მტრის არმცნობი ბედნიერი ერი და სირცხვილის ჭაობი - გზაპრესი

მტრის არმცნობი ბედნიერი ერი და სირცხვილის ჭაობი

ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..

- ქვეყანაში იმდენი პრობლემა გვაქვს და იმდენი რამ იწვევს გულისწყრომას, რომ მთელი სია უნდა შევადგინოთ. უმთავრესი პრობლემა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველამ უნდა შევუტიოთ, ეს თავისუფლების პრობლემა გახლავთ: ამაში მენტალურ ოკუპაციასაც ვგულისხმობ. ტერიტორიები წართმეული გვაქვს, რისი თავიდათავიც რუსეთია - დღესდღეობით, ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. ილია ჭავჭავაძეს "ბედნიერ ერში" ერთ-ერთ "დიაგნოზად" "მტრის არმცნობი" აქვს დაწერილი. უბრალოდ, მტერს არ ვცნობთ. ამას უკვე "სირაქლემის პოზაც" აღარ ჰქვია. ალბათ, კაჯურაჰუს მონასტრების კედლებზე გამოხატული კამასუტრას პოზები აღარ ეყოფა იმის გადმოსაცემად, რა დღეშიც ვართ. შეიძლება, ჩემგან ამის თქმა უხეშად ჩანდეს, მაგრამ ათასწლეულები არ არის საჭირო, რომ ჭეშმარიტება დაინახო - სიმართლე ძალიან მარტივია. საოცარია, რომ ისევ ერთმანეთს ვაპრობლემებთ. წინათ, მოღალატეები რაღაც სხვანაირად, საშინლად წარმომედგინა, დღეს ამას ყოველ წუთში ვხედავთ და ეს ყველა შრეს შეეხო. როგორ არ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელმაც ნახა, როგორ მოკლეს ანწუხელიძე, დახვრიტეს ოთხოზორია (პირდაპირ ეთერში აჩვენეს და დავინახეთ), მაგრამ თავის რესტორანში მაინც რუსულ სიმღერებს აჟღერებს?! იქნებ იქ ანწუხელიძის ძმა ან ოთხოზორიას მშობელია? რომ "გადაეკეტოს", მის საქციელს ვერ გაამტყუნებ... რასაც ვუყურებ, უმრავლესობა "ბრინკას პოზაშია". წარმოიდგინეთ, კარგად ნავარჯიშები სპორტსმენი ვიღაცას ცოლს უბახებდეს. ქმარი გაბრაზებული იყოს, თუმცა ამბობდეს: - მაგრამ ბიჭს რა კარგი ტანი აქვსო!.. დაახლოებით, ასეთ სირცხვილში ვართ.

- მაგალითად, რესტორნის მფლობელს შეიძლება, ფინანსური ინტერესი აქვს - ალბათ, რუსულ სიმღერებს რუსი ტურისტების მოსაზიდად აჟღერებს. როგორ ფიქრობთ, თუნდაც, ტაქსის მძღოლს ავტომობილში რუსული სიმღერები რატომ აქვს ჩართული მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული აქვს და მშვიდობიან მოსახლეობას ოკუპანტები ხშირად იტაცებენ?

- ამიტომ ვთქვი, ეს საკითხი ყველა ფენას შეეხო - ტაქსის მძღოლებიდან დაწყებული, უმაღლეს ეშელონებამდე და ამას "ეროვნული თვითშეგნება" ჰქვია. ადამიანი ხომ უნდა მიხვდე, ვინ არის შენი მტერი? ახლა რუსებმა ახალი თემა წამოსწიეს: თურმე, ჩვენი ძალიან დიდი მტრები არიან ირანელები, თურქები, სომხები, აზერბაიჯანელები... მოკლედ, რუსეთის გარდა, ყველა მტერი ყოფილა. იმბეცილი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე - მტერი ვინ არის, შენს ტერიტორიაზე იარაღით ხელში ვინ დგას...

GzaPress- ანუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გონება დეგრადირებულია?

- დეგრადირებულები არ არიან. საქართველოს მოსახლეობა ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რატომღაც, უმრავლესობას სირაქლემის პოზა მოსწონს. ყველა ამბობს, - პოლიტიკა არ მაინტერესებსო. პოლიტიკა სახლში გაქვს და რას ჰქვია, არ გაინტერესებს?! ოთხოზორია ჩვენს ტერიტორიაზე მოკლეს, მღვდელი და მისი მრევლი მოიტაცეს (კიდევ კარგი, გაათავისუფლეს), ქალი სახლიდან მოიტაცეს... ვიდრე რუსთაველზე არ შემოვარდებიან, ვერ უნდა გამოვფხიზლდეთ?!. პრეზიდენტს ვირჩევთ, მაგრამ არც ერთის პროგრამა არ ვიცით: პროგრამის მიხედვით კი არ ვირჩევთ, ვფიქრობთ - ის რა საზიზღარია, ეს რა საზიზღარიაო... მთელი ჩვენი არჩევნები სიძულვილზე "ზის". ეს გულს მიკლავს. ასეთი "ხმამაღალი" ვერ ვიქნებოდი, მაგრამ უკვე შვილიშვილი მყავს. ქვეყანაში 25-30 წლის წინ რა პრობლემაც იყო, ახლაც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. მინდა, ყველა ომი დროზე დამთავრდეს, რომ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ იომონ... თავისთავად ცხადია, რომ რუსეთს ომს ხიშტით ვერ მოუგებ, მაგრამ მინიმუმ, მტერი ხომ უნდა გეჯავრებოდეს?!.

- საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმეზე იმედს ამყარებდით?

- რასაკვირველია, ჩემი არჩევანი მაქვს, მაგრამ ერთი უბრალო მიზეზის გამო ვერ გავაჟღერებ: ვისაც ჩემ მიერ არჩეული კანდიდატი ეზიზღება, ის ხალხი განაწყენდება. ჩვენი საზოგადოება სიძულვილზე უფრო მეტად ორიენტირებულია. არტისტი ვარ. არ მინდა, ვინმე გავანაწყენო. არ მსურს, რაღაც სტატუსი "მომაკერონ". ვუფრთხილდები ჩემს მაყურებელს, თეატრს, სადაც ვმუშაობ და ხალხს, ვისთანაც ვთანამშრომლობ. რომ ვთქვა, - ხმა ამას მივეცი-მეთქი, "მეორე მხარეს", ვისაც ჩემ მიერ არჩეული კანდიდატი არ მოსწონს, შევზიზღდები. ეს არასწორია... უიმედოდაც არ ვარ. საქართველო უიმედოდ არასოდეს ყოფილა...

- რუსული ინტერესების მქონე კანდიდატების მხარდამჭერებზე რას ფიქრობთ?

- მედარდება, რადგან ზოგი რაღაც სისულელეებით ძალიან მოხიბლულია. არიან ისეთებიც, ვინც შეგნებულად ამ საკითხზე მუშაობენ. ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, რომ გამოვარკვიო და ჩემი საქმე არც არის, მაგრამ უკვე მარტივად ვწუხდები: ვიღაც რუსეთს რომ ახსენებს, "დოსტაევსკი" და "ტალსტოი" კი არა, ოთხოზორია, ჩემი მეგობრები და ნათესავები მახსენდება, ვინც ოკუპანტებმა ამოწყვიტეს, თან - ცინიკურად. აფხაზებსა და ოსებს არასოდეს ვებრძოდით. მათი ხელით, რუსეთი გვებრძოდა... დამოკიდებულებას რაც შეეხება, ჩვეულებრივია, მაგრამ ვცდილობ, სადაც რუსულ სიმღერას გავიგონებ, იქ მეორედ აღარ შევიდე. შეიძლება ძალიან აგრესიული ვარ, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით, პუშკინი და ლერმონტოვი არ მახსენდება! მახსენდება ქალი, რომელსაც საკუთარი შვილის თვალი აჭამეს და რა ვქნა?!.

- რუსეთის მიმართ თქვენი განწყობილება ვიღაცის გაღიზიანებას იწვევს, არა?

- გაღიზიანდნენ, არა უშავს - ცივი წყალი დალიონ. რაკი გაბრაზებული ვარ, "ხმამაღალი" ამიტომ კი არ ვარ, არგუმენტები მაქვს. რუსეთისგან ცუდი რაღაცები ასწლეულობის განმავლობაში დაგროვდა. რუსეთი საქართველოს, პლანეტის, მართლმადიდებლობის მტერია. მოკლედ, ჩემი აზრით, ის ყველას და ყველაფრის მტერია. ვინმე მკითხავს - პუშკინმა რა დაგიშავაო? - რა დამიშავა და, ერმოლოვმა საქართველო რომ ააოხრა, პუშკინი ეუბნებოდა, - რა კარგია, მე შენი მემატიანე ვიქნები - დავწერ, რა კარგად ააოხრეო. აი, ეგ დამიშავა.

- კიდევ რა საკითხი იწვევს თქვენს გულისწყრომას?

- ჩვენი გაუნათლებლობა, უმეცრება მაბრაზებს. კმაყოფილებაზე ორიენტირებული ხალხი ვართ. სადაც კმაყოფილებაა, იქ ჭეშმარიტება არ არის. "კაცია ადამიანი?!" დღეს ისევ აქტუალურია... თავის არჩევანში ყველა იმპერატორი, ერთპიროვნული მმართველია - რაც უნდათ, ის ქნან, მაგრამ მიმაჩნია, რომ სირცხვილია, როცა აქვე, ყურისძირში მტერმა ქალი მოგვტაცა, შენ კი გამოდიხარ და აქტიურად ითხოვ, - უფლება მომეცი, მოვწიოო. ამის მრცხვენია, თორემ რუსეთის სახით, უმთავრესი პრობლემა რომ არ გვქონდეს, მეც გავიდოდი და ვიტყოდი, - კი, მარიხუანას მოხმარება ლეგალური უნდა იყოს-მეთქი (ოღონდ - უმკაცრესი რეგულაციებით, რასაკვირველია), მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ნარკოტიკის, მოსაწევის მომხმარებელი არ ვარ. ახლა ამის დრო არ გვაქვს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. როცა გორის ავტობანზე მივდივარ, ვაცნობიერებ, რომ იქ მტერი ძალიან ახლოს, ავტომატის ტყვიის დაფარვის ზონაში ხარ. იქიდან ვიღაც რომ გამოვიდეს და "დაგვაყაროს", კაციშვილი ვერაფერს იტყვის... არ ვიცით, როდის რაზე ვიზრუნოთ. დამონებას ნაჩვევი ვართ, თუ რა არის, არ ვიცი... მუხლჩაუხრელად ბრძოლა და შრომაა საჭირო. არაა აუცილებელი, ყველამ ავტომატი აიღოს ხელში: ვიღაცამ უნდა წეროს, ვიღაცამ - ბავშვი აღზარდოს... ბავშვს პატრიოტად რომ აღზრდი, ეს უკვე ბრძოლის ერთგვარი ფორმაა. შტერი კი არ ვარ, რომ რუსეთს "მივახტე"?! ჩვენ კი არა, მთელ ევროპას "შეჭამს" და ბევრს ზედ დააყოლებს, ასე პირდაპირ რომ წახვიდე, მაგრამ პრიორიტეტები ხომ უნდა ვიცოდეთ? რა კანონიც უნდა მივიღოთ, ვეშაპის პირში ვართ. ჯერ აქედან გადმოვიდეთ და ლეგალიზაციები მერე მოვითხოვოთ... წარმოიდგინეთ, კაცი რეანიმაციაშია, კვდება და გადარჩენის ნაცვლად, მაკიაჟს უკეთებენ. ჯერ გადავარჩინოთ და მაკიაჟი მერე გავუკეთოთ... ერთი ეპიზოდის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც თავად შევესწარი: მეტროში ოკუპანტების ვითომ ტურისტები ხომ დადიან? ერთხელ ერთი ქართველი "ბრინკა" რუს კაცთან მივარდა, - აუ, რუსები როგორ მიყვარსო! რუსი მიუბრუნდა და უთხრა: - ურცხვი, უთავმოყვარეო მონა ხარ. როგორ შეიძლება, ეს ხალხი გიყვარდეს?! იქიდან იმიტომ წამოვედი, რომ ისეთ აგრესიულ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისია. დაგანგრიეთ, მიწები წაგართვით, ახლაც გხოცავთ და კიდევ იმას მეუბნები, რომ გიყვარვარ? არ გრცხვენიაო?! თვითონ რუსი გაგიჟდა... აი, ასეთი სირცხვილის ჭაობში ვართ, რა... 2008 წელს, საბრძოლო შეტაკებები ახალი დასრულებული იყო (ომი დღესაც გრძელდება. არც ერთ რუსს შემოქმედად ან ტურისტად არ განვიხილავ - ისინიც მეომრები არიან და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ). რუსეთიდან ერთ-ერთი ქალი იყო ჩამოსული - ინტერვიუ უნდოდა. ვუთხარი, - ისეთ დღეში ვართ, რომ ჩავიხოცებით, მაგრამ თქვენც დაგხოცავთ-მეთქი. მითხრა: 30-ე რესპონდენტი ხარ, მაგრამ ვისაც შენამდე ველაპარაკე, ყველა ტირის - რუსები რა კარგები ხართო. ძლივს გნახე ერთადერთი ადამიანი, ვისაც ადეკვატური რეაქცია გაქვსო... როცა გირტყამენ, მინიმუმ, უნდა "შეგეგინოს" მაინც, თუკი ვერ ერევი და ვერ ურტყამ... მტრის არმცნობი ბედნიერი ერი - ეს არის ჩვენი პრობლემა. შეიძლება, ვიღაცამ ჩემ შესახებ იფიქროს - ამას მართლა პრეზიდენტი ხომ არ ჰგონია თავიო?! არა, მე პრეზიდენტზე უფრო მაგარი ვარ და გეტყვი, რატომ: მე უფრო მეტი ვარ, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობის პირი, რადგან ისინი ჩვენ, ხალხმა დავასაქმეთ. მე, შენ, ჩვენ ყველანი ვნიშნავთ პრეზიდენტებს, მინისტრებს...

- დარწმუნებული ხართ?

- ყოველ შემთხვევაში, სურვილი მაქვს, რომ ასე იყოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ეთო ყორღანაშვილი