ცოლ-ქმრის გამოცდა - გზაპრესი

ცოლ-ქმრის გამოცდა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილის - გიორგი ორბელაძისა და ნინი მასპინძელაშვილის სიყვარული ათი წლის წინ დაიწყო, წელს კი ქორწინებით დაგვირგვინდა. გიორგი ბოდიბილდერი, ფინანსური მენეჯერი და ერთადერთი "მისტერ საქართველო" გახლავთ, მისი მეუღლე - ნინი მასპინძელაშვილი კი ბანკის თანამშრომელია. გადავწყვიტეთ, წყვილთან ცალ-ცალკე გვესაუბრა, მათთვის ერთი და იგივე შეკითხვები დაგვესვა და საერთო შეკითხვებზე გაცემული ერთნაირი თუ განსხვავებული პასუხების მიხედვით გაგვერკვია - ცოლ-ქმარი რამდენად კარგად იცნობს ერთმანეთს...

- თქვენი პირველი პაემანი გაიხსენეთ.

გიორგი: - ეს შეხვედრა ამაღელვებელი არ ყოფილა, რადგან უბრალოდ, სოციალურ ქსელში ვმესიჯობდით, ერთხელ კი მისი პირადად გაცნობა გადავწყვიტე და სკოლაში გავუარე (მე აბიტურიენტი გახლდით) და პირადად გავიცანი.

ნინი: - ამას "პაემანი" ჰქვია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ პირველად ჩემს სკოლასთან შევხვდით. მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი. გიორგიმ გამომიარა. ცოტა ხნით ვნახე და ვილაპარაკეთ. მახსოვს, მისი საძმაკაცო თავს დაგვადგა: ეგონათ, გიორგი სხვა სკოლაში საკამათოდ და საჩხუბრად წავიდა. არადა, ჩემს სკოლაში ჩემს სანახავად, ძმაკაცთან ერთად მოვიდა. მის სანახავად რომ გავედი, 5 წუთში მთელი რაზმი (8 კაცი) თავს დაგვადგა. მე და გიო სკოლის გვერდით, ცალკე ვიდექით, მისი საძმაკაცო კი გველოდებოდა (იცინის).

- სიყვარულის ნიშნად, პირველად მან რა გაჩუქა? თავად რა აჩუქე?

გიორგი: - ნინიმ პირველად რა მაჩუქა, არ მახსოვს. მე გულის ფორმის კულონი ვაჩუქე.

ნინი: - გიორგიმ გულის ფორმის ყელსაბამი მაჩუქა, რა თქმა უნდა - სიყვარულის ნიშნად, მაგრამ პირველი იყო თუ არა, ეგ არ მახსოვს. პირველად მე რა ვაჩუქე? აუ, არ მახსოვს (იცინის). საერთოდ, დაბადების დღეზე, გიორგობის დღესასწაულზე და ისე, უბრალოდაც ვუკეთებ საჩუქარს, მაგალითად - სვიტერს, მანქანის "ბრელოკს", სამაჯურს, საათს ვჩუქნი ხოლმე... პირველი რატომ არ მახსოვს?.. ეს დიდი ხნის წინ იყო და მეპატიება.

- "მისტერ საქართველოს" სტატუსი შენთვის საამაყოა? მეუღლისთვის?

გიორგი: - არ მგონია, ეს სტატუსი უფრო "მაღალ" პიროვნებად წარმომაჩენდეს. ამით ამაყი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ჩემთვის ეს მცირე გამოცდილება იყო. კონკურსში იმ მიზნით არ ვმონაწილეობდი, რომ ეს სტატუსი მომეპოვებინა და ამით კარიერა შემექმნა, პიარი "გამეკეთებინა"... ჩემი ამ სტატუსის მიმართ, მეუღლე უარყოფითად განწყობილი არ იქნება, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, სასიამოვნოა, როდესაც შენს მეუღლეს ან შეყვარებულს ისეთი სტატუსი აქვს, რაც მის სიმპათიურობას უსვამს ხაზს.

GzaPress ნინი: - რა თქმა უნდა, მეამაყება. ალბათ, მასაც ეამაყება, რადგან პირველი "მისტერ საქართველოა". მას შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ეს კონკურსი არ ჩატარებულა და ეს სტატუსი გიორგის შემორჩა. თან, ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ "გაიტანა" - კორეაში, "მისტერ მსოფლიოზე" მონაწილეობდა.

- მეუღლეს შენში ყველაზე მეტად რა მოსწონს? თავად რა მოგწონს მასში?

გიორგი: - ალბათ ის მოსწონს, რომ მისთვის ერთგული ადამიანი ვარ, ასევე - მიზანდასახული და მშრომელი. რაც მოვინდომე, რომ გამეკეთებინა, მეტ-ნაკლებად ყველაფერს მივაღწიე. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ რაღაც გამომივიდეს... ნინიში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყურადღებიანი, მზრუნველი, გულთბილი, ერთგული და ძალიან მოსიყვარულე მეუღლეა.

ნინი: - პირველ რიგში, გიორგის ჩემი გარეგნობა მოეწონა, შემდეგ - ხასიათი. მის მიმართ ყურადღებიანი და გულთბილი ვარ. ალბათ, ეს მოსწონს... რა თქმა უნდა, გიორგის გარეგნობა მომწონს. ხასიათს რაც შეეხება, ძალიან მკაცრი არ არის: ზოგ ქართველ კაცს არ ჰგავს, ვინც მეუღლისგან სახლში ჯდომას მოითხოვს. ჩემთვის გიორგის არასდროს არაფერი დაუშლია. სადმე წასვლა თუ მომისურვებია, უთქვამს: - ნი, იცი, რა? ხასიათზე არ ვარ და მიდი, შენ წადი, გაერთეო. ასეთი შემთხვევები თანაცხოვრების პერიოდშიც ყოფილა და შეყვარებულობის დროსაც. მასში ეს თვისება ძალიან მომწონს.

- დაასახელეთ თქვენი ქორწინების თარიღი.

გიორგი: - 28 აპრილი.

ნინი: - 28 აპრილი.

- საკითხი, რომელზეც მეუღლეს ხუმრობა არ უყვარს.

გიორგი: - შეიძლება, სხვა გოგოს შესახებ ხუმრობით რამე რომ ვთქვა, არ მოეწონოს, რადგან ნინი ცოტათი ეჭვიანია. პირადად მე, არ ვიცი, როგორ ხუმრობაზე შეიძლება გავბრაზდე, კარგი იუმორის გრძნობა მაქვს და თუკი რამე იუმორით არის ნათქვამი, ადამიანს ყოველთვის ვუგებ, თუ უზრდელური ხუმრობა არაა და ეთიკურ ფარგლებში "ჯდება".

ნინი: - ალბათ, ჩემს წონაზე არ უნდა მეხუმროს. თუკი წონაში მოვიმატე, გიორგი რაღაცნაირად, ისე მეუბნება, რომ არ მეწყინოს, მაგრამ მაინც მწყინს - ცხვირს ჩამოვუშვებ და ვიბუტები ხოლმე. მერე მეუბნება, - გოგო, გეხუმრე, რა იყოო... საერთოდ, ძალიან ბუტია ვარ და მეუღლეს ბევრი რამის გამო ვებუტები.

- თქვენთვის იდეალური დღე როგორია?

გიორგი: - ალბათ, როცა ვისვენებთ და ერთმანეთისთვის ბევრი დრო გვაქვს. საერთოდ, ძალიან დაკავებული ვარ: ვმუშაობ, სპორტს მივდევ, ახლა პროექტში ვმონაწილეობ... შესაბამისად, მეუღლისთვის ბევრი დრო არ მრჩება. ნინიც მუშაობს. სამუშაო დღეებში დილით, საღამოს და ღამით ვურთიერთობთ. ამიტომ ჩვენთვის იდეალური დასვენების დღეებია, თუნდაც - არდადეგები, შვებულება, როდესაც სადმე გამგზავრება შეგვიძლია. ამ დროს კარგად ვიყენებთ და იდეალურად ვატარებთ.

GzaPress ნინი: - ალბათ, იდეალური ისეთი დღეა, როდესაც მე და გიორგი ქალაქგარეთ მივდივართ - ხმაურს, პრობლემებს მოვწყდებით და მშვიდად განვმარტოვდებით ხოლმე. შეიძლება, ღვინო დავლიოთ, ფილმი ვნახოთ...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენს მონაწილეობასთან დაკავშირებით, მეუღლეს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და ახლა როგორი აქვს?

გიორგი: - კარგი. მგულშემატკივრობს, ყოველ "ლაივს" ესწრება. როცა ახერხებს, რეპეტიციებზეც მოდის. ჩემი აქტიური მხარდამჭერი გახლავთ. პროექტში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით, თავიდანვე დადებითად განწყობილი იყო.

ნინი: - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გიორგის მონაწილეობას ნეიტრალურად შევხვდი. თავადაც ფიქრობდა, შემოთავაზებას დავთანხმდე თუ არაო? შემდეგ, დედის თხოვნითა და მუდარით, მონაწილეობა გადაწყვიტა. ბოდიბილდერთა შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ვუთხარი: რომელიმე აირჩიე, რადგან ორივე საქმის (პროექტში მონაწილეობა და შეჯიბრებისთვის მომზადება) გაკეთება რთულია და შეიძლება, ვერ შეძლო-მეთქი. გიორგიმ ორივე აირჩია და როგორც ვხედავთ, წარმატებით გაართვა თავი.

- გიორგი, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ყველაზე მეტად რომელი ცეკვის შესრულებისას ინერვიულე? მეუღლემ?

გიორგი: - ალბათ, როცა პირველ "ლაივზე" ვიცეკვე, რადგან მანამდე ცხოვრებაში არასოდეს მიცეკვია. მაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში ცეკვით პირველად წარვდექი. ამიტომ ცოტა ვინერვიულე. საერთოდ, ნერვული არ ვარ... მეორედ მაშინ ვინერვიულე, როდესაც "ქართული ტური" გვქონდა. ამ ტურისთვის მომზადებული საერთოდ არ ვიყავი, რადგან არ მეცალა - საქართველოში არ ვიმყოფებოდი. უბრალოდ, ცეკვის მონახაზი ვიცოდი. ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ალბათ, ყოველთვის ნერვიულობს, როცა ცეკვას ვასრულებ.

ნინი: - რომ გითხრათ, ვნერვიულობ, როცა გიორგი ცეკვავს-მეთქი, მოგატყუებთ. ცეკვის ყურებით სიამოვნებას უფრო ვიღებ. ერთადერთი, მაშინ ვინერვიულე, როცა "ოსურს" ასრულებდა, რადგან სამეცადინოდ 2 დღეც არ ჰქონდა - ჩემპიონატზე გაემგზავრა და სათანადოდ ვერ მოემზადა. მეშინოდა, რომ მაყურებლის წინაშე ღირსეულად ვერ წარდგებოდა, მაგრამ მან ეს მაინც შეძლო.

- დაასახელეთ თქვენი სამი საერთო თვისება.

გიორგი: - ერთგულება, პატიოსნება (ორივე პატიოსანი შრომით ვცდილობთ, რაიმეს მივაღწიოთ) და სიკეთე (ძალიან კეთილები ვართ, გაჭირვებულების დახმარება გვიყვარს).

ნინი: - ჭამა, ძილი და ბუზღუნი (იცინის).

- 10, 20 წლის მერე, თქვენი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

გიორგი: - 10 წლის შემდეგ შვილები გვეყოლება, 20-ის მერე - ალბათ, შვილიშვილები. იმ დროისთვის რამდენიმე საქმეს შეჭიდებული აღარ ვიქნები - ერთი კონკრეტული პროფესიული მიმართულებით ვიმუშავებ, რადგან ამ მხრივ, უკვე ჩამოყალიბებული ვიქნები. ცოტათი უფრო დაწყნარებულად ვიცხოვრებ. მიმაჩნია, რომ 20 წლის მერე, პირადი ურთიერთობისთვის, ოჯახისთვის ბევრად მეტი დრო მექნება.

ნინი: - ამჟამად, საკუთარი სახლი არ გვაქვს. ალბათ, 10 წლის მერე გვექნება. 2 შვილი გვეყოლება და ტკბილად, ბედნიერად ვიცხოვრებთ.

- სიყვარული რა არის?

გიორგი: - ის გრძნობა, რომლისთვისაც ადამიანს ბევრი რამის დათმობა შეგიძლია.

ნინი: - ჩემთვის სიყვარული არის ერთგულება, პატივისცემა, სიკეთე და საერთოდ, ყველაფერი კარგი... ალბათ, სიყვარულის გარეშე ადამიანი წამითაც ვერ იცხოვრებს.

ეთო ყორღანაშვილი