რას ჰყვებოდა გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე მარიკო ებრალიძე - გზაპრესი

რას ჰყვებოდა გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე მარიკო ებრალიძე

ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, მაგრამ არ გაგვანდო, შეყვარებული თუ იყო და დაოჯახებას აპირებდა. უბრალოდ, აღნიშნა, პირადულ რაღაცებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარსო. მარიკოს ინტერვიუ უკვე დასაბეჭდად გამზადებული გახლდათ, როცა გავიგეთ, რომ მომღერალი გათხოვდა. მას ისევ დავუკავშირდი, გაბედნიერება მივულოცე და ვთხოვე, ორიოდე სიტყვით ეთქვა, თუ ვინ არის მისი მეუღლე, მაგრამ ამ საკითხზე ლაპარაკი არ ისურვა. როგორც სანდო წყაროს მეშვეობით შევიტყვე, მისი მეუღლე პროფესიით ქირურგი გიორგი დოლიძეა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მარიკოსთან მის დაოჯახებამდე ჩავწერეთ და სადაც ის ამბობს, თუ როგორი მეუღლის ყოლას ისურვებდა.

GzaPress- დედა - ნელი მუმლაძე ეკონომისტია, მამა სამწუხაროდ, აღარ მყავს, 2000 წელს გარდაიცვალა. ჩემი და - ქეთევან ებრალიძე პროფესიით პედაგოგია, ხოლო დისშვილი სპორტით არის გატაცებული, ფეხბურთელი გახლავთ.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- ქალწული ვარ.

- ასტროლოგების პროგნოზებს ხშირად კითხულობ?

- ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად ვინტერესდები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებით. როგორც ვიცი, ქალწულისDნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. რამდენიმე დღის წინ სტატია წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ მილიონერების უმეტესობა ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყოფილან. ასე რომ, დიდი შანსია, მათ სიაში ჩემი სახელიც ჩაეწეროს (იცინის). ქალწულები ოჯახზე მზრუნველი ადამიანები და კარგი მეგობრები ვართ.

- საკუთარ უარყოფით თვისებებზე საუბარი თუ შეგიძლია?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში იოლად შევდივარ, რის გამოც ხშირად გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვრჩები. სხვათა შორის, ბოლო დროს შედარებით მეტ სიფრთხილეს ვიჩენ, რადგან არ მინდა, ჩემი გულწრფელობით ვინმემ ცუდად ისარგებლოს... კიდევ, ვარ ფიცხი და თან - ზარმაციც. სამაგიეროდ, არ ვარ ორპირი და მატყუარა. ვცდილობ, ყველასთან კარგი დამოკიდებულება მქონდეს.

- დამოუკიდებელი რა ასაკიდან გახდი?

- თუ მატერიალურ დამოუკიდებლობას გულისხმობთ, 18 წლიდან უკვე საკუთარი შემოსავალი მქონდა... სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ვცდილობ, ჯერ ახლობელი ადამიანების რჩევა-დარიგება მოვისმინო და შემდეგ შეძლებისდაგვარად, მათი აზრი გავიზიარო კიდეც.

- როგორი გაბრაზება გჩვევია?

- იშვიათად ვბრაზდები (იღიმის). ერთადერთი, ნერვები შეიძლება მაშინ ამეშალოს, როცა კონცერტისთვის ან რაიმე ღონისძიებისთვის უნდა მოვემზადო, მე კი არ ვიცი, რა უნდა ჩავიცვა.

- წყენის გულში ჩადება შენი თვისებაა?

GzaPress- როცა რაღაც მწყინს ან გაუგებრობაში ვეხვევი, ვცდილობ, ამაზე იმ ადამიანთან ვისაუბრო, ვისგანაც მეწყინა. გულში ცუდს არაფერს ვიტოვებ.

- გარეგნულად დედას გამსგავსებენ თუ მამას?

- გარეგნულად მამას ვგავარ. დედა მეუბნება: მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ. თქვენ შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გოგო ხარო.

- შენს ოჯახში ტრადიციებს რამდენად აქცევენ ყურადღებას?

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, ჩვენი რელიგიისა და სარწმუნოების სრული დაცვით. ბავშვობიდან მაქვს უფროსების მიმართ პატივისცემა და წინაპრების სიყვარული. დედას ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მენდობოდა, ამიტომ შეზღუდული არასდროს არაფრით ვყოფილვარ.

- რისი კომპლექსი გაქვს?

- წონის კომპლექსი მაქვს და იმედია, ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებ.

- ისეთი მავნე ჩვევა თუ გაქვს, რომლის გამოსწორებაც გინდა, მაგრამ არ გამოგდის?

- მავნე ჩვევა არ მაქვს, მით უმეტეს, ისეთი, რომლის გამოსწორებაც არ შემიძლია. ზოგადად, მიზანდასახული ადამიანი ვარ და როცა რაიმეს გაკეთებას მოვინდომებ, არ არსებობს, არ გამომივიდეს.

- ემოციური ხარ?

- ემოციური ნამდვილად ვარ. ნებისმიერი მელანქოლიური და რომანტიკული ფილმის ყურებისას შემიძლია, ვიტირო.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- პირველ რიგში, მამაკაცი შეგნებული და განათლებული უნდა იყოს. ნამდვილი მამაკაცი დროის სვლასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და იხვეწებოდეს. ჩემ გვერდით აუცილებლად სიმპათიური, მშვიდი, დინჯი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული მამაკაცი იქნება.

- ანგარებით ოჯახის შექმნა შენთვის მისაღებია?

- რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. როცა ნამდვილად გიყვარს, არც მისი ფული და არც ქონება არ გაინტერესებს. არაერთხელ გამიგონია, რომ ქალს ღარიბი მამაკაცი შეჰყვარებია და ოჯახის შექმნის შემდეგ, ერთობლივი შრომით, ეკონომიურად გაძლიერებულან, გამდიდრებულან. თუმცა, პირიქითაც ბევრჯერ მომხდარა: შეიძლება, მდიდარს ანგარებით გაჰყვე ცოლად, მაგრამ ყველაფერი ისე არ აეწყოს, როგორც ეს შენ გინდა. მოულოდნელად შეიძლება, ყველაფერი დაკარგო, გაღარიბდე ან ოჯახი დაგენგრეს. სიმდიდრე სიყვარულისა და მყარი ოჯახის გარანტია ნამდვილად არ არის.

- მარიკო, რამდენი წლის ხარ?

- 30-ის გახლავართ.

- რას გვეტყვი შენს თაყვანისმცემლებზე?

- თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ჩემთვის ყურადღება და კომპლიმენტები არასდროს დაუშურებიათ.

- შეყვარებული თუ გყავს?

- არ მიყვარს პირად რაღაცებზე ლაპარაკი. "პირადი" იმიტომ ჰქვია, რომ მარტო შენ უნდა გეკუთვნოდეს და არავის უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შენს პირად ცხოვრებაზე ისაუბროს, მით უმეტეს, რაიმე განსაჯოს.

- ეჭვი მაქვს, შეყვარებული ხარ...

- (იცინის) ვერაფერს დამტყუებ...

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

GzaPress- რა თქმა უნდა, მეხერხება. თუმცა, ოჯახში ჩემი გასაკეთებელი ბევრი არაფერია, რადგან ყველაფერს დედა აკეთებს. რაც შეეხება სადილების მომზადებას, ამ საქმეში ნამდვილად მოვიკოჭლებ. თუმცა, სალათების მომზადება შედარებით მარტივია და ეს კარგადაც გამომდის.

- როგორი ადამიანი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

- ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში დავეყრდნობი და ყოველთვის მივენდობი.

- ქართული ტრადიციული ქორწილი მოგწონს?

- მომწონს, მაგრამ გათხოვების შემდეგ არჩევანის საშუალება თუ მომეცემა, უპირატესობას ქართულ-ევროპულ საქორწილო ცერემონიას მივანიჭებ.

- როგორ ფიქრობ, როგორი საპატარძალო ხარ?

- არის ოჯახები, რომლის წევრებსაც არ სურთ, მათი რძალი სცენაზე იდგეს და მღეროდეს. ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა მათ შვილს ცოლად უბრალოდ, ცნობილი ადამიანი მოჰყავს. ასე რომ, შეიძლება, ვიღაცისთვის სასურველი და მისაღები სარძლო არც მე ვიყო (იცინის).

- დაბოლოს, მეუღლემ პროფესიული საქმიანობა რომ აგიკრძალოს, როგორ მოიქცევი?

- ჩემ გვერდით ვერ იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც სიმღერას ამიკრძალავს და ჩემი საქმის გულშემატკივარი არ იქნება.

სოფო ჭონიშვილი