მაიმუნს შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის ხასიათზე ხარ - გზაპრესი

მაიმუნს შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის ხასიათზე ხარ

"ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა. ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხია. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი ჟურნალისტ მანიკა ასათიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- რომ გითხრა, ასტროლოგთა პროგნოზზე ვარ დამოკიდებული და მათ რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ, ამ მეცნიერებისადმი ინტერესი მაქვს. როცა ლაპარაკია ამ თემაზე, ყურს ვუგდებ, ჩემი ზოდიაქოს ნიშანზე რას იტყვიან. მახსოვს, პირველად ჩემი ნიშნის დახასიათება რომ წავიკითხე, იმდენად ბევრი რამ დაემთხვა, მეგონა, ჩემს პიროვნულ დახასიათებას ვკითხულობდი.

- "მაიმუნის წელში დაბადებული სასწორი წინდახედული, გონიერი და საკმაოდ ეშმაკია".

- ასე ამბობენ? ვერ ვიტყვი, რომ ეშმაკი ვარ, წინდახედულობა კი მახასიათებს. დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა არ მჩვევია.

- ლავირების უნარი რამდენად გაქვს?

GzaPress- თუ გავითვალისწინებ იმას, რომ არც საქმეში და არც პირად ურთიერთობებში, სამეგობროში კონფლიქტები არ მქონია, გამოდის, რომ ლავირების უნარი მაქვს.

- "მაიმუნისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობა და მოქნილობა, სასწორისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ხიბლთან ერთად საკმაოდ სახიფათო ადამიანს აყალიბებს".

- არა მგონია, ვინმესთვის სახიფათო ვიყო. არაერთხელ მითქვამს, - ხასიათში ცოტა სინაგლე რომ მქონდეს, ძალიან კარგი იქნებოდა-მეთქი.

- "მან ყოველთვის კარგად იცის, რა უნდა, მაგრამ მიზანს ყოველთვის შემოვლითი გზით უახლოვდება".

- პირდაპირ სიარული არ მჩვევია? მე ვიტყოდი, რომ დაგეგმილი მიზანი არც მქონია. უმეტეს შემთხვევაში, ცხოვრების დინებას მივყვები. არის რაღაცები, რაც მინდოდა და ამისრულდა, მაგრამ ამისთვის ბევრი არ მიწვალია.

- "კარგად ახერხებს მოკავშირეების პოვნას, მაგრამ თვისება, ერთდროულად 2 კურდღელს სდიოს, ხშირად მისი წარუმატებლობის მიზეზი ხდება".

- 2 კურდღლის დაჭერა არასდროს მიცდია, არც პირად ცხოვრებაში და არც - კარიერაში.

- "ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა".

- ცვალებადი ხასიათი საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ერთადერთი, რაც თავადაც ძალიან მაწუხებს, ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივად არ შემიძლია. ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვმერყეობ. სხვისი აზრი ჩემზე მოქმედებს.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- იცი, როგორი ადამიანი ვარ? თუ ვიცი, პრობლემას ჩემი ნერვიულობით არაფერი ეშველება, ნაკლებად ვნერვიულობ. ადრე თუ გვიან, ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია. გამოსავლის პოვნა ადვილად შემიძლია.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- ეს ჩემი თვისება არ არის. იმედგაცრუების ან პრობლემებისგან "დაგრუზვის" პერიოდი არასდროს მქონია.

- "ბევრი მათგანი გაუბედავია".

- გაუბედავი ნამდვილად ვარ. ექსპერიმენტებსაც ვუფრთხი. ელემენტარულს გეტყვი, დიდი სურვილი მაქვს, ვარცნილობა შევიცვალო და ვერ ვრისკავ.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხია".

- ჯიუტი ვარ, ძალიან ჯიუტი, მაგრამ არა მგონია, თავნება ვიყო. საერთოდ, აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თამამად გზრდიან, შესაძლოა, თავნება გამოხვიდე. ალბათ აღზრდის ბრალია, რომ ეს თვისება არ მაქვს. "ფეთქებადი" ხასიათითაც არ გამოვირჩევი. შემიძლია, წონასწორობა ნებისმიერ სიტუაციაში შევინარჩუნო.

- "წყენის გულში ჩადება არ იცის".

- მართალია, არ ვიცი, მაგრამ ეს კარგი თვისება სულაც არ არის. თუ ადამიანი მიყვარს, შემიძლია, ბევრი რამ ვაპატიო; ისეთი რაღაცებიც კი, რისთვისაც სხვები ახლობლებს კარგავენ.

- "ძალიან ცნობისმოყვარე. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. სხვისი საქმეც მაინტერესებს, მაგრამ ვიცი, სად უნდა გავჩერდე. სხვის საქმეში ცხვირს არასდროს ვყოფ, მით უმეტეს, თუ საქმე ვიღაცის პირად ცხოვრებას ეხება.

- შენს ცხოვრებაში ვინმე დაუკითხავად ჩარეულა?

- ასეთი რამ არ მახსენდება. თავდაჭერილი ადამიანი ვარ. მყავს ბავშვობის დროინდელი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბავშვობის შემდეგ შეძენილი 1-2 მეგობარი თუ მყავს. არადა, შეიძლებოდა, ბევრად მეტი მყოლოდა. ზედმეტად გაშინაურება-დაახლოება არ მიყვარს.

- "ცოტათი მშიშარაა".

- ფრთხილი უფრო ვარ, ვიდრე - მშიშარა. მიყვარს, როცა იქსტრიმის დროს ადრენალინი გამოიყოფა. საშიში ატრაქციონები მიზიდავს. ფრთხილი ვარ მაშინ, როცა ხალხმრავალ ადგილას, "დაძაბულ" გარემოში მოვხდები. ჰოდა, ვცდილობ, ასეთ გარემოს გავეცალო, კონფლიქტები საშინლად არ მიყვარს.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია, ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- 100%-იანი სიმართლეა, ამას ვერავინ დამიკარგავს.

- "საქმეს ადვილად უღებს ალღოს. რის გაკეთებასაც სხვები მთელ საათს ანდომებენ, მას შეუძლია, იგივე საქმე ნახევარ საათში გააკეთოს".

- დრო არ დამითვლია, მაგრამ საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ, ადვილად გამომდის. შესაძლოა, ისეთ რაღაცებსაც არ ვეჭიდები, რაც ვიცი, რომ არ გამომივა ან ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდება.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- მფლანგველი არ ვარ. ფულის დახარჯვა ყველაზე მეტად, საჩუქრებში მიყვარს. სხვების გახარება იმდენად მაბედნიერებს, რომ ამ სიამოვნებაზე საკუთარ თავს უარს ვერასდროს ვეუბნები.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც - მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს მაშინაც კი, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- სამსახურშიც და სამეგობროშიც არაერთხელ უთქვამთ, დადებით განწყობას ქმნიო. მეხუმრებიან, - როგორ შეიძლება, სულ იცინოდეო?

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას".

- ფლირტების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- ალბათ, ეს ბუნებრივად ხდება. რომ გითხრა, მოვინდომე და ჩემი მომავალი მეუღლე წამებში მოვხიბლე-მეთქი, ასე არ იყო. მან თავად მომხიბლა.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ეს აქამდე არ მიცდია, ალბათ არ დამჭირვებია და აბა, რა გითხრა?

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

GzaPress- შვილთან ერთად ყოფნა. მუსიკა და წიგნების კითხვაც ძალიან მიყვარს. ამ ეტაპზე ბევრს ვეღარ ვკითხულობ. ბუნებაში წყნარად დასვენებასა და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენას ხალხმრავლობა და კარგი მუსიკა მირჩევნია.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- ხალხმრავლობაც მომწონს. მინდა, ყოველ საღამოს გარეთ გავიდე, ვისეირნო, ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა. შინ მარტო ყოფნა არ შემიძლია. კომუნიკაცია აუცილებელია!

- "ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- კი, ასეა. ამის გამო გულისტკივილიც მქონია. ცხოვრებისეული გამოცდილებებით ჭკუაც მისწავლია, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ისევ ხასიათი მძლევს და გულუბრყვილო ვხდები.

- "ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".

- ძალადობა ძალიან ცუდ ემოციებს იწვევს და ეს მიუღებელია. ქუჩაში ძალადობას რომ შევესწრო, შეიძლება, სხვის საქმეშიც ჩავერიო. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ მქონია. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველ ვიდეოს თუ წავაწყდები, შუამდეც ვერ ვუყურებ და ვთიშავ, იმდენად ცუდად ვხდები.

- "ის ხშირად სხვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?.."

- მართალია. სხვებსაც ბევრ კითხვას ვუსვამ და საკუთარ თავსაც. ამის გამო მეუღლე ხან მაშაყირებს, ხან - მეჩხუბება. ესეც ალბათ, ცნობისმოყვარეობის ბრალია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავს არ ვენდობი და აზრს მეუღლეს, დედას, მამას, დას აუცილებლად ვეკითხები. მათი რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- დაბოლოს, ასტროლოგების კომპლიმენტი შენ: "გაწონასწორებული სასწორი ადამიანია ანგელოზის თვისებებით".

- (იცინის) ჰოდა, შევიფერებ ამ კომპლიმენტს.

თამუნა კვინიკაძე