მოდელი, რომელიც მასზე შეყვარებულ ბიჭებს სცემდა - გზაპრესი

მოდელი, რომელიც მასზე შეყვარებულ ბიჭებს სცემდა

მომხიბვლელი გარეგნობის გარდა, წლევანდელ "ვიცე-მის პლანეტას", რომელიც ქართველი ნინო გველესიანი გახლავთ, უშუალო ხასიათი და საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს. არც პირად ცხოვრებაზე გულწრფელ საუბარს ერიდება...

"ვიცე-მის პლანეტა 2018"

- დიდი ხნის განმავლობაში მოდელობისთვის თავი დანებებული მქონდა - კონკურსებში, ჩვენებებში ან თუნდაც, გადაღებებში მონაწილეობის სურვილი აღარ მიჩნდებოდა. რატომღაც, უცებ გადავწყვიტე, ამ სფეროში ისევ დავბრუნებულიყავი. გავიგე, რომ საერთაშორისო კონკურსისთვის - "მის პლანეტა" შესარჩევი ტური ბათუმში ტარდებოდა. დავინტერესდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე და სექტემბერში, საერთაშორისო კონკურსში, საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი (კონკურსი თბილისში ჩატარდა) და "ვიცე-მის პლანეტა 2018" გავხდი. რომ მცოდნოდა, ასეთი დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, ალბათ, მონაწილეობას არ მივიღებდი. წარმოიდგინეთ, 25 ქვეყნის წარმომადგენელს უნდა უმასპინძლო, შენი ქვეყანა, კულტურა გააცნო. ეს ძალიან რთული იყო. სამაგიეროდ, ყველა კონკურსანტი ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. სოციალურ ქსელში საერთო ჩატი შევქმენით და ერთმანეთს ახლაც ვეკონტაქტებით. საქართველო ყველას ძალიან მოეწონა. ამბობდნენ, - ქართველები განსხვავებულები, სტუმართმოყვარეები და თბილები ხართო.

- კონკურსის შემდეგ, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, რადგან საქართველოში მოდის სფერო დიდად განვითარებული არ არის. უბრალოდ, ჩემ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდა: უნდათ, რომ რეკლამებში, ფოტოგადაღებებში მონაწილეობა მივიღო. ამის გამო ყოველი შაბათ-კვირა დაგეგმილი მაქვს.

GzaPressსპორტი და მოდა - ბავშვობაში "თხაჯანა" ვიყავი. თუკი ჩემს და-ძმას ვინმე აწყენინებდა, მათ დასაცავად პირველი მე გავდიოდი. ჩემი და ძალიან ნაზი და ფარფატაა. ზედმეტის თქმა არავისთვის შეუძლია. მშობლებმა გადაწყვიტეს, ის სპორტის რომელიმე სახეობით დაეკავებინათ - იქნებ თავის დაცვა შეძლოსო. რა თქმა უნდა, კარატეზე მეც შევედი. ბოლოს ჩემი ინტერესი სერიოზულ ამბავში გადაიზარდა: დედაჩემს სკოლიდან ურეკავდნენ, თქვენმა შვილმა ბავშვს სცემაო.

- ბავშვებს რატომ ეჩხუბებოდი?

- ხან ჩემს დას უხსნიდნენ სიყვარულს, ხან - მე. ჩემი მეზობელი ბიჭი მეღადავება ხოლმე - ბავშვობაში სიყვარული რომ აგიხსენი, რატომ მცემეო (იცინის)?.. ძირითადად, ასეთი საკითხების გამო ვჩხუბობდი... მოკლედ, მშობლები იძულებული გახდნენ, კარატედან გამოვეყვანე. ფიქრობდნენ, - ჩვენი შვილი ისეთ წრეზე შევიყვანოთ, რომ ცოტათი გოგოს დაემსგავსოსო. ჰოდა, 12 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტო "კატრინში" მიმიყვანეს. თავდაპირველად, დიდი ტანჯვა გამოვიარე, რადგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით კარგად ვერ დავდიოდი (იცინის). დიდი წვალების შემდეგ, ეს შევძელი. 2011 წელს კონკურსში - "მის თინეიჯერი" ვმონაწილეობდი - გვატემალაში გავემგზავრე, სადაც "ტოპხუთეულში" მოვხვდი.

ცხოვრება ჩინეთში - ცვალებადი ხასიათი მაქვს. ერთ დღესაც გავიღვიძე და რატომღაც მომინდა, სადმე გავმგზავრებულიყავი. გავიგე, რომ მოდელები ჩინეთში მიემგზავრებოდნენ. მენეჯერი ჩემი ახლობელი იყო. მეც გავემგზავრე (კონტრაქტით), როგორც მოდელი. შემდეგ დიჯეის პროფესიით დავინტერესდი და გადავწყვიტე, დაკვრა მესწავლა, რადგან იქაურ კლუბებში ძალიან კარგი სიტუაცია იყო. საბედნიეროდ, ეს პროფესია მალე ავითვისე და ვმუშაობდი... ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი ვარ და ყველაფერს მარტივად ვეგუები და ასევე მარტივად მწყინდება. თუმცა, იქ 2 წელი ისე გავატარე, რომ დაბრუნება არ მინდოდა, არც არავინ მენატრებოდა... ახლა, როცა საქართველოში დავბრუნდი, არსად წასვლა აღარ მინდა - საკუთარი ქვეყანა უფრო მეტად დავაფასე და შევიყვარე. ცხადია, ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან განსხვავდება, თუნდაც - შრომის გასამრჯელოთი, გართობისა თუ ცხოვრების სტილით, მაგრამ იქ მხოლოდ ჩემს ახლობლებთან ერთად თუ ვიცხოვრებდი, მარტო - ვერა.

"სითბოს გამოხატვადიდად არ შემიძლია" - დიდი ოჯახი მყავს: დედ-მამა, და-ძმა და ჩემი "შვილობილი" ძაღლი (იღიმის). ჩემმა დამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრდა. მუშაობას ახლა იწყებს. ძმა ჯერ 18 წლის არის. ოჯახის წევრებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ბუნებით ძალიან ცივი ადამიანი ვარ - სითბოს გამოხატვა დიდად არ შემიძლია. თავისი მშობლები და და-ძმა ვის არ უყვარს? ისინი მეც ძალიან მიყვარს. უბრალოდ, მათ ბევრ დროს ვერ ვუთმობ, რადგან დილით სამსახურში მივდივარ, საღამოს უკან დაბრუნებული კი ჩემს ოთახში შევდივარ და მაშინვე ვიძინებ... რაც უნდა იყოს, ჩემთვის მშობლები ყოველთვის პირველ ადგილზე არიან.

"შემიძლია, კლიენტი დავარწმუნო, რაღაც იყიდოს" - როცა საქართველოში დავბრუნდი, გადავწყვიტე, გაყიდვების სფეროში მემუშავა. ამ საქმეში გარეგნობაც ხელს მიწყობს - შემიძლია, კლიენტი დავარწმუნო, რაღაც იყიდოს. ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, თვის ბოლოს სამსახურიდან მოვდივარ.

- რატომ?

- შრომას უფრო მეტს ითხოვენ, თუმცა უნდათ, ანაზღაურება ნაკლები იყოს... 2 ნოემბერს ბულგარეთში, "მისის პლანეტა 2018"-ზე სპეციალური სტუმრის ამპლუაში მივემგზავრები, ეკა მგალობლიშვილთან და ნინი შერმადინთან ერთად. იქიდან რომ დავბრუნდები, მერე რაიმე ახალ საქმეს დავიწყებ...

"ისეთი აღნაგობა მაქვს, რომ ყველას ჰგონია, ვვარჯიშობ" - კვირაში ორი დღე ვისვენებ. ამ დროს სულ სახლში ვარ და მძინავს. უბრალოდ, სამუშაო დღის ბოლოს, ვცდილობ, საკუთარი თავის მოვლას მეტი დრო დავუთმო (თუნდაც, პედიკიური გავიკეთო), ვიდრე - სხვა რაღაცებს, რადგან აუცილებელია, ქალი ლამაზად გამოიყურებოდეს.

- ვარჯიშს ახერხებ?

- იცი, როგორ მინდა, რომ ვივარჯიშო? ხომ ამბობენ, - ორშაბათიდან დიეტას დავიცავო? მე დიეტას არ ვიცავ, უზომოდ ბევრს ვჭამ, მაგრამ სულ ვამბობ, - ორშაბათიდან ვარჯიშს დავიწყებ-მეთქი, თუმცა ასეთ ორშაბათამდე ვერ მივაღწიე. მანქანაში ჩავჯდები ხოლმე, რომ ტრენაჟორების დარბაზში მივიდე, აბონემენტი ავიღო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩავუვლი - იყოს, ხვალ მოვალ-მეთქი. სიზარმაცე ვერ დავძლიე. ალბათ, გვერდით ადამიანი მჭირდება, ვინც ხელს ჩამკიდებს და დარბაზში პატარა ბავშვივით მიმიყვანს, ასეთი ადამიანი კი არ მყავს, სამწუხაროდ.

- ის ფაქტი, რომ არ ვარჯიშობ, შენი სხეულის ფორმებზე როგორ აისახება?

- სხვათა შორის, წინათ რომ სპორტსმენი ვიყავი, სხეულის მაშინდელი ფორმები მაინც შენარჩუნებული მაქვს. ახლახან, "მის და მისტერ პლანეტის" საერთაშორისო კონკურსზე, 25 ქვეყნის წარმომადგენელი - "მისები" და "მისტერები" მეკითხებოდნენ: სპორტსმენი ხარ, ყოველდღე ვარჯიშობო? ისეთი აღნაგობა მაქვს, ყველას ჰგონია, ვვარჯიშობ. მადლობა მამას (იცინის).

გართობა - იმ ახალგაზრდებს არ ვგავარ, რომლებიც პარასკევს, შაბათსა და კვირას 24 საათი კლუბებში არიან. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, მიუღებელია. დრო ასე რატომ უნდა დახარჯო, როცა შეგიძლია, თუნდაც, სახლში წიგნი წაიკითხო, რამე ისწავლო?.. თვეში ან თუნდაც, 3 თვეში ერთხელ კიდევ შეიძლება, განტვირთვის მიზნით, კლუბში წახვიდე, მაგრამ ჩემი მეგობრებიდან ბევრი მთელ დასვენების დღეებს კლუბებში ატარებს... თავისუფალ დროს ან ვკითხულობ, ან - ფილმებს ვუყურებ.

სწავლა - ჯერჯერობით არსად ვსწავლობ, მაგრამ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება მინდა. რაიმე საქმეს ხელს თუ მოვკიდებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ შემიძლია, მირჩევნია, ხელი საერთოდ არ მოვკიდო...

"რაც მინდა და ვინც მინდა, ის არ არის" - ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანი ტრიალებს, განსაკუთრებით - მას შემდეგ, რაც ახალი ფოტოსესიები დამეწყო და სოციალურ ქსელში ყოველდღე ახალ ფოტოებს ვაქვეყნებ, მაგრამ ხომ იცი, ცხოვრებაში როგორ ხდება? რაც მინდა და ვინც მინდა, ის არ არის (იღიმის)...

- ანუ შენს ცხოვრებაში არსებობს კონკრეტული პიროვნება, ვინც შენთვის სულერთი არ არის?

- დიახ. თავადაც არ ვიცი, ერთმანეთისთვის ვინ ვართ. ჯერჯერობით, არაფერი გვაქვს გარკვეული.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- კი. წინათ ძალიან მიყვარდა. მესმის, როცა ამბობენ, - მიყვარდაო... თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, ის არასდროს გავიწყდება - გიყვარს, მაგრამ შეიძლება შეიყვარო ვინმე სხვაც...

- მაშინ თქვენი ურთიერთობა რატომ ვერ აეწყო?

- ორივეს ძალიან რთული ხასიათი გვქონდა. გადავწყვიტეთ, ერთმანეთს ვერ ვუგებთ და მოდი, ურთიერთობა დავასრულოთ-თქო... ვფიქრობ, არ მინდა, ვინმე მიყვარდეს. ჩემი მეგობრებიდან ყველა ან გათხოვილია, ან - შეყვარებული ჰყავს. ვუყურებ, ერთმანეთთან როგორი თბილი დამოკიდებულება აქვთ. ვითომ ვტრაბახობ ხოლმე, - რა კარგია, არავინ მაკონტროლებს-მეთქი, მაგრამ როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, რატომღაც, ძალიან რომანტიკული ვხდები (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი