მოდელის ფანატიკური სიყვარული - გზაპრესი

მოდელის ფანატიკური სიყვარული

დაახლოებით 3 წელია, რაც მოდელი ნინი გრძელიშვილი თეატრის ხშირი სტუმარი გახლავთ. სპექტაკლების სანახავად, ბავშვობაში დედას დაჰყავდა. მართალია, მცირე ასაკში სპექტაკლებს სიღრმისეულად ვერ აღიქვამდა, მაგრამ თეატრში წასასვლელად მომზადების პროცესი, იქ არსებული გარემო ძალიან მოსწონდა. "დროთა განმავლობაში, ასე მგონია, აღმოვაჩინე მუსიკისა და დრამის თეატრი, რომელიც სხვა თეატრებისგან განსხვავდება. სტილი, აურაც კი განსხვავებული აქვს. თუ პრემიერაა ან რომელიმე სპექტაკლს აქებენ, სხვა თეატრებშიც დავდივარ, მაგრამ ძირითადად, იმედგაცრუებული ვრჩები," - გვითხრა ნინიმ. თეატრში სიარული მისი ყოველდღიურობის ნაწილია. ეს ერთგვარი რიტუალი გახლავთ, რომლისთვისაც მოდელი მთელი კვირა ემზადება: ინფორმაციას ეძებს, ვიდეოებს უყურებს... მოკლედ, თეატრში სპექტაკლის სანახავად მიდის, როგორც მომზადებული მაყურებელი... ნინი გრძელიშვილს ვთხოვეთ, დაესახელებინა სპექტაკლები, რომლებიც მოსწონს და რომლებიც - არ მოსწონს.

- სპექტაკლები, რომლებიც მომწონს, არის:

GzaPress- "ბალიშის კაცუნა". ეს ჩემი საყვარელი სპექტაკლია. რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლავთ, პიესის ავტორი - მარტინ მაგდონა, ქორეოგრაფი - კონსტანტინე ფურცელაძე. სპექტაკლი 4 საათს გრძელდება, 2 მოქმედებად არის დაყოფილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სცენოგრაფია სასწაულად მომხიბვლელი და უცხოა - მსახიობები წყალში თამაშობენ (4 აუზია). ორიგინალური და შთამბეჭდავია. ძალიან "ღრმა" სპექტაკლია, ცოტათი - "მძიმე", მაგრამ ადამიანს ბევრ რამეზე დაგაფიქრებს... ძირითადად, აქცენტი ბავშვობის ტრავმებზეა, მაგრამ კიდევ ბევრი თემაა გაშლილი. თან, სასწაული დასია: ალბათ, ყოველი გმირისთვის მსახიობი დიდი ყურადღებითაა შერჩეული. "ბალიშის კაცუნა" 4-5-ჯერ მაქვს ნანახი. როცა ამ სპექტაკლს ვუყურებ, ყოველთვის ახლის აღმოჩენის პროცესში ვარ. ერთი ნახვით ყველაფერს ერთიანად ვერ აღიქვამ, რადგან როცა პირველად უყურებ, ასე თუ ისე, მაინც ცდილობ, შინაარსს არ ჩამორჩე, მთავარი აზრი გამოიტანო. მერე და მერე, უკვე დეტალებს აკვირდები და ხვდები, როგორი მაგარი, ნამდვილად გენიალური სპექტაკლია.

"სამგროშიანი ოპერა" - ეს სპექტაკლი ჩემს ფანატიკურ სიყვარულთან ასოცირდება. ამის გამო, მეგობრები უკვე დამცინიან. სპექტაკლის პრემიერა გასული სეზონის ნოემბერში იყო. იქიდან მოყოლებული, "სამგროშიანი ოპერა" 7-ჯერ ვნახე. იყო შემთხვევა, როცა ამ სპექტაკლს კვირაში ორჯერ დავესწარი. ახლობლები მეხუმრებიან - "სამგროშიანი ოპერა" უკვე "სივიში" უნდა ჩაიწეროო. რამდენჯერაც ეს სპექტაკლი ითამაშეს, იმდენჯერ დავესწარი - თითქმის არც ერთხელ გამომიტოვებია. როცა სეზონი მთავრდებოდა, ბაქოში ვიყავი - სილამაზის კონკურსის ჟიურიში მიმიწვიეს. ვაპირებდი, ბაქოში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩენილიყავი, მაგრამ "სამგროშიანი ოპერა" სეზონის ბოლო სპექტაკლი იყო და სპეციალურად მის სანახავად, საქართველოში 1 დღით ადრე დავბრუნდი - მაინც "არ გავაცდინე". მთავარი, ანუ მექი დანას როლის დუბლიორები გიორგი ვარდოსანიძე და ანდრია გველესიანი არიან. პირველად გიორგის მიერ განსახიერებული მექი ვნახე. ალბათ ამიტომ, ამ როლში მას უფრო აღვიქვამ. როდესაც მუსიკისა და დრამის თეატრი სოციალურ ქსელში აფიშას აქვეყნებს, ადმინისტრატორს ყოველთვის ვწერ: ამჯერად, რომელი თამაშობს - გიორგი თუ ანდრია-მეთქი? ყოფილა შემთხვევები, როცა ამრევია და სპექტაკლს 2-3-ჯერ ანდრიას მონაწილეობით დავესწარი. როლს ორივე არაჩვეულებრივად ასრულებს, მაგრამ ეტყობა, რაკი პირველად გიორგის მონაწილეობით ვნახე, ჩემთვის მექი დანას როლში ის უფრო "ჯდება"... "სამგროშიანი ოპერა" ბრეხტის ნაწარმოებია. რეჟისორი გიორგი თავაძე გახლავთ. ერთხელ, როცა სპექტაკლს ვესწრებოდი, პირველ რიგში ვიჯექი. რადგან "სამგროშიანი ოპერა" მიუზიკლია, უამრავი ვიდეო მაქვს გადაღებული და ამ ვიდეოებს ხშირად ვუყურებ. შესაბამისად, ტექსტი უკვე ზეპირად ვიცი. პირველ რიგში მჯდომი მსახიობებს სიმღერისას ავყევი. ანტრაქტზე ბატონი გიორგის დედა, - ირმა გურიელი მოვიდა და მკითხა: ამ სპექტაკლს მერამდენედ ესწრებით? მთელი სპექტაკლის განმავლობაში გიყურებდით და სიტყვაც არ შეგშლიათ. არც ვნერვიულობდი - თავად მსახიობებს რამე რომ დავიწყებოდათ, თქვენ შეახსენებდით, ტექსტი ზეპირად ისე კარგად იცითო (იცინის). "სამგროშიანი ოპერა" ქართულ ენაზე მას უთარგმნია და წიგნის ჩუქებასაც შემპირდა...

"შეშლილის წერილები" - გოგოლის ნაწარმოების მიხედვით დადგმული ამ სპექტაკლის პრემიერა ახლახან იყო. ეს არის მონოსპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს ამირან ამირანაშვილი ასრულებს. მართლა მისტიკური სპექტაკლია, რადგან მასში მხოლოდ ერთი კაცი თამაშობს, რომელიც ახერხებს, 2 საათის განმავლობაში, მაყურებელი წამით არ მოდუნდები, არ მოგბეზრდება... როგორც მერე წავიკითხე, მსახიობი ამირან ამირანაშვილი ქართულ სცენაზე ნაკლებად ჩანს - დიდი ხანია, არ უთამაშია, თუმცა ძველ ფილმებში გვხვდება... თითქოს მისტიკური ადამიანია გარეგნობით, ხმით... როცა სპექტაკლი დასრულდა, არ მჯეროდა, რომ ეს მიწიერმა ადამიანმა გააკეთა. გაოცებული, გაოგნებული ვიყავი. ხმა საერთოდ რომ არ ამოიღოს, მაყურებელზე მხოლოდ მისი გარეგნობაც საოცარ ზეგავლენას ახდენს... სპექტაკლს პრემიერიდან მეორე დღეს დავესწარი. ახლა ველოდები, რომ კიდევ ვნახო მეორედ, მესამედ... ჩემი პირველი შთაბეჭდილება საოცარია: სპექტაკლმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ 2-3 დღე აზრზე მოსვლისთვის დამჭირდა. ვისაც არ უნახავს, ვურჩევ ნახოს, რადგან ჯერ ერთი, მონოსპექტაკლები იშვიათია და მეორე - ასეთი შინაარსის, ასეთი სიღრმის...

GzaPress- სპექტაკლები, რომლებიც არ მომწონს, არის:

- "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი" - რუსთაველის თეატრის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცოტათი სკეპტიკურია. თავად რობერტ სტურუას მიმართაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. შეიძლება, ეს იმით არის განპირობებული, რომ თავად ამ პიროვნების შეხედულებებია ჩემთვის მიუღებელი. შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ პირადად მე, მისი არც ერთი სპექტაკლი არ მომწონს. ალბათ, 10-12 წლის ვიყავი, როდესაც რუსთაველის თეატრში "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი" ვნახე. სპექტაკლი 2 საათს გრძელდებოდა. იმ ხნის განმავლობაში სკამზე ვერ გავჩერდი, ისე ცუდად გავხდი. ჩემთვის ეს კოშმარული სპექტაკლი იყო! მას შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, დედაჩემს თეატრში აღარ მივყვებოდი. არ ვიცი, შეიძლება, პატარა ვიყავი და წარმოდგენა ამიტომ ვერ აღვიქვი - მასში რაიმე დიდი შინაარსი და სიღრმე "იდო", მაგრამ იმ დროს თეატრში უკვე დავდიოდი და სხვა სპექტაკლები მომწონდა. ახლაც "სტურუა" რომ მესმის, რატომღაც, პირველად ეს სპექტაკლი მახსენდება...

"დაუკანონებელი უკანონობა" - ახალი წლის პერიოდი იყო. მუსიკისა და დრამის თეატრში "საშობაო ზღაპარი" გადიოდა. საბავშვო სპექტაკლია, მაგრამ სხვა გზა რომ არ მაქვს, საბავშვო სპექტაკლებსაც ვესწრები (იმ დროს სხვა არაფერია ხოლმე). ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როდესაც მეგობარმა რუსთაველის თეატრში, "დაკანონებული უკანონობის" სანახავად დამპატიჟა. რა თქმა უნდა, წინასწარ გავეცანი: პიესის ავტორი - ბრეხტი, რეჟისორი - რობერტ სტურუა. საერთოდ, ბრეხტის ნაწარმოებები მიყვარს. ყოველთვის ძალიან "მიწიერი" თემებია - რეალისტური, პრაგმატული... ძალიან დავინტერესდი, მაგრამ ორივე სპექტაკლი - "საშობაო ზღაპარი" და "დაკანონებული უკანონობა" - ერთსა და იმავე დღეს იყო. საბავშვო სპექტაკლზე ჩემი პატარა დეიდაშვილი უნდა წამეყვანა. დეიდაჩემს ვთხოვე, რომ ბავშვი თეატრში თავად წაეყვანა, მე კი "დაკანონებულ უკანონობას" დავესწარი. სპექტაკლი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდება და ეს დრო როგორ გავიყვანე, არ მახსოვს. ბოლოს სცენაზე დავით დარჩია გამოჩნდა და რაღაცას ცოტათი აზრი მიეცა - საკმაოდ ძლიერი მონოლოგი ჰქონდა და ამან ჩემზე იმოქმედა. სპექტაკლი რომ დასრულდა, 2-3 წუთი აზრზე კიდევ ვერ მოვედი: ან რითი დაიწყო, ან - რითი მორჩა, ან - რისი თქმა სურდათ?! ვერ მივხვდი... ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ, ეს ჩემთვის ზედმეტად "ღრმაა", რასაც უბრალოდ, ვერ ვწვდები-მეთქი? მიზეზი მართლა არ ვიცი, მაგრამ რუსთაველის თეატრში რამდენჯერაც ვყოფილვარ, იქიდან აღფრთოვანებული და მოხიბლული ვერ გამოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი დასი ჰყავთ; სტურუას მიღწევებს და ქართული თეატრის წინაშე მის დამსახურებებს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. უბრალოდ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სიახლეები, ახალი ფორმები, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობაა საჭირო... ყველას ჰყავს თავისი მაყურებელი. ჩემზე გამოცდილი და უფრო მეტად კომპეტენტური ხალხიც არსებობს და ისიც ვიცი, რუსთაველის თეატრი მაინც ძალიან ცნობილი და პოპულარულია... ეთო ყორღანაშვილი