ფერების საოცარი სამყარო - გზაპრესი

ფერების საოცარი სამყარო

მისი ხელოვნება - ეს არის სინთეზი გემოვნების, სილამაზის, სასიამოვნო განცდის მიღების, კარგი განწყობის... ალბათ ამიტომაც არის, რომ მისი ნამუშევრები ჩვენი ქვეყნის მიღმაც დიდ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, რომ უცხოელებს ხელნაკეთი ნივთები განსაკუთრებულად მოსწონთ და მისი ფასიც იციან. ქალბატონ ნანუკა ჩხეიძეს, გარდა იმისა, რომ ქმნის საოცარ აქსესუარებს, შეუძლია მათი სწორად მიწოდება საზოგადოებისთვის.

- საიდან გაჩნდა იდეა, რომ სოციალურ ქსელში საინტერესოდ წარგედგინათ თქვენივე ნამუშევრები? ეს ის არის, რაც გულიდან მოდის თუ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იკვრება ერთგვარ ხელოვნების ნიმუშად?

GzaPress- ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ალბათ, ჩემი შინაგანი სამყარო ამ ფორმით გამომაქვს გარეთ. ვფიქრობ, ფოტოგრაფიის, ფერების სიყვარული და ესთეტიკის მძაფრი შეგრძნება მეხმარება, ეს ყველაფერი ამ სახით შევკრა და ასე წარვუდგინო საზოგადოებას... ამაში ხელი განსაკუთრებით შემიწყო მობილური ტელეფონის გამოგონებამ, რითაც საკმაოდ კარგი ხარისხის ფოტოებს ვიღებდი, ახლა უკვე "პროფესიონალი" კამერა მაძლევს ამის საშუალებას. თუმცა, კომპოზიციის აწყობა და ფერების შეხამება არც ისე იოლია, მაგრამ მანამდე ვცვლი და ვაწყობ, სანამ არ მომეწონება. ასეთ დროს ისეთ აზარტში შევდივარ, რომ გაჩერება მიჭირს (იღიმის).

- ხართ სტომატოლოგი. ეს პროფესია ხელწამოსაკრავი არ არის და საკმაოდ შემოსავლიანიც გახლავთ. პროფესიით ოდესმე გიმუშავიათ?

- ვმუშაობდი ცოტა ხნით და ამ განხრით ლექციებსაც ვკითხულობდი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მაინც ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ვფიქრობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ექიმობა. ემოციური და მგრძნობიარე ადამიანისთვის ცოტა რთულია. ამიტომ, მიუხედავად კარგი ანაზღაურებისა, იმდენად დიდი იყო სტრესი და ნერვიულობა, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

- რა არის ხელსაქმე თქვენთვის? თქვენი პირველი ნამუშევარი რა იყო, გახსოვთ?

- მახსოვს, ჩემი ბებიები ძალიან კარგად ფლობდნენ არაერთ ხელსაქმეს: კერავდნენ არაჩვეულებრივად, ქსოვდნენ, ქარგავდნენ, რასაც თავისთავად, მეც ვხედავდი და ვსწავლობდი კიდეც, რაც საკმაოდ გამომადგა ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში... პირველი ნამუშევარი იყო პლასტილინით შექმნილი სახლები, თავისი ავეჯითა და აივნებით. ძალიან მინდოდა არქიტექტორობა და ამის სურვილს ბავშვობაშივე ვავლენდი (იცინის).

- მიამბეთ მამაზე, რომელიც როგორც ვიცი, სამკაულებს ამზადებდა...

- მამა ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი, გამომგონებელი გახლდათ. ის არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებდა, ჭედურობას აკეთებდა თითბერზე, ხეზე მუშაობდა, ლითონისგან არაერთი ნივთი აქვს შექმნილი. განსაკუთრებით მახსოვს ძველებური ლამპიონები, ლითონის სავარძელი. ხის ავეჯიც დაუმზადებია საკუთარი ხელით. მამისგან ბევრი რამ ვისწავლე და უფრო მეტიც შემეძლო მესწავლა. ახლაც ხშირად მჭირდება მისი დახმარება, მაგრამ... სინანული გვიანია, თავის დროზე არ ვფიქრობდი, თუ ასე გამომადგებოდა მამის დატოვებული, საკუთარი ხელით შექმნილი იარაღები, რასაც ახლა აქტიურად ვიყენებ ტყავის, ხის და ლითონის დამუშავების დროს...

- რამ განაპირობა, რომ ამ სილამაზეებზე მუშაობა აქციეთ საქმედ, მით უმეტეს, არ არის ადვილი, ხელით დაამუშაო ტყავი, ქვას მისცე სასურველი ფორმა და ა.შ.

- ყოველთვის ვცდილობდი ჩაცმის განსხვავებული სტილი მქონოდა. ვხეხავდი და ვხევდი ჯინსებს, ვქარგავდი და ვაკერებდი აპლიკაციებს, რაც მაშინ იშვიათობა იყო. ჩანთებსაც თავად ვქმნიდი ჩემს დასთან ერთად ჯინსის, ჯვალოს, ტყავისა და ზამშის კომბინაციით, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მთხოვეს, გასაყიდადაც შემექმნა - აი, ასე გაჩნდა იდეა და პირველი დამკვეთიც მეგობარმა მომიყვანა. მახსოვს, შევკერე პატარა წითელი ჩანთა და უკვე თითქმის 30 წელია, ტყავზე ვმუშაობ და ვქმნი არა მარტო ჩანთებს...

- ალბათ თითოეულ აქსესუარზე მუშაობა ძალიან შრომატევადია და შესაბამისად, ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. როცა რაღაც საქმეში დიდ შრომას დებ, არ შეიძლება, შრომის ეს ნაყოფი არ გიყვარდეს. გაგჭირვებიათ ნივთებთან დაშორება?

- დიახ, უკვირთ ხოლმე, ასეთი აღნაგობის ქალი, ამ რთულ და შრომატევად საქმეს როგორ ვეჭიდები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სრულიად დამოუკიდებლად ვმუშაობ და თავიდან ბოლომდე მე ვასრულებ ყველა ოპერაციას. როცა ძალიან მომწონს კონკრეტული ნამUუშევარი ან განსაკუთრებული დიზაინის გამოდის, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიჭირს სხვისთვის მისი დათმობა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს იმასაც, თუ ვის ხელში აღმოჩნდება ასეთი ნივთი. თუ არ მომეწონა ადამიანი, მისთვის ნამდვილად მენანება. სიმართლე გითხრათ, მაქვს რამდენიმე აქსესუარი, რომელსაც არასოდეს შეველევი, რადგან ვიცი, მსგავსს ვეღარასდროს გავაკეთებ...

- მას მერე, რაც თქვენი აქსესუარები ძალიან მოთხოვნადი გახდა, რომელიმე მათგანთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული, საინტერესო ამბის გახსენება ხომ არ შეგიძლიათ?

- ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ერთს მოგიყვებით: ახლა უკვე ვმეგობრობ ამ გოგოსთან, რომელიც ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და საფულე შემიკვეთა. ერთხელაც მომწერა: მანჰეტენზე, ერთ-ერთ ცნობილი ბრენდის მაღაზიაში რაღაცას ვყიდულობდი და როცა ეს საფულე ამოვიღე, ისე მოეწონათ, ყველა მეკითხებოდა, სად ვიყიდე. დამესია ხალხი, მე კიდევ თავს ვიწონებდი, რომ ეს საფულე საქართველოში, ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილიო (იღიმის). სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული არ იყო ის საფულე, თუმცა, განსხვავებული და ორიგინალური კი გახლდათ.

GzaPress- როცა კონკრეტულ აქსესუარზე მუშაობთ, უკვე იცით, ვისთვისაა ის განკუთვნილი? იგრძნობა თუ არა თქვენ მიერ შექმნილ ნივთებში იმ კონკრეტული ადამიანის ხასიათი, ვისთვისაც ის იქმნება?

- თუ მუზა მაქვს, ერთდროულად რამდენიმე ნივთზე ვიწყებ მუშაობას, იმდენად მძაფრია მისი შემოტევა... როცა შეკვეთაა, იშვიათად, რომ დამკვეთი ჩაერიოს რამეში. ძირითადად, მენდობიან და ასეთ დროსაც სიამოვნებით ვქმნი ნივთებს, რადგან სრულ ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან და არ მიწევს გარკვეული კაპრიზების გათვალისწინება... სამაგიეროდ, აუცილებლად ვითვალისწინებ რა ფერები უყვარს, მის ასაკს, ჩაცმულობის სტილს და წონასაც (იღიმის)...

- შეგიძლიათ დამისახელოთ ნივთი, რომელიც ყველაზე ძვირად გაყიდეთ და რა იყო მასში განსაკუთრებული?

- ეს იყო ნატურალური ბეწვის ყელსაბამი, რომელიც ქალბატონმა ნათელა პატარკაციშვილმა შეიძინა.

- ოდესმე გითქვამთ უარი შეკვეთის მიღებაზე?

- თუ დროში შეზღუდული ვარ, უარს ვამბობ შეკვეთის მიღებაზე. ყველაზე მეტად ვერიდები ადამიანის დაღალატებას.

- თქვენი აქსესუარები საზღვარგარეთაც იყიდება. მამაკაცებისთვისაც თუ დაგიმზადებიათ რაიმე აქსესუარი?

- მამაკაცებისთვის სამაჯური დამიმზადებია. ისე, მაქვს პორტსიგარიც, ლუდის ჭიქაც, ტყავით გაწყობილი მათარაც...

- ფერები - ეს თქვენი სისუსტეა. დომინანტი შაბიამნისფერია. როგორ ფიქრობთ, ეს ფერი ყველა ქალს უხდება?

- არ მიყვარს ზამთარი, რადგან მზის სხივების და ფერების ნაკლებობაა, დანარჩენი დრო ჩემთვის არის იდეალური. ქუჩაში გასვლისას ყველა ფერს შევხარი, რაც კი ბუნებაშია. თუმცა, განსაკუთრებით მიყვარს: თეთრი, მწვანე და ცისფერი... ამ ფერებით ბევრზე რომ მოვახდინე ზეგავლენა, ეს ფაქტია, თუმცა ყველას ნამდვილად არ უხდება. თუ ეს შენი ფერი არაა, არ გიყვარს და არ გრძნობ მას, არ მეგობრობ ამ ფერთან, ის შენთვის სრულიად შეუხამებელია და არ გიხდება, მაგრამ მაინც იყენებ, შეიძლება სასაცილოც კი გამოჩნდე... მე მაინც მგონია, თეთრი არის ის ფერი, რომელიც ყველას უხდება, რა თქმა უნდა, თუ სწორად არის შერჩეული ლუქი.

GzaPress- ფოტოები - რითაც ასევე გვანებივრებთ სოციალურ ქსელში... თქვენი ფოტოკოლაჟები საოცარ განწყობას ქმნის და მათში ზოგჯერ სულაც არ არის თქვენი სამკაული დატანილი... სხვების განწყობაზე ზრუნვა - ეს უნებურად გამოგდით თუ მიზანმიმართული ნაბიჯია?

- ვფიქრობ, ყველა საქმეზე აღმატებული - ადამიანებთან ურთიერთობაა. კეთილგანწყობა და ზრუნვა - ეს გამოხატავს შენს დამოკიდებულებას და სიყვარულს ადამიანების მიმართ. მე ბავშვობიდან მიყვარს ადამიანები, სამყარო, ფერები, ჩემი საქმე, მეგობრები... ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს დედამიწაზე.

- ვფიქრობ, კარგად ხატვაც გეხერხებათ. ამ მხრივ რაიმე გამოცდილება გაქვთ?

- დიახ, ბავშვობიდან ვხატავ. დავამთავრე სამხატვრო სკოლა, შემდეგ ვემზადებოდი აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ ამ გზიდან ცოტა ხნით გადავუხვიე. ახლაც ვხატავ, მხოლოდ - ტყავზე და ამით ვიკლავ ხატვის წყურვილს. ეს საქმეც მენატრება, მაგრამ საამისოდ დრო არ მრჩება.

- ოჯახზეც გვიამბეთ რამე...

- ოჯახზე აბა, რა გითხრათ, დაოჯახებული არ ვარ, არც ვყოფილვარ, ვერ მოვიცალე... ვცხოვრობთ ერთად მე და დედა, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება. მას განსაკუთრებული გემოვნება აქვს...

- თოჯინებზე მუშაობას მართლა აპირებთ? ან იქნებ დაიწყეთ და ჯერ ამაზე არ საუბრობთ?

- ეს წლების წინ ჩაფიქრებული იდეაა. ჩემი თოჯინები ლითონის და სხვა მასალის ტანდემი იქნება და არა - ქსოვილის ან თიხისგან დამზადებული... ზუსტად ვიცი, რაც უნდა შევქმნა. ესკიზიც მაქვს. ახლა დრო უნდა გამოვნახო, რომ შევუგდე იდეის განხორციელებას.

GzaPress- ერთ-ერთ გადაცემაში ხაზი გაუსვით იმას, რომ იდეებს იპარავენ... ამის მსხვერპლი ბევრჯერ გამხდარხართ?

- დიახ, სამწუხაროდ, ამ მხრივ აბსოლუტურად დაუცველი ხარ, მიუხედავად იმისა, დაპატენტებული გაქვს თუ არა იდეა. არიან ადამიანები, რომლებიც ფეხდაფეხ მოგყვებიან და ფაქტობრივად, ზუსტად იმეორებენ შენს ნამუშევრებს. მქონდა შემთხვევა, როცა უთქვამთ კონკრეტულ ადამიანზე ან მაღაზიაზე - იქ შენი ნამუშევრები ვნახეთო. თუმცა, ის არ იყო ჩემი და საკმაოდ დაბალი ხარისხის გახლდათ, რაც ძალიან მაბრაზებს... ამიტომ, იმას, რაც განსაკუთრებულია, ფართო საზოგადოების წინაშე აღარ ვდებ: ან პირდაპირ ვგზავნი საზღვარგარეთ, ან ახლობლების წრეში წარვადგენ ხოლმე.

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, ბოღმა ნამდვილად იწვევს ნაადრევ დაბერებას?

- ბოღმა, ეს არის საშინელი განცდა, გულში ჩახვეული შური და სხვისი კარგად ყოფნის გამო მწუხარება... რა თქმა უნდა, მწუხარება იწვევს სტრესს, სტრესი იწვევს ორგანიზმში საკმაოდ ცუდ ცვლილებებს, რაც არა მარტო შინაგან ორგანოებზე აისახება, არამედ კანზეც. ლაღი ადამიანი უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, მისი თვალებიც სხვანაირია, ღიმილიც - ბუნებრივი... მთავარია, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ვიყოთ კეთილგანწყობილი. კარგს თუ ვერ გავაკეთებთ, სხვას ცუდს მაინც ნუ ვუსურვებთ. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ისიც ბოღმაში გავატაროთ? გიყვარდეთ სამყარო, ფერები, ადამიანები...

ლიკა ქაჯაია