უჩვეულო ისტორიები ტაქსის მძღოლებზე - გზაპრესი

უჩვეულო ისტორიები ტაქსის მძღოლებზე

ტაქსის მძღოლები საკმაოდ კოლორიტული ხალხია. როგორც წესი, მათთან საუბარი და კამათი თითქმის ყველა თემაზე შეიძლება, ამიტომ თბილისურ ტაქსებში ხშირად მოისმენთ პოლიტიკურ დებატებსა და ცხელ-ცხელ ამბებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან. როგორც ჩანს, პოპულარულ ადამიანებსაც მოსწონთ მათთან მუსაიფი და ტაქსებთან დაკავშირებულ უჩვეულო ისტორიებს ხალისით ჰყვებიან.

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

- ტაქსის მძღოლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით მომწონს ტაქსი გამოძახებით. ერთი ძალიან კარგი კომპანია ვიცი, დავრეკავ და ვეუბნები: "გამარჯობა, დედიკო, მანანა ბებოს ტაქსი სჭირდება და უნდა გამოგზავნოთ-მეთქი. 5 წუთში ჩემთან არიან. ისეთი კარგი ბიჭები მუშაობენ, მიყვებიან ამბებს თავიანთ ცხოვრებაზე, პრობლემებზე და ასე, ბაას-ბაასით მივდივართ დანიშნულების ადგილამდე. ისინი ჩემი "მაშველები" არიან, რადგან ფეხი მაწუხებს და დიდხანს სიარული არ შემიძლია. სახლიდან ჩამოსვლა რომც დავაგვიანო, მამშვიდებენ და მეხვეწებიან, - არ ინერვიულო, ნელა ჩამოდიო. ასე რომ, ტაქსის მძღოლებთან ვმეგობრობ, მშრომელი ხალხია და თქვენი ჟურნალის წყალობით, ყველას დიდ მოკითხვას ვუთვლი. სხვათა შორის, 1990-იანებში, რამდენჯერმე ისეთი ტაქსითაც მიმგზავრია, რომელსაც ყოფილი თანამდებობის პირი მართავდა. ჰყვებოდნენ, რომ სამსახური დაკარგეს და იძულებული გახდნენ, საარსებო საკუთარი მანქანით ეშოვათ. თან ტაქსაობდნენ და თან რცხვენოდათ, მაგრამ ისე გავამხნევებდი და ისეთ ტკბილ საუბარს გავუბამდი, ხასიათი უცებ გამოუკეთდებოდათ ხოლმე. დედიკო, ამ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია და მალე ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, - ვეუბნებოდი. სულ მლოცავდნენ, მანქანიდან ჩამოსვლამდე. ახლაც ძალიან დიდ სტრესს უძლებენ: ეს რა ხდება თბილისის ქუჩებში - ბოლი, მანქანების ხმაური, ერთმანეთის გინება... გზაზე ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარაა და ამ პირობებში მუშაობენ, რა ქნან, დედიკო, არსებობა ყველას უნდა.

GzaPressმაყვალა გონაშვილი, პოეტი:

- ტაქსით მგზავრობა იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევს და ეს ამბავიც ცოტა ხნის წინ, არჩევნების წინა დღეებში გადამხდა: მწერალთა კავშირში მივდიოდი, ძალიან მაგვიანდებოდა და ტაქსი გავაჩერე, სადაც ჩემთან ერთად ერთი კახელი კაცი იჯდა. მძღოლი მთელი გზა ბრაზობდა: ვალუტის ჯიხურებს რომ ჩაუვლიდა, ლარის კურსზე ჩხუბობდა, - ეს რა უბედურებაა, ლარს რა ემართებაო; ხან ბენზინის ფასის გამო ამბობდა საყვედურს, ხან პოლიტიკოსებს ლანძღავდა... მეგონა ვერ მიცნო, მაგრამ მწერალთა კავშირს რომ მივუახლოვდით, გაბრაზებული მომიტრიალდა და მითხრა: აი, ქალბატონო მაყვალა, ხომ გინდოდათ ეს მთავრობა და ღმერთმა შეგარგოთო. ახლა მე დავუწყე კამათი: დღეს მშვიდად მაინც ვცხოვრობთ, ხომ ხედავდით, წინა მთავრობამ რამდენი უბედურება გამოგვატარა-მეთქი... მოკლედ, მძღოლი ამბობს, სააკაშვილის დროს საქმე მაინც კეთდებოდაო, მე კი საპირისპიროს ვამტკიცებ. უცებ, ეს კახელი კაცი, მთელი გზა ჩუმად რომ იჯდა და ხმა არ ამოუღია, მომიბრუნდა და მითხრა: ქალბატონო მაყვალა, ლექსი რომ გითხრათ, მწერალთა კავშირში მიმიღებთ? - კი ბატონო, ბრძანეთ, რა ლექსია-მეთქი. ჰოდა, არც აცია, არც აცხელა და ორივეს მოგვახალა:

"ჩვენი მთავრობის ცვლილება/ ჰგავს კახურ შაირს თუ არა?/ რამდენი ვირიც ვიყიდე,/ ყველა გამოდგა კუ...ნა" - ასე გაგვაჩუმა მეც და ტაქსის მძღოლიც და ჩვენი "პოლიტიკური დებატებიც" უეცრად დასრულდა.

GzaPressბიძინა მახარაძე, იუმორისტი:

- ტაქსებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: 2006 წელს მიღებდნენ სერიალში, რომელსაც "საპონი" ერქვა. გავაჩერე ტაქსი და ვთხოვე, ტელეკომპანია "იმედში" მიმიყვანე-მეთქი. თურმე, მძღოლს ძალიან აინტერესებდა, სად და როგორ იღებდნენ ამ ფილმს. - ოღონდ მაჩვენე, სად იღებთ და ფულს არ გადაგახდევინებო. მეც სწორედ ამ სერიალის გადაღებაზე მივდიოდი, მივიყვანე "იმედში", კარგა ხანს იჯდა მეოთხე პავილიონში, სადაც გადაღება მიმდინარეობდა და გვიყურებდა. ერთხელ კი ბათუმში ჩავედი და უეცრად აღმოვაჩინე, რომ ტაქსი გაიაფებულა: მე გონიოდან ვარ და ადრე გონიოში 20 ლარზე ნაკლებად არც ერთი ტაქსი არ წაგიყვანდა, მით უმეტეს, ღამის საათებში. გავაჩერე ტაქსი და ყურებს არ ვუჯერებდი, რომ მითხრა, 12 ლარად წაგიყვანო. გზაში რამდენიმე ტაქსმა ჩაგვიქროლა და ამ ჩემმა მძღოლმა ყველას დედა შეაგინა. მერე გავიგე, რომ ბათუმში ახალი შემოსული იყო ტაქსი გამოძახებით, რომელიც გაცილებით იაფი ღირდა და ძველ ტაქსებს საქმე გაუფუჭა. ჩემი მძღოლიც თურმე ამიტომ უკურთხებდა მამაპაპურად. სხვა რა გითხრათ? ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი ვერ მცნობს, ზოგი მცნობს და ფულსაც არ მართმევს, ზოგიც 50%-იან ფასდაკლებას მთავაზობს - ამ ხალხთან მადლობის მეტი, რა მეთქმის...

GzaPressვახტანგ ტატიშვილი, მომღერალი:

- ახალგაზრდობის დროინდელ ამბავს გავიხსენებ, როცა ანსამბლი "ივერია" გასტროლებზე ხშირად დადიოდა. ციმბირის ერთ-ერთ ქალაქში ვართ, ზამთარია, სასტუმროში ვცხოვრობთ. იქვე, რესტორანში ერთი ოფიციანტი მომეწონა, ხან სად დავპატიჟე, ხან - სად, მაგრამ უარს ამბობდა. ბოლო დღეს, როცა უკვე უნდა წამოვსულიყავით, მითხრა: აქ ყველა მიცნობს, ამიტომ უკეთესია, თუ ჩემთან, სახლში წამოხვალო. ძალიან გამიხარდა, ბლომად ფული მივეცი, რომ სასმელი და ტკბილეული ეყიდა. ტაქსი გამოვიძახეთ და წავედით. თურმე, ქალაქგარეთ ცხოვრობდა და ძალიან ბევრი ვიარეთ, ირგვლივ სულ კორპუსები იყო. ტაქსი გააჩერა და ერთ-ერთ კორპუსზე მიმითითა: ამ კორპუსის მეექვსე სართულზე შუქი ანთია, როგორც კი ეს შუქი თამაშს დაიწყებს, შეგიძლია, ამოხვიდეო. ვიფიქრე, რომ მეზობლების ერიდებოდა და დავთანხმდი. წავიდა ჩემი "სატრფო", მე კი, ველოდები, მეექვსე სართულზე შუქი როდის აციმციმდება. კარგა ხანს ველოდე და ბოლოს, ტაქსის მძღოლმა მირჩია: ჩადი და იქნებ იპოვოო. ირგვლივ ამდენი კორპუსია, თანაც, მინუს 40 გრადუსი ყინვაა. როგორც ზღვაში წვეთს ვერ იპოვი, ისე მე იმ ქალს ვეღარ ვიპოვიდი. მივხვდი, რომ მომატყუა - იცოდა, მეორე დილით მოვდიოდით და ამით ისარგებლა. წამომიყვანა ამ ტაქსის მძღოლმა გაბრაზებული და ნაწყენი, ძალიან მამხნევებდა და მამშვიდებდა, მაგრამ რა დამამშვიდებდა?!.

GzaPressგია მაჭარაშვილი, კომპოზიტორი:

- ზოგჯერ, როცა სუფრასთან მოვხვდები და ნასვამი ვარ, მეც მიწევს ტაქსით მგზავრობა. თან გაოცებული ვრჩები და თან გული მწყდება, რომ ზოგიერთმა მძღოლმა ცენტრალური ქუჩებიც კი არ იცის. ზოგმა ფილარმონიაც არ იცის, სად არის და იქ როგორ უნდა მივიდეს. ასეთი კურიოზული სიტუაცია მარტო ჩვენთან შეიძლება იყოს. იცით, კიდევ რა შევამჩნიე? - ლამის მთელ ქალაქს შემოგატარებენ, შორიდან მიგიყვანენ და 5 ლარის ნაცვლად 10-ის გადახდა გიწევს. ამის გამო მძღოლს თუ შეეკამათები, აქეთ გისაყვედურებს. ამ სფეროში ჩვენთან სერიოზული ქაოსია. მესმის, ორი "კაპიკის" შოვნა მათაც სურთ, მაგრამ ასე არ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე