ნიკოლოზ შველიძე პრეზიდენტის ინაუგურაციისა და საახალწლო ღონისძიებების დეტალებზე
font-large font-small
ნიკოლოზ შველიძე პრეზიდენტის ინაუგურაციისა და საახალწლო ღონისძიებების დეტალებზე
"რუსთაველის თეატრი ყოველთვის ცოცხალია"

"შობა ტიფლისში" - ასე ჰქვია რეჟისორების, რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ერთმოქმედებიან სპექტაკლს, რომელსაც რუსთაველის თეატრი მაყურებელს სადღესასწაულოდ, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით დიდ სცენაზე წარმოუდგენს.


პარალელურად ამისა, რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს მუშაობამ მოუწია პრეზიდენტის ინაუგურაციისა და თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ, რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. როგორც ცნობილია, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო გალა-კონცერტი გაიმართება. სოფელი სტუმრებს 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე:
- ისევე, როგორც ყოველ წელს, ახლაც, ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, რუსთაველის თეატრში წარმოვუდგენთ სპექტაკლს, სადაც შევეცდებით გავაცოცხლოთ ძველი თბილისის ამბები. იქნება ნოველები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, თავისი ხუმრობებითა და ოინებით იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. მაყურებლის წინაშე გაცოცხლდება ძველი ტიფლისი, თავის ყარაჩოხელებით, კინტოებით, ხანუმებით და შევეცდებით, მხიარულად გავიხსენოთ დრო გასული საუკუნიდან - დღემდე. აქ იქნება მოგზაურობა თანამედროვე თბილისშიც და იმ ტიფლისშიც, რომელიც თუნდაც, გრიშაშვილმა შემოინახა თავის არაჩვეულებრივ ნაწარმოებში "ძველი თბილისის თანამედროვე ბოჰემა". ვცდილობთ, ამ წიგნის დეტალებითაც გავალამაზოთ და გავაცოცხლოთ სცენაზე თბილისი. ახლაც, ისევე როგორც ყოველთვის, სპექტაკლში დაკავებულია დასის უმეტესობა. ახალი წელი ყოველთვის დადებით მუხტთან არის დაკავშირებული და ყველას უხარია ამ სპექტაკლში მონაწილეობა. სპექტაკლს 3-დან 15 იანვრის ჩავთვლით, ყოველდღე, დღეში ერთხელ, ხოლო შაბათ-კვირას ორჯერ წარმოვადგენთ.
GzaPress- თეატრალურ წრეებში დიდი ხანია კარგად გიცნობენ, თუმცა, ფართო საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს თქვენ შესახებ. არაერთი წელია სპექტაკლებზე ბატონი რობერტის გვერდით მუშაობთ. როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ თეატრში?
- მთელი ჩემი ცხოვრება რუსთაველის თეატრთან არის დაკავშირებული. მამაჩემი მირიან შველიძე ამ თეატრის მხატვარია, დედაჩემი თინათინ ჰაინე 25 წელი თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი გახლდათ. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, აქვეა თეატრიც, რომელიც ჩემი მეორე სახლი გახლდათ და არის ახლაც. რაც შეეხება ჩემი პროფესიით რუსთაველის თეატრში მოსვლას, ეს იყო 2000 წელს. მაშინ აკა მორჩილაძემ ზღაპარი "მიუნჰაუზენი" დაგვიწერა, მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ თეატრი რემონტზე გავიდა და 4 წელი ვეღარ მოვაბით თავი და ვერ მოვახერხეთ აღდგენა. შემდეგ დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა - ბატონი რობერტის ბევრ სპექტაკლზე მიმუშავია ასისტენტად. ერთად ვარჩევთ პიესებს დასადგმელად, რაც საკმაოდ საინტერესო პროცესია. დღემდე უკვე ბევრ სპექტაკლზე მოგვიწია ერთად მუშაობამ. ახლახან თელავშიც გვქონდა გასვლითი სპექტაკლი. ბრეხტის "დაკანონებულ უკანონობაზე" რომ ვმუშაობდით, სპექტაკლის რაღაც ნაწილი მას უკვე მზად დავახვედრეთ. შემდეგ უკვე ერთობლივად გადაიქცა იმ წარმოდგენად, რაც არსებულ რეპერტუარშია. როგორც ბატონი რობერტის მოსწავლე და რეჟისორი, ჩემს მუშაობას პირდაპირ მას ვუკავშირებ, რადგან ასეთ პერიოდს ქართული თეატრის ისტორიაში ძნელად თუ გავიხსენებთ. უნიკალურ გამოცდილებას ვიღებ და საინტერესო გზას გავდივარ. ეს პროცესი ჩემთვის ზეიმი და დიდი ბედნიერებაა.
- საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, თქვენ ღონისძიების ერთ-ერთ რეჟისორად დასახელდით...
- დიახ, ასეა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ქალბატონი სალომეს სარეკლამო კამპანია "გავაკეთეთ". ვგულისხმობ ვიდეორგოლებს, რომელიც იმ მომენტისთვის იყო რადიკალურად განსხვავებული იმ საშინელი ნეგატივისგან, რომლის მოწმეებიც ვიყავით. პოზიტივზე, ისტორიაზე, მტერთან ბრძოლასა და არსებულ პრობლემებზე გავაკეთეთ აქცენტი. იმ იდეიდან გამომდინარე დაიბადა აზრი, რომ ეს ღონისძიება ყოფილიყო სახალხო, ჩატარებულიყო კახეთში და ა.შ. ქალბატონ სალომეს და მის ოჯახს პირდაპირი კავშირი აქვს 21 წელთან. წინაპრების სურვილების შესრულება მგონია ის, რომ მან ამ დღეს ხალხთან სიახლოვე ამჯობინა. ჩემი სუბიექტური აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მომწონს. ვფიქრობ, პრეზიდენტი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. ახალი ტრადიცია ყალიბდება, პრეზიდენტი გავიდა ხალხთან და პრინციპში, იმ სივრცეში, სადაც ყოველთვის უნდა იყოს და საუბრობდეს. 16 დეკემბერს კახეთში ინაუგურაციის კრეატიულ მხარეზე ვიმუშავეთ, კულტურულ ნაწილზე და ამაში დიდი გუნდი იყო ჩართული.
- მესმის, რომ ახლა მთლიანად საახალწლო სპექტაკლსა და ღონისძიებებში ხართ ჩართული, მაგრამ გაზაფხული თუ გაქვთ უკვე დაგეგმილი, რაზე იმუშავებთ თეატრში?
- რამდენიმე იდეა გვაქვს. ალბათ გახსოვს პროექტი, როცა ია შერაზადაშვილი ხელოვანებთან შეხვედრების ორგანიზებას აკეთებდა, სადაც დამსწრეებს დიალოგის საშუალება ჰქონდათ ბატონ რობერტთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, გურამ საღარაძესთან, გია ყანჩელთან და სხვებთან. არაჩვეულებრივი შეხვედრები მოეწყო. ვაპირებთ ეს პროექტი აღვადგინოთ.
- მართლაც, არაჩვეულებრივი შეხვედრები იყო და ცუდია, რომ აღარ იმართება. ისიც ბევრისგან მსმენია, რომ თითქოს, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში თეატრი პასიურია, ზაალ ჩიქობავას მმართველობის პერიოდში, უფრო მეტად "ცოცხალი" იყო რუსთაველის თეატრი...
- რუსთაველის თეატრი ყოველთვის ცოცხალია. ის მოჩვენებითი სიმშვიდე, რომელიც ხანდახან დაისადგურებს, ეს ხალხისთვის ხდება იმის საბაბი, რომ თქვან, თითქოს რუსთაველის თეატრი მოკვდა. შემიძლია ჩემი ბავშვობის რუსთაველის თეატრი გავიხსენო, შენობაში რომ შემოვიდოდი, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. ვფიქრობდი, რომ ამ თეატრში არავინ იყო. შევიხედავდი დარბაზში და სცენაზე ვხედავდი: ბატონ რამაზს, ბატონ გურამს, ქალბატონ ზინას, ქალბატონ ნანა ფაჩუაშვილს, ბატონ რობერტს, რომლებიც მუშაობდნენ. შეიძლება გარედან არ ჩანდეს მუშაობის პროცესი, მაგრამ მთავარი შედეგი სპექტაკლებია. დღეს რუსთაველის თეატრი თავის სპექტაკლებით საუბრობს ყველა იმ პრობლემაზე, სატკივარსა და სიყვარულზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.
GzaPress- ცოტა პრემიერა გაქვთ. თეატრის სამი სცენაც არ არის ისე დატვირთული, როგორც წარსულში იყო და შეიძლება, ამიტომაა პასიურობის განცდა...
- სტატისტიკურად რომ შევხედოთ, მუშაობის რეჟიმი იგივეა. რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებზე თითქმის სულ ანშლაგებია. გვაქვს სხვადასხვა პროექტი, წელიწადში 3 პრემიერას მაინც ვახერხებთ წარმოვადგინოთ დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენებზე. ვმუშაობთ სპექტაკლების აღდგენაზეც. მაგალითად, წელს ფრანკფურტისთვის აღდგა "სტიქსი"; დადგმული იყო "ელექტრა", მაგრამ განახლდა და შემოდგომაზე მისი ახალი ვერსია წარმოვადგინეთ. ვერ ვიტყვით, რომ პასიურობაა. ამ თეატრის რეპერტუარი ყოველთვის აქტუალურია. რა თქმა უნდა, აჯობებს, რომ უფრო მეტი ახალი სპექტაკლი იდგმებოდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა უფრო მეტი რესურსი და ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ბიუჯეტიც. სამასზე მეტი ადამიანი მუშაობს თეატრში - მათზეც უნდა ვიფიქროთ, ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ამასთან, ბატონი რობერტი მოსკოვშიცაა და დიდი წარმატებით მუშაობს.
GzaPress- დაბოლოს, მინდა მოგილოცოთ, ახლახან თქვენ და თქვენი მეუღლე, ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი ხიტირი გოგონას, ალისას მშობლები გახდით. შვილს უცხო და განსხვავებულის სახელი დაარქვით...
- დიდი მადლობა (იღიმის). ქეთი აქტიურად არის ჩართული სპექტაკლებში. უბრალოდ, ამ ეტაპზე პატარას გამო, ახალ სპექტაკლში ეს ვერ მოხერხდება. ისე, ჩემს სპექტაკლებში სულ მყავს ხოლმე: "უფლისწული და მათხოვარი", "კონკია", "პირველი სიყვარული", "ელექტრა"... როცა ნიჭიერია ადამიანი, ყოველთვის სასიამოვნოა მასთან მუშაობა. რაც შეეხება სახელს, ალისა პასპორტით ალექსანდრაა. პაპაჩემს ალექსანდრე ერქვა, რომელიც სულ ფიგურირებდა ჩემს ცხოვრებაში. მის გამო ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი შვილი იყოს პირველ რიგში, ალისა, ოფიციალურად კი ალექსანდრა. ალისა ჰაინე, ალექსანდრა შველიძე, ორივე კარგად ჟღერს (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რამდენიმე თითში მგრძნობელობა ჯერ არ დამბრუნებია"
"თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი"
საკუთარ თავს თვითონ ქმნი უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის პროცესში
"თითოეულ ფრაზასა და ბგერას დიდ ყურადღებას ვაქცევთ"
სენი, რომელმაც უამრავი ოჯახი შეიწირა
"ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი