატარაძის ფილმებში მონაწილეობაზე გეტყვით, რომ როცა რეჟისორს მსახიობი ცოლი ჰყავს, ის თვლის, რომ მისი მეუღლე რაღაცით სხვა ქალ მსახიობებს აღემატება და ამაში არაფერია გასაკვირი. თუმცა, "მოკვეთილს" რომ იღებდა, ძალიან მინდოდა მზევინარის თამაში, მაგრამ გია ფიქრობდა, რომ იმ ეტაპზე უფრო ქისტი გოგო გულსუნდა ვიყავი. ჩემი აზრი და სურვილი გავაცანი, თუმცა მზევინარის როლში არაფრით გადამიღო. ძალიან მიყვარდა გიასთან ერთად ფილმის მონტაჟის პროცესის ყურება, ჩემთვის საინტერესო იყო. თავისუფალ დროს მივდიოდი მასთან და იდეებსაც ვაწვდიდი ხოლმე. ჩემი იდეა ხან ამართლებდა და ხან - არა (იღიმის).
"მოკვეთილს" ხევსურეთში ვიღებდით. რთული პირობების მიუხედავად, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებები ამ გადაღებებს უკავშირდება. შატილამდე, მთებს შუა მოქცეულ ულამაზეს ადგილზე, პატარა დასახლება ნინოწმინდაში ვცხოვრობდით, იქვე მდინარე არღუნი ჩამოდიოდა. ძალიან დიდ კინოჯგუფში ცხენოსნების უზარმაზარი ჯგუფიც შედიოდა. სინათლე არ იყო, ხანდახან საკვები იგვიანებდა მეწყრის გამო, მაგრამ გიას დიდ პატივს სცემდნენ და ყველაფერი თითქოს, ადვილად გვარდებოდა. დადგა 27 ივლისი, გიას დაბადების დღე. დილის 6 საათზე სროლის ხმა გაისმა, 1-2 თოფისა კი არა, მთელი ჯერი ისმოდა. გია ადგა და მეც გამოვყევი. საოცარი სილამაზის მომსწრენი გავხდით - რიჟრაჟია, მთები, უმშვენიერესი ბუნება, იქვე კი ცხენოსნები და მსახიობები იარაღიდან ისროდნენ. როგორც ჯარი დგას გენერლის წინაშე, ისე ჩამწკრივებულიყვნენ. საოცრად ამაღელვებელი მომენტი იყო, ყველანი მოგროვდნენ, ზოგიერთი ქალბატონი ემოციებისგან ტიროდა კიდეც...
გია მატარაძე... - დიდი დრო გავიდა ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან და გია ჩემთვის, დღემდე განსაკუთრებულ და საოცარ მამაკაცად რჩება. განათლებული და იუმორის მქონე, კარგი ადამიანი იყო. უამრავ სიურპრიზს მიწყობდა არა მარტო დაბადების დღეებზე, სხვა დროსაც მანებივრებდა. ჩემი წინაპრები სვანეთიდან არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მამა და ბაბუა სვანეთში არ იყვნენ ნამყოფები, არც მე ვყოფილვარ მანამდე: ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღეს, გიამ სიურპრიზი მომიწყო (იღიმის). ვითომ გადაღებისთვის ადგილის შესარჩევად, მესტიაში წავედით რამდენიმე ადამიანი და დაბადების დღე იქ გადამიხადა.
სასიამოვნო მოლოდინი - ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ - მეორე შვილიშვილს ველოდები, რომელიც იანვარში მოევლინება ქვეყანას. გოგონაა. ჩემმა ვაჟმა და რძალმა მაცნობეს, რომ დედაჩემის სახელს - ალექსანდრას დაარქმევენ. საოცრება მოხდა. სანამ ბავშვის სქესს გაიგებდნენ, ცოლ-ქმარი საუბრობდა და თურმე, სახელებს არჩევდნენ. გოგოს სახელებს შორის, რძალს უთქვამს, ალექსანდრა ძალიან მომწონსო. მახარებს ეს ამბავი...
ნანული ზოტიკიშვილი