"მე და გიორგი გაბუნიას საერთო არაფერი გვაქვს" - გზაპრესი

"მე და გიორგი გაბუნიას საერთო არაფერი გვაქვს"

უშუალო, უბრალო, ენამოსწრებული და მხიარული - ასე ახასიათებენ გიორგი გაბუნიას, "ღამის შოუს" წამყვანს. გიორგი 25 წლისაა, ქუთაისელი, პროფესიით ენერგეტიკოსი, თუმცა ამ პროფესიასთან ბევრი არაფერი აკავშირებს. გიორგისთვის მისი გადაცემის სასურველი სტუმარი - ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემაა. ვიდრე ეს სურვილი აუხდება, მანამდე ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობაზე გვიამბობს და იმასაც გაგვიმხელს, როგორი გოგონები მოსწონს.

- 3 წელი ვიმუშავე ტექნიკოს-ელექტრიკოსად და საკმაოდ ცუდად მახსენდება ეგ პერიოდი, რადგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებდი. სტუდენტობის პერიოდში "მანსანკანში" ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ვასპარეზობდი და ვიდრე საქართველოს ჩემპიონები არ გავხდით, არ მოვისვენეთ. 4 წლის წინ "გააცინე და მოიგეში" მივიღე მონაწილეობა, მაგრამ 1.000 ლარზე რომ ვთამაშობდი, წავაგე. მერე რადიოში დავიწყე მუშაობა ზვიად ბლიაძესთან, მერე იყო "POშთV", "მაესტროზე" მიმყავდა ღამის შოუ, რომელიც ახლა უკვე "იმედზე" გადის. მინდა ვთქვა, რომ ჩემს ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად ბლიაძეს, შალვა რამიშვილს, ჩემს პროდიუსერ მერიკო კარტოზიას, ასევე ჩემი გადაცემის რეჟისორსა და სცენარისტ გივი მელაშვილს, რომელმაც თავის დროზე შემამჩნია და ბიძგი მომცა.

- ახალ ტელევიზიასა და გარემოს როგორ შეეწყვე?

- კოსტიუმი და ბენდი შემეცვალა, თორემ სხვა არაფერი, ისევ იმ გუნდთან ერთად ვმუშაობ, ვისთანაც ვმუშაობდი. უბრალოდ, შოუში უფრო მეტი ახალი სახე, პერსონაჟები დავამატეთ და ბევრად უფრო სასაცილო გავხადეთ ხუმრობები - უფრო მკაცრად ვარჩევთ, რადგან მაყურებელი ავტომატურად მოგვემატა. როცა რეიტინგულ ტელევიზიაში მუშაობ, იუმორის დონეც უნდა დაიხვეწოს.

- პოლიტიკური იუმორი უფრო რთული "საკეთებელია"?

- "მანსანკანის" პერიოდში პოლიტიკური იუმორი ნაკლებად მხიბლავდა, თუმცა "ღამის შოუს" ფორმატი მთლიანად პოლიტიკური სატირაა. გინდა, არ გინდა, გარკვეულ შაბლონს ვერ ასცდები, როცა მსგავსი ტიპის შოუ მიგყავს და შესაბამისად, მიწევს საქმის კურსში ყოფნა, ვინ რას აკეთებს, ვინ რა თანამდებობაზეა, ვინ რა თქვა და ა.შ. ვის როგორი იუმორი აქვს, მაგასაც ვიგებ. ჯერჯერობით რამდენიმე პოლიტიკოსი მყავდა სტუმრად - არჩილ თალაკვაძე, რომელსაც კარგი გურული იუმორი აღმოაჩნდა; კახი კალაძესაც კარგი იუმორი აქვს. სალომე ზურაბიშვილიც მყავდა, მანაც მოჰყვა რაღაცები, მაგრამ ვფიქრობ, თავშეკავებული იყო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს უფრო სერიოზული და გაწონასწორებული იუმორი ახასიათებს.

- გაწონასწორებული სერიოზული იუმორიც არსებობს?

- კი, არის ასეთიც - ერთს იტყვი, ბევრს არ ილაპარაკებ, მაგრამ ძალიან სასაცილოს.

- ამბობდნენ, ვასიკო ოდიშვილის გადაცემას - "ვასმედია" დახურვის საფრთხე დაემუქრა, რაკი ირაკლი კობახიძეზე იხუმრა და ეს ხუმრობა ადრესატს არ მოეწონაო. ასეთი რთული ტიპი ჩანდა?

- პარლამენტის თავმჯდომარემ ბენდთან ერთად დაუკრა და გაერთო. ადამიანი, რომელიც ბრაზიანია და ბოროტი ზრახვები აქვს, არა მგონია, ასე მოიქცეს. უბრალოდ, გადაცემაში სერიოზული სახით იჯდა, ხუმრობებზე აშკარად ეცინებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. ძალიან უშუალო იყო და გამიადვილდა მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, შეგიძლია სტუმარი გააშარჟო და ეხუმრო, ოღონდ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს არ უნდა გასცდე. არა მგონია, ამის გამო საშიშროება შეჰქმნოდა ვასიკოს გადაცემას, მით უმეტეს, რომ პაუზის მიზეზი უკვე ითქვა.

GzaPress

- შენთვის გამორჩეული რესპონდენტი რომელი იყო? - კახი კალაძე და ვიტყვი, რატომაც: ჯერ ერთი, რომ პირველი სტუმარი იყო და როდესაც პირველი გადაცემა თბილისის მერის სტუმრობით იწყება, უკვე კარგია. ჩემთვის კალაძე არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ვინც ჰყოლია საქართველოს. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიყავი, ამიტომ ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეგ გახლდათ. ნანი ბრეგვაძეც არაჩვეულებრივი იყო, თემურ თათარაშვილიც, მაგრამ მაინც კალაძეს გამოვარჩევდი, რადგან ჩემი ბავშვობის "კუმირია".

- ასაკით უფროს სტუმართან უხერხულობას არ გრძნობ?

- სხვათა შორის, კი. როდესაც შოუს დასრულების შემდეგ განვიხილავთ, რა იყო კარგი და რა ცუდი, რა შეიძლებოდა უკეთესად გაგვეკეთებინა, უთქვამთ, რომ ვიღაცებთან მოკრძალებული ვარ და უფრო მეტად უნდა გავიხსნა. როდესაც ქალბატონი ნანი გიზის სტუდიაში, იმის მიუხედავად, რომ ჩემი შოუა და ჩემი სტუმარია, ცოტა არ იყოს, რთულია სხვანაირად ელაპარაკო. ვფიქრობ, მოკრძალება მაინც საჭიროა. უნდა იცოდე ზღვარი ხუმრობასა და თავხედობას შორის და ამ ზღვარს არასდროს უნდა გადახვიდე. საერთოდ, პოლიტიკური სატირის მიზანია, ხალხის სათქმელი ითქვას და მიიტანოს მათი ხმა ამა თუ იმ პოლიტიკოსამდე. ასე მგონია, მე ვშუამავლობ მათ შორის და იუმორით ვეუბნები პოლიტიკოსებს იმას, რაც ხალხს არ მოსწონს და უნდათ, შეიცვალოს. ეს კი არც ისე ადვილია...

- ადვილად თანხმდებიან შოუში მონაწილეობაზე?

- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემი პროდიუსერი მერიკო ვერ დაიყოლიებს, უბრალოდ, თვალთახედვის არეში უნდა ჰყავდეს, რომ ხმა მიაწვდინოს. ერთი ეგ არის, რომ დროს ვერ ვუთანხმებთ, ზოგი ძალიან დაკავებულია, ზოგი საქართველოში არ არის... აი, ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩაწერა გვინდა, მაგრამ საზღვარგარეთაა და ველოდებით, როდის ჩამოვა.

- როგორი იუმორი გახასიათებს ან თვითონ როგორი იუმორი მოგწონს?

- კლასიკური იუმორი უფრო მხიბლავს, თუმცა კუთხურ იუმორზეც მეცინება. ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი, რომ განსაკუთრებით იმერული იუმორი მომწონს. ყველა კუთხეს აქვს თავისებური პეწი ამ თვალსაზრისით, მაგრამ იმერული მაინც სხვანაირია - არ არის ბოროტი, შურიანი, მსუბუქია და კეთილი.

- დაიხსენე საუკეთესო მონოლოგი, ხუმრობა...

- ხორვატებს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული ნაკრების დამარცხება სიმღერით მივულოცეთ - ბენდთან და სტუმართან ერთად "დინამო-დინამოს" სახეცვლილი ვერსია შევასრულეთ. არ გვეგონა, თუ ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. ჯერ ხორვატიის არხზე, მერე კი მიმოხილვაში "ბიბისისა" და "სიენენის" სიუჟეტთან ერთად გაშუქდა ეს ფაქტიც. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ შუკერმა გუნდის გულშემატკივრობისთვის სამადლობელო ვიდეო ჩაწერა და გამოგვიგზავნა - ეს ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. კიდევ რამდენიმე ხუმრობა მიყვარს განსაკუთრებით, მაგალითად, ეს: "მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე რუსეთში რობი უილიამსმა იმღერა და შემდეგ მაყურებლებს შუა თითი უჩვენა; საქართველოში რომ იყო ჩამოსული, უკანალი გვაჩვენა - რუსებს შუათითი აჩვენა და ჩვენ - უკანალი, ხედავთ, როგორ გვენდობა ეს კაცი?" როდესაც ბიძინამ განაცხადა, პოლიტიკაში ვბრუნდებიო, იმდროინდელია ეს ხუმრობა: ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა. ის საჩხერელიაო, პარლამენტის თავმჯდომარე - რაჭველიო, უმრავლესობის ლიდერი - გურული, თბილისის მერი სამტრედიელი. მგონი, სოლომონ მეფე ბრუნდება და გვიმალავენ..." 3 დუბლი დამჭირდა ამ გადაცემის ჩაწერაზე, ისე მეცინებოდა ამ ხუმრობაზე.

- ეს ის გიორგი გაბუნია არ არის, ეს ზრდილობიანი გიორგი გაბუნიააო, - ასე ამბობენ თურმე შენზე. ხშირად ერევით 2 გიორგი და 2 გაბუნია ერთმანეთში?

- (იცინის) მე და გიორგი გაბუნიას საერთო არაფერი გვაქვს სახელისა და გვარის გარდა, ერთადერთხელ შევხვდი "რუსთავი 2-ის" დერეფანში. არანაირად არ ვგავართ ერთმანეთს, არც იდეოლოგიურად და არც რამე სხვა ასპექტში. ადრე უფრო ეშლებოდათ, რომელი რომელი ვიყავით, ახლა ნაკლებად. არ ვიცი, რატომ დამერქვა ეს სახელი - ზრდილობიანი გიორგი გაბუნია. "იმედის დილაში" გაჟღერდა პირველად, სტუმრად გვყავს "ღამის შოუს" ახალი წამყვანი გიორგი გაბუნია, ოღონდ ზრდილობიანი გიორგი გაბუნიაო. ზრდილობიანი ნამდვილად ვარ და მიხარია, თუ ამ ნიშნით განგვასხვავებენ ადამიანები...

- გარდა ამისა, კიდევ როგორი ხარ, რა შეგიძლია გვითხრა შენზე? ხშირად ამბობენ, იუმორისტები რეალურ ცხოვრებაში უჟმურები არიანო. შენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

- უჟმური ნამდვილად არ ვარ. ქუჩაში ვერ დავიწყებ ხუმრობას და შოუს ვერ მოვაწყობ, მაგრამ ახლობლებთან და მეგობრებთან მხიარული ვარ. არის მომენტი, როცა არ გეხუმრება და არ გეცინება. ყოველთვის მხიარული ხომ არავინ არის? ენერგიული და მოძრავი ვარ. მიყვარს მოგზაურობა, მიზიდავს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, ბუნება, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძირითადად საქართველოში ვმოგზაურობ. მიყვარს სიმღერა, ვუკრავ გიტარაზე, მსიამოვნებს მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება. ვცხოვრობ დედასთან და 13 წლის დასთან - ბარბარესთან ერთად. ახლა ჩვენთან ერთად ბებია და ბაბუაც არიან.

- დასაქორწინებელი ხარ? როგორი გოგონები მოსწონს გიორგი გაბუნიას, ბარემ ესეც გვითხარი.

- რაც მთავარია, გიორგი გაბუნიას გოგონები მოსწონს (იცინის) და ახლავე გეტყვით, როგორიც. მომწონს გოგონები, რომელთაც რაღაც დონეზე იუმორის გრძნობა აქვთ, არიან გახსნილები და კომუნიკაბელურები, არ არიან ზედმეტად გაპრანჭულები და ქედმაღლები. კონკრეტულად, ქერა ან ცისფერთვალება გოგონები მომწონს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მომწონს ქერათმიანებიც, შავთმიანებიც და წაბლისფერთმიანებიც. მთავარია, ისეთი პრინციპები და ღირებულებები ჰქონდეს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. და კიდევ, მაფანატებს, ვგიჟდები, როცა გოგო მღერის და საუბრობს რამდენიმე უცხო ენაზე.

ნინო ჯავახიშვილი