რისი თქმა არ შეიძლება საჯაროდ - გზაპრესი

რისი თქმა არ შეიძლება საჯაროდ

ადვილი არ არის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და მათთან საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენს მკითხველსა და ამომრჩეველს აინტერესებს. ამიტომაც, მათ პაროდისტებს - ნიკა კაკაბაძესა და თამუნა ლეკვეიშვილს ვთხოვეთ, თავიანთი პერსონაჟების ამპლუაში ეპასუხათ ჩვენი კითხვებისთვის და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.

- ბატონო ბიძინა, საინტერესოა, რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც სალომეზე?

ბიძინა ივანიშვილი: - მეც არ ვიცი. ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. მე ისე ვუთხარი, მან კი სერიოზულად მიიღო და მართლა კენჭი იყარა. გულახდილად გეტყვით, მინდოდა, საკუთარი თავი დამესახელებინა, მაგრამ არ გამოდიოდა, თავმდაბალი კაცი ვარ, უფრო სწორედ, ზომიერად თავმდაბალი და ამიტომაც დავასახელე სალომე.

- ქალბატონო სალომე, თქვენ როგორ მიიღეთ ეს შემოთავაზება?

- ძალიან გამიხარდა, რადგან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ან კი პრეზიდენტობაზე ვინ იტყოდა უარს? სახელმწიფო ხარჯზე კარგი ცხოვრება გადასარევია, ბიუჯეტი გადამიხდის ყველაფრის ფულს.

- როგორია თქვენი განწყობა, რა მოლოდინები გაქვთ? პირველ ტურში რომ ვერ გაიმარჯვეთ, ალბათ, იმედგაცრუებული დარჩით.

ბიძინა: - საოცარია ხალხის განწყობა. აი, რა გამომეტყველებითაც ვხატივარ ბანერებზე, ისეთია ხალხის განწყობაც - გაღიმებული და ბედნიერი.

- ისე, რატომ გააქრეთ საარჩევნო ბილბორდებიდან თქვენი მხარდაჭერილი კანდიდატი?

- სულ ხომ არ ჩამოვხსენი, შიგადაშიგ, მეორეხარისხოვან ქუჩებზე ჩანს ხოლმე.

- მერე, არ ეწყინა?

სალომე: GzaPress- კი მეწყინა, მაგრამ საჯაროდ ხომ არ ვიტყოდი ამას? ბოლოს და ბოლოს, მე ხომ "ოცნება" მიჭერს მხარს.

- რას ჰპირდებით ხალხს გამარჯვების შემთხვევაში?

- იმას, რასაც ბიძინა დაჰპირდება. რა ვიცი, რა გითხრათ.

- ერთ-ერთ სიმღერაში "ჩემო ტკბილო მეგობაროო", ასე მიმართეთ თქვენს კანდიდატს და მართლა მეგობრად თვლით?

ბიძინა: - ანგარებიანი მეგობარია, ყველაფერს ხომ თავის ფასი აქვს? ისე, მყავს ძვირიანი მეგობრებიც...

- რას გულისხმობთ, უფრო გარკვევით მითხარით. ე.ი. ქალბატონი სალომე ანგარებიანი და "ძვირიანი" მეგობარი არ არის, ხომ?

- აბა, იაფიანია? რას ამბობთ, პირველ ტურში 10 მილიონი დამიჯდა და მეორე ტურში, ხომ ხედავთ, მილიარდ-ნახევრის ვალები ჩამოვაწერე ხალხს.

- ჰო, მართლა, მადლობას მოგახსენებთ, "შავი სიიდან" რომ ამოგვწერეთ, მაგრამ ასე ძალიანაც რატომ შეწუხდით? ისე, თქვენს კონკურენტზე რას მეტყვით? გრიგოლ ვაშაძის დაპირებებიდან რა მოგწონთ და რა გეჩვენებათ რეალურად?

სალომე: - ვაშაძის საერთოდ არაფერი მომწონს. ვიცი, დამარცხდება. არა, კი მომწონს 400-ლარიან პენსიას რომ გვპირდება, მაგრამ ხმამაღლა ხომ არ ვიტყვი?

- წლების წინ ბიძინა ივანიშვილს "რუსი ოლიგარქი" რომ უწოდეთ, ეს ამბავი ორივეს დაგავიწყდათ?

ბიძინა: - არ იქნებოდა მასე, რაღაც შეცდომაა, დეზინფორმაცია ან ვიდეომონტაჟი. შვილებს გეფიცებით, არ მახსოვს.

სალომე: - პოლიტიკა ასეთია, ხან ასე ვიტყვით, ხან ისე, პოლიტიკოსებს ხომ არაფერი არ დაგვეჯერება.

- ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად გაკრიტიკებენ, ის არის, რომ კარგად ვერ ლაპარაკობთ ქართულად. შუმერულ ენაზე საუბრობსო, - ასე იძახიან. როდის აპირებთ მშობლიური ენის სრულყოფილად დაუფლებას?

- როცა დავაპირებ, გეტყვით... სხვათა შორის, მე და ბიძინას კარგად გვესმის ერთმანეთის. ორივე რაღაცნაირად, უცნაურად ვლაპარაკობთ და ამიტომაც მოგვწონს ერთმანეთი.

ბიძინა: - რისი გაგებაც მინდა, ყველაფერი მესმის. ხალხს თუ ვერ გაუგია, არა უშავს, ისწავლის 5 წელიწადში ქართულს, რა მოხდა მერე?

სალომე: - მართალია, ნელ-ნელა ვისწავლი. პედაგოგებთან უკვე დავდივარ და ასო-ბგერა ს-ზე ვარ.

- მართლა რუსეთის აგენტი ხართ?

- ამას ხმამაღლა არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ როცა დავაპირებ, გეტყვით... რაც შეეხება ვაშაძეს, აგენტი რომ ეგ არის, ზუსტად ვიცი.

- რა იცით, რამე ფაქტები გაქვთ?

- ფაქტები არ მჭირდება, კაცო, ბიძინამ თქვა და, ე.ი. ასეა.

ბიძინა: - აბა, ხომ არ მოვატყუებ ხალხს? როდის მომიტყუებიხართ, ერთი მითხარით?

- მართალი ხართ, არც მე მახსენდება მსგავსი არაფერი. ახლა ისიც მითხარით, ჟურნალისტები რატომ არ გიყვართ და ყოველთვის რატომ გვაკრიტიკებთ?

- ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ისინი მიყვარს. როცა სხვებიც დაიწყებენ ახლებურად აზროვნებას, ისინიც შემიყვარდებიან.

სალომე: - "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები არ უყვარს, იქ განსხვავებული აზრი ვერ შეიტანა და იმიტომ. მე კი სიტყვებზე მეკიდებიან, ერთი სიტყვაც რომ შემეშალოს, გამომეკიდებიან და მერე გავრბივარ, რა ვქნა, აბა?

- კანაფის დედოფალი რომ გიწოდეს, რატომ არ მოგეწონათ?

- დედოფლობა მომწონს, ოღონდ არა - კანაფის...

- ბატონი ბიძინა სიმღერებში თავის დეპოზიტს, ფოჩიან კანფეტს და სხვა ამგვარ "ტკბილ" სიტყვებს რომ გეუბნებათ, ალბათ სასიამოვნოა, ხომ?

- ბიძინასთან რითაც უნდა დამაკავშირონ და რა კომპლიმენტიც უნდა მითხრას, უკვე სასიამოვნოა, გინდა ფოჩიანი კანფეტი მიწოდოს და გინდა - კარამელი.

- ქალბატონმა სალომემ მეორე ტურშიც თუ ვერ გაამართლა თქვენი იმედები და ვერ გაიმარჯვა, მერე რა მოხდება?

ბიძინა: - არაფერია, მე გავამართლებ მაშინ... ქართველი ხალხი ბრძენია და მე მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებს, თუ არადა, მერე მე გავაკეთებინებ სწორ არჩევანს (იცინის).

- გვემუქრებით?

- არა, ცბიერი სიკეთეებით გავაკეთებინებ. აი, ახლა ვალებს ხომ დავუფარავ და კიდევ მოვიფიქრებ რამეს, კარტოფილის მოსავალიც გვაქვს მარაგში და ხახვისაც, ახლა კიდევ მანდარინი შემოდის და ხალხს მშიერს არ დავტოვებ.

- ჩუმჩუმელა ვარო, სიმღერებში რომ ამბობთ, მართლა ასეა?

- შეიძლება წამომცდა, ზოგჯერ რითმა მოითხოვს და სიმართლე წამომცდება ხოლმე, მაგრამ რა გინდათ, ხომ ვაკეთებ კიდეც ჩემს ჩუმჩუმელა სიკეთეებს.

- როგორი იქნება თქვენი რეაქცია გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში?

- მეორე ვარიანტს ჩვენ საერთოდ არც კი განვიხილავთ. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას დიდი ემოციები მოჰყვება...

- მადლობა და წარმატებებს გისურვებთ! ახლა კი მინდა, ცოტა ხნით როლებიდან გამოხვიდეთ და რამდენიმე შეკითხვაზე მიპასუხოთ. როგორ მოირგეთ პოლიტიკოსის როლები?

თამუნა: - როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატები დაასახელეს, "ვანოს შოუს" პროდიუსერმა მომწერა, - აბა, შენ იცი, რეპეტიციები დაიწყე, სალომე ზურაბიშვილის პაროდია კარგად რომ გამოგივიდესო. მაშინვე არ დამიწყია მისი მოსმენა და ყურება, გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე "ვისიამოვნე" (იცინის). ძალიან დამახასიათებელი მეტყველება აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი, მაგრამ კარგად გასაკეთებელი პაროდიაა. რაც შეეხება ვიზუალს, ვიზაჟისტმა და სტილისტმა მართლაც ბევრი იმუშავეს. გარდა ამისა, მანერაც უნდა დაიჭირო სალომესი, როგორ იცის დგომა, როგორი მიმიკები აქვს, ცოტა დამფრთხალი სახე რომ აქვს საუბრისას. თუ გინდა, მაყურებლისგან კარგი რეაქცია წამოვიდეს, არ უნდა მოატყუო და ბოლომდე ის უნდა იყო, ვისაც თამაშობ.

- საბოლოო ჯამში, მოგეწონა შენი როლი?

- გულწრფელად გითხრა, მეც მომეწონა და როგორც ჩანს, მაყურებელსაც, რადგან კარგად შემაფასეს. სხვათა შორის, არ ველოდი, ასე თუ დავემსგავსებოდი. უფრო ღია ფერის ლინზა რომ მქონოდა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა მსგავსება.

ნიკა: - არ ვიცოდი, თამუნა სალომეს ამპლუაში როგორი იქნებოდა და სტუდიაში გრიმით რომ შემოვიდა, ატყდა ტაში და ოვაციები, ყველა აღვფრთოვანდით, - ეს მართლა ის არის? როგორ დამსგავსებიაო? რაც შეეხება, ჩემს ბიძინა ივანიშვილად გარდაქმნას, როგორც იცით, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ერთხელ, სარკეში რომ ვიყურებოდი, წარბი ოდნავ ავწიე და მივხვდი, ვგავდი. მერე უკვე ვიზაჟისტიც დამეხმარა და უფრო მეტად დავემსგავსე, სპეციალურ ვარცხნილობას მიკეთებენ, ოდნავ დაფერდებულს და მსგავსება უფრო გამოიკვეთა. ცოტა თეთრ პუდრასაც მაყრიან ხოლმე, ჭაღარა რომ მქონდეს. უკვე იმდენჯერ ვიყავი ბიძინა და ეს პუდრიც იმდენჯერ წავისვი, მგონი, მართლა გამიჩნდა ჭაღარა. როლში საერთოდ ვიცვლები და სხვა ადამიანად გარდავიქმნები.

- რეალობაში რატომ მოგწონთ ან რატომ არ მოგწონთ თქვენი პერსონაჟები?

თამუნა: - მოდი, იმით დავიწყებ, რატომ მომწონს სალომე: სიმპათიური ქალია და გარეგნულად მომწონს, სხვა არაფრით. ბიძინა კი იმიტომ მომწონს, რომ ადრე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ახლა აღარ ჩანს მისი გაკეთებული ან არ ვიცით, რას აკეთებს. რატომ არ მომწონს, ამ მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი, ბევრია.

ნიკა: - ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ადრე, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანდა, უფრო დადებითი შთაბეჭდილებები ჭარბობდა და ახლა, როცა არენაზე გამოჩნდა, უარყოფითად ხასიათდება. მთავარია, ჩვენს ხალხს მოსწონდეს, გამოადგეს და ვინც უნდა, ის აირჩიოს! თუმცა, არა მგონია, სალომე გამოადგეს ქვეყანას.

ნინო ჯავახიშვილი