"ვერც კი ვხვდები, ჩემი რატომ უნდა შურდეთ" - გზაპრესი

"ვერც კი ვხვდები, ჩემი რატომ უნდა შურდეთ"

წარმატებული მოდელი და 2012 წლის "მის საქართველო" - თამთა შედანია ამჟამად სატელევიზიო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს. ძლიერი, დამოუკიდებელი, ცხოვრებისგან გამოცდილება მიღებული თამთა გულახდილად გვესაუბრა პროექტზე, შვილზე, სიყვარულზე...

GzaPress- თამთა, როდის გააცნობიერე, რომ ლამაზი ქალი ხარ?

- ალბათ, როგორც ყველა გოგონა, ბავშვობიდან კომპლიმენტებით განებივრებული ვიყავი, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. როდესაც ქალიშვილობის ასაკში შევედი და სამოდელო კარიერა დავიწყე, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვყალიბდი. უკვე ვხედავდი, რომ სილამაზე, გარეგნობა ჩემი "კოზირი" იყო, რომელიც შემეძლო გამომეყენებინა.

- შენთვის გარეგნობას რამეში შეუშლია ხელი?

- პირიქით, მეხმარებოდა - რადგან მოდელობა გადავწყვიტე, ამ პროფესიისთვის კი მთავარი გარეგნობა, სხეულის ფორმებია. ვერ ვიტყვი, რომ ხელი შემიშალა, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობ ხოლმე, რადგან საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოფნა არ მიყვარს - უბრალოდ, მრცხვენია (იღიმის)...

- ინტრიგების, ჭორების მსხვერპლი ყოფილხარ?

- კი, ხშირად. ალბათ, ცნობილი ადამიანების თანმდევია, როდესაც მათზე ჭორაობენ. კონკრეტულად ინტრიგებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემ შესახებ ბევრი ისეთი ჭორი მომისმენია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საერთოდ, სკანდალები და ინტრიგა არ მიყვარს.

- შენ შესახებ ყველაზე სასაცილო ჭორი რა მოგისმენია?

- ის, რომ ვარდისფერი "ბენტლი" მყავს და ჭავჭავაძეზე პენტჰაუსი მაქვს (იცინის). ჩემ შესახებ ისეთ ჭორებს ვისმენ, რასაც ჩემთვის ზიანი არ მოაქვს. ამიტომ ილაპარაკონ. ხომ გაგიგონიათ, - შეძახილმა ხე გაახმოო? შეიძლება, ეს ჭორები მართლა ამიხდეს (იცინის).

- "ცეკვავენ ვარსკვლავებს" სკანდალები ახლავს თან. როგორც პროექტის მონაწილეს, უსამართლობის შეგრძნება გაგჩენია?

- პირადად მე, არანაირი სკანდალის მსხვერპლი არ ვყოფილვარ. ჩემი მთავარი კონცენტრაცია იმისკენ არის მიმართული, რომ კარგად ვიცეკვო, მაყურებლის წინაშე კარგად წარვდგე. მინდა, მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო, რომ ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომცეს. დიდ სიამოვნებას ვიღებ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა მაბედნიერებს.

- ჟიურის შეფასებებზე რას გვეტყვი?

- ალბათ, ობიექტურია. მთავარი, გადამწყვეტი მაინც ხალხის აზრია. პროექტში რამდენ ხანს ვიქნებით, ეს ხალხის მონდომებაზეა დამოკიდებული. იმედია, შანსი გვექნება, დავამტკიცოთ, რომ უკეთესად ცეკვა შეგვიძლია და კიდევ რამდენიმე "ლაივზე" წარვდგებით მაყურებლის წინაშე.

- შენთან დამეგობრება ადვილია?

- ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ადამიანებს ჩემთვის გული უტკენიათ და ამიტომ, ჩემთან დამეგობრება მარტივი არ არის. ჯერ ვაკვირდები, ანუ ისე ვიქცევი, როგორც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი.

- ცეკვაში შენს პარტნიორს - ირაკლი ძაძამიას უკვე დაუმეგობრდი?

- კი, დავმეგობრდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთ-ერთი მეგობრული წყვილი ვართ. ეს მეხმარება, რომ ცეკვა უკეთ გამოგვივიდეს.

- შეყვარებული როგორ გგულშემატკივრობს?

- პროექტში ჩემი მონაწილეობა, გარკვეულწილად, მისი დამსახურებაა. როცა რჩევა ვკითხე, მითხრა, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. შემპირდა, მაქსიმალურად მხარში ამოგიდგებიო და ასეც იქცევა.

- საქმის გამო შეგიძლია, საყვარელ ადამიანს ყურადღება მოაკლო?

- მთავარია, ადამიანმა დრო სწორად გადაანაწილო და ყურადღება არავის მოაკლო.

- შენი აზრით, სრულყოფილი ბედნიერების განცდა მეორე ნახევრის გარეშე შესაძლებელია?

- არ ვიცი, მამაკაცისთვის ან თუნდაც, სხვა ქალებისთვის როგორ არის, მაგრამ პირად მაგალითზე გეტყვით: როცა მარტო ვიყავი, ჩემს შვილზე, კარიერაზე კონცენტრირებული გახლდით და ყოველთვის იმის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მაკლდა. წარმოიდგინე, ყველაფერი გამოდის, კარგი დედა ხარ, სამსახურშიც კარგი ხარ... უბრალოდ, რაღაც გაკლია. ეს "რაღაც" სიყვარულია. მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი შეყვარებულია, ათასმაგად პროდუქტიული ხდება.

- შენს შვილზე გვიამბე...

GzaPress- ჩემი 4 წლის გოგონა - მია (რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს), ძალიან ჭკვიანია. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" (და არა მხოლოდ) აქტიურად მგულშემატკივრობს. ჩემთან იზრდება. მისგან დიდ მხარდაჭერას, გვერდით დგომას ვგრძნობ. თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრად უფროსი ადამიანია. ფოტოსესიაზე თუ ტელეგადაცემებში, სულ ჩემ გვერდით არის და ყოველთვის მგულშემატკივრობს. ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემი შვილია. რასაც ვაკეთებ, პირველ რიგში, ყველაფერს მას ვუძღვნი. მინდა, ბავშვობიდანვე ისწავლოს, როგორ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად. ხედავს, რა ცხოვრებისეულ გზას გავდივარ და დარწმუნებული ვარ, როცა გაიზრდება, ეს ყველაფერში დაეხმარება.

- შენს შეყვარებულს და შვილს როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ძალიან კარგი. მის შვილთან მეც კარგი ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურად არის.

- ბოლოს რის გამო იტირე, გახსოვს?

- (ფიქრობს) დიდი ხანია, არ მიტირია. ეს კარგი ამბავია. ბოლო დროს იშვიათად ვტირი.

- საერთოდ, თავშეკავებული ადამიანი ხარ?

- ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი წყენა, გულისტკენა სხვამ არ დაინახოს, სხვას არ მოვახვიო თავზე. თავშეკავებულ ადამიანებს ძალიან ვაფასებ. მომწონს, როცა ემოციების კონტროლი შეუძლიათ.

- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?

- საერთოდ, ეს გამოთქმა არ მომწონს. "სექსუალური ქალი" ჩემთვის უფრო ვულგარულობაში გადადის და ცოტა არ იყოს, ჩემს გაღიზიანებას იწვევს. უფრო სადა პიროვნებები მომწონს და საკუთარი თავიც ასეთი მგონია. სადა, თავმდაბალი უფრო მინდა ვიყო ვიღაცისთვის, ვიდრე - სექსუალური ქალი.

GzaPress- სხვებისგან ქალური შური გიგრძნია?

- ძალიან ბევრჯერ. საერთოდ, არასდროს არავისი შემშურებია და არც შემშურდება. მთელი ცხოვრება ისე გავატარე, არ ვიცი, ეს გრძნობა რას ნიშნავს... არ ვიცი, ჩემი გარეგნობის ბრალია თუ სხვა რამის - ვერც კი ვხვდები, ჩემი რატომ უნდა შურდეთ, მაგრამ ქალური შურის მსხვერპლი ხშირად ვყოფილვარ.

- რა არის სიყვარული?

- ალბათ, ის გრძნობა, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში აკლია - იმისთვის, რომ ბედნიერი, უფრო ლამაზი, ლაღი იყოს. ყველაფერი კარგი სწორედ ამ გრძნობას უკავშირდება.

- ცხოვრებამ რა გასწავლა?

- ის, რომ ადამიანმა არასდროს და არაფრის გამო ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი ყოველთვის უნდა გქონდეს (მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრების რომელ ეტაპზე ხარ) და ამისთვის იბრძოლო. მიზანდასახულ ადამიანს ყველაფერი გამოსდის.

- შენი მთავარი მიზანი რა არის?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვება (იცინის). როგორც ყველა კონკურსანტის, ჩემი მიზანიც შრომა და წარმატებისკენ წინსვლაა. როგორ გამოვა, ეს სხვა დანარჩენ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ეთო ყორღანაშვილი