რომელი შენობები არ მოსწონს და რომელი ეამაყება ცნობილ არქიტექტორ-დიზაინერს - გზაპრესი

რომელი შენობები არ მოსწონს და რომელი ეამაყება ცნობილ არქიტექტორ-დიზაინერს

ამ საკითხთან დაკავშირებით, პროფესიონალის აზრით დავინტერესდით და წარმატებულ არქიტექტორ-დიზაინერს - ლელი შევჩენკოს ვთხოვეთ, დაესახელებინა დედაქალაქში მდებარე სამი შენობა, რომელიც არ მოსწონს და სამი - რომლითაც ამაყობს...

GzaPress- შენობები, რომლებიც არ მომწონს, არის:

კაზინოს შენობა, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთან მდებარეობს - არქიტექტურული თვალსაზრისით, უინტერესო, ბანალური და უნიჭოდ აშენებულია. ამ შენობამ ძველი თბილისის იერი დაამახინჯა. მისი აშენების შემდეგ, ამ კაზინოს ფონზე, აღარაფერი ჩანს. ნებისმიერი არქიტექტურული ნაგებობა რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: გარემოზე მორგებული უნდა იყოს; არქიტექტურული და დიზაინის თვალსაზრისით, ახალ სიტყვას თუ არ ამბობს, ძველსა და ისტორიულ-ინფრასტრუქტურულ "ქსოვილს" მაინც არ უნდა არღვევდეს; ქალაქის განვითარებაში თავისი ფუნქცია უნდა გააჩნდეს... ეს შენობა კი არც ერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

რიყის მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი - ქალაქის საერთო კონსტრუქციიდან და ძველი თბილისის კოტექსტიდან ამოვარდნილია რიყის ამფითეატრი, ე.წ. ტრუბები.

მშვიდობის ხიდი - თბილისში, ფეხით მოსიარულეთა ეს ხიდი მდინარე მტკვარზე, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის, ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით და თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში აიგო. ოფიციალურად, 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. ხიდის არქიტექტორი იტალიელი მიკელე დე ლუკი გახლავთ. არ მიმაჩნია, რომ ძველ თბილისში ყველაფერი კონსერვატიული მიდგომით უნდა აშენდეს, რადგან ძველი და ისტორიულია. უბრალოდ ჩემი, როგორც არქიტექტორის პოზიციაა, რომ როცა ისტორიულად მნიშვნელოვან უბანში რაიმე ახალი პროექტდება, ახალმა ნაგებობამ თავისი სიტყვა უნდა თქვას და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახალი ისტორიული შრე გააჩინოს, რასაც ამ ნაგებობაზე ვერ ვიტყვით. კარგი იქნებოდა, რომ სადმე ნეიტრალურ, ისტორიული კონტექტისგან თავისუფალ ტერიტორიაზე (მაგალითად - დიღომში) განთავსებულიყო, მაგრამ იმ ადგილას, სადაც დღეს მდებარეობს, ის ძალიან მასიურად და მძიმედ აღიქმება, ფუნქციურადაც დაუტვირთავია.

- შენობები, რომლებიც მეამაყება, არის:

GzaPressსიონის ქარვასლა (სიონის ტაძართან მდებარე ისტორიული შენობა) - ეს შენობა განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან უძრავი ქონების მართვისა და განვითარების ცნობილ კომპანიაში მუშაობისას, მაია მანიას და სხვათა კვლევების დეტალური გაცნობა-შესწავლა და მიწისქვეშა სარდაფებში ფორთხიალმა დიდხანს მომიწია (ამ შენობას მიწის ქვეშ კიდევ ორი სართული აქვს. მდინარის ქვეშ არხები გადის - ქარვასლაში ხომ პირდაპირ მტკვრიდან მიდიოდნენ ნავებით? მე-19 საუკუნის ბოლოს მდინარის დონემ დაიწია, მტკვარი ბეტონის არხებში მოაქციეს, რიყეზე გაშენებული დასახლება - მადათოვი კომუნისტებმა მოშალეს, წისქვილები აიღეს), რათა ქარვასლასა და მანშთაშევის შენობას შორის დამაკავშირებელი ისტორიული დერეფნები გვეპოვა, მერე კი ამ დერეფნების გათხრების პროცესსაც ვადევნებდი თვალს - ის ხომ მიწით იყო დაფარული? შენობის გვერდით გაყოლებულ სასეირნო ნაწილს, ახლა რომ "მწვანე რიგი" ჰქვია, "ბნელი რიგი" ერქვა. ამ შენობის უნიკალურობა არა მხოლოდ არქიტექტურულ ღირებულებაშია, არამედ - ის არის ნაგებობა, რომელიც რამდენიმე საუკუნის ფენასა და შრეს, სტილისტურ ცვლილებებს მოიცავს, გადატანილი აქვს ხანძარი და რესტავრაციებიც...

ყოფილი ტრანსპორტის სამინისტროს შენობა - საბჭოთა არქიტექტურის ნიმუში, რომელიც საბჭოთა მოდერნიზმის სიმბოლოდ ითვლება, 1975 წელს არქიტექტორების - ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტით აიგო. შენობის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსმა" დაწერა: "ეს არის დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე".

GzaPressსპორტის სასახლე - მისი მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა; მშენებლობას არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი, თანაავტორებთან (იური კასრაძე, დავით ქაჯაია) ერთად ხელმძღვანელობდა. მესხიშვილის მეუღლე, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იხსენებს: - ლადო ესკიზს ესკიზზე ხატავდა, ვარიანტს ვარიანტზე ქმნიდაო... მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა სიტყვები, რომლებიც ესკიზების გაუთავებელი ხატვისას უთქვამს: ჩემი მიზანია, ავაშენო ისეთი ნაგებობა, რომ სპორტსმენსაც და მაყურებელსაც გარანტირებული ჰქონდეს პირადი თავისუფლებაო.... კვადრატული ფორმის გუმბათოვან-თაღოვანი შენობის გარე პერიმეტრი 352 მეტრია, შიდა - 304 მ. ტრიბუნები 9305 მაყურებელს იტევს. შენობის ერთი მესამედი (პირველი იარუსი) მიწაშია ჩაღრმავებული, სფეროს ფორმის მონოლითური, რვაწახნაგიან კონტურში ჩადგმული რკინაბეტონის კონსტრუქციით (შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში).

ეთო ყორღანაშვილი