"პოლიტიკურ სიმპათიას კი არა, ნიჭიერებას მიექცევა ყურადღება" - გზაპრესი

"პოლიტიკურ სიმპათიას კი არა, ნიჭიერებას მიექცევა ყურადღება"

მოგეხსენებათ, მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე სოფო, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო, აჭარის ტელევიზიიდან (სადაც ის ტელეწამყვანად მუშაობდა) მოხსნეს, რის შესახებაც მომღერალმა სოციალური ქსელიდან შეიტყო... რატომ აღმოჩნდა სოფო ხალვაში გაურკვეველ სიტუაციაში, რატომ მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში და როგორ ართმევს თავს ახალ საქმეს, ამის შესახებ მომღერალი და ახლა უკვე ბათუმის ვიცე-მერი თავად გვესაუბრა...

- 27 ნოემბერს, როგორც კი ბათუმის მერის მოადგილედ დავინიშნე, ჩემს საქმიანობას მაშინვე შევუდექი და სამსახურში გავედი. 28 ნოემბერი არჩევნების დღე იყო. შესაბამისად, ვისვენებდით, 29-დან კი უკვე ყოველდღიურად, დილიდან საქმეში ჩართული ვარ.

- მერის მოადგილის ამპლუაში თქვენი პირველი სამუშაო დღე როგორი იყო?

- პირველ სამუშაო დღეს გაცნობითი სახე ჰქონდა: ჩემი გუნდის წევრები გავიცანი - ვინ რას ხელმძღვანელობს და ა.შ. ნელ-ნელა ყველა საქმეში მახედებენ, რომ ყველაფერში დაწვრილებით გავერკვე. ჯერ მაინც ახალი ამპლუა, ახალი ამბავია. ამიტომ ჯერჯერობით, საწყისი პერიოდი ასეთი იქნება - თანდათან ყველაფერს ვეცნობი.

- როგორც აღნიშნეთ, მერის მოადგილის პოსტს წინათაც გთავაზობდნენ. ამჯერად, თქვენი თანხმობის მიზეზი ის ფაქტი იყო, რომ აჭარის "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაგათავისუფლეს?

- მართალია, ლაშასგან ასეთი შემოთავაზება წინათ რამდენჯერმე მქონია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი. ამასთან დაკავშირებით ბევრს ვფიქრობდი. ახლა, როცა კიდევ შემომთავაზეს, თან - უკვე ტელევიზიიდანაც წამოსული ვიყავი (უფრო ზუსტად - გაურკვეველ სიტუაციაში გახლდით), გადაწყვეტილების მიღება უფრო არ გამიჭირდა. პოსტის დაკავებამდე, ჩემი პირველი შეკითხვა იყო, სცენაზე დგომაში ეს საქმე ხელს ხომ არ შემიშლის-მეთქი? პასუხად მივიღე, რომ ეს ფაქტორი ხელის შემშლელი არანაირად არ იქნებოდა. ჩემი საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა.

- შეიძლება საახალწლო კონცერტებში ბათუმის ვიცე-მერიც მღეროდეთ?

GzaPress- ვიდრე ბათუმის მერის მოადგილე გავხდებოდი, თბილისის კონცერტთან (იქ ვარ "ჩასმული") დაკავშირებით საუბარი მქონდა, მაგრამ ჯერჯერობით, დეტალურად არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ახალ წელს ბათუმში ზუსტად რა დაიგეგმება, ეს საკითხიც ჩამოყალიბების პროცესშია და ცნობილი ამ დღეებში გახდება. ტენდერიც გამოცხადებულია.

- იცოდით, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ეკრძალება?

- ეს 2017 წელს გავიგე, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო, 1-თვიანი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელს მსგავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა კანონით ეკრძალება. ამის შესახებ ტელევიზიის დირექტორს ვესაუბრე და შვებულების შესახებ განცხადება დამაწერინეს. რაკი ასეთი პრეცედენტი უკვე იყო, თან - მაშინ 1-თვიან საარჩევნო კამპანიას ეხებოდა საქმე, ახლა კი - 1 დღეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, აჭარის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექცია ისევ საქმის კურსში ჩავაყენე. ვუთხარი, რომ შვებულებას ავიღებდი. მიპასუხეს, - ცვლილებების გამო, შვებულება ვერ მოხერხდებაო, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობა შაბათ-კვირას, ანუ ჩემს სამუშაო დღეებს არ ემთხვეოდა. ჩემს ასეთ ნაბიჯს რა მოჰყვებოდა, ტელევიზიის მხრიდან დაზუსტებული ინფორმაცია არ მქონია - კონკრეტული პასუხები ვერ მივიღე, მაგრამ შვებულებასთან დაკავშირებით, განაცხადი მაინც გავგზავნე. როგორც ყველამ, მეც სოციალური ქსელიდან შევიტყვე, რომ წამყვანის პოზიციიდან გამათავისუფლეს. მანამდე რომ მცოდნოდა, ჩემს ასეთ ნაბიჯს რა მოჰყვებოდა, ტელევიზიიდან წამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას დავწერდი. არსებობს საკითხები, რაც უნდა შეთანხმდეს, ადამიანი საქმის კურსში იყოს... კონკრეტული ინფორმაცია რომ მქონოდა, ასე უპასუხისმგებლოდ ხომ არ მოვიქცეოდი?!

- სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიმღერაზე უარის თქმას ტელევიზიიდან წამოსვლა გერჩივნათ?

- ამას შემდეგ თავად გადავწყვეტდი, ჩემთვის პრიორიტეტული რა იქნებოდა და ნაბიჯს იმის მიხედვით გადავდგამდი, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად, წინაპირობა არ მქონია. ისე მოვიქეცი, როგორც საჭიროდ მივიჩნიე.

- სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიმღერა თქვენს პოლიტიკურ სიმპათიას უკავშირდებოდა?

- როგორც კი ქალბატონი სალომე გამოჩნდა, მის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიით განვეწყვე. სიმპათია, მხარდაჭერა ისე გამოვხატე, როგორც მომღერალს შეეძლო.

- მიხეილ სააკაშვილის კომენტარზე: - "აი, თქვა ივანიშვილმა, პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო და ასრულებს დაპირებას. ახლა მთავარია, "ბირჟა მაფიის" მიშკაც დაინიშნოს თბილისის ვიცე-მერად", - რას იტყვით?

- არ მინდა ამაში ჩავერთო, უკომენტაროდ დავტოვებ, ვერანაირად ვერ გამოვეხმაურები.

- კარგი. სოფო, ოჯახის წევრები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ ვიცე-მერის თანამდებობას დათანხმდით, როგორ შეხვდნენ?

- რა თქმა უნდა, ეს ერთპიროვნულად არ გადამიწყვეტია. როცა შემოთავაზება მივიღე, ოჯახის წევრებმა განვიხილეთ და გადაწყვეტილება ერთობლივად (ოჯახთან შეთანხმებით) მივიღეთ.

- მაგალითად, ბათუმში, საახალწლო დღესასწაულებზე, სამთავრობო კონცერტებში მონაწილეები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით შეირჩევიან თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ?

- არა მგონია, პოლიტიკური სიმპათიები გავითვალისწინოთ. როგორც აღვნიშნე, ტენდერი გამოცხადებულია და ამ დღეებში გაირკვევა, რა და როგორ იქნება. პირადად მე მინდა, რომ საახალწლო კონცერტებში ბათუმელი მომღერლები და მუსიკოსები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ.

- ანუ შეიძლება, სამთავრობო კონცერტებში "ნაციონალური პარტიის" აშკარა მხარდამჭერი მომღერლები, მუსიკოსები ვიხილოთ?

- "ნაციონალურ მოძრაობაზე" თუ "ოცნებაზე" აქცენტს ნუ გავაკეთებთ. მომღერლებს, მუსიკოსებს თავიანთი პროფესია აქვთ. საზოგადოება ისედაც ბევრი ნიშნის მიხედვით არის გაყოფილი. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება, აზრის გამოთქმის უფლება აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი უნდა ჩავქოლოთ და გადავუაროთ. ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ. გარკვეული საკითხები არსებობს (თუნდაც - კოლეგიალობა) და ყველას ვურჩევ, ერთმანეთის მიმართ ცუდი ფრაზების თქმისგან თავი შეიკავონ. აზრის გამოხატვის ფორმა ნორმალური უნდა იყოს, ერთმანეთს პატივი ვცეთ.

- პოლიტიკური ნიშნით, სამთავრობო კონცერტზე ვინმეს "დაუბლოკიხართ"? გიგრძნიათ ეს?

- ალბათ, ეს ბევრს უგრძნია, მაგრამ იმედია, ყველაფერი დაბალანსდება და პოლიტიკურ სიმპათიას კი არა, ნიჭიერებას მიექცევა ყურადღება.

ეთო ყორღანაშვილი