"დარწმუნებული ვიყავი, არც სალომე იყო ნორმალური" - გზაპრესი

"დარწმუნებული ვიყავი, არც სალომე იყო ნორმალური"

გიორგი გილიგაშვილის (რომელსაც მეტსახელითაც - "ჩემმა მზემ" იცნობენ) საუბრის მანერის, თანამედროვე ქართული ენისგან განსხვავებული ტერმინოლოგიის და სიდარბაისლის ფონზე, ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე, მეტყველებისას გიორგი სიტყვას - "სვეცკი" აქტიურად იყენებს. ამაში "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი მეწყვილე - სალომე ჭაჭუა გამოგვიტყდა... სალომესთან ერთად, გიორგი გილიგაშვილის პროექტში გამოჩენამ თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ შესრულებული პირველივე ნომერი საოცრად შთამბეჭდავი იყო. პარტნიორები თავს არ ზოგავენ, რომ მაყურებლებს მაქსიმალური შედეგი აჩვენონ... "თავისუფალ ტურში" წყვილმა ვენური ვალსი შეასრულა...

სალომე:

- "თავისუფალი ტური" - ეს არის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს მეწყვილეს პროფესიონალი მოცეკვავეები. საერთოდ, ქორეოგრაფიის შექმნაში აქტიურად ჩართული ვარ. ამიტომ, ამ ტურის მოთხოვნას არ მივყევი. პირველი ტურიდან მოყოლებული, ჩვენ მიერ შესრულებული ყველა ნომერი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო - დარგით, ხასიათით, შესრულებით და ა.შ. ვენური ვალსიც განსხვავებული ხასიათით წარმოვადგინეთ - უფრო მეტად ცხელი და ვარვარა.

- ანუ გიორგის ხედავ, როგორც ცხელსა და ვარვარას?

- არა, ისედაც ასე ვგეგმავდი, მხოლოდ ამ ტურის გამო არ შემირჩევია. გიორგის მხოლოდ ამ კონტექსტში კი არა, ბევრნაირ ხასიათში ვხედავ. დაახლოებით მისი ხასიათი დავინახე, როდესაც შოუში ჩვენი პირველი ცეკვა - კონტემპორარი შევასრულეთ, რომელშიც გიორგის ღრმა ხასიათი იყო წარმოდგენილი. ახლა უფრო იმ "ხაზს" მივყვებით, რომ მაყურებლებს ყოველ ტურზე სხვადასხვა ცეკვა ვაჩვენოთ. ვენური ვალსიც ასე წარმოვადგინეთ.

- რეპეტიციები როგორ მიდის?

გიორგი: - საოცრად. როგორც სალომე ამბობს, თითოეული ცეკვა, ხასიათი განსხვავებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სალომე მიამბობს ჯერ ამ ხასიათის, შემდეგ - ცეკვის, მერე - ცეკვის ქრონოლოგიის შესახებ, ბოლოს კი ეს ყველაფერი უნდა გავითავისო, ანუ ჩემი ახალი ხასიათის საკუთარ თავთან შერწყმა სალომეს მხრებზე გადადის ხოლმე. ხასიათის ბოლომდე გასათავისებლად ძალიან ბევრს ვაწვალებ. სალომემ საკუთარ თავთან მუშაობა მასწავლა.

- ვიდრე პროექტში პარტნიორები გახდებოდით, მანამდე ერთმანეთის შესახებ რა იცოდით?

GzaPressსალომე: - ვიცოდი, რომ არსებობდა გიორგი გილიგაშვილი - "ჩემმა მზემ" (იღიმის). საერთოდ, წარმოდგენილი მქონდა, რომ ის საოცრად "ღრმა" და კარგი პიროვნება იყო. ნამდვილად ასე აღმოჩნდა. ადამიანის ენერგეტიკაში იშვიათად ვცდები. ამიტომ ეს პიროვნება კიდევ უფრო მეტად დავაფასე.

გიორგი: - მე ვიცოდი, რომ არსებობდა "მისმა სინათლემ" - საოცრად ლეგენდარული გოგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავის საოცარ თვისებებს აშკარად კიდევ არ ავლენდა, საზოგადოებამ მის შესახებ ბევრი რამ არ იცოდა. ეს მოლოდინი ასგზის და უფრო მეტადაც გამიმართლდა. სალომე ისეთი "ღრმა" ადამიანია, რომ აკვალანგის გარეშე, მასთან ურთიერთობა რთულია (იცინის). სალომემ ენერგეტიკა ახსენა. ამ მხრივ, ჩვენი ენერგია ერთმანეთს დაემთხვა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ საკუთარი ეგოდან გამომდინარე მიღწეულ სიმაღლეს კი არ ემსახურება, არამედ - მთელი სოციუმის სიმაღლეს. ჩვენ იმ იდეას ვემსახურებით, რომ მხოლოდ მე ან ის კი არ იყოს კარგად, არამედ - ჩვენ ვიყოთ კარგად.

- გიორგი რეპეტიციებზეც მისთვის დამახასიათებელი მანერით, ტერმინოლოგიით საუბრობს?

სალომე: - ეს ხომ "მისია"? გიორგი ასეთია. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს მონუსხავს, მისი საუბრის მანერა ნებისმიერს მოეწონება.

გიორგი: - რომ იცოდეთ, სალომეს ტერმინოლოგიით ვსაუბრობ: როგორც კი დარბაზში შევდივარ, მაშინვე ვიწყებ: ბოტოფოგო, სპოტბრუნი, სვინგი, ჩეკი (იცინის)... ბევრი უცხო სიტყვა ვისწავლე, რისთვისაც მადლობა სალომეს.

სალომე: - უბრალოდ, როდესაც ამ ცეკვებს კარგად დაეუფლა, სხვაგვარად გარდაუვალი იყო - ყველაფერს თავისი დასახელება აქვს. ამას გიორგი იმახსოვრებს.

- გიორგისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიით ხომ არ საუბრობ ხოლმე?

- ძალიან უყვარს სიტყვები: "სვეცკი" (ეს მეც "გადმომედო"), "ჩემმა მზემ" და კიდევ, "ჩემმა სინათლემ" (რადგან "სალომე" "სინათლეს" ნიშნავს).

- იცოდი თუ გიორგიმ გითხრა, რომ "სალომე" "სინათლეს" ნიშნავს?

- ვიცოდი, ამის შესახებ მე ვუთხარი... კიდევ, "პეპელასაც" მეძახის.

- გიორგი, ალბათ, სალომეს ცეკვები წინათაც ნანახი გქონდა...

- ზეპირად ვიცოდი, რამდენიმე კი - თხრობით (იცინის). ჩემ შესახებ იშვიათად ამბობენ, ნორმალურიაო. ძირითადად, ჩემი აღწერა სიტყვით - "არანორმალური" შემოიფარგლება ხოლმე. დარწმუნებული ვიყავი, არც სალომე იყო ნორმალური. მისი არანორმალურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მის მიერ შესრულებული ცეკვა სხვებისგან აბსოლუტურად განყენებული იყო, ანუ სალომე სხვა იყო, როგორც მოცეკვავე, სხვა მოცეკვავეები კი - სხვანი იყვნენ... ასე რომ, ძალიან იღბლიანი ვარ (იღიმის).

- როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენი პარტნიორის ვინაობა შეიტყვე?

- სალომემ მაშინვე რუჯი მიიღო (იცინიან).

სალომე: - რა თქმა უნდა, დადებითი რეაქცია მქონდა. რომ გითხრათ, არ ველოდი და გამიკვირდა-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან პროექტის მონაწილეთა საერთო შემადგენლობა ვიცოდი და ვვარაუდობდი, რომ ჩემი მეწყვილე გიორგი იქნებოდა. ეს ვარაუდი გამართლდა.

- ელოდი, რომ ასეთი მონდომებული და ნიჭიერი აღმოჩნდებოდა? - იცი, რა? როცა შევიტყვეთ, რომ მეწყვილეები ვიყავით, ერთად ვიცეკვებდით, მისთვის შეკითხვების დასმა და იმის თქმა, რომ რთული ცეკვები უნდა შეგვესრულებინა, ბევრი გვეშრომა, ბოლომდე დავხარჯულიყავით, საერთოდ არ დამჭირდა - ყველაფერზე ამომწურავად მესაუბრა. ბოლოს ვუთხარი, - შეკითხვები არ მაქვს, ყველაფერი გასაგებია-მეთქი. ასე რომ, შეხვედრიდანვე მივხვდი, როგორ ადამიანთან მქონდა საქმე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან გიორგი ზუსტად ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, როგორიც მე მიყვარს საქმეში - მაქსიმალისტი.

- არასდროს გიკამათიათ?

გიორგი: - ეს შემოქმედებითი პროცესია. შემოქმედებითი წვის დროს ზოგი უფრო მეტად ემოციურია, ზოგი - ნაკლებად, რაც საბოლოოდ შედეგს ქმნის. ამას კამათს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, სალომე ისეთი უკანდაუხეველია, რომ 99-ჯერ რომ შემეშალოს, ერთსა და იმავეს 199-ჯერ გამიმეორებს. როცა მგონია, ენერგია ამოწურა და ახლა დაიღლება-მეთქი, ბოლოს მაინც ისე ხდება, რომ ისევ მე მიწევს თქმა, - წამოდი, 2 ლუკმა შევჭამოთ, გთხოვ-მეთქი (იცინის). თვითონ ამაზეც არ აქვს პრობლემა - შეუძლია, დღე და ღამე იმუშაოს. აუღებელი ციხესიმაგრეა.

- წინათ გიცეკვია? - მთელი ცხოვრება ვცეკვავ, ვმღერი, პოეზიაში ვარ... სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს რაც შეეხება, ალბათ, როგორც ყველა, ბავშვობაში ცეკვის წრეზე მეც დავდიოდი, თუმცა, რომ ვთქვა, ამ დარგის სპეციალისტი ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება.

GzaPress სალომე: - ნებისმიერი სფერო ყოველწლიურად ვითარდება. ამ მხრივ, არც ცეკვაა გამონაკლისი. ამიტომ ბავშვობაში ცეკვაზე სიარული ახლა, როცა წლებია, აღარ ცეკვავ ადამიანი, სამწუხაროდ, არაფერში გეხმარება - ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ქორეოგრაფების, ჟიურის წევრების მიმართ პროტესტის გრძნობა გაგჩენია?

- არასდროს, რადგან როდესაც მეწყვილესთან ერთად ცეკვას ვქმნი, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია: ქორეოგრაფიულ დადგმაში, თემის შერჩევაში მეც აქტიურად ვმონაწილეობ. მერე კონკრეტულ რაღაცაზე ვჯერდებით და კარგ ნამუშევარს ვქმნით... ჟიურის წევრებს რაც შეეხებათ, როდესაც დადებითად გვაფასებენ, ეს ძალიან კარგია და გვსიამოვნებს - ე.ი. ტყუილად არ გავრჯილვართ. შეცდომებს რაც შეეხება, ეს ყოველთვის იქნება და განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შენიშვნები მივიღოთ და მომდევნო ტურისთვის აღმოვფხვრათ.

გიორგი: - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რა ნომრებიც შევასრულეთ, ყველას შექმნაში სალომე უშუალოდ მონაწილეობდა. ქორეოგრაფები მის პროფესიონალიზმს ენდობიან. ამიტომ ქორეოგრაფიის შექმნაში სალომეს დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც დამუშავების თვალსაზრისით, ისე - თემატურად.

- პროექტში მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

სალომე: - უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავებს, ანუ ჩვენს თავს უნდა ვაჯობოთ...

ეთო ყორღანაშვილი