ვნებათაღელვა სესხების ჩამოწერის გამო - გზაპრესი

ვნებათაღელვა სესხების ჩამოწერის გამო

არჩევნების წინ კამათი და დაპირისპირება არავის უკვირს, გამონაკლისი არც წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილა. ოპონენტებს დებატებისთვის მასალა საკმარისზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე დიდი ხმაური ე.წ. სესხების განულების ინიციატივამ გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება ქართველ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო. პრემიერის თქმით, ვალების განულების პროცესი საქართველოში 15 დეკემბერს დაიწყება - "შავ სიაში" მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება ჩამოეწერება, მათგან თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ეს არის ბანკების, ონლაინორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაგროვილი დავალიანება, რომელიც მთლიანობაში 1,5 მილიარდ ლარს აღწევს. ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ ამ თანხას ფონდი "ქართუ" დაფარავს. აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რასაც მმართველმა გუნდმა არანაკლებ მწვავე შეფასება და არგუმენტები დაუპირისპირა. საინტერესოა, რამდენად რეალურია 15 დეკემბრიდან "სესხების განულების" დაწყება და როგორ აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას ცნობილი ადამიანები.

"ბატონი ბიძინა ადრე მართლა ეწეოდა ქველმოქმედებას"

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი: GzaPress- ამ რამდენიმე დღის წინ ტელევიზორით მეც მოვუსმინე ევროპარლამენტის სხდომას, სადაც გამოვიდნენ ევროპარლამენტის წევრები და წინასაარჩევნო სიტუაცია საქართველოში სერიოზულად გააკრიტიკეს. ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, - სესხების ჩამოწერა არჩევნების დროს ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავსო. ევროპარლამენტი ისეთი ავტორიტეტული ორგანოა, რომ მისი წარმომადგენლები ზერელედ არაფერს ამბობენ - იქ ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში და ეს მოვლენაც ადეკვატურად შეაფასეს. მეც ასე ვფიქრობ და ამას დიდი ჭკუა არ უნდა. ალბათ იცით, რომ სოფელ დიღომში ვცხოვრობ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, - ამ დაპირებით ბიძინამ ამომრჩეველთა ხმები მოისყიდაო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა და სოლიდურ თანხას უხდიდა ქართულ ინტელიგენციას... კი ბატონო, მეც მიხდის სტიპენდიას, მაგრამ ამ თანხას ჩემი ფილმები იღებს, რომელიც ხალხს უყვარს. ასეთივე სტიპენდიას იღებდნენ ბატონი ბიძინასგან ჩვენი დიდი მსახიობები: რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, ამ სტიპენდიას ახლაც იღებენ ბუბა კიკაბიძე და სხვები, მაგრამ ასი ან ორასი კაცის დაფინანსება სხვა საქმეა, 600 ათასი კაცის მოსყიდვა კი - სულ სხვა. ბატონი ბიძინა ადრე მართლა ეწეოდა ქველმოქმედებას და მისი საქმიანობით ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან შეიცვალა. ეს არც მიკვირს: ხელისუფლება დიდი ავადმყოფობაა, რომელსაც ვერ ელევიან. ახლა ის არავითარ ქველმოქმედებას არ ეწევა და მთელ ფულს არჩევნებში ხარჯავს. ე.წ. სესხების განულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

"ქართველებზე უმადური ხალხი ამქვეყნად არ არსებობს"

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - თუ გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანს ვინმე ვალს გაუნულებს და მძიმე ტვირთს შეუმსუბუქებს, ამაში საკამათო რა უნდა იყოს?! ამ ინიციატივას ძირითადად, ოპოზიცია და მისი მომხრეები აკრიტიკებენ, მაგრამ მე მათ არაფერს ვუპასუხებ. თუ დღეს ვინმეს სურს, ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა" მართავდეს და ეს უბედურება უკან დაგვიბრუნდეს, მე ასეთ ხალხთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ჩემი აზრით, ეს უფრო დიაგნოზია და საკმაოდ საშიში დიაგნოზიც! არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში ისეთი ხალხი არსებობს, რომელიც უანგაროდ უჭერს მხარს "ნაციონალებს". გაიძახიან, - ამ სესხების განულება რაღა არჩევნების წინაპერიოდს დაამთხვიესო? - შევახსენებ, რომ ეს პროცესი დეკემბერში უნდა დაიწყონ, ანუ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აბა, რა გითხრათ, ვისაც მარტო ცუდის დანახვა უნდა, სხვას ვერაფერს დაინახავს. ივანიშვილმა იმდენი სიკეთე გაუკეთა ქართველ ხალხს, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, მაგრამ არ უნდათ ამის დანახვა და რას ვიზამთ? რა არის ეს, თუ არა ტოტალური უმადურობა, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან დიდი ჭირია და რომელსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. ქართველებზე უმადური ხალხი ამქვეყნად არ არსებობს - ეს ჩვენი ყველაზე დიდი სატკივარია, რომელიც ვერა და ვერ მოვიშორეთ.

"როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა ბოლომდე აპირებს ბრძოლას"

კობა დავითაშვილი, იურისტი: GzaPress- რადგან პოლიტიკაში აღარ ვარ და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას აღარ ვეკუთვნი, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე გიპასუხებთ: სესხების განულების ინიციატივა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ბიძინა ივანიშვილის სერიოზულ დამოკიდებულებაზე ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და მათ შორის, არჩევნების მიმართ. მან ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, - შეიძლება ოპოზიციას ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუთმოთ პრეზიდენტის პოსტიო... ამ განცხადების გამო საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ აპირებს ივანიშვილი ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" გადააბაროსო, მაგრამ ეს უსაფუძვლო ეჭვია. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ 1,5 მილიარდის ოდენობის ვალი გამოისყიდოს, საზოგადოებას დაანახვა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლება ოპონენტებს გადააბაროს. როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას არ სურს ამ ქვეყნის სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" იხილოს და ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

"თუ გაჭირვებულ ადამიანს ვინმე ხელს წაუკრავს, ამას რა ჯობია?"

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: GzaPress- მე შევეცდები ე.წ. სესხების განულების ინიციატივა ეკონომიკური თვალსაზრისით შევაფასო: დავიწყებ იმით, რომ "შავ სიაში" შეტანილი ვალების თითქმის 95% ისეთი სესხებია, რომელთა ძირი თანხაც 2.000 ლარს არ აღემატება. ლაპარაკია ხალხზე, რომელსაც 2.000 ლარზე უფრო მცირე სესხი აქვს და ვერ ისტუმრებს. ეს ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად აღებული კრედიტებია, როცა ადამიანს ფული დასჭირდა და იძულებული გახდა ვალი აეღო. თანაც, ეს უიმედო, ჩამოწერილი სესხებია: ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამ ფულს უკან დაიბრუნებდნენ. ახლა კი, მათ შედარებით ნაკლებ თანხას გადაუხდიან იმ პირობით, რომ ამ ადამიანებს ვალს ჩამოაწერენ. ჩემი აზრით, კომერციული დაწესებულებები მოგებაში არიან, რადგან ფაქტობრივად, დაკარგული ფული უბრუნდებათ. ამიტომ, ეს წინადადება მათთვის მისაღები უნდა იყოს: ბანკები უიმედო სესხებს მოიცილებენ და თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ფიზიკური პირები, რომლებსაც ეს თანხა ჩამოეწერებათ, თავისუფლად ამოისუნთქავენ და ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდებიან. ასე რომ, ორივე მხარე მოგებული დარჩება. მართალია, ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში გახმაურდა და ამან ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ყველაფერი პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, მაგრამ თუ გაჭირვებული ადამიანი წლების განმავლობაში ვალის გადახდას ვერ ახერხებს და ვინმე ხელს წაუკრავს, ამას რა ჯობია?

"ხელისუფლებამ სკამის დაკარგვის საფრთხე იგრძნო"

გია ბუღაძე, მხატვარი: - გაჭირვებულ ხალხს თუ ვალებს გაუნულებენ, ეს კარგია, მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. რაღა მაინცდამაინც არჩევნებს დაამთხვიეს ამ ინფორმაციის გავრცელება? ჩემი აზრით, "ოცნებას" ხმები დასჭირდა და მათი ყიდვა გადაწყვიტა. მომავალში ალბათ, ამ თანხასაც ქართველ ბიზნესმენებს გადაახდევინებენ, მაგრამ აქ სულ სხვა რამ არის მთავარი: პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება იგრძნო და მიხვდა, ხალხს რაღაც უნდა გაუკეთოს, რომ ყველაზე გაჭირვებულ ფენას მაინც უნდა დაეხმაროს. ამიტომაა საჭირო ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია, რათა ხელისუფლება არ მოდუნდეს და ხალხზე იზრუნოს. ჩვენი პოლიტიკოსები როგორც კი სადავეებს ხელში ჩაიგდებენ, ფიქრობენ, რომ თავი ქუდში აქვთ და მაშინვე დუნდებიან. ამიტომ, ქართველებს დაბალანსებული ხელისუფლება გვჭირდება და არა - ერთი მმართველი პარტიის ხელში მომწყვდეული. შვიდი წლის წინ ჩვენმა მოსახლეობამ მიაღწია იმას, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა შეუძლია. ახლაც, არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლებამ სკამის დაკარგვის საფრთხე იგრძნო და ამის გამო, ქვეყნის პირველმა პირებმა სესხების ჩამოწერაზე, გაჭირვებული ხალხის დახმარებაზე დაიწყეს ფიქრი... სწორედ ამიტომ არის საჭირო ბალანსი ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ავტორიტეტებზე აწყობილი ხელისუფლება სიკეთეს ვერასოდეს მოგვიტანს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას სკამის დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ. მე საქართველოს მომავალს პოლიტიკურ ძალთა დაბალანსების გარეშე ვერ ვხედავ. ჩვენი ბედი ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ უნდა ჩავაბაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება: თვითონ სასახლეებში იცხოვრებენ, ხალხი კი მუდმივად ვალებში ჩაფლული, დაბეჩავებული და გაჭირვებული დარჩება. არადა, ქართველი ხალხი უკეთეს მომავალს ნამდვილად იმსახურებს.

ხათუნა ჩიგოგიძე