კახი კავსაძეს შვილიშვილისთვის კომპლიმენტი არასოდეს უთქვამს
ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მსახიობი - ირინკა კავსაძე სატელევიზიო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" თავის ნომერს, მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად, ყოველთვის ეფექტურად, დახვეწილად ასრულებს. ირინკას ბაბუა - კახი კავსაძე შვილიშვილის სასცენო გამოსვლას ყოველთვის ესწრება, თუმცა მისთვის კომპლიმენტი ერთხელაც არ უთქვამს... "დღის განმავლობაში, კახისთან მივდივარ, კაბინეტში დავსხდებით და ვსაუბრობთ ხოლმე", - გვითხრა ირინკამ და როცა ბაბუის მიერ მოცემული ღირებული რჩევის შესახებ ვკითხეთ, გვიპასუხა, - "შენი საქმე ბოლომდე გააკეთეო, - ყოველთვის ამას მეუბნება. როცა რეპეტიციაზე მივდივარ, მეტყვის ხოლმე, - მიდი, არ მოდუნდე. შეიძლება, დაღლილი ხარ, მაგრამ არა უშავს, ბოლომდე იმუშავეო..."
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავების" "კინოტურში" ფილმი - "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" შეარჩია და ვენური ვალსი შეასრულა...
- თავდაპირველად, როცა შევიტყვე, რომ პროექტში ერთ-ერთი "ლაივი" კინოტურს მიეძღვნებოდა, მაშინვე გადავწყვიტე ფილმი "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" შემერჩია, რადგან მასში ბებიაჩემი და ბაბუაჩემი (დედის მამა და მამის დედა) თამაშობენ. ეს ფილმი ყოველთვის მიყვარდა, თან, ბებიასაც და ბაბუასაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდათ. მინდოდა, ამ ნომრით დაბადების დღე მიმელოცა და ეს ცეკვა მიმეძღვნა... ძალიან ემოციური იყო. რეპეტიციებზე, როცა ოთო და ქორეოგრაფები მუშაობდნენ, მათ გვერდიდან ვუყურებდი, თან ვსწავლობდი და სულ გული მიჩუყდებოდა, თვალებზე ცრემლები მადგებოდა... ვცდილობდი, ცოტა ხნით ემოციურად "გამოვთიშულიყავი", რომ ნომერი ტექნიკურადაც მესწავლა, მაგრამ ეს ყველაფერი რთული იყო...
- პროექტამდე ცეკვასთან რა გაკავშირებდა?
- ვაშინგტონში, "სინეტიკის თეატრში" ვმუშაობ. ეს თეატრი ცეკვითაც არის დატვირთული, მაგრამ უფრო თანამედროვე, ოდნავ ბალეტთან დაკავშირებული, უცნაური სტილი აქვთ. ქორეოგრაფიას ბავშვობიდან იქ ვსწავლობდი. როგორც ყველა მსახიობს, სპექტაკლების დროს სცენაზე ცეკვა, მოძრაობა მეც მიწევდა. ვიცი, ჩემ შესახებ ამბობენ, - სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდაო, მაგრამ ეს ასე არ არის - არასოდეს მივლია, ჩემთვის ძალიან უცხოა.
- დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ მაყურებლების წინაშე ასეთი დახვეწილი ნომრები შეასრულო?
- ეს დიდ შრომას უკავშირდება. მიხარია, რომ ოთო ძალიან მომთხოვნი გახლავთ. შეიძლება, რაღაც რთული მოძრაობის შესრულება შემომთავაზოს და მკითხოს: - შენი აზრით, ამას გავაკეთებთო? შეიძლება, ვიდეოში რაღაც ილეთი მომეწონოს და ვკითხო: - ეს გამოგვივა-მეთქი? ოთოსგან "არა" არასოდეს გამიგონია, პირიქით - უნდა, რომ სცადოს და თუ გამოგვივა, ძალიან კარგი. საბოლოო ჯამში, რაიმე მოძრაობა თუ არ გამოგვივიდა, ნომრის შესრულებისას აღარ გამოვიყენებთ, მაგრამ ექსპერიმენტების ჩატარება თავადაც უნდა. მეც მსურს, ახალი ვცადო, რაზეც შეიძლება, ვფიქრობდე, რომ არ შემიძლია, მიჭირს, მაგრამ თურმე, შემძლებია...
- ცეკვის გარდა, დრო რისთვის გრჩება?
- ძირითადად, სულ რეპეტიციაზე ვარ, მაგრამ დღის განმავლობაში, თუკი რამდენიმე საათით მოვიცალე, ვცდილობ, ბაბუა ვნახო. სამწუხაროდ, მას ხშირად ვერ ვნახულობ. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ბაბუასთან, დეიდასთან, ჩემს ოჯახთან, ახლო მეგობრებთან მივდივარ და დროს მათთან ერთად ვატარებ.
- ბაბუა როგორ გგულშემატკივრობს? "ლაივებზე" ვხედავთ ხოლმე...
- ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რომ არ უნდა, მე ვინერვიულო და სულ მეუბნება, - ახლა საქმეს წყნარად, მშვიდად შეუდექიო, მაგრამ კახიმ კომპლიმენტები არ იცის. საერთოდ, კომპლიმენტების თქმა არ უყვარს და არც ჩემთვის უთქვამს, არც - მამაჩემისთვის, არც მამიდაჩემისთვის... ყოველთვის ძალიან ნეიტრალურ პოზიციაზეა.
- კრიტიკა თუ სჩვევია? აფასებს შენს ცეკვას ან თუნდაც, სპექტაკლში თამაშს?
- არა, არასდროს აფასებს. ეს ყველას ძალიან უკვირს, რადგან სპექტაკლები ნანახი აქვს, რომელშიც ვმონაწილეობდი და "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ლაივებსაც" ყოველთვის ესწრება, მაგრამ არც კრიტიკულად მაფასებს, არც კომპლიმენტს მეუბნება. ქართული ცეკვის შესრულების შემდეგ, უბრალოდ, მკითხა: - მუხლები არ გტკივაო? "იმის იქით" არაფერი უთქვამს (იცინის).
- ოჯახის სხვა წევრებზე რას გვეტყვი, როგორ გგულშემატკივრობენ?
- მამიდა (ნანუკა ხუსკივაძე) ამ ყველაფერში ძალიან ჩართულია, ასევე - დეიდაჩემი, მთელი ოჯახი და სამეგობრო წრე. ჩემს ახლობლებს რეპეტიციების ამსახველ ვიდეოებს ვუგზავნი ხოლმე. პირველ რიგში, სიახლეს მათ ვუზიარებ, რა თქმა უნდა.
- შენს ცხოვრებაში ამ პროექტმა რა შეცვალა?
- პირველ რიგში, ამ 2 თვის განმავლობაში, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი. მგონი, ეს ის ადამიანები არიან, ვინც მართლა სიცოცხლის ბოლომდე ჩემს ცხოვრებაში იქნებიან. როცა ამერიკაში წავალ, ვიცი, მათთან ურთიერთობა მექნება. ვფიქრობ, ამ პროექტში ძალიან კარგი ჯგუფი შეიკრიბა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ასეთი ურთიერთობები არსებობს.
- პროექტში მონაწილეობამდე, საქართველოში შენი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტის შესახებ მოგვიყევი...
- პატარა რომ ვიყავი, ზაფხულობით, 2-3 თვით ჩამოვდიოდი, მაგრამ რაც თეატრში მუშაობა დავიწყე, საქართველოში, წელიწადში მხოლოდ 1 თვით ჩამოსვლას ვახერხებ. აქაურობას ძალიან მონატრებული ვარ. ამიტომ პროექტში მონაწილეობის შესახებ შემოთავაზებამ გამახარა - ეს მიზეზი იყო საიმისოდ, რომ საქართველოში 4 თვით, ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი.
- საქართველოში მოღვაწე რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებდი?
- ამაზე არ მიფიქრია, რადგან ჩემთვის ქართული თეატრი ისეთი ძვირფასია, რომ მგონია, ჩემთვის მიუწვდომელია. რუსთაველის თეატრში გავიზარდე. ბაბუას, მამას და მამიდას სპექტაკლებზე დავყვებოდი. არასდროს მიფიქრია, ოდესმე მოვიდოდა თუ არა დრო, რომ საქართველოში, რაიმე სპექტაკლში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ თუ ოდესმე ეს დრო დადგება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება.
- შეგიძლია, ბავშვობის შთამბეჭდავი, სასიამოვნო მოგონება გაგვანდო?
- ძალიან დიდი ეპიზოდი არ ყოფილა. პატარა დეტალები მახსენდება, როცა ამერიკაში ვარ. მაგალითად: ჩემი სახლი, ეზო, ბავშვობის დროინდელი თბილისი ყოველთვის ტკბილად მაგონდება. ყველაფერი კარგი საქართველოს უკავშირდება.
- ახლა, როცა შედარებით ხანგრძლივად გიწევს საქართველოში ყოფნა, რა თვალში საცემი განსხვავებაა ქართულ და ამერიკულ ცხოვრების სტილს შორის, ტემპის გარდა?
- აქ სხვანაირი ურთიერთობებია. ამერიკაში ისეთი რობოტული რიტმია, რომ მგონი, ადამიანიც რობოტი ხდება - საკუთარ საქმეში ძალიან ჩართულები არიან. მომწონს, რომ აქ ასეთი ურთიერთობები არსებობს: შეგიძლია შენი საქმით დაკავდე, მაგრამ ქართველი თავისი ძვირფასი ადამიანისთვის დროს ყოველთვის გამონახავს, რაც მსიამოვნებს. ეს არის ის, რაც ამერიკაში ძალიან მაკლია.
- იქაურ სამეგობრო წრეზე რას გვეტყვი? - ძირითადად, ქართველები არიან. 1-2 ამერიკელიც არის, ვინც სკოლის პერიოდიდან შემომრჩა, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი კი უკრაინელი გახლავთ. ერთმანეთი სკოლაში სწავლის პერიოდში გავიცანით და დღემდე ერთად ვართ. ამერიკაში ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩვენს სკოლაში მოვიდა. ვიღაცამ მის შესახებ მითხრა: ეს გოგო უკრაინელია. რუსული ცოტათი თუ იცი, იქნებ დაელაპარაკო. ახალია, აქ მეგობარი არ ჰყავსო. მივუჯექი, დაველაპარაკე და მას შემდეგ, ერთად ვართ. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ურთიერთობებს ისიც სხვანაირად უყურებს. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ასე შემთხვევით ერთმანეთს შევხვდით... ძალიან მგულშემატკივრობს. "ლაივებს" უყურებს. როგორც კი გადაცემა დასრულდება, მაშინვე მომწერს ხოლმე. ვიდეოს თავის "ფეისბუკის" და "ინსტაგრამის" გვერდზე თავადაც აზიარებს. მოკლედ, ამ ამბავში ძალიან ჩართულია.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, შენს ყველაზე მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევად რა მიგაჩნია?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა 2015 წელს "ჰელენ ჰეისის" (რომელსაც ვაშინგტონის "თეატრალურ ოსკარს" უწოდებენ) ჯილდო ავიღე - "ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის" ნომინაციაში გავიმარჯვე. იმ პერიოდში თბილისში ვიყავი, როცა გამოაცხადეს. თეატრის მსახიობებმა მოსალოცი ტექსტები მომწერეს. ჩემთვის ეს შოკი იყო, არ ველოდი...
- გულის სწორი გყავს? მოგვიყევი შენი პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც საჭიროდ მიიჩნევ...
- არ მყავს. ამ ეტაპზე, ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ. ჩემს საქმეში ძალიან ჩართული ვარ, სხვას ვერავის და ვერაფერს ვუთმობ დროს. რაც მოხდება, მოხდება...
- რა პროფესიული მიზნები გაქვს?
- ძალიან მინდა, სწავლა გავაგრძელო. მომავალი სექტემბრიდან ნიუ-იორკში წასვლას, სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ, შემდეგ კი იმედი მაქვს, ლოს-ანჯელესში გადავალ და მუშაობას დავიწყებ.
- როგორ ფიქრობ, პროექტის დასრულების მერე შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდება? შეიძლება, საქართველოში უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩე?
- არ ვიცი. ახლა ვგეგმავ, პროექტის დასრულების მერე, 1 თვე კიდევ საქართველოში ვიყო, რათა ცოტათი გემრიელად დავისვენო. ვნახოთ, რას გადავწყვეტ, მაგრამ სექტემბრამდე ამერიკაში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, რათა სწავლა დავიწყო.
- რომ არა ცნობილი ოჯახის წევრობა, როგორ ფიქრობ, ქართველი ტელეპროდიუსერების ყურადღების მიპყრობას შეძლებდი?
- არ ვიცი, შეიძლება... თავიდანვე, როცა მსახიობობა გადავწყვიტე, კახიმ მითხრა, - შენი საქმე ყოველთვის ბოლომდე გააკეთეო. მეც ასე ვცხოვრობ და ვმუშაობ. მისი ნათქვამი ყოველთვის თავში მიტრიალებს, რომ რაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის ბოლომდე უნდა მივიყვანო საქმე. თუკი ეს იმას ნიშნავს, რომ ამით რაღაცას მივაღწევ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება იქნება.
ეთო ყორღანაშვილი