რაზე ოცნებობს გიორგი ცხადაძე - გზაპრესი

რაზე ოცნებობს გიორგი ცხადაძე

ახმეტელის თეატრის მსახიობ გიორგი ცხადაძეს ფართო საზოგადოება ახლა უკვე პროექტის - "მხოლოდ ქართულის" მეშვეობით გაიცნობს. ის ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო ათეულშია. თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ გიორგი ბავშვობაში "ერისიონის" პროექტის - "ქართული ლეგენდა" ის პატარა მომღერალი იყო, რომელიც კლიპში "შატილის ასულოს" ასრულებდა. 2015 წელს "ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობად დაასახელეს" - სცენაზე მან 12 პრემიერა ითამაშა და დღესაც აქტიურადაა დაკავებული ახმეტელის თეატრის რეპერტუარის დიდ ნაწილში. მონაწილეობდა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" და ოცნებობს სრულმეტრაჟიან ფილმში გადაღებაზე. ყველა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ვნახოთ, რა შედეგს აჩვენებს ის მუსიკალურ პროექტში.

- "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობას მეგობრები მირჩევდნენ, მაგრამ თავს ვიკავებდი. ვოკალსა და მუსიკის მასწავლებელთან არასოდეს მივლია. მართალია, ბავშვობაში ხალხურ სიმღერას ვასრულებდი და სიმღერა სცენაზეც მიწევს, მაგრამ შარშან მაინც ვერ გავრისკე გასვლა. "მხოლოდ ქართულით" ყველა მოხიბლულები ვიყავით და წარმატებული პროექტიც გამოდგა. წელს რომ შევიტყვე კასტინგის შესახებ, ისევ და ისევ მეგობრების გულშემატკივრობით, მივიღე გადაწყვეტილება, სიახლე შემეთავაზებინა საკუთარი თავისთვის. მინდა, ამ ამპლუაშიც გამოვცადო საკუთარი ძალები.

- ყველა აღნიშნავს, რომ წელს ძლიერი მონაწილეები ჰყავს პროექტს. შენს შანსებს როგორ აფასებ?

- დავეთანხმები, რასაც ამბობენ. კასტინგზე კარგად ვხედავდი, პროექტში მოხვედრის სურვილი როგორ ნიჭიერ და კარგი ვოკალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჰქონდათ. მაღალი კონკურენცია იყო, თუმცა, შეირჩა საუკეთესო ათეული. ყველა ძლიერია. ვფიქრობ, თითოეულს ჩვენ-ჩვენი პლუსი და ინდივიდუალიზმი გვაქვს. ჩემი აზრით, მაყურებელს ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება და საუკეთესოს შერჩევა.

- დაველოდოთ, რა იქნება მომავალში. ახლა შენს მოგონებებსა და შთაბეჭდილებებზე მინდა ვისაუბროთ. გაიხსენე ყველაზე ნათელი მოგონება შენი ბავშვობიდან...

- პირველი ნათელი მოგონება სცენას უკავშირდება, რადგან ამან განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრება, პროფესიული არჩევანიც და ახლა პროექტში "მხოლოდ ქართული" მონაწილეობა. 7 წლის ვიყავი, როცა პარიზში, კონგრესის სასახლეში ვიმღერე. "ერისიონის" პროექტს, "ქართულ ლეგენდას" ვგულისხმობ. მაშინ სცენაზე დიდ ანსამბლთან და მამასთან ერთად ვმღეროდი. აპლოდისმენტები და ის საოცარი შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება. ძალიან მოკლე ხანში გავხდი საფრანგეთში პოპულარული ბიჭი და პირველად, 7 წლის ასაკში, ძალიან ლამაზმა გოგომ ავტოგრაფი რომ მთხოვა, გავოცდი. საერთოდ, თავისუფალი ბავშვი ვიყავი, თავდაჯერებული, არ ვნერვიულობდი და ახლა რომ ვაანალიზებ მაშინდელ ფაქტებს, ვხვდები, ბოლომდე გააზრებული არ მქონდა ყველაფერი. თუმცა, ფაქტია, ჩემმა პირველად სცენაზე გამოსვლამ განაპირობა ჩემი ცხოვრება.

GzaPress- ყველაზე მძიმე მოგონება შენი წარსულიდან...

- დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოპერაცია სჭირდებოდა, რაც ბუნებრივია, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. პატარა ვიყავი, ალბათ 8-9 წლის, მაგრამ მახსოვს, როგორ განვიცდიდი. მაშინ კონცერტებზე ნორმალურად მიხდიდნენ, ფულს ვინახავდი და როცა ოჯახში ამ ამბის შესახებ საუბრობდნენ, "გამოვედი" და ვთქვი, რომ თანხა მქონდა და შეგვეძლო გამოგვეყენებინა. ასეთი "წავაჟკაცება" გამოვიჩინე (იღიმის). საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ვისზე შეგიძლია თქვა: "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ეს არის"...

- ძალიან გამიჭირდება ვინმე ერთი დავასახელო. ზოგადად, ძალიან მიყვარს გამოცდილი ადამიანების მოსმენა. ვცდილობ, ყველაში აღმოვაჩინო დადებითი მხარე, რომელიც ჩემთვის სამაგალითო გახდება. ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენენ ჩემზე აბსოლუტურ ჩვეულებრივ გარემოში მცხოვრები ადამიანები. ბევრჯერ შემხვედრია სოფლებში დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ხალხი, რომლებსაც თვალებში რომ ჩახედავ, მაშინვე დიდ სითბოს, სიბრძნეს, ჭეშმარიტებას "იღებ" მათგან. შეიძლება, რომელიმემ ერთი სიტყვა გითხრას, მაგრამ ცხოვრების გეგმები შეგიცვალოს და ბევრი რამ გადაგაფასებინოს. იმერეთში არის ერთი ასეთი ადამიანი, ბატონი ზურაბი. 80 წლამდე იქნება. ძალიან ადამიანური, კეთილია და როცა ამ მხარეში ჩავდივარ, ვნახულობ ხოლმე. ამ ბაბუასთან ურთიერთობა საოცრად მსიამოვნებს.

- დაასახელე ნაწარმოები, რომელმაც შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

- წარსულიდან დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელს" დავასახელებ. გარდამტეხ პერიოდში წავიკითხე და რადიონ რასკოლნიკოვის პერსონაჟმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ბოლო პერიოდში წაკითხული ნაწარმოებებიდან კი ასეთი წიგნია ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი". მოქმედება ავღანეთში ვითარდება. ძალიან მომეწონა და თუ წაკითხული არ გაქვს, გირჩევ წაიკითხო.

- გავითვალისწინებ... ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი შენთვის რომელია?

- პატარა ვიყავი, ეკრანებზე რიდლი სკოტის "გლადიატორი" რომ გამოვიდა. იმ დროისთვის ძალიან მასშტაბური და სანახაობრივი ისტორიული ფილმი იყო, რომელმაც ჩემზე პირველი ნახვისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, ახლა იმავე შეკითხვაზე სხვაგვარად გიპასუხებ: რა თქმა უნდა, მყავს საყვარელი რეჟისორი, მსახიობები და ა.შ, მაგრამ მათ შორის მარტინ სკორსეზეს გამოვარჩევ. მისი შემოქმედება მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად, ამ რეჟისორის ფილმებიდან "შეშლილთა კუნძულს" გამოვყოფ, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მონაწილებს. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფილმები. ვცდილობ, ხშირად ვუყურო და თან, ეს ჩემთვის განტვირთვაა. მართალია, მსახიობი ვარ, მაგრამ სრულმეტრაჟიან ფილმში ჯერ არ მითამაშია და ეს ჩემი დიდი ოცნებაა.

- ქართველ რეჟისორებთან თანამშრომლობის საშუალება რომ მოგეცეს, ვისთან იმუშავებდი დიდი სიამოვნებით?

- რეჟისორებზე ვერ ვიტყვი, გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე ფილმში მერაბ ნინიძის პარტნიორი (იღიმის). ვფიქრობ, საინტერესო მსახიობია.

GzaPress- შთამბეჭდავი სპექტაკლი დამისახელე...

- რობერტ სტურუას "კავკასიური ცარცის წრე". ძალიან პატარა ვიყავი, ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრის რეპერტუარში რომ იყო და შესაბამისად, ვერ ვნახავდი. სამწუხაროდ, მას მხოლოდ ჩანაწერის მეშვეობით ვიცნობ.

- გასტროლებზე სიარული გიწევთ და დღემდე ნანახი ქალაქებიდან, ყველაზე შთამბეჭდავი შენთვის რომელია?

- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათ შორის არაერთხელ - საფრანგეთში... პარიზს გამოვარჩევ. დიდი ხნის განმავლობაში მომიწია იქ ყოფნამ, ბავშვობის დიდი ნაწილი იქით მაქვს გატარებული და ალბათ, ამიტომაცაა ეს ქალაქი ჩემთვის ახლობელი.

- რა შეიძლება შენთვის ყველაზე შთამბეჭდავ საჩუქრად დასახელდეს? რა გახარებს?

- სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ ძალიან მახარებს, მაგრამ უფრო მეტად, წვრილმანები და ყურადღება. ძალიან მიხარია, როცა თეატრში რეპეტიციის ან სპექტაკლის შემდეგ საგრიმიოროში ბავშვებისგან მხვდება წერილები, "პეჩენიები", შოკოლადები ან ლიმონათები. აი, ეს მიხარია ყველაზე მეტად (იღიმის).

- შთაბეჭდილებების ჩაწერა თუ გახასიათებს ან შენთვის ძვირფასი წუთების ფოტოებზე დაფიქსირება?

- ადრე ჩანაწერებსაც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტების ფოტოებს და ვიდეოს ვიღებ. შეიძლება ამ წუთისთვის რაღაც ჩვეულებრივად მოგეჩვენოს, დღის შემადგენელ ნაწილად, მაგრამ 5 და 50 წლის შემდეგ ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ მინდა, ამგვარად დავაფიქსირო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.

- ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, დაახლოებით ისე, როგორც ესაა დოკუმენტური პროზის შემთხვევაში, წარსული ეპოქიდან ან აწმყოდან, ვის ნაწერს გაეცნობოდი დიდი ინტერესით?

- რთული კითხვაა... საინტერესო იქნებოდა ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები. სიამოვნებით გავეცნობოდი მის მოსაზრებებს. თუმცა, რამდენად გავიგებდი რამეს, ძნელი სათქმელია. მაინც ვნახავდი, ვცდიდი (იღიმის). წარსული ეპოქიდან ფრენკ სინატრას ჩანაწერებს გავეცნობოდი, მით უმეტეს ახლა, როცა მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობ და მომღერლობაზე ვფიქრობ, თანამედროვეობიდან კი რობი უილიამსის ნაწერი დამაინტერესებდა.

- ალბათ ეს პროექტიც დაიკავებს გარკვეულ ადგილს თავისი შთაბეჭდილებებით შენს ცხოვრებაში. წარმატებებს გისურვებ და იმედია, ფინალში გიხილავთ.

ანა კალანდაძე