ქართველი ტანკისტის რისკიანი პროფესია - გზაპრესი

ქართველი ტანკისტის რისკიანი პროფესია

სამხედრო საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტანკისტის პროფესიას. ზვიად გელაშვილი მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე სატანკო ბატალიონის მეორე ასეულის პირველი ოცეულის სერჟანტი გახლავთ. ის წლებია პროფესიის ერთგულია და თავის დროზე სავალდებულო სამხედრო სამსახური, სწორედ ამ მიმართულებით გაიარა. მისი პროფესიონალიზმისა და თავდადების დამადასტურებელი ჯილდოებია: პრეზიდენტისგან მედალი "მხედრული მამაცობისთვის", მედალი "სამშობლოსთვის თავდადებული", სამი მედალი მისიებში დაიმსახურა და 2 "უმწიკვლო სამსახურისთვის" მიიღო. ვაზიანის სამხედრო-საჰაერო ბაზაში ტანკისტთან შესახვედრად წავედი.

- ტანკთან დაკავშირებული პირველი ემოციები გაიხსენეთ.

- ხარ ტანკისტი, ეს ნიშნავს, რომ დიდი ძალაა შენს ხელში - ამხელა შეიარაღება, ეს უკვე დიდი პლუსია. მთელ სივრცეს ფლობ და სიმართლე გითხრათ, თავი მეფედ მიგაჩნია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამავე დროს, ძალიან დიდი მოტივაცია და იმის განცდა გაქვს, რომ ირგვლივ ყველაფრის ბატონ-პატრონი ხარ. ეს საქმე თავის დროზე სატანკო ცენტრის ასმეთაურმა სერგო მერაბიანმა შემაყვარა. ის ახლა პენსიონერი და სამოქალაქო პირია.

- როდიდან ხართ კონტრაქტით მომუშავე სამხედრო მოსამსახურე?

- მე-12 წელია, საკონტრაქტო სამსახურში ვარ. 1997-99 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური გორის #1 ჯავშანსატანკო ცენტრში ტანკისტის სპეციალობით გავიარე. მას შემდეგ, 2007 წლამდე წყვეტა მქონდა. იმ წელს კომისარიატიდან შეტყობინება მომივიდა, რომ სატანკო ქვედანაყოფების შემადგენლობის გაზრდა იგეგმებოდა და სურვილის შემთხვევაში, შემეძლო ჩავრიცხულიყავი. არსად ვმუშაობდი და შემოთავაზებას დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სხვებთან შედარებით დაძაბული და დატვირთული სამუშაო გვაქვს, არასოდეს მიფიქრია სხვა ქვედანაყოფში გადასვლაზე.

- საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა რა გამოცდილების მომტანია?

- ავღანეთის მისიებში ორჯერ ვმონაწილეობდი. ზოგადად ჯარისკაცისთვის, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილებაა, მაგრამ სატანკო სფეროდან გამომდინარე, გამოცდილება არ მიმიღია, იქ ქვეითის სწავლებას გავდიოდით. უფრო მნიშვნელოვნად ჩვენი ქვეყნის სამსახური მიმაჩნია. საზღვარგარეთაც საქართველოს ინტერესს წარმოადგენს ჯარისკაცი, მაგრამ ჯერ სამშობლო და მერე, დანარჩენი...

- 2008 წლის ომის პერიოდზეც მიამბეთ.

- ღამის 2 საათზე განგაში გამოცხადდა და 8 აგვისტოს დილით უკვე მთელი მე-4 ბრიგადა, სხვადასხვა ქვედანაყოფი ოპერაციებში ჩავერთეთ. 8-ში შევედით ავნევში, ზნაურში... შემდეგ მიმართულება შეგვეცვალა და ავნევის სამშვიდობო ბაზასთან ვიდექით, სადაც უკვე დაბომბეს 42-ე ბატალიონი. პირველ ბრიგადას სატანკო ბატალიონი მოყვა და ჩვენ გამოვედით. იმ დღეს საბრძოლო მოქმედებაში არ ვმონაწილეობდით. ღამე აგარაში დავბანაკდით, 9 აგვისტოს ცხინვალში პირველი ასეული შევედით, ასმეთაური რამაზ ჩინჩალაძე გვყავდა. ჩვენი ქვედანაყოფი ცხინვალში ალყაში იყო მოქცეული, მათ დასახმარებლად გავედით და აგვაფეთქეს. #603-ე ტანკის ეკიპაჟში ვიყავით მებონა თოდუა, რომან უგრეხელიძე და მე. სამწუხაროდ, აფეთქებული ტანკიდან რომანი ვეღარ ამოვიდა. მე და მეთაურს გვქონდა მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობები. ტანკი განადგურდა, მძღოლ-მექანიკოსი დაიღუპა, ჩვენ საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ღვთის მადლით, გადავრჩით.

- იმ ახალწვეულებთან, ვისაც ტანკისტობა უნდა, გიწევთ გასაუბრება?

- ახალწვეულები კარანტინს სხვაგან გადიან. ჩვენთან ბატალიონში ვინც განაწილდება, იმათგან რომელი შეესაბამება ამ სპეციალობას, ეს ასმეთაურის გადასაწყვეტია. ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში 12-კვირიან პროგრამას გადიან მემიზნე-ოპერატორები და მძღოლ-მექანიკოსები. ამის შემდეგ ბრუნდებიან ქვედანაყოფში და ჩვენთან იწრთობიან ტანკისტებად, ძირითად სწავლას და გამოცდილებას აქ იძენენ. 12 კვირა ცოტაა ტანკისტად ჩამოყალიბებისთვის.

- ტანკისტები ახალბედა ჯარისკაცებს როგორ ეხუმრებით ხოლმე?

- ტანკის გასაღები მომიტანე ან სარკის სალესი და ა.შ. მემიზნეებს ხშირად ვეუბნებით, თვალი და ცხვირი კარგად მიაბჯინოს საშუბლარს, საიდანაც ხდება თვალთვალის და გასროლის წარმოება. არადა, მხოლოდ შუბლი უნდა მიადოს, რადგან გასროლის დროს ცხვირს "უქლიბავს" - ამას ტანკისტის მონათვლას ეძახიან.

- წელს, 26 მაისის აღლუმს დაესწარით?

- არა, ავღანეთში ვიყავით. წელს პირველად, სახმელეთო ჯარების სარდლის ინიციატივით, სატანკო არტილერიის ნაკრები ასეული მისიაში წავედით, სადაც საკმაოდ მაღალი შეფასება დავიმსახურეთ. შემდეგშიც იგეგმება არტილერისტებისა და ტანკისტების გასვლები მისიებში.

- ოჯახის შესახებაც მითხარით...

- მეუღლე და 4 შვილი, 2-2 ტყუპი ბიჭები მყავს. პატარები 20 ნოემბერს 6 წლისა გახდებიან, უფროსები მე-12 წელში არიან.

- დარწმუნებული ვარ, შვილები როგორ ამაყობენ თქვენით. ტანკისტობა არ უნდათ?

- პატარა იძახის, მეომარი უნდა გამოვიდეო. სახლში უამრავი სათამაშო ტანკი გვაქვს...

- ოჯახისთვის დრო გრჩებათ?

- სურამში ვცხოვრობ და მანძილის გამო ვერ ვახერხებ ყოველდღე წასვლას, მხოლოდ შაბათ-კვირას მივდივარ სახლში.

- ბატონო ზვიად, რაზე ოცნებობთ?

- პირველ რიგში, ყველაზე მთავარია მშვიდობა ქვეყანასა და ოჯახში. შეიძლება საოცნებო არც არის, მაგრამ როგორც სპეციალისტებს, მაინც გვინდა, ტექნიკურად უფრო გამართული ვიყოთ. დანარჩენი რა არის? მომზადებული და უღალატო ხალხი ნამდვილად გვყავს. ჩვენთან ცოდნის შესანარჩუნებლად სწავლება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჩვენ საუბარს ესწრებოდა ასეულის მეთაურის მოადგილე გიორგი მუსელიანი, რომელიც საუბარში ჩაერთო: - ზვიადი იყო საუკეთესო ჯარისკაცი და არის საუკეთესო ოცეულის სერჟანტი. ჩემს ქვედანაყოფში მის მსგავს ტანკისტებს ვნატრობთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და აუცილებელი დარგი, ისევე, როგორც არტილერია. არტილერისტებს და ტანკისტებს "ბიძაშვილებს" ეძახიან. რაც მეტი ადამიანი დაეუფლება ტანკისტის პროფესიას და ბევრნი ვიქნებით, ეს ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად წაადგება, მით უმეტეს ხედავთ, დღეს საქართველოს რა სიტუაციაც აქვს. წარმოიდგინეთ, ისრაელში ქალები მიდიან ჯარში და ჩვენთან რას არ იგონებენ, ოღონდ თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს გულდასაწყვეტია.

ნანული ზოტიკიშვილი