"მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ სიყვარულია" - გზაპრესი

"მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ სიყვარულია"

ანი ტყებუჩავა მიიჩნევს, რომ ადამიანები მუდმივად სიახლისკენ მივისწრაფვით, რათა გონებრივადაც და სულიერადაც განვვითარდეთ. მაშინ, როცა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ანის პერსონაჟი - ნინა სიმსივნის დიაგნოზისგან მიღებულ სტრესს ებრძვის და სამკურნალოდ ემზადება, მსახიობი ახალ სამუშაო სფეროში გვევლინება: ანი ტყებუჩავა ახალი ტელეგადაცემის - "მთავარი ექიმი" ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ... მსახიობსა და ტელეწამყვანს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ.

- მართალია, ჯერ მცირეწლოვანი შვილები გყავთ, მაგრამ მათ მომავალზე თუ გიფიქრიათ?

- ვფიქრობ, რომ მათი უნარების მაქსიმალურად გამოვლენას და განვითარებას ხელი უნდა შევუწყო. ყველა სასწავლო წრეზე ისტერიკულად არ ვატარებ. მათ სურვილებს, შესაძლებლობებს გავითვალისწინებ. ეს ხომ ცოცხალი პროცესია? ვეცდები, შვილებს მრავალფეროვანი განათლება მივცე და მათ პროფესია თავად აირჩიონ, რადგან მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი რასაც აკეთებ, ის შენი არჩევანი და სიყვარული იყოს. მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ სიყვარულია, პროფესიაშიც და ოჯახშიც.

- უფროსი შვილი რაიმე სფეროს მიმართ ინტერესს უკვე ხომ არ ამჟღავნებს?

- ნენე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 4 წლის არის, ფერთა საოცარი შეხამებით ხატავს - ძალიან საინტერესოა. კარგად მღერის, ცეკვავს, არტისტული ბავშვია. ახლა უნდა, რომ ბალეტზე მივიყვანოთ. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ... თაია ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ სმენით რაღაც ბგერებს იმეორებს.

- შვილების აღზრდისას დაბნეულხართ?

GzaPress - კი, როგორ არა (იღიმის)! ნენე ისეთი მატრაკვეცაა და ისეთ ჭკვიანურ რაღაცებს ამბობს, რომ ადამიანს დაგაბნევს კი არა, საერთოდ ვერ მიხვდები, რა უპასუხო, გეცინება... ერთხელ საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულს რაღაცას ვეუბებოდით, მან კი გაგვაფრთხილა: - იცით, რა, მე მოფერება რომ ვიცი, გაბრაზებაც ვიცი, ჭკვიანად იყავითო (იცინის)... - დასჯის რა მეთოდი გაქვთ? ბავშვისთვის როგორი ფორმით მიგინიშნებიათ, რომ ესა თუ ის საქციელი ცუდია?

- ძალიან მარტივად. გააჩნია, რას აკეთებს. არ ვსჯი ხოლმე. "მოსაფიქრებელი სკამი" გვაქვს. როცა ცუდად იქცევა, რაღაცას არასწორად აკეთებს, "მოსაფიქრებელ სკამზე" იმდენ წუთს ჯდება, რამდენი წლისაც არის და ფიქრობს, ცუდი საქციელი რატომ ჩაიდინა. ასეთ დროს ჩვენგან იზოლირებულიც არ არის, რომ დაიბნეს. ვფიქრობთ ხოლმე, ჩადენილი არასწორი საქციელი რით გამოვასწოროთ... კიდევ, ვარდისფერი კონვერტი გვაქვს, რომელიც მაცივარზეა მიკრული. ამ "კონვერტს" ნენეს კარგი საქციელების შესახებ ვუყვებით, "კონვერტი" კი, ტკბილეულის სახით, სიურპრიზებს ახვედრებს. ეს ბავშვისთვის წახალისებაა.

- ეს მეთოდი თქვენ მოიფიქრეთ?

- დიახ, წასახალისებელი მე მოვიფიქრე, დასჯის მეთოდი ("მოსაფიქრებელი სკამი") კი ბავშვთა ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილია. ზოგი ამბობს, ბავშვი გვერდით ოთახში უნდა გაუშვა, რომ იზოლირებულად იყოსო, მაგრამ ბავშვის საქციელსაც გააჩნია. იზოლირებას და სადმე გაგდებას, მირჩევნია, "მოსაფიქრებელ სკამზე" დაჯდეს, რადგან მერე თვითონაც მოტივირებულია კარგი საქციელის ჩასადენად. მაგალითად, გუშინ მითხრა, - დედა, გინდა, თავი ისე დავიბანოთ, რომ არ ვიტირებო? ერთი სული ჰქონდა, თავს როდის დავბანდი. ადრე წუწუნებდა ხოლმე, ახლა - უკვე აღარ: ნელ-ნელა გაიზარდა და რაღაცნაირად, მისი ცქერა გულისამაჩუყებელია...

- როგორ ფიქრობთ, რა აიძულებს ქალს, რომ ოჯახური ძალადობა აიტანოს?

- ჩვენი მშობლები ამ თემაზე არ გველაპარაკებოდნენ. შეიძლება, მათგან არ გვაქვს ეს, ასე ვთქვათ, კულტურა. სხვაგვარად ვფიქრობთ. ოჯახის შენარჩუნებას მაქსიმალურად ვცდილობთ, თუნდაც - რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ არა მგონია, რომელიმე მოძღვარი ოჯახური ძალადობის მომხრე იყოს. ზუსტად ვიცი, ჩემი მამაო ამის მომხრე არ არის... ოჯახური ძალადობის ატანის მიზეზი ის არის, რომ ქალებს არჩევანი არ აქვთ: მიაჩნიათ, რომ ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, საკუთარ შვილებს მატერიალურად ვერ უზრუნველყოფენ და გამბედაობა არ ჰყოფნით. უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ფიქრობენ, რეალიზებულები ვერ იქნებიან, თუკი მარტო იცხოვრებენ. ძალიან დამოკიდებულები არიან. შიში და კიდევ ბევრი ფაქტორი არის მიზეზი, რის გამოც ქალი ოჯახურ ძალადობას იტანს.

GzaPress- რეალურად, ოჯახური ძალადობის ფაქტებს გადასწყდომიხართ?

- არა, საბედნიეროდ.

- როცა მელანქოლიური ფიქრები გეძალებათ, თქვენთვის განტვირთვის საშუალება რა არის?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გამოვიძინო. შემდეგ, თუ რამე "ისეთია", მეუღლესთან ერთად ვაანალიზებ, ვსაუბრობთ... ლევანი ძალიან გონიერია. ამ მხრივ, ძალიან მეხმარება ხოლმე. რა თქმა უნდა, მეგობრებთან ყოფნაც მეხმარება.

- გყავთ ისეთი მეგობრები, რომლებსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით, იკრიბებით?

- ასეთი ჩემი ბავშვობის მეგობრები და თანამშრომლები არიან. მათი დანახვა ყოველთვის მიხარია. ბავშვებთან ურთიერთობაც განტვირთვის საოცარი საშუალებაა. როგორც ბავშვია დათრგუნვილი უცხო გარემოში და ჩახუტებას ითხოვს, იგივე სჭირდება ზრდასრულ ადამიანსაც. ნენეს და თაიას რომ ჩავეხუტები, ასეთ დროს ბევრი პრობლემა გვარდება. ეს საოცარი, ჯადოსნური წუთებია.

- შენთვის "გათხოვილი ქალის" სტატუსი რას ნიშნავს?

- რა ვიცი, ალბათ, რაღაცნაირად, ცხოვრების სტილი იცვლება, თორემ მეტი - არაფერი. ფასეულობების, პრიორიტეტების გადაადგილება ხდება ხოლმე.

- ე.წ. ქალური ბედნიერება შენთვის რა არის?

- ქალური ბედნიერება შეიძლება, ერთი ბეწო რაღაც იყოს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველა ჯანმრთელად, ძალიან კარგად იყოს, მაგრამ მაგალითად, მცირე ყურადღება, საჩუქარი, შექმნილი გარემო, ზრუნვა - როცა თავს ქალად გაგრძნობინებენ და ხვდები, "მისთვის" ერთადერთი ხარ, ნაფიქრი აქვს, თუ როგორ გაგაბედნიეროს, ეს არის ქალური ბედნიერება. ალბათ, სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როცა ამბობენ, - რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვისო...

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალობა რთულია?

- როგორც ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი რთულია, მაგრამ მართალი არ ვიქნები, რომ ვთქვა - საქართველოში ქალობა რთულია-მეთქი. ძალიან მარტივ და უხეშ მაგალითს დავასახელებ: საქართველოში ჩადრებით არ დავდივართ... ყველაფერთან ერთად, ქართველი ქალი ძალიან ძლიერია - ეს ყველა ეპოქაში თავისებურად ასეა. ამიტომ ქართველი ქალი რომ გქვია - ეს საამაყოა.

- სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- ყველა დიასახლისს და საერთოდ, ყველა ქალს გასჩენია სასოწარკვეთის გრძნობა, როცა ყველაფერი "თავზე აყრია", ქაოსშია. ამ დროს უნდა დაჯდე, ჭიქა ყავა ან ღვინო დალიო, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს. მერე უკვე პრაგმატული, ჭკვიანი, შემდგარი და მიზანდასახული ხარ - იცი, რა გინდა და ყველაფერს ალაგებ... ცხოვრება ძალიან ქაოსურია და სამწუხაროდ, რუტინულიც - ხშირად ერთი და იმავეს კეთება, ერთი და იგივე გარემო ცხოვრებას გემოს უკარგავს. ადამიანები სულ ახლის ძიებაში ვართ, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ, გონებრივადაც და სულიერადაც.

- ახლობლები ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?

- "ესემესები" სწორად დაწერეო (იცინის), რადგან ჩემ მიერ დაწერილ მესიჯებს ვერავინ კითხულობს. "თარჯიმანი" მყავს, რომელსაც ჩემს მესიჯებს უგზავნიან, - მაშიკო "თარგმნის", რას ვგულისხმობ.

- კალიგრაფიაც რთულად გასაგები გაქვთ?

- არა. მესიჯების წერისას მექანიკურ შეცდომებს ვუშვებ. როგორც სკოლაში წერისას მემართებოდა, ანალოგიურად მემართება მესიჯების წერის დროს. "ესემესებისა" და პოსტების წერა არ მიყვარს.

- როგორი მოხუცი იქნებით, ამაზე გიფიქრიათ?

- კი, მიფიქრია. მგონია, რომ ძალიან აქტიური ვიქნები: ცოტათი გაპრანჭული, უფრო მეტად პრაქტიკული, შეიძლება - "ელასტიკებსა" და შარვლებში გამოწყობილი (კაბებში - ნაკლებად), საკუთარ თავზე, შვილებსა და შვილიშვილებზე მზრუნველი, იმედია - ჯანმრთელიც. სხვა დანარჩენი - ვნახოთ...

ეთო ყორღანაშვილი