"ქართველი მგელი" ქალი - გზაპრესი

"ქართველი მგელი" ქალი

23 წლის ლიანა ჯოჯუა მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების საჩემპიონო ქამრის მფლობელი, პირველი ჩემპიონი ქალია. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია MMA-ში მოხვედრის შემდეგ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლა. რინგზე "ღამის კოშმარი" მარინა მახნატკინა გამოიწვია და დაამარცხა კიდეც. "ქართველი მგელი" - ასე ეძახიან ლიანას და მასაც მოსწონს ეს მეტსახელი. ყოველი ბრძოლის წინ პირჯვარს იწერს, გამარჯვების შემდეგ კი - საქართველოს გაუმარჯოსო, ომახიანად დასძახებს ხოლმე. ლიანა ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატიცაა რუსეთში და ასევე, გრეპლინგში მოსკოვისა და რუსეთის ჩემპიონატებიც არაერთხელ აქვს მოგებული.

- თბილისში დავიბადე. 3-4 წლის ვყოფილვარ, ჩემს მშობლებს საცხოვრებლად რუსეთში რომ გადაუწყვეტიათ წასვლა. მოსკოვში დავამთავრე სკოლაც და უნივერსიტეტიც, პროფესიით ფიზკულტურის მასწავლებელი ვარ.

- ქართულად რომ საუბრობ, ეს ვისი დამსახურებაა?

- ამ 20 წლის მანძილზე სულ ორჯერ ვიყავით საქართველოში, მაგრამ ქართული მაინც ვიცი. ანბანი დედამ მასწავლა. მამას დამსახურებაა უფრო მეტად, რადგან გვთხოვდა, სახლში ყოველთვის ქართულად გველაპარაკა. მამაჩემი მეგრელია, მარტვილის რაიონიდან, დედა კი ღამბაშიძეა გვარად, სურამიდან.

ელისო ღამბაშიძე: - რაც ჩამოვედით, ვცდილობთ, ქართული უკეთესად ისწავლოს და უფრო ახლოს გაიცნოს ქართველები. ბავშვობაში ერთხელ რომ ჩამოვიყვანეთ აქ, იმის შემდეგ ლიანა სულ გვთხოვდა, საქართველოში წამიყვანეთო. ამიტომაც, როდესაც კუდოს ფედერაციიდან მიიღო შემოთავაზება, წამოსვლა გადავწყვიტეთ. ეს იაპონური სპორტია. ლიანა დაინტერესდა და ფიქრობს, რომ წარმატებებს მიაღწევს.

- მომიყევით ლიანაზე, როგორი იყო ბავშვობაში?

- ძალიან სპორტული იყო. პირველი კლასიდან დადიოდა ჭადრაკზე, ფიგურულ სრიალზე, ჩოგბურთზე. მუსიკალური სკოლაც დაამთავრა ფორტეპიანოსა და ვოკალის განხრით, მაგრამ ძალიან მალე ბეზრდებოდა ყველაფერი. მე-10 კლასში გვთხოვა, ტაი ბოქსზე მიგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გაგვხარებია მისი ნათქვამი და შევეწინააღმდეგეთ. მერე ისეთი რამ შეემთხვა, რომ დავთანხმდით: ერთხელ მეგობრებთან ერთად უჩხუბია. ალბათ 15-16 წლის იქნებოდა მაშინ. გამომძიებელმა გვითხრა, აუცილებლად მიიყვანეთ კრივის წრეზეო.

GzaPressლიანა: - ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი და თუ ვინმეს აწყენინებდნენ, ვეხმარებოდი. ამხანაგს დედამისზე რაღაც არასასიამოვნო უთხრეს, მე გამოვესარჩლე და კამათის დროს საჭიდაო ილეთის გამოყენებით ძირს დავაგდე. იმათ საჩივარი დაწერეს... თავიდან ჩემი გადაწყვეტილების გამო მშობლები გაგიჟებულები იყვნენ, უარს მეუბნებოდნენ, ახლა კი მგულშემატკივრობენ და ამაყობენ კიდეც.

ელისო: - მაშინ მივხვდით, რომ ეს ძალა და ენერგია აუცილებლად სწორად უნდა მიემართა და ნება დავრთეთ. მამაომაც გვითხრა, - იაროს და ეგეც მალე მობეზრდებაო. წავიყვანე დარბაზში. პირველსავე ნახვაზე მომეწონა "ტრენერიც" და გოგოებიც, ვინც იქ ვარჯიშობდნენ. ცოტა დავმშვიდდი - ე.ი. აქ სხვა გოგოებიც ყოფილან-მეთქი. მერეც ვცადეთ ხელის შეშლა - ხან ფულს არ ვაძლევდით, ხან ტანსაცმელს არ ვყიდულობდით. მაშინ ლიანა გაბრაზდა და ისეთ წაგებაზე წავიდა, რომ მივხვდით, ჯობდა მის გვერდით ვმდგარიყავით - სხვა კატეგორიაში ბრძოლას დათანხმდა და წააგო.

- ვარჯიშის პირველი დღე, პირველი გაკვეთილი თუ გახსოვს...

ლიანა: - ბუნებრივია, თავდაპირველად შიშის მომენტი გაქვს - ნერვიულობ, არ გამოგდის, სხვებს უყურებ და ისინი ძალიან მაგრები გგონია; ფიქრობ, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. ბევრი ახალბედებს დასცინის კიდეც და ესეც გთრგუნავს. ამიტომ, ახლა ყოველთვის მახსენდება ეგ პერიოდი და ვცდილობ, ახალბედებს დავეხმარო. ისე კი, მალევე ავუღე ალღო და გამარჯვებებმაც არ დააყოვნა. ამან უფრო მეტი სტიმული მომცა. პირველი მწვრთნელი მეუბნებოდა, - ჩხუბი იცი, მაგრამ ბოქსს, როგორც თამაშს, ისე კი არ უყურებ, არამედ თითქოს ქუჩაში ჩხუბობო. მას უნდოდა, ტექნიკური ვყოფილიყავი. მხოლოდ მე-8 ბრძოლის შემდეგ შემაქო, - ყოჩაღ, უკვე გონებითაც იმუშავეო. ეს გამოცდილებამ მოიტანა.

- როგორც ვიცი შენს ანგარიშზე არაერთი გამარჯვებაა. დამარცხებას როგორ ეგუები?

- ტაიკსი ბოქსში 14 ბრძოლიდან 10 მოგება მაქვს. ჭიდაობაში ბევრჯერ გავიმარჯვე. MMA-ში 9 მოგება და 2 წაგება მაქვს. ყოველი გამარჯვება ისე მიხარია, თითქოს პირველი იყოს. აი, წაგება კი მწარედ მახსენდება, ვერ ვეგუები, ჩავიკეტები ხოლმე ოთახში, არავინ რომ არ დამინახოს და ტირილით ვკვდები.

ელისო:

- მართლა ძალიან მტირალა და გულჩვილია. ქუჩაში უპატრონო ძაღლი რომ დაინახოს, იმაზეც კი ეტირება. კეთილია, მაგრამ თუ გაბრაზდა, მაშინ უნდა დაუთმო (იცინის).

- მაშინ არ გეცოდება მოწინააღმდეგე, გამეტებით რომ ურტყამ?

ლიანა: - ზოგჯერ კი მეცოდებიან ხოლმე, მაგრამ ჩხუბში ვერავის დაინდობ. თუ შეიცოდებ, აქეთ გაგლახავენ და დაიმტვრევი. ერთხელ დედამ მითხრა, - ვაიმე, ცოდოა, როგორ ურტყამდიო. დედიკო, მე გამლახავდა, რომ შემცოდებოდა-მეთქი. აი, მწარედ რომ მხვდება, მაგ დროს უფრო ვბრაზდები, თითქოს "ვიქოქები", ძალა მემატება. ბიჭის გამბედაობა მაქვს, მებრძოლი ხასიათის ვარ.

ელისო: - თითოეულ დარტყმაზე ვკვდები, ზოგჯერ ხმის მოსმენაც კი არ შემიძლია. არასდროს ვუყურებ, ეს ჩემთვის სიკვდილია. ბრძოლის დღე რომ ინიშნება, იმ წუთიდან მშვიდად ვეღარ ვიძინებ. იმითღა ვიმშვიდებ თავს, რომ არიან გოგონები, რომლებიც ღამის კლუბებში დადიან, სვამენ, ეწევიან... ამისი გართობა კი ბრძოლაა, სწორად იკვებება, სიგარეტს არ ეწევა, ქუჩაში არ არის უსაქმოდ და ა.შ. იმედი მაქვს, გამოჩნდება კარგი ბიჭი, შეუყვარდება და გათხოვდება (იცინის).

- შენს ბოლო გამარჯვებაზე მომიყევი...

GzaPressლიანა: - ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ეს ბოლო წარმატება იყო. შევხვდი ძალიან მაგარ გოგოს - მარინა მახნატკინას. მარინა მსოფლიო ჩემპიონია ექვსჯერ სამბოში, რუსეთის კი - 11-ჯერ. ერთი სიტყვით, ყველაზე ტიტულოვანი და ძლიერი სპორტსმენია ქალებში. პირველ რაუნდშივე უგებდა ყველას და დამაინტერესა, ვინ იყო. გამოვიძახე ჩხუბში. პირველად უფლება არ მომცეს, ჯერ სხვასთან იჩხუბეო. ეგონათ, სუსტი და მისთვის შეუფერებელი ვიყავი, წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. ვიჩხუბე სხვა რუს გოგოსთან, მოვიგე ის ბრძოლა და ველოდებოდი, დამთანხმდებოდა თუ არა მარინა. ეტყობა, თვითონაც დაინტერესდა ჩემით და ნახევარი წლის მერე დამთანხმდა. თვე-ნახევარი მქონდა მოსამზადებლად. კოეფიციენტი ექვსი ერთზე იყო. არავის ეგონა, თუ მოვიგებდი, მაგრამ ვაჯობე და საჩემპიონო ქამრის მფლობელიც გავხდი.

- ფსიქოლოგიურად არ გეშინოდა, ასეთ მეტოქეს რომ ხვდებოდი?

- შიში ყველას აქვს, მაგრამ ვინც ამ შიშს გაუძლებს, ის იმარჯვებს. მახნატკინასი იმდენად ეშინოდათ, რომ ვიდრე ბრძოლას დაიწყებდნენ, ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებულები იყვნენ. ძალიან მტკივნეული დარტყმები ჰქონდა, პარტერში კარგად ჭიდაობდა და ვიდრე მეტოქეები რამე ილეთს გააკეთებდნენ, უკვე წაგებული ჰქონდათ. ბოლომდე მაინც იბრძოლონ-მეთქი, მიკვირდა. ამიტომაც გაუკვირდა, თვითონ რომ გამოვიწვიე, - ყველას ეშინია და როგორ გამიბედაო? ფსიქოლოგიურად თვითონ უფრო დაძაბული ჩანდა. ალბათ ფიქრობდა, ვინ არის ეს გიჟიო (იცინის). კარგად მომამზადეს, მე თვითონაც არ მეგონა, ამდენ ხანს, 25 წუთს თუ გავძლებდი. ის უფრო დაიღალა, მე კი თითქოს ძალა მემატებოდა, თუმცა ვერც გავთიშე და ვერც მტკივნეული ილეთი გავუკეთე. პოზიციები კარგი მქონდა, მაგრამ ხომ უნდა გააჩერო, რომ ურტყა და ისეთი ჯანიანი იყო, ვერ ვაჩერებდი.

- აბა, რით დაამარცხე?

- ვფიქრობ, ვაჯობე ხასიათით და გონებით. ყველაზე მთავარი მაინც ესაა, ტექნიკას ისწავლი, ხასიათი კი ან გაქვს, ან - რა. უნდა გქონდეს გეგმა, როგორ წაიყვანო ბოლომდე ბრძოლა, არ უნდა დანებდე. გამარჯვებისას საოცარი ემოციები მქონდა. ზუსტად ხომ არ ვიცოდი, რას გადაწყვეტდნენ მსაჯები, რომლებიც მისკენ უფრო იყვნენ, ვიდრე ჩემკენ. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, სიხარულისგან გავგიჟდი, ტირილი დავიწყე. ბევრი ქართველი გულშემატკივარი მყავდა. ვხედავდი ქართულ დროშებს. ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირეთო, მეუბნებოდნენ მერე. "ლიკა", "ლიკა" - მესმოდა ჩემი სახელი და ეს ძალას მმატებდა.

- ყოველთვის ხაზს უსვამ შენს ქართველობას...

- ყველამ უნდა იცოდეს, საიდან ვარ და ვინ ვარ! ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ვამაყობ ჩემი ქართველობით და მინდა, ბევრმა ადამიანმა იცოდეს საქართველოს შესახებ.

GzaPress- ახლა ისიც მითხარი, შენი ხომ არ ეშინიათ თაყვანისმცემლებს?

- ხუმრობით ყველა მეუბნება, გვეშინიაო, მაგრამ არ შემიმჩნევია რომ ამის გამო ერიდებოდნენ ჩემთან ურთიერთობას. ბევრი მწერს, შენნაირ ცოლს არ მოვიყვან, რა კარგია, რომ არ გიცნობ, თორემ ათჯერ გამლახავდიო და ა.შ. ბევრს გაცნობა უნდა. ამას ყველაფერს ხუმრობით მწერენ, თორემ კაცი მაინც ძლიერია, როგორ ვაჯობებ? თუმცა, ერთხელ კი ვცემე ვიღაც რუსეთში. ვარჯიშზე მივდიოდი და ავტობუსში, ასე 50 წლის კაცმა ჩხუბი დამიწყო, სკამზე რატომ დადე ჩანთაო და ძირს ჩამოაგდო. არადა, ბევრი თავისუფალი ადგილი იყო. არაფერი მითქვამს, გაჩერებაზე ისიც ჩამოვიდა და ახლა გინება დამიწყო. ალბათ არაფერი რომ არ ვუთხარი, ბოლომდე მოინდომა ჩემი დაჩაგვრა. გაჩერებაზე ასაკიანი ქალები ისხდნენ და იმათ უთხრეს, - არა გრცხვენია, ამხელა კაცი ბავშვს რა პირით აგინებ, თავი დაანებეო. აი, მაშინ კი გადავირიე, "გავჭედე". ჩანთა დავაგდე და მაგრად ვცემე. იმ ბებიებმა ახლა მე დამიწყეს ხვეწნა: თავი გაანებე, არ მოკლაო...

- გულის სწორი ჯერ არ გყავს?

- არა, მაგრამ დედას უნდა, რომ მალე გავთხოვდე (იცინის).

- როგორი ბიჭები მოსწონს ჩემპიონს?

- ყოველ შემთხვევაში, ნაზები არა, ვაჟკაცური ბიჭები მომწონს, ძლიერი ხასიათით. აუცილებელი არ არის, სპორტსმენი იყოს. ისეთი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რომ ვერ დავჩაგრო, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები მაქვს. კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ვიასპარეზებ, ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვებაა.

ნინო ჯავახიშვილი