ევროპის ჩემპიონის "კულტურული" დამბალხაჭო და დაშინებული თაყვანისმცემელი - გზაპრესი

ევროპის ჩემპიონის "კულტურული" დამბალხაჭო და დაშინებული თაყვანისმცემელი

საქართველოს ჩემპიონი იმდენჯერ გახდა, უკვე სათვალავი აერია, უამრავი დიპლომი აქვს და აღარც ითვლის. გარდა ამისა, ნათია მეწარმეც გახლავთ და მშობლიურ მხარეში - თიანეთში, სოფელ ახალსოფელში უკვე რამდენიმე წელია, დამბალხაჭოს აწარმოებს. როდესაც შევხვდი, ახალი დაბრუნებული იყო ისრაელიდან, სადაც წარმატებით იასპარეზა და კიდევ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება.

- სკოლაში თავიდან კარგად ვსწავლობდი, მერე ცოტა არ იყოს, გავზარმაცდი. დაწყებით კლასებში კარატეზე დავდიოდი. მე-9-მე-10 კლასში ფრენბურთისა და კალათბურთის ნაკრების კაპიტანი გახლდით რაიონში. ბოლოს კი მძლეოსნობა ავირჩიე. ბავშვობაშიც მოუსვენარი ვიყავი. ერთხელ სკოლაში ავდიოდი კიბეზე და უფროსკლასელმა ბიჭმა თოვლის გუნდა მესროლა. სახეში მომხვდა და გავბრაზდი, გუნდის სროლა როგორ გამიბედა-მეთქი, გავეკიდე. გაიქცა და ბიჭების საპირფარეშოში შემასწრო. იფიქრა, იქ არ შევიდოდი, მაგრამ შევყევი და ვცემე. ის დიდი იყო, მე - პატარა. ახლა რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია, მაგრამ რაღას ვუშველი (იცინის). ჩემი კი ეშინოდათ, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ. ვერ ვიტანდი, როცა ვინმეს უსამართლოდ ჩაგრავდნენ. ასეთი აქტიურობის, ფიზიკური ძალისა და ენერგიის გამო ფრენბურთის მწვრთნელმა მაშინდელი მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ყარამან საბანაშვილს დაურეკა და ჩემ შესახებ უთხრა. ის იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. მაშინ მე-11 კლასში ვიყავი. ყარამან საბანაშვილმა თქვა: სიმაღლე და ძალა აქვსო და მაშინვე "შტანგებზე" სავარჯიშოდ გამიშვა. ბირთვის კვრა და ბადროს ტყორცნა - ეს 2 სხვადასხვა სახეობაა, მაგრამ მოძრაობებით იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ორივეში ვასპარეზობ.

GzaPress- შენი წარმატებების შესახებ უფრო დაწვრილებით მიამბე.

- თბილისში რომ ჩამოვედი და ვარჯიში დავიწყე, მალევე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა, 2006 წლის თებერვალში, მეორე ადგილიც ავიღე და ხელფასი დამენიშნა. უცხოეთში პირველად სოჭში ვიყავი, სადაც ორივე სახეობაში გამოვედი. ბირთვის კვრაში - მესამე, ხოლო ბადროს ტყორცნაში მეორე ადგილი ავიღე, რუსმა მომიგო. ტრაპზონში ბავშვთა ოლიმპიადაც იმავე შედეგით დავასრულე. 2009 წელს ბადროს ტყორცნაში უკრაინაში მესამე ადგილი ავიღე. მერე მქონდა ჩავარდნის 2 წელი ტრავმის გამო. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატებს, პირველს თუ არ ჩავთვლით, ყველა მოგება მაქვს. ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ სამოცზე მეტი მედალი მექნება - უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, ისრაელის.

- ბავშვობაში კი, მაგრამ მერე ფიზიკური ძალის გამოყენება თუ დაგჭირვებია?

- ერთი ბიჭი მაწუხებდა, ხშირად მხვდებოდა ვითომ შემთხვევით და მეუბნებოდა, მომწონხარ, მიყვარხარო. პოლიციელი იყო. ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ ვერ გავაგებინე. ერთ დილას, რვა საათზე მივდივარ და ვხედავ, მანქანით მომყვება უკან. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი. დავიხარე, ვითომ ბოტასი გავისწორე. როცა დავრწმუნდი, ის იყო, ხელი დავუქნიე, გააჩერე-მეთქი. გაუხარდა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და საყელოში რომ მოვკიდე ხელი, ზედ შემოვახიე პერანგი. დაიწყო ყვირილი: იცი, რას გიზამო? - ვერაფერსაც ვერ მიზამ, ჩაგიყვან პოლიციაში და იქ კარგად გცემ-მეთქი, - ვუთხარი. ვიღაც კაცები გვიყურებდნენ და იცინოდნენ. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

- რაღას გაგიბედავდა ამ ამბის შემდეგ? ფიზიკური ძალის გარდა, სხვა რა მონაცემები უნდა გქონდეს, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას რომ მიაღწიო?

- ტექნიკურად რთული შესასრულებელია მოძრაობები და ადვილი არ არის წარმატების მიღწევა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას საერთოდ არ ექცევა ყურადღება. არადა, მძლეოსნობა არის სპორტის "დედოფალი". მის გარეშე არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი ოლიმპიადა. შრომატევადია, მხოლოდ ფიზიკური ძალა არ კმარა, სისწრაფეზეც გიწევს მუშაობა. დღეში 6 საათი მაინც ვვარჯიშობ. ახლახან ვიყავი შეჯიბრებაზე, ისრაელის ჩემპიონატზე და გავიმარჯვე, სამთვიანი ვიზა მქონდა, ამით ვისარგებლე და დავრჩი. იქაურობა დავათვალიერე და მოხიბლული დავრჩი.

- 2015 წელს, თბილისის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, თიანეთში ოლიმპიური ცეცხლი შენ ჩაიტანე, ხომ?

- დიახ, ხუთ თიანეთელ სპორტსმენს გვერგო ამის პატივი. ცუდია, რომ რაიონის მხრიდან წარმატებული სპორტსმენების დაინტერესება და წახალისება არ ხდება. არაერთხელ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც კი დაინტერესებულან ჩვენი პრობლემებით.

- ახლა შენს მეორე საქმიანობაზეც გკითხავ - სოფლის მეურნეობით, კონკრეტულად დამბალხაჭოს წარმოებით როდის დაინტერესდი?

GzaPress - დამბალხაჭოს ოჯახში ყოველთვის ვაკეთებდით, შრომას ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული. დედა საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული და მეზობელს, ნათელა ბებოს ვეკითხებოდი ყველაფერს: ეს როგორ გავაკეთო, ის როგორ მოვამზადო, რატომ არ შრება, კარგი ფერი აქვს თუ არა... სხვათა შორის, პირველსავე ცდაზე გამომივიდა, მაგრამ ძალიან კი ვნერვიულობდი. 2016 წელს ბიზნესგეგმა დავწერე, "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში დამიფინანსეს კიდეც ეს ბიზნესგეგმა და 10 ძროხა ვიყიდე. სოფელში გავიზარდე და ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ გორში რძის გადამუშავების ტექნოლოგიაც შევისწავლე - მინდოდა, უფრო კარგად მცოდნოდა ყველაფერი. დამბალხაჭო საკმაოდ შემოსავლიანი და მოთხოვნადი პროდუქტია. პრობლემა ისაა, რომ მთხოვენ და საკმარისი რაოდენობის არ მაქვს, მალე თავდება. ამერიკაში, ინგლისში, კანადაში, სად აღარ მიაქვთ, განსაკუთრებით არაბებსა და თურქებს მოსწონთ. სოფელში მშობლები უვლიან საქონელს, შაბათ-კვირას კი მეც ჩავდივარ, ძროხებსაც ვწველი და ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ. ბედნიერი ვარ, რომ სოფელში გავიზარდე. ყველაფრის ფასი ვიცი, მიყვარს მიწასთან, ბუნებასთან კონტაქტი. რომ ჩავდივარ, ფეხზე ვიხდი და ფეხშიშველი დავდივარ, ბოლომდე რომ შევიგრძნო ბუნების ძალა. ახლა მარტო 5 ძროხაღა დამრჩა, მაგრამ არა უშავს, მოვამრავლებ. 2016 წლიდან სხვადასხვა ფესტივალზე აქტიურად ვმონაწილეობ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად დავიწყეთ დამბალხაჭოს გამოკვლევაც - რას შეიცავს და რისთვის არის კარგი. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს კეფალინსა და ლეციტინს, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას, ებრძვის და აკაფსულებს ტუბერკულოზის ჩხირებს. - რაზეა დამოკიდებული ამ პროდუქტის ხარისხიანობა?

- პირველ რიგში, რძის ხარისხზე, მერე დამუშავების პროცესზე, არ უნდა დამჟავდეს რძე. უმჯობესია, თიხის ქილაში დალბობა, ხშირად არ უნდა ახადო, მზეზე არ უნდა გააშრო...

- უნდა ჰქონდეს თუ არა დამბალხაჭოს სპეციფიკური სუნი?

- უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისეთი არა, რომ ახლოს ვერ მიეკარო. სუნი უფრო გაზაფხულზე დამზადებულმა დამბალხაჭომ იცის. მე ძალიან მიყვარს. გაგიკვირდება და ყავისთვისაც მიმიყოლებია. ჩემ გარშემო მეგრელებს, გურულებს, ვის აღარ შევაყვარე. ჩემს მოძღვარს, მამა იაკობს რომ მივუტანე, დააგემოვნა და მითხრა, შენს დამბალხაჭოს "კულტურულს" დავარქმევო.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- ჯერ კარგად დავისვენებ, ნოემბრიდან კი დავიწყებ ვარჯიშს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. ვფიქრობ, წარმოების გაფართოებაზეც - ფერმისა და საწარმოს გაკეთება მინდა, ასე რომ, წინ ბევრი საქმე და კარგი მიზნები მაქვს.

ნინო ჯავახიშვილი