რა თვისებები აღმოაჩინა საკუთარ თავში საცხოვრებლად მარტო გადასულმა თამუნა ნიკოლაძემ - გზაპრესი

რა თვისებები აღმოაჩინა საკუთარ თავში საცხოვრებლად მარტო გადასულმა თამუნა ნიკოლაძემ

მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული მახსოვრობის უნარი აქვს და წლების წინ მომხდარი მოვლენების, თარიღებისა თუ სხვა პატარა დეტალების გახსენება შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი ხასიათიდან და პროფესიიდან გამომდინარე, შთაბეჭდილებებით დახუნძლული ადამიანია.

- გათამამებული მსახიობი ვარ და ბევრი ნათელი მოგონება მაქვს. უცნაურად დაიწყო ჩემი ცხოვრება, ბაღში მომაკითხეს და მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანეს, სადაც მედეა კუჭუხიძე დგამდა სპექტაკლს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე". სკოლა რომ დავამთავრე, ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინე - 16 წლის გოგო თეატრალურის სტუდენტი გავხდი. ოჯახში დიდად არ უნდოდათ ჩემი მსახიობობა, თუმცა პირველსავე წელს გავხდი სტუდენტი და სწავლა რომ დავასრულე, მას შემდეგ ჩემი თავი შეუმდგარი და სამსახურის ძიებაში, არ მახსოვს. სამეფო უბნის თეატრში 5 წელი ვიყავი შტატში და როცა ქალბატონმა მედეა ჩახავამ დატოვა აქაური საქართველო, მაშინ დასრულდა სპექტაკლი "აქ ამ სავანეში", რომელიც მის გარეშე აღარ გავაგრძელეთ. ოქროს ხანა იყო, როცა პარალელურ რეჟიმში მიწევდა რუსთაველისა და სამეფო უბნის თეატრებში რეპეტიციები ბატონებთან - რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძესთან. 17 წელია, თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ და ამ ხნის განმავლობაში, თავისუფალ თეატრში ძალიან ბევრ სპექტაკლში, ყველანაირი ჟანრის როლი მაქვს შესრულებული. ეს ძალიან დიდი გამართლება და ღვთის საჩუქარია.

- ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება რა მიგიღიათ ცხოვრებაში? რას გაიხენებთ?

- ისევე, როგორც ალბათ ყველას, მეც მქონდა ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი. "შუა ქალაქი" ზენიტში რომ იყო და ხალხი ძალიან ხალისობდა, ანუ მაშინ, როცა მე მთელ საქართველოს ვაცინებდი, ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წლები მქონდა. ადამიანურად და სულიერად დიდ განცდებში ვიყავი. ამ გადმოსახედიდან უკვე მეღიმება და ვიცი, არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ, მას შემდეგ ათი წელი გავიდა.

GzaPress- და ეს უკავშირდებოდა თქვენს პირადს...

- დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკრანზე არაფერს შევიმჩნევდი. ჩემთვის გასახსენებლად ტკივილიანი შთაბეჭდილებაა ეს ყველაფერი.

- ვისზე შეგიძლიათ თქვათ, რომ მან თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა?

- პირდაპირ გეტყვით, ეს არის მამაჩემი. ვგიჟდები და მაფანატებს მშობლებზე, ისინი ჩემთვის დიდი სიძლიერე და კედელია. ახლა მარტო ვცხოვრობ, თითქმის 1 წელია. ეს ჩემი სურვილი იყო. დავბრუნდი ჩემს 23-ე სკოლასთან ახლოს, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე. თავისუფალ დროს როგორც კი გამოვნახავ, გავრბივარ მშობლებთან, დასთან და დისშვილთან... არიან მსახიობები, რეჟისორები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ბევრმა სხვა ადამიანმაც მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ ჩემთვის საოცარი მეგობრები, გამტანები და შეიძლება ითქვას ხერხემალი - ჩემი მშობლები არიან.

- არის რამე "უცხო" თვისება, რაც მარტო ცხოვრებისას აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

- დღემდე დიდ აღმოჩენებში ვარ. მივხვდი, რომ ბევრი რამ შემძლებია და გაცილებით მობილიზებული ვყოფილვარ, ვიდრე მეგონა. ვასწრებ ყველაფერს: სახლის დალაგებას, ფარდების გარეცხვას, სადილის მომზადებას, ნამცხვრის გამოცხობას და ეს ძალიან მაგარი ყოფილა.

- სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ბევრს ეშინია მარტო ცხოვრების, როგორც ჩანს, თქვენ ასე არ ხართ...

- ისეთ უბანში ვცხოვრობ, როგორ შეიძლება, აქ ცუდი მოხდეს?! დიდი სიყვარული და ნდობა მაქვს ჩემი ქუჩის მიმართ. ბავშვობის ტკბილ მოგონებაში დავბრუნდი. ამისთვის ბევრი "ვიბრძოლე". თუკი რამ ჰონორარი ამიღია და შემიკოწიწებია, ყველაფერი ამ სახლში ჩავდე.

- წლების განმავლობაში წაკითხული ავტორებიდან და ნაწარმოებებიდან, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

- ერიკ-ემანუელ შმიტის ნაწარმოებები მიყვარს, განსაკუთრებით "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი". ეს წიგნი მამშვიდებს, ძალიან ჩემეულია.

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი და სპექტაკლიც დაასახელეთ...

- "ნატვრის ხე". ამ ფილმს შემიძლია, ნებისმიერ დროს ვუყურო, ის ქართული კინოსკოლის მასტერკლასია. შთამბეჭდავი სპექტაკლებია: "მარადი ქმარი", "მამა", "კავკასიური ცარცის წრე". მახსოვს, სტუდენტი ვიყავი, რუსთაველის თეატრში სახანძრო კიბით ჩავიპარე "კავკასიური ცარცის წრის" საყურებლად. ყოველდღე შემიძლია ვუყურო ბატონი რობერტ სტურუას "რიჩარდ მესამეს", განსაკუთრებით მიყვარს რიჩარდისა და ლედი ანას სცენა. საბედნიეროდ, "იუთუბზე" კარგი ჩანაწერია. იყო დღეები, როცა რამდენჯერმე გადამიხვევია ეს სცენა და ისე მიყურებია. რაც მთავარია, ეს ტირანი მე მიყვარს (იღიმის).

- ქვეყანა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე...

- ძალიან ხშირად დავფრინავ მარტო. ვთქვათ, ეს ზაფხულში ხდება. თვითმფრინავში რომ ვზივარ, მგზავრობისას, იმ რამდენიმე საათში, მთელ წელს "გადავავლებ" ხოლმე თვალს და ამავდროულად ვგეგმავ, მომავალში რა უნდა გავაკეთო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ესპანეთმა, კერძოდ ბარსელონამ, თუმცა, იქ მარტო არ ვყოფილვარ - დასთან ერთად წავედი. მოგზაურობა ახალ ადამიანად მაბრუნებს საქართველოში და მოგზაურობა ჩემზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს.

- წლების მატებასთან ერთად, გამოცდილება გვემატება და ადამიანის ამოცნობა ადვილდება, პირველი შთაბეჭდილება ხშირად ამართლებს?

- დიახ, ამართლებს. ადრე ასე არ ვიყავი, ეს წლებმა მოიტანა. თავიდან ყველას მეგობარი შეიძლება ვყოფილიყავი, ახლა მათი რიცხვი შემცირდა. არ ვიცი, რამდენად ღირს საჯაროდ სალაპარაკოდ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც გავიზარდე, მაგრამ შემდეგში ჩვენი ინტერესები და ღირებულებები გაიყო. დღეს შეიძლება შევხვდეთ, დავსხდებით ერთად, ვილაპარაკებთ და ვხვდები, ერთმანეთის აღარ გვესმის.

- არაფერია ამაში დასამალი, მგონია ყველა ადამიანს ემართება მსგავსი რამ.

- ჰო, ცოტა ცუდად ვიცი თქმა, მაგრამ ადამიანები ცხოვრებაში გამენაშთა.

- მგონი, ზუსტი განსაზღვრებაა...

- ჰო, არ ვიცი. ბევრი თანამშრომელი, კოლეგა, ახლობელი მყავს, არ არსებობს ვინმე მძულდეს, ყველას თან გადავყვები, მაგრამ რაც შეეხება მეგობრებს, დღეს 3-4 მყავს.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი რა მიგიღიათ?

- ყვავილები. სამი ღამე არ დამაძინა ამ საჩუქარმა, საწოლში ვერ ვისვენებდი (იღიმის). გასტროლზე ვიყავი ფინეთში. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ იქ ჩამომივიდა კონვერტით პატარა წერილი და იქვე იდო ყვავილები. ეს შთაბეჭდილება მთელი ცხოვრება მეყოფა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით - მინდვრის.

- დღიური გქონიათ ოდესმე?

- ბავშვობაში მქონდა და ანა ფრანკის მსგავსად, "კიწი" დავარქვი. მას მივბაძე. დღიურს ვწერდი სტუდენტობამდე. არ ვიცი, წლები როგორ მომერევა, მაგრამ ჩემზე ამბობენ, რომ ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს. მახსოვს: ციფრი, დღე, თვე, წელი, ჩაცმულობა, ვარცხნილობა და ყველა დეტალი. მეგობრები მეკითხებიან ხოლმე: ვთქვათ, 2012-ში აქა და აქ რომ ვიყავით, იმას რა ეცვაო? სწორად ვპასუხობ. "შუა ქალაქის" 800-მდე სერია გადავიღეთ და დროდადრო სხვადასხვა მსახიობს იწვევდნენ. როცა რაღაცისთვის სჭირდებოდათ ინფორმაცია, სულ მე მეკითხებოდნენ, ვინ რა როლზე იყო მოწვეული და ვის რა ეცვა.

- მესმის, მეც ასე ვარ, ბაღელებიც კი მახსოვს და სხვა უამრავი არასაჭირო ინფორმაცია, მაგრამ ეს გონებას არ ღლის?

- ძალიან და რაღაცებს "დილეით" გავუკეთე (იღიმის)... მსახიობისთვის აუცილებელი ემოციური მახსოვრობა. ვფიქრობ, ამ პროფესიაში ემოციური მახსოვრობის გარეშე ვერ ვისუნთქებ.

- დაბოლოს, ადამიანები ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის ნაწერებს გაეცნობოდით ყველაზე დიდი ინტერესით?

- თუ დღიურს წერს, დამაინტერესებდა და სიამოვნებით წავიკითხავდი მერილ სტრიპის ჩანაწერებს. ვთვლი, რომ ის სამსახიობო ოსტატობის საოცარი იუველირი და უნივერსალია. საქართველოში კი ეს არის თემურ ჩხეიძე.

ანა კალანდაძე