"პროექტში მან უნდა გაიმარჯვოს, ვინც უკეთ ცეკვავს" - გზაპრესი

"პროექტში მან უნდა გაიმარჯვოს, ვინც უკეთ ცეკვავს"

უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილი ნინო ჩხეიძე საკუთარ თავს გადამხდარი კურიოზების დამალვას არასდროს ცდილობს. მაგალითად, გვახსოვს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე ეპიზოდში თვალდახუჭულმა როგორ იცეკვა, რადგან სცენაზე გასულს წამწამი თვალზე ისე დაეწება, რომ გახელა ვერ შეძლო. ასეთ სიტუაციებზე ყველაზე მეტს მე ვიცინიო, - გვითხრა მომღერალმა, რომელსაც თითქოს ერიდება, რომ უკვე მე-7 ეპიზოდში იცეკვა. - არ მინდა, პროექტი ისეთმა კონკურსანტმა დატოვოს, რომელიც ჩემზე კარგად ცეკვავსო, - გაგვიმხილა... თურმე მეუღლეც ეუბნება, - უკვე ფინალს უახლოვდები და ნელ-ნელა პროექტიდან ხომ არ წამოხვიდოდიო?.. (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს, 24 ნოემბერს. - ავტ.)

- "სამეულის ტურში" განსაკუთრებულად კარგი ნომერი მქონდა, რადგან ჩემთან ერთად, რამაზ ლაზარიშვილი და ოთო ფოლადაშვილი ცეკვავდნენ. ოთოს ტანგოს შესრულება არაჩვეულებრივად გამოსდის, რამაზიც ძალიან კარგად ცეკვავს. ტანგო ევროპული ცეკვების "ხაზიდან" არის. ასე თუ ისე, მეც ის ხასიათი "დავიჭირე", რაც ევროპულ ცეკვებს სჭირდება. შედარებით ლამაზი ნომერი გამოგვივიდა.

- ცეკვის შერჩევაში თავად მონაწილეობდი?

- ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. რასაც ქორეოგრაფები იტყვიან, იმას ვცეკვავთ. ამ შემთხვევაში, გამიმართლა, რომ ტანგო შემხვდა.

GzaPress- ორ პარტნიორთან ერთად ცეკვა უფრო რთული იყო?

- უფრო მარტივი იყო, რადგან სამი ადამიანის ენერგეტიკა დიდი პოზიტივია. როცა მეწყვილესთან ერთად ცეკვავ, მეტი ძალა შენზეა, სამი ადამიანის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ნაწილდება - ყველას ჩვენი საცეკვაო გვაქვს. მუშაობის პროცესიც ბევრად უფრო პოზიტიური და მსუბუქი იყო, მით უმეტეს, რომ პროექტის "ტემპერატურა" მაღლა იწევს - უფრო და უფრო რთულდება. მიმაჩნია, რომ თავდაპირველად ყველაზე რთული იყო: მინიმუმ, დღეში 6 საათი რეპეტიციას გავდივართ. უცებA ამ რეჟიმთან შეგუება გამიჭირდა. ახლა უფრო შევეჩვიე პროექტსაც, ფიზიკურ დატვირთვასაც... ერთმანეთსაც შევეჩვიეთ - მე და რამაზს უკვე ერთმანეთის გვესმის. თავდაპირველად რთულია, ადამიანმა ცეკვა ორ დღეში გაგაგებინოს, მით უმეტეს - როცა არასოდეს გიცეკვია. ახლა უკვე რაღაცები ვიცით. რამაზი მეუბნება ხოლმე, - ეს მოძრაობა ხომ ვისწავლეთ? გაიხსენეო... მართალია, კონკურსი რთულდება, მაგრამ ახლა მუშაობა ბევრად უფრო მარტივი და პოზიტიურია.

- თბილისის აეროპორტში რამაზის ავიამეთვალყურედ მუშაობის შესახებ იცოდი?

- დაახლოებით ვიცოდი, სად მუშაობდა, მაგრამ ვიდრე სიუჟეტის გადასაღებად არ წავედით, ვერ ვიაზრებდი, რა რთული და საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა. რამაზი პროექტში გავიცანი. სულ რეპეტიციებზე ვართ. ძალიან კარგი, შრომისმოყვარე ბიჭია. ახსნის არაჩვეულებრივი უნარი, ანუ პედაგოგიური ნიჭი აქვს, რადგან ადამიანი მე რომ ცეკვას გამაგებინებ, ამიხსნი, ე.ი. ძალიან მაგარი ხარ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სცენაზე გასვლის წინ რაიმე რიტუალი გაქვს?

- არა. უბრალოდ, როცა პროფაილი გადის და ნომრის შესასრულებლად ვემზადებით, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ როცა უკვე შოუ იწყება და 2 ნაბიჯს გადავდგამ, ყველაფერი "მეხსნება". შეიძლება მაღალი ქულა, კარგი შეფასება ვერ მიიღო, მაგრამ საოცარი შეგრძნებაა, როცა ადამიანი შენი ნაცეკვით კმაყოფილი ხარ...

- შენ მიერ შესრულებული ცეკვებიდან რომელი გეამაყება?

- ქართული, რადგან "სუხიშვილებთან" ერთად შევასრულე, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ვფიქრობ, ასეთი ნომრის დადგმა ნებისმიერი ქართველის ოცნებაა. ქართულ ცეკვებზე სიარული ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე "სუხიშვილებთან" ერთად ნომერს შევასრულებდი. ეს ნომერი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება, თუმცა "ბოშურიც" მომეწონა - ჩემს ხასიათთან ახლოს იყო. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა ნომრის დასრულების შემდეგ კმაყოფილების განცდა მქონდა.

- ჟიურის წევრები შენ შესახებ აღნიშნავენ, რომ ცეკვისას სიამოვნებას თავად იღებ...

- ასეა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მუსიკა მომწონდეს, სხვაგვარად არ შემიძლია - ვერ გავითავისებ, კარგი ნომერი არ გამოვა... დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი მოცეკვავეები ნებისმიერ მუსიკაზე კარგად ცეკვავენ, მე - ვერა. შესაბამისად, ის სიმღერები მომწონს, რაზეც ვცეკვავ და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. თან, "ლაივი" მიყვარს: იცი, რომ მთელი საქართველო გიყურებს, შენს გამოსვლას ელოდება... სასწაული ადრენალინია!.. მიმაჩნია, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული მეგაშოუა, რომელიც მონაწილეს ბევრ პოზიტივს აძლევს. პირადად მე, ამ პროექტით ბევრი რამ ვისწავლე, საკუთარი თავი სხვა კუთხით დავინახე და ისეთი თვისებები შევიძინე, რაც მანამდე არ მქონდა - თითქოს ჩემი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი გავხდი... მოკლედ, ბევრი გამოწვევა და გამოცდილება მივიღე.

- სცენაზე სიმღერის წინ როგორ განწყობაზე ხარ ხოლმე?

- სიმღერის წინაც ძალიან ვნერვიულობ: მნიშვნელობა არ აქვს, სად ვარ - დიდ საკონცერტო დარბაზში თუ დაბადების დღეზე. ზოგი ამბობს, - წლებთან ერთად, ის ეტაპიც "მოვა", როცა აღარ ინერვიულებო, მაგრამ ეს არ მესმის - მე ყოველთვის ვნერვიულობ და მერე, სიმღერისას დაძაბულობა ნელ-ნელა მეხსნება, როგორც ცეკვისას.

- პროექტში მონაწილეობას უყოყმანოდ დათანხმდი?

- 8 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ყოველ სეზონზე მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვთანხმდებოდი. ვერც ვიფიქრებდი, თუ მონაწილეობას გავრისკავდი. განა იმიტომ, რომ პროექტი არ მომწონდა? უბრალოდ, სპორტული ადამიანი არ ვარ. ჩემთვის სპორტული ცხოვრება ისეთი რთული იყო, რომ ვერ წარმომედგინა, ერთ კვირაში, თუნდაც მარტივი ცეკვა როგორ მომემზადებინა და შემდეგ "ლაივში" შემესრულებინა. ამიტომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემოთავაზებას არასოდეს ვიღებდი. წელს რა მოხდა, არ ვიცი: ვიფიქრე, რატომაც არა? თუ ვერ შევძლებ, გამოვვარდები და მეცოდინება, რომ ვერ შევძელი-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, ისევ პროექტში ვარ, ისევ და ისევ - ხალხის სიყვარულის წყალობით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მიმესიჯებენ, მირეკავენ, სოციალურ ქსელში მწერენ. ჩემი ცეკვის მიმართ პოზიტიურად განწყობილები არიან. მადლობელი ვარ, რომ ჩემ მიერ შესრულებულ ცეკვებს "გამადიდებელი შუშით" არ უყურებენ.

GzaPress- თუმცა კრიტიკოსები მაინც არიან. კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. ვინც მართლა ცეკვის კრიტიკოსია, შემაფასებს და იტყვის, - ისე სწორად ვერ ცეკვავ, როგორც საჭიროაო, ამაში გასაკვირი და საწყენი არაფერი იქნება. ეს ისედაც ვიცი, მაგრამ ვცდილობ, პროექტში ჩემი ნომრები დასამახსოვრებელი, სახასიათო, პოზიტიური იყოს და მაყურებელს ლამაზი დადგმა შევთავაზო. მინდა, მეც ვისიამოვნო და მაყურებელმაც.

- ამ ხნის განმავლობაში, პროექტში მონაწილეობა გინანია? გიფიქრია, დავიღალე, ცეკვა აღარ მინდაო?

- არა, არ მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვას ბევრი შრომა სჭირდება. ჩემი ყველა სხვა საქმე მეორე ადგილზეა გადანაცვლებული და თითქმის გაჩერებული, რადგან როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობ, იმ პერიოდში მთლიანად მას უნდა ეკუთვნოდე.

- პროექტში შენს მონაწილეობასთან დაკავშირებით, მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვს?

- გიორგი ძალიან მგულშემატკივრობს. მეუბნება, ეს გამოგდის, ის - არაო. ძალიან მოსწონს. სხვათა შორის, მეუბნება, - ფინალამდე ძალიან ხარ მისული და ნელ-ნელა ხომ არ წამოხვალო (იცინის)? უკვე ხედავს, რომ კონკურსანტები მართლა ძალიან კარგად ცეკვავენ. თან, ჩემზე უმცროსი ასაკის არიან - მაგალითად, რუსკა ჩემი შვილის თანატოლია. რაღაცნაირად, ხანდახან მერიდება, რომ შეჯიბრებასავით გამომდის, მე კი არ მინდა, ვინმეს შევეჯიბრო, ვიჭიდაო. სადამდეც მაყურებელი ისურვებს, რომ პროექტში ვიყო, დიდი სიამოვნებით ვიქნები.

- შენი ცეკვის მიმართ შვილიც დადებითადაა განწყობილი?

- მარიკოსაც მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკულია, ჩემს ყოველ გამოსვლაზე არ ამბობს - რა კარგიაო, მაგრამ პოზიტიურად მაფასებს... სხვა ამპლუაში ჩემი დანახვა ყველას მოსწონს და მე ამით კმაყოფილი ვარ.

- სიმღერისთვის გცალია?

- გაგიკვირდება და მცალია, თუმცა ძალიან მიჭირს. "ნიოLბენდი" შევქმენი, ახალი პროგრამა, აბსოლუტურად ახალი რეპერტუარი, ცოცხალი ჟღერადობა მაქვს. დეკემბერში ბენდთან ერთად კონცერტი მექნება. ყოველდღე რეპეტიციას გავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ვიღლები. უბრალოდ, უფლება არ მაქვს, ეს საქმე გადავდო, რადგან ბენდში მარტო არ ვარ - 8 კაცისგანაა დაკომპლექტებული. თუ მოვახერხე, მინდა, ბენდთან ერთად, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჩემს მსმენელებს მუსიკალური ნომერიც შევთავაზო. მოკლედ, ამ ეტაპზე 2 საქმეს ვარ შეჭიდებული.

- მუსიკალურ ჟანრს ხომ არ იცვლი?

- არა, ჩემთვის ჩვეულ ჟანრს, ქართულ სიმღერებს არ ვღალატობ. იმავე ჟანრის სიმღერები მექნება, ოღონდ - ახალი ჟღერადობით.

- ოდესმე კონკურსში მონაწილეობა მიგიღია?

- არასოდეს. ხომ არსებობენ მებრძოლი ხასიათის ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან კონკურსებში მონაწილეობენ? პირადად მე, ბავშვობიდან მერჩივნა, სახლში, თბილად ვყოფილიყავი. ყურადღების ცენტრში ყოფნა არასოდეს მიყვარდა (სხვათა შორის, არც გადაღებები). ბავშვობიდან სიმღერაზე დავდიოდი, მაგრამ კონცერტები და კონკურსები არ მიყვარდა - ჩრდილში ყოფნა მერჩივნა. ვინმეს რომ ეთქვა, კონკურსში მონაწილეობას მიიღებო, მართლა ვერ დავუჯერებდი, რადგან ეს ჩემს ხასიათთან ჰარმონიაში "არ მოდის". არასოდეს უნდა თქვა, არასოდეს: ამ ასაკში (37 წლის ვარ) კონკურსში აღმოვჩნდი და არანაირად არ ვნანობ.

- როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებ?

- არა, არც დამსიზმრებია, არც გამიფიქრებია (იცინის)... ამ პროექტში ჩემს მონაწილეობას ერთი მიზანი აქვს: თავადაც ვისიამოვნო და ჩემს მსმენელებს, მაყურებლებსაც ვასიამოვნო. გამარჯვებაზე არც მიფიქრია. პროექტში მან უნდა გაიმარჯვოს, ვინც უკეთ ცეკვავს.

ეთო ყორღანაშვილი