სოციალურ ქსელში დაწყებული მეგობრობა - გზაპრესი

სოციალურ ქსელში დაწყებული მეგობრობა

ცნობილი მსახიობი - ია სუხიტაშვილი და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, შემოქმედებითი გაერთიანება "ლამარიას" დამფუძნებელი - ლიგია მუშკუდიანი საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთი "ფეისბუკით" გაიცნეს.

ლიგია:

- ყოველი დღესასწაულისთვის (საახალწლოდ, საშობაოდ, სააღდგომოდ...) დედაჩემი სახლს ძალიან ლამაზად რთავს. ჩემი შვილი - ანა-მარია ფოტოებს იღებს და მიგზავნის. როცა ჩემი სახლის ფოტოებს ვუყურებ, შინ ყოფნის განწყობა მექმნება - ამით "ვივსები"... ერთხელაც, სადღესასწაულოდ მორთული სახლი ანა-მარიამ სოციალურ ქსელში ატვირთა, ეს იას უნახავს...

ია: - უცებ, "ფეისბუკზე" ლამაზად მოწყობილი, წინასააღდგომო განწყობის ამსახველი ოთახის ფანტასტიკური სურათი გამოჩნდა. ძალიან მომეწონა, სიმყუდროვე და სილამაზე "მოჰქონდა". კომენტარი დავწერე - რა სილამაზეა-მეთქი. ლიგიამ მადლობა გადამიხადა. დავუწერე: - პირიქით, მადლობა თქვენ, რადგან თავისუფლად შემიძლია, სახლის მორთვისას ამ ფოტოთი ვიხელმძღვანელო-მეთქი (თავად მსგავსი რაღაცების კეთება არ გამომდის)... მოკლედ, იმ კომენტარს ჩვენი დიდი მეგობრობა მოჰყვა... პირად მიმოწერებში დღესასწაულებს ერთმანეთს ხშირად ვულოცავდით. ლიგიამ მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვარ და ჩემს შემოქმედებას თვალყურს ადევნებს. ერთ მშვენიერ დღეს მომწერა, რომ ახალ წელს საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა და ძალიან გაუხარდებოდა, თუ ვეწვეოდი. შევპირდი, რომ აუცილებლად ვნახავდი. ამასობაში, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ლიგიამ თავის ამბავს მოჰყვა, თუ როგორ გაემგზავრა საქართველოდან, საზღვარგარეთ მისი წასვლა რამ განაპირობა... ამ ადამიანის გაცნობის სურვილი და მის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

ლიგია: - წარმოიდგინეთ, ახალ წელს საქართველოში ჩამოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი (ათენში ვიყავი), მაგრამ რადგან მოპატიჟებაზე იასგან დადებითი პასუხი მივიღე, თვითმფრინავის ბილეთები ავიღე... როცა მესტუმრა, ერთმანეთს 50 წლის ნაცნობებივით შევხვდით, ჩავეხუტეთ, მოვეფერეთ... ნახევარი საათით მესტუმრა, რადგან ახალი ნამშობიარევი იყო, მაგრამ საუბარი 3-4 საათს გაგვიგრძელდა (იღიმის). მას შემდეგ სისტემატური ურთიერთობა გვაქვს და საუკეთესო მეგობრები ვართ.

ია: - ლიგიას 2 იანვარს, უფროს ვაჟთან ერთად ვესტუმრე. მის სახლში ისეთი სილამაზე დამხვდა, რომ სიმართლე გითხრათ, მსგავსი არსად მინახავს - ახალი წელი ყოველი კუთხე-კუნჭულიდან იგრძნობოდა. ლიგიას დედა - ქალბატონი ლამარაც გავიცანი, რომელიც 80 წლის ხდება - ძალიან მშრომელი და ყოჩაღია. მივხვდი, ამ ქალბატონის შვილი სხვანაირი ვერ იქნებოდა... ანა-მარიაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ადამიანში ასეთი სიკეთე არ მინახავს...

- ლიგია, როცა ია პირადად გაიცანით, რამ გაგაოცათ, რას არ ელოდით მისგან?

- ია ისეთი ნიჭიერი და პოპულარული მსახიობია, რომ მეგონა, ცოტათი ქედმაღალი იქნებოდა. სინამდვილეში, უშუალო ადამიანია. როგორც კი კარი გავაღე, მითხრა: - გამარჯობა. მე ია ვარ. როგორ ხარ, ლიგიაო? მეგონა, დიდი ხანია, ვიცნობდი.

- 2-წლიანი მეგობრობის განმავლობაში არასოდეს გიკამათიათ?

- არა, პირიქით, როცა რაღაც მიჭირს, რჩევას ყოველთვის ვეკითხები. ხომ გაგიგონიათ - სხვა სხვის ომში ბრძენიაო? ხანდახან ადამიანი ცუდად ხარ, მაგრამ რჩევებს სხვას აძლევ. ყოფილა შემთხვევა, ცუდად მეც ვყოფილვარ. ასეთ დროს ია შემომიძახებს ხოლმე: - აბა, ლიგია, არ გრცხვენია? რა დროს ცუდად ყოფნაა? შვილები გვყავს გასაზრდელი. ცხოვრება მშვენიერია, ყველაფერი ლამაზიაო. ვფიქრობ, მართლა ასეა... ხანდახან პირიქით, მე შევუძახებ ხოლმე: - ია, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, აბა, თავი მაღლა ასწიე, ცხოვრება მშვენიერია-მეთქი!.. ემიგრანტი გახლავარ - წლებია, საქართველოდან წასული ვარ. ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი დედის, შვილის, ქვეყნის, ახლო მეგობრების მონატრებაა. იასთან ერთხელ დარეკვა საკმარისია - მოწყენის უფლებას არ მაძლევს. ბატარეასავით ვარ, რომელიც ამ გოგოსთან დარეკვისას იმუხტება.

- ია, საბერძნეთში ყოფილხართ?

- არა. საბერძნეთი ის ქვეყანაა, რომლის დათვალიერებაც ძალიან მინდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ასეთი გამონათქვამი არსებობს: მოგზაურობა ან საბერძნეთით უნდა დაიწყო, ან საბერძნეთით დაასრულოო. ამ ქვეყნის დათვალიერებას 10 დღეში ვერ მოახერხებ, დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. იმედია, ოდესმე მოვახერხებ საბერძნეთში ჩასვლას და ვფიქრობ, წინ დიდი სიამოვნება მელის.

GzaPressლიგია: - ია საბერძნეთში ჩამოსვლას წელს აპირებდა. დავპატიჟე და დიდი სურვილი ჰქონდა, ჩამოსულიყო, მაგრამ სპექტაკლების გამო ვერ მოახერხა. ზაფხულშიც ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე საქართველოში ჩამოვედი. პირობას ვაძლევ, აუცილებლად წავიყვან და რასაც შევპირდი, გავაკეთებ.

- თქვენს შვილებზე რას გვეტყვით? ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ანა-მარია გვიან გავაჩინე და "ღვთის საჩუქარი" დავარქვი. ათენში დაიბადა. როდესაც სცენაზე, გრიმით ხედავენ (ქართულ ცეკვებს ასრულებს), დღესაც მახსენებენ, - გახსოვს, როგორი პატარა იყოო? თვე-ნახევრის გახლდათ, როცა სცენაზე ე.წ. კენგურუ ჩანთაში ჩასმული ავიყვანე (კონცერტის ორგანიზატორი ვიყავი და სცენაზე მიხმეს), "თბილისო" ერთად ვიმღერეთ (იღიმის). ალბათ, ამ ბავშვს სცენისა და ხელოვნების სიყვარული იქიდან გაუჩნდა: მღერის, ცეკვავს...

ია: - ჩემი უფროსი ვაჟი - ლუკა ჯერ საკმაოდ პატარაა. ის "ფეისბუკზე" დარეგისტრირებული არ არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, წლების შემდეგ ანა-მარია და ლუკა ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდებიან, რადგან ბევრს ნიშნავს, როცა მშობლები მეგობრობენ.

- ის ფაქტი, რომ ძირითადად, ინტერნეტით ურთიერთობთ, თქვენს მეგობრობაზე როგორ აისახება?

- რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანის ნახვის, შინ დაპატიჟების შესაძლებლობა გაქვს. რა ჯობია, როდესაც მეგობარს პირისპირ უყურებ? ასეთ დროს ურთიერთობა უფრო "გახსნილია", მაგრამ მადლობელი ვარ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტითაც შეგვიძლია - ამაში ცუდი არაფერია. მიხარია, რომ ცოტა ხანში ლიგია ისევ დაგვიბრუნდება - ახალი წლის დღესასწაულისთვის საქართველოში ისევ ჩამოვა და საშუალება მექნება, კიდევ ერთხელ ჩავეხუტო. აუცილებლად ვესტუმრები, რადგან დედამისის - ქალბატონი ლამარას ნახვაც მინდა. მისი ოჯახით აღფრთოვანებული ვარ! ლიგიას ძალიან დიდი გული აქვს და კარგი სამეგობრო ჰყავს, მეგობრები კი ბევრ რამეს განაპირობებენ...

ლიგია: - რაღაცნაირად, ინტერნეტი მაინც "რკინის ფარდაა", მაგრამ ჩვენს ურთიერთობაზე ეს არ აისახება. ია საოცრად თბილი და მოსიყვარულეა. ჩემს თავზე იმდენმა რამემ გადაიარა, რომ ადამიანური სითბოს გარდა, საერთოდ არაფერი მაოცებს. ბევრჯერ აღვნიშნე და ამის გამო მისაყვედურეს კიდეც: 90-იან წლებში, როცა შუქი, გაზი, წყალი, საჭმელი, სასმელი არ გვქონდა, უფრო გულთბილები ვიყავით. ახლა, ასე თუ ისე, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ადამიანებში სიცივეა. დღეს მე ეს სითბო მაოცებს, რომ ადამიანი, რომელსაც ინტერნეტით ვიცნობდი, შინ, რუსთავში მესტუმრა და დიდი ხნის ნაცნობივით ჩამეხუტა...

ია: - მეგობრობა რთული ფენომენია. მამა სულ მეუბნებოდა, - ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც შენს წარმატებას და კარგად ყოფნას გაიზიარებსო. ამ ფრაზის მნიშვნელობა კარგა ხანს არ მესმოდა, რადგან მეგონა, მეგობარი ჭირში უნდა დამდგომოდა გვერდში და კარგი მეგობრობა ამით განისაზღვრებოდა, თუმცა ეს მთლად ასე არ არის, მით უმეტეს, როცა ისეთი პროფესია გაქვს, რომელიც ასე ვთქვათ, საჯაროა და თავისი წილი გამარჯვებები, მთავარი როლები ახლავს თან. შეიძლება, ეს ბევრს არ უხაროდეს, თუნდაც - იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე, შენს მეგობრებად მოიაზრებიან. ამიტომ ვხვდები, რომ მამას ჩემთვის ჭეშმარიტება უთქვამს. ადამიანები იმის გამო დამიკარგავს, რომ ჩემი წარმატება ვერ გაიზიარეს, ოღონდ საქმეები კი არ გაგვირჩევია? უბრალოდ, ისე მოხდა, რომ სწორი გზიდან უნებურად გადაუხვიეს და წავიდნენ, დამემშვიდობნენ... როდესაც გვერდით მყოფის წარმატებას და კარგად ყოფნას უძლებ, ეს ძალიან დიდი უნარია; როდესაც ვერ უძლებ, უბრალოდ, ამ სიტუაციას შორდები... სიმართლე გითხრათ, მართლა არ მესმის, სხვისი კარგად ყოფნა რატომ არ უნდა გიხაროდეს?! გარშემო მყოფთა წარმატება და ძლიერება ჩემი ძლიერებაც არის. ამიტომ, ადამიანის გარშემო რაც უფრო მეტი ძლიერი და წარმატებული პიროვნებაა, ეს მისი წარმატების გარანტი, საყრდენია (ცუდი გაგებით არ ვამბობ).

ლიგია: - ადამიანებს ხელოვნება, ერთმანეთის მოფერება, სიყვარული გადაგვარჩენს, რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. სიყვარულის, მონატრების ფასი უნდა ვისწალოთ. ადამიანები და დედამიწა სიძულვილის მეტასტაზებმა მოიცვა. სიძულვილი, ბოროტება, შური დაგვღუპავს ადამიანებსაც და დედამიწასაც. შური ადამიანის სისუსტეა - იმას ჩემზე მეტი რატომ აქვსო? ამაში ჩემი თავიც გამომიჭერია, მაგრამ მერე მითქვამს: - ლიგია, უფლება არ გაქვს, ვინმესი გშურდეს. ბედნიერი ხარ, რომ დედა, შვილი და მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები გყავს-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი