სიკვდილმისჯილი, რომელმაც საკნის კედლები საკუთარი სისხლით მოხატა - გზაპრესი

სიკვდილმისჯილი, რომელმაც საკნის კედლები საკუთარი სისხლით მოხატა

ბადრი ცხონდია სოფელ დიღომში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი ტაძრის მრევლმა დაუთმო. უდიდეს მადლიერებას გამოხატავს ამ ოჯახის მიმართ და ცდილობს, კარ-მიდამო რაც შეიძლება გაალამაზოს. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სახელოსნო აქვს მოწყობილი.

ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გაატარა. ძალიან განიცდის, ბევრ ადამიანს გული რომ ატკინა. ამბობს: ვცდილობ, ჩემი წარსული, დანაშაულები, კეთილი საქმეებით გამოვასწოროო.

ბატონ ბადრის წლების წინ ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში შევხვდი. მაშინ კოლონიის ეზოში პატიმრები ტაძარს აშენებდნენ. კოლონიის უფროსმა, ზაურ ებრალიძემ ასე გამაცნო: ეს ის ადამიანია, რომელსაც წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობაში უდიდესი წვლილი შეაქვს და აქ ურთულეს სამუშაოებს ასრულებს. ტაძრის ირგვლივ, ქვაზე გამოსახული ჩუქურთმები მისი ხელით არის შესრულებული, საოცარ ფორმას აძლევს ამ ქვებს, ქვები მან აალაპარაკაო.

მაშინ ტაძარი აშენებული იყო და ბადრი ცხონდია უკვე ტაძრის კარის მოჩუქურთმებით გახლდათ დაკავებული. კოლონიის უფროსმა ისიც მითხრა, ამ კაცს დახვრეტა მიუსაჯეს, სიკვდილს გადაურჩა, სიკვდილმისჯილთა საკანში ახლაც არის გამოსახული მისი ხელით მოხატული წმინდანები და მძიმე დღეებში სიკვდილმისჯილმა საკნის კედლები თავისი სისხლით მოხატაო.

ბადრი ცხონდიას ვთხოვე, გაეხსენებინა წარსული. საინტერესო და რაც მთავარია, გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა.

- ბატონო ბადრი, ხეზე მუშაობა სად ისწავლეთ?

GzaPress- ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ძალიან მინდოდა, ამ გზას გავყოლოდი. ჩემი ძმაც ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. თოიძეში ჩავირიცხე და იქ ვისწავლე ხეზე კვეთაც. სამწუხაროდ, სწავლა ვერ დავამთავრე, რადგან ციხეში მოვხვდი. როცა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აღმოვჩნდი, იქ ტაძრის მშენებლობა მიდიოდა. ხელობა დამეხმარა, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა. როცა ავჭალაში გადამიყვანეს, ზვიად ძიძიგური, რომლის ინიციატივითაც ეს ტაძარი შენდებოდა, ციხიდან უკვე გასული იყო და არქიტექტორთან ერთად პერიოდულად შემოდიოდა. ქვაზე არასოდეს მქონდა ნამუშევარი და ციხეში დავიწყე. დამიდებდნენ პატიმრები გათლილ ქვას და მე ვაჩუქურთმებდი. რთული იყო თავისთავად, მიუჩვეველი ხარ, ახალია, თან არანაირი ტექნიკა არ გვქონდა, რადგან პატიმრები ვიყავით, ე.წ. ზუბილასა და სხვა მჭრელ საგნებს ვინ მოგვცემდა? ამიტომ ბევრად რთული იყო და დიდ დროს ვანდომებდით. იმ ტაძრის კანკელიც მე გავაკეთე ჩუქურთმაში და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ხარაჩოზე ვიდექი, ასე შემოვუარე ტაძარს ირგვლივ და ქვის სვეტები ასე გავაკეთე. როგორც წესი, ძირს ამზადებენ ქვებს და მერე აკრავენ, მე კი ხარაჩოზე მდგარი ვაკეთებდი ამას. ეს ბევრად რთული იყო და მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა.

- თქვენ შესახებ გვიამბეთ, რატომ აღმოჩნდით ციხეში?

- ეს ჩემი წარსულია და ამას ვერ გავექცევი. გულწრფელად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. მამა ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, მატერიალურად არ გვიჭირდა. ჩხოროწყუში პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. დედა სკოლა-ინტერნატში მუშაობდა და გადაწყვიტა, იქ გადავეყვანე, - ჩემ გვერდით იქნება და ასე უფრო გავაკონტროლებო. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. იქ სხვა კონტინგენტი სწავლობდა, უფრო რთული ბავშვები, დედამ ვერ გამაკონტროლა, ჩემთვის უარესი აღმოჩნდა იქ გადასვლა. სხვებს ავყევი და ცხოვრებაში შეცდომები დავუშვი. VII კლასში ვიყავი, მამაჩემმა თავისი ხელით რომ წამიყვანა ძნელად აღსაზრდელთა დაწესებულებაში, "მალალეტკებს" რომ ეძახდნენ. იქ ყველა ჩემკენ იშვერდა თითს, - ეს არის, მამამ თავისი ხელით რომ მოიყვანაო. გამოსწორების ნაცვლად, აირია ჩემი ცხოვრება. გავიჩინე სამეგობრო, რომელიც სხვანაირად აზროვნებდა და მერე მათთან ერთად ჩავდიოდი დანაშაულებს. სხვა შეხედულებები გამიჩნდა. იქაურ მეგობრებთან ერთად მოპარვა დავიწყე, მაღაზიებში შევდიოდით, ჯიბეზე ვმუშაობდით. განა მიჭირდა? არა, მამაჩემი იქით ეხმარებოდა ხალხს, მაგრამ ამით ჩემს გარემოცვას, იმ ბიჭებს ვუმტკიცები, არავისზე ნაკლები არ ვარ, მაგარი ვარ-მეთქი.

- პირველად რა მოიპარეთ?

- პირველად გასაქურდად სახლში შეღწევა ვცადეთ, მაგრამ ვერ განვახორციელეთ, ეზოში დაგვიჭირეს. მერე ჯიბეზე მუშაობა დავიწყეთ.

- ჯიბგირობა არ იყო რთული? არ გიჭირდათ, ადამიანს ფულს რომ აცლიდით ჯიბიდან? ამ გზით ყველაზე ბევრი რამდენი ამოგიღიათ?

- ჯიბის ქურდობა იოლი არ იყო, მაგრამ ვაკეთებდით. ზოგჯერ ორი ვიყავით, ხან მეტროში, ხან ავტობუსში ავდიოდით. ყველაზე ბევრი 2.000 მანეთი ამომიღია ჩანთიდან. ეს ფული მე და ჩემმა მეგობარმა გავიყავით, კინოებსა და გოგონებთან გართობაში დავხარჯეთ. ჯინსები იყო მოდაში და შარვლები ვიყიდეთ. ახლა ძალიან მრცხვენია. ეს დიდი ტკივილი და სამწუხარო რეალობაა. ყოველთვის სოლიდურად ვიცვამდი, ეჭვი არასოდეს მოუტანიათ ჩემზე. საქაღალდე დამქონდა და კოსტიუმი მეცვა.

- პირველად რისთვის გაგასამართლეს?

- ვიდეომაგნიტოფონი მოვპარეთ მეგობრის მეზობელს და ჩემს ბინაში წამოვიღე მოპარული ნივთი. პოლიციამ მაშინვე ჩემს მეგობარზე აიღო ეჭვი. უთქვამთ, მოგვაძებნინე და არავის დავსჯითო, იმანაც სახლში მომიყვანა პოლიციელები. ამოიღეს მოპარული ნივთი და ქურდობისთვის გამასამართლეს. მახსოვს, მიამიტურად ეხვეწებოდა პოლიციელებს, - ხომ მითხარით, რომ არ დაიჭერდით და გამოუშვითო. 20 წლის ვიყავი, როცა გამასამართლეს. 3 წელი მომისაჯეს, წელიწად-ნახევარში გამოვედი. მერე ისევ ჯიბგირობაზე დამიჭირეს.

- მერე იყო დიდი სასჯელი, რის გამოც სიკვდილი მოგისაჯეს.

- ეს ყველაზე საშინელი ფაქტი იყო, რომელსაც ძალიან განვიცდი. იმ პერიოდში მამაჩემი დააყაჩაღეს და "ნივა" გასტაცეს. მამამ თავდამსხმელს იარაღი გასტაცა და ერთი მათგანი დაჭრა. მე დავიწყე მანქანის ძებნა და ასე მომიწია კრიმინალებთან ურთიერთობამ. ყაჩაღობის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, რადგან ეს არ იყო ქურდული. არ მინდოდა ქურდობა, მაგრამ "კარგი ბიჭობა" მინდოდა და მსურდა, ჩემს სიტყვას ძალა ჰქონოდა. ამ მცდარი შეხედულებების გამო ავირიე ცხოვრება. მერე საყაჩაღოდაც წავედით და იქ ადამიანი მოკვდა. მართალია, მე არ გამისვრია ხელი, არავინ მომიკლავს, მაგრამ ეს არის დანაშაული, რომელიც დღემდე ტკივილად მაქვს. ყველა ლოცვაში ვიხსენიებ გარდაცვლილს. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან უზომოდ განვიცდი.

დანაშაულის ჩადენიდან 2 წლის მერე გაიხსნა ეს საქმე, ჩემი მეგობარი დაიჭირეს, რომელთანაც მქონდა მოყოლილი და მან გვამხილა ჩვენ. მე მაშინ იქ არც იარაღი მქონია, მაგრამ რადგან ადრე ნასამართლევი ვიყავი, ორგანიზატორობის მუხლი წამიყენეს და მკვლელობაც. მკვლელობაში სასამართლომ გამამართლა, თუმცა ორგანიზატორად მაინც დამასახელეს და დახვრეტა მომისაჯეს. ყველაფერს რომ დეტალებში დაგილაგებენ, მერე რთულია, არ აღიარო დანაშაული. ძალიან გულწრფელი ვარ თქვენთან, მართლა არ ვიყავი ორგანიზატორი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, იური ტაბუცაძემ დახვრეტა მომისაჯა, არადა, მართლა არ ველოდი ამას. ძალიან ვნანობ, რომ იმ დანაშაულის დროს იქ ვიყავი და ჩემმა მეგობარმა ეს ჩაიდინა.

- როცა გამოგიცხადეს სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასჯა, რა ემოცია დაგეუფლათ?

- ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. დარბაზში ჩემს დას გული წაუვიდა და წაიქცა, აურზაური იყო, გაგვიყვანეს. სასამართლო პროცესიდან პირდაპირ სიკვდილმისჯილებისთვის განკუთვნილ საკანში შემიყვანეს. ერთი ბიჭი დამხვდა საკანში, გია, რომელსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. სულ ლოცულობდა. თან წინა დღეებში 7 კაცი ერთდროულად დახვრიტეს და ყველა შიშით ელოდა იმ წუთს, როცა გაიყვანდნენ. მაშინ გავაანალიზე ჩემი სასჯელი. ძალიან რთულია, გადმოსცე ემოციები. სულ შიშში ხარ, არ იცი, როდის გააღებენ კარს და გაგიყვანენ დასახვრეტად. ყველა კარის გაჩხაკუნებისას ფიქრობ, რომ ეს ბოლო წუთებია. თუმცა, შინაგანად მჯეროდა, რომ არ დამხვრეტდნენ. ძალიან ძნელია. თან თუ გასამართლებამდე ვითხოვდით, საკანში ექიმი შემოეყვანათ და მოეხედათ, აქ გაძლიერებული იყო ყურადღება. გოჭსა და ინდაურს რომ ზრდიან საახალწლოდ, ისე ვიყავი. ყოველდღე მოდიოდა ექიმი, გამოწმებდა. ხვდები, რომ დასაკლავად გამზადებენ, სულ მოლოდინში ხარ. ვინ იცის, რამდენჯერ გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს მე და ჩემი თანამესაკნე. შემოწმებაზე ყველა გაყვანის დროს ვემშვიდობებოდით. ერთი კვირით ადრე 7 კაცის დახვრეტამ ყველა სიკვდილმისჯილი გატეხა მორალურად და სულიერად. თან ერთი თურმე მიხვდა და ძლივს გაიყვანეს საკნიდან ყვირილით.

- მაშინ მოხატეთ საკნის კედლები?

- კედლები სულ გადაჯღაბნილი იყო და გადავწყვიტე, ჩემი ბოლო ნამუშევარი დარჩენილიყო იმ საკნის კედელზე, საიდანაც დასახვრეტად გამიყვანდნენ. საკანში მქონდა ჩემი საქმის მასალები და დახვრეტის განაჩენი. ამ ფურცლების მეორე გვერდები სუფთა იყო. გავაკარი კედლებზე და იმაზე დავხატე ამაღლების ხატი. ერთ გვერდზე წმინდა გიორგი იყო გამოსახული და მეორე გვერდზე ღვთისმშობელი, ანგელოზები. მთელ ჩემს სულსა და განცდებს ვაქსოვდი ამ ნამუშევარში. ერთ კედელზე კი ჯვარცმა დავხატე. საღებავებს პატიმრები გვიგზავნიდნენ. წითელი საღებავი არ მქონდა, ჯვარცმისთვის კი სწორედ ეს ფერი მჭირდებოდა. ამიტომ ავიღე სამართებელი, გადავიჭერი ხელები და ჩემი სისხლით მოვხატე ეს ადგილები. პატრიარქი ხშირად შემოდიოდა, მაშინ თაფლი და წიგნები მოგვიტანა სიკვდილმისჯილებს და მოგვინახულა. სათითაოდ ყველას საკანში შევიდა. ჩემთან დიდხანს დაყოვნდა, ნახა ჩემი ხელით მოხატული კედლები, ჩამიხუტა გულში და დამაიმედა, ნუ გეშინია, არ დაგხვრეტენო. ეს დიდი იმედი იყო ჩემთვის, მაშინ 6 თვე იყო გასული დახვრეტის განაჩენიდან და უწმინდესის სიტყვებმა გამაძლიერა. მერე მოხდა საოცრება, თავად პატრიარქმა მიშუამდგომლა, რომ არ დავეხვრიტე და ერთი წლის თავზე შემიწყალეს, დახვრეტა 20 წლით შემიცვალეს - ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე. მანამდე დიდად მორწმუნეც არ ვიყავი. იქ დავიწყე ლოცვა. მძიმე დღეები იყო თითოეულისთვის, როცა ყოველ წუთს ველოდებოდით სიკვდილს. გულწრფელად გაუხარდა ჩემს თანამესაკნეს, რომ შემიცვალეს დახვრეტა, მაგრამ შინაგანად ეს ძნელია. შენ გვერდით მყოფი რომ ელოდება დახვრეტას და შენ გეშველა. მაშინ მიდიოდა სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე საუბარი და მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას ველოდით ყველა. ბევრი ადამიანი გადარჩა. სასჯელი რომ შემიცვალეს, იმ საკნიდან ე.წ. კრიტში გადამიყვანეს.

GzaPress- ციხეში 20 წელი გაატარეთ?

- ჩემი განაჩენის შეცვლიდან ერთ წელიწადში საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა და ყველა სიკვდილმისჯილს 20 წელი მიესაჯა. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. ჩემმა ადვოკატმა ეს 20 წელიც მერე გაასაჩივრა, კანონით ყველაზე მაქსიმუმი სასჯელი 15 წელი იყო და ყველას 15 წლამდე ჩამოუყვანეს. 2000 წელს გადაგვიყვანეს ზონაში. მაშინ ჩავერთე ავჭალის ტაძრის მშენებლობაში და ამ დროს რწმენაშიც გაძლიერებული ვიყავი.

ერთ სასწაულსაც გეტყვით: როგორც კი გადავხურეთ კრამიტით ტაძარი, 10 დღეში ავჭალის კოლონიის ღობეები მთლიანად გადაიხარა. არადა, არც მიწისძვრა ყოფილა და არც არაფერი. მაშინ პატრიარქმა ბრძანა, ეტყობა, ვერ გაუძლო ტაძარს ამ კედლებმაო. იქ პატიმრებს ხომ არ გაგვაჩერებდნენ და სხვადასხვა დაწესებულებაში გადაგვანაწილეს. 2008 წელს გამოვედი ციხიდან. ჩემი მოძღვრისა და მრევლის მხარში დგომით, დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას და მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანსა და უფალს ამისთვის. ვნანობ, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო ჩემს გამოსწორებას, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. მამას ძალიან რცხვენოდა, ჩემი ციხეში მოხვედრის გამო. ჰოდა, ჩხოროწყუში სახლი გაყიდა და სენაკში გადავიდა საცხოვრებლად.

- რომ არ მოხვედრილიყავით ციხეში, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

- წინ წავიდოდი, სამხატვრო აკადემიას დავამთავრებდი და მეტს მივაღწევდი. შესაძლოა, რწმენაში ასე გაძლიერებული არ ვყოფილიყავი. ჩემმა მოძღვარმა, მამებმა, მრევლმა შემიწყო ხელი, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო. თავიდან ფულსაც მჩუქნიდნენ ეკლესიაში მისულს უცხო ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ სახეზე ვცნობდი. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო. ახლა ჩემი საქმე მაქვს. მადლობა ღმერთს, ბევრი ტაძრის აშენებაში მიმიღია მონაწილეობა. ახლაც ტაძარს ვაშენებთ აღმაშენებლის ხეივანში. როგორც ნიკორწმინდა, ისეთი დიდია და იქ ჩუქურთმებს ვაკეთებ. სამუშაო მაქვს, შეკვეთებიც არის, მადლობა უფალს. ახლა ვის სახლშიც ვარ, ის ადამიანი საბურთალოზე ცხოვრობს და თავისი სახლი დამითმო. აქ ვარ ჩემს ოჯახთან ერთად. მრევლმა მიწაც მაჩუქა სოფელ დიღომში და ვფიქრობ, სენაკში ჩემს სახლს გავყიდი და იმ ფულით დავიწყებ ამ მიწაზე მშენებლობას. ახლა გახარებული ვარ, კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და დანადგარი მომცეს. მცირე მეწარმე გახლავართ და ეს დანადგარი გამიიოლებს მუშაობას, მეტი შემოსავალიც მექნება. ძალიან მინდა ჩარხიც. იმედი მაქვს, ახალ პროექტში მონაწილეობის შემდეგ ჩარხსაც შევიძენ და ჩემი შრომით ბევრ ღირებულს შევქმნი.

- ოჯახზეც გვიამბეთ...

- ოჯახი რომ შევქმენი, 19 წლისა ვიყავი. მას მერე იყო ურთულესი წლები, მაგრამ ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა, ჩემს მშობლებთან ცხოვრობდა და ორი შვილი გამიზარდა. კარგი ადამიანია, არასოდეს უთქვამს საყვედური. მადლობა უფალს ამისთვის და საერთოდ, ყველაფრისთვის.

თეა ხურცილავა