"მისმა შემყურემ შემოქმედებითი უბერებლობის ფორმულა ამოვხსენი" - გზაპრესი

"მისმა შემყურემ შემოქმედებითი უბერებლობის ფორმულა ამოვხსენი"

"ყველაზე მეტად იცი, რისი მეშინია? არ დადგეს დღე, როცა აღარავის დავჭირდები... ერთ მშვენიერ დღეს მსახიობებმა არ თქვან: აუ, ახლა კიდევ ამ ბებერთან რეპეტიცია არ გინდაო?! მით უმეტეს, თუ ვერ მივხვდი ამას..." - ამ სიტყვების აბსურდულობაში რეჟისორი თემურ ჩხეიძე ახლახან კიდევ ერთხელ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დაარწმუნეს... ასამდე საოპერო, დრამატული და სატელევიზიო დადგმის ავტორს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით თეატრის ადმინისტრაციამ "ქართული თეატრის პატრიარქს" მეგობრების, კოლეგებისა და მოწაფეების მონაწილეობით საიუბილეო შეხვედრა მოუწყო. თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ბატონ თემურს ცნობილი რეჟისორის, პედაგოგისა და თეატრის თეორეტიკოსის, გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის სპეციალურად მისთვის დამზადებული ჯილდო გადასცა. თბილისის თეატრებს შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველი იყო, სადაც თემურ ჩხეიძემ 1967-1970 წლებში არაერთი სპექტაკლი დადგა.

თემურ ჩხეიძე, რეჟისორი:

GzaPress- ყველგან, სადაც მუშაობა მომიხდა, პირველივე დღიდან გულითადად მიმიღეს. ამ მხრივ ყოველთვის განებივრებული ვიყავი, რისთვისაც განგების მადლობელი ვარ. მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა ხოლმე, სპექტაკლების დადგმა იმდენად აღარ მაინტერესებს, არამედ სტუდენტებსა და მსახიობებთან ერთად გამართული სარეპეტიციო, "ძებნის" პროცესი მიზიდავსო. მაშინ კარგად ვერ გავუგე. ვიფიქრე, ხომ არ აჭარბებს-მეთქი. არადა, სწორია. ზუსტად იმავეს განვიცდი მეც. საერთოდ, მთლიანად ვეყრდნობი თუმანიშვილის გზას. მისი მეთოდოლოგია მრავალფეროვნების საშულებას იძლევა, რაც ყველაფერს მიადვილებს. როცა ზუგდიდიდან ჩამოსულმა მუშაობა მოზარდში დავიწყე, მითხრა, - ჩემთან ასისტენტად ხომ არ მოხვალო? მომდევნო ორი წელი მასთან გავატარე. საოცარი სულისკვეთებით მუშაობდნენ მსახიობებიც. ერთხელ, გიგა ლორთქიფანიძემ დამირეკა, აკაკი ძალიან ცუდად არისო (აკაკი ვასაძე. - ავტ.). საავადმყოფოში მისულებმა დავინახეთ, როგორ გამოიყვანეს აკაკი შენობიდან. სახლში გზავნიდნენ. მისვლა მეუხერხულა, მაგრამ გიგამ, - იქნებ ვეღარც ვნახოთო და მივუახლოვდით. გიგას გადაწყვეტილი ჰქონდა საღამოს დანიშნული სპექტაკლი მოეხსნა, მაგრამ ექიმებმა დაარწმუნეს, რომ თუ თავად პაციენტს სურვილი გააჩნდა, თამაშს შეძლებდა. ამის გაგონებაზე აკაკიმ მანქანა მოითხოვა და სასეირნოდ წავიდა, საღამოს კი სპექტაკლში ითამაშა... როცა ბოლო პერიოდში ვერიკო ანჯაფარიძე მთელი დღე იწვა, საღამოს 7 საათზე ადგებოდა თურმე და "ჯოკერი" არ ვითამაშოთო?! - მიმართავდა ოჯახის წევრებს. ეს დღის ის მონაკვეთი იყო, როცა მთელი ცხოვრება სპექტაკლს თამაშობდა... მხოლოდ ამ დროს გრძნობდა ენერგიისა და ძალების მოზღვავებას... მახსოვს, ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის იუბილეს აღსანიშნავად მივდიოდით. სპექტაკლში, რომელიც უნდა წარგვედგინა, ვერიკო ანჯაფარიძეც თამაშობდა. დავურეკე, ზეგ მივდივართ-მეთქი. კატეგორიული უარი განმიცხადა, სააბაზანომდეც კი ვერ მივდივარო. რა გაეწყობოდა, ბოდიში მოვუხადე და დუბლიორის წაყვანა გადავწყვიტე. ცოტა ხანში დამირეკა და ყოველგვარი შესავლის გარეშე მისაყვედურა, - არავინ მეუბნება, რომელი ვაგონია ან რომელ საათზე გამოვიდე... ხომ შეიძლება, ეს დროზე მითხრათო?! (იცინის). წავედით. მატარებლის დაძვრიდან 15 წუთში შეუძლოდ გახდა. პირველი "სასწრაფო" მცხეთაში ამოვიდა, შემდეგ გორში და ასე ნელ-ნელა მიღოღავდა მატარებელი, რომელიც გრაფიკიდან ამოაგდეს, რადგან ვერიკო იყო შეუძლოდ... საღამოს შვიდის ნახევარზე ჩიტივით გახდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მეუბნება, - ბედი არ მაქვს, რა კარგი იქნებოდა უშანგის მხარეში, ზესტაფონში პირდაპირ სცენაზე მოვმკვდარიყავიო...

დიმიტრი ხვთისიაშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: - თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ 21 წლის თემურ ჩხეიძე ორ ახალგაზრდა მსახიობთან - ჟანრი ლოლაშვილსა და ავთო მახარაძესთან ერთად ზუგდიდში წავიდა სამუშაოდ. ზუგდიდის შემდეგ კი პირველი თეატრი თბილისში, სადაც ის რეჟისორი იყო, მოზარდ მაყურებელთა თეატრი გახლდათ. ჩვენ მას მეგობრული შეხვედრა მოვუწყვეთ, სადაც მან სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ თავისი მოსაზრება გაგვაცნო.

ნათელა არველაძე, თეატრმცოდნე: - თემურთან ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპია დაკავშირებული - დაწყებული სწავლის პირველი კურსიდან. სხვა რომ არაფერი შეექმნა, მისი შემოქმედების გვირგვინად დარჩებოდა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ორი წარმოდგენა: "ჯაყოს ხიზნები" და "ჰაკი აძბა". ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება შემოქმედმა შექმნას, გახლავთ ის, რომ თავისი სამშობლოს ღირსეული შვილი იყოს. თემური კი ნამდვილად არის საქართველოს ღირსეული შვილი. ქართულ სინამდვილეში არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეიძლება მოღვაწე უწოდო, რადგან "შინაგანი კონსტიტუციით" გახლავთ მოღვაწე. ერთ-ერთი მათგანი ჭეშმარიტად არის თემურ ჩხეიძე.

გიორგი გეგეჭკორი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე:

- ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი რანგის პროფესიონალი ჰყავს. მან არა მხოლოდ ქართველ, არამედ მსოფლიო მაყურებელს არაერთი გამორჩეული სპექტაკლი მიართვა საჩუქრად...

გოგა თავაძე, რეჟისორი: - ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში გამოცდილება დიდი შთაბეჭდილებისა, რომელიც შემდგომში მის სამომავლო საქმიანობას განსაზღვრავს, იღებს სიკეთეს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეატრალური შთაბეჭდილება, რომელმაც თეატრის შესახებ ჩემი თვალსაწიერი გააფართოვა, ბატონი თემურის შემოქმედებაა. საკმაოდ მოწიფულ ასაკში ერთგვარ სოციალურ და შემოქმედებით ვაკუუმში მყოფი, თემურმა თავის შემოქმედებით სახელოსნოში მიმიღო, გვერდით ამომიყენა, აღმჭურვა ახალი ცოდნით და პროფესიულ სცენაზე "გამიშვა". მას შემდეგ პროფესიულ სცენაზე ვმუშაობ. მგონია, რომ მისმა შემყურემ შემოქმედებითი უბერებლობის ფორმულა ამოვხსენი. არსებობენ შემოქმედები, ვინც აღმოაჩენს გარკვეულ სახელოვნებო ენას. ის ხშირად გენიალური, დივერსიული, თავზე მომხვევია და თეატრალური დღესასწაულიც დგება, მაგრამ მოგვიანებით ნორმად იქცევა ხოლმე და "აღარ მუშაობს", ცხოველმყოფელობას კარგავს. თემურის შემთხვევაში კი მსგავს "დაბერებას" ადგილი არ ჰქონია. ხელოვნებისადმი სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება არსებობს: ინტელიგენტური, ინტიმური, აღსარებითი სახელოვნებო მოღვაწეობა, როცა რეჟისორის შინაგანი სამყარო მთელი თავისი შუქჩრდილებით აისახება სპექტაკლებში; როცა რეჟისორი საუბრობს მხოლოდ იმაზე, რაც აწუხებს, რასაც საკუთარი შინაგანი თვალით ხედავს და არ ეხება მაინცდამაინც იმ ავტორებსა და თემებს, რაც აქტუალურად მიიჩნევა. ამ ადამიანის გულწრფელობა აღმოჩნდა იმის საწინდარი, რომ მისი სპექტაკლები ყოველთვის ცოცხალი და ნამდვილია, მისი თეატრალური ენა კი - უნიკალური. მინდა გისურვოთ - არასოდეს დაბერდეთ თქვენი შემოქმედების კვალდაკვალ.

ქეთევან კიკნაძე, მსახიობი: - თემურთან ჩემი დიდი სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად მოვედი. მის მიერ დადგმულ ექვს სპექტაკლში ვითამაშე. იმ დღეებმა დაუვიწყარი სიამოვნება მომანიჭა. მსახიობების მიმართ ძალიან იშვიათი მიდგომა აქვს. მახსოვს, პრემიერის შემდეგ მსახიობები ტანსაცმელს ვიცვლიდით, როცა უცებ კარი შემოაღო. ჩვენს შეკივლებაზე გვიპასუხა: ნუ გეშინიათ, მე კაცი არ ვარ, რეჟისორი ვარო... თემურს საჩუქრად წიგნი მოვუტანე, რომელიც ჩვენს ოჯახში ერთმა მსახიობმა ქალმა კოტე მარჯანიშვილის დღიურებთან ერთად მოიტანა. დღიურები მუზეუმს გადავეცით, წიგნი კი დღეიდან თემურთან დაიდებს ბინას...

თამარ სხირტლაძე, მსახიობი: - კინოსა თუ თეატრში უამრავ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ბატონ თემურთან მუშაობა მართლაც გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ შვილად მეკუთვნის, "ბატონის" გარეშე არასოდეს მიმიმართავს. წარმოიდგინეთ, როცა სპექტაკლში ხართ ჩართული, თამაშობთ, ის კი მუდმივად რაღაცას გკარნახობს და ამის გამო წამითაც არ გეშლება ხელი. მიუხედავად იმისა, რომ რა და როგორ უნდა გააკეთო - ყველაფერს ის მიგანიშნებს, ბოლოს შეგრძნება გაქვს, რომ წყალში დიდ მანძილზე გაცურე და ეს ყველაფერი დამოუკიდებლად შეძელი... (იცინის)

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი: - თემურ ჩხეიძე ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ერისა და თეატრალური სამყაროსთვის, არ შემიძლია, მასზე აღმაფრენით არ ვისაუბრო. თავს უბედნიერესად მივიჩნევ, რომ ის არის ჩემი ერთგული მეგობარი, თანამოაზრე. მსახიობისა და რეჟისორის მეგობრობა ხომ საოცრებაა (იცინის)?! ჩვენ კი 50 წელია, ერთმანეთის ერთგულნი ვართ და დიდი სიყვარული გვაკავშირებს.

ნათელა პაატაშვილი, მსახიობი: - ჩვენს თეატრში ბატონი თემური 50 წლის წინ მოვიდა. ის 23 წლის იყო, მე კი - 21-ის. როცა თეატრში მუშაობა დავიწყე, იმ დღესვე ერთდროულად 4-5 სპექტაკლში მთავარ როლებზე დამაკავეს. ეს ისეთი სტრესი იყო, თეატრზე შეყვარებულს გული ამიცრუვდა, მსახიობობისთვის თავის დანებებაზეც კი ვფიქრობდი. სწორედ ამ დროს მოვიდა ბატონი თემური და თავის სპექტაკლში მთავარი როლი მომცა. მუშაობის დაწყებისთანავე მივხვდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა და რატომ აღარ უნდა მეფიქრა პროფესიის შეცვლაზე. 55 წელია, თეატრში ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი თემური მართლაც გამორჩეული რეჟისორია, არა მხოლოდ ნიჭითა და შესაძლებლობებით, არამედ მსახიობის მიმართ მიდგომითა და ადამიანური თვისებებით.

შორენა ლაბაძე