ქართველი მოდელი ბებიები - გზაპრესი

ქართველი მოდელი ბებიები

ფოტოსესია, რომელშიც მოდელებად ბებიები არიან წარმოდგენილი, დიზაინერ მეგი გაბუნიას ახალი ინიციატივა გახლავთ. დიზაინერის მიერ წამოწყებულ კამპანიას - "გაუთბე სიბერე" - სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

მეგის სურვილი გაუჩნდა, დადებითი ემოცია, პოზიტიური განწყობა ბევრი მოხუცის სახეზე ენახა... დიზაინერის პროფესიიდან გამომდინარე, საუკეთესო იდეა იყო, რომ მის მიერვე შექმნილ სამოსში გამოწყობილი ბებიებისთვის ფოტოსესია მოეწყო. "მოდელი ბებიები? რატომაც არა!.." - თქვა და ფოტოსესია დაგეგმა. ასე დაიწყო კამპანია - "გაუთბე სიბერე"... ფოტოსესიაში ორი ბებო მონაწილეობდა. მათგან ერთი - დიზაინერის ნამდვილი ბებია - 91 წლის ანჟელა გიგილაშვილი გახლავთ, მეორე კი - 83 წლის ლამარა ბებო, რომელიც მეგიმ რამდენიმე თვის წინ გაიცნო. ბებიების ერთად გადაღება, მეგის მხრიდან, მათ მიმართ თანაბარი სიყვარულის გამოხატვას აღნიშნავს. ფოტოსესიამ მხიარულად ჩაიარა, ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში ხალხის დადებითი ემოციები გამოიწვია.

ჩვენ მეგი გაბუნიას მაღაზიაში ვესტუმრეთ, მოდელი ბებოები პირადად გავიცანით და ვესაუბრეთ...

ანჟელა ბებია: - ფოტოგადაღება ჩემმა შვილიშვილმა, დიზაინერმა მეგი გაბუნიამ შემომთავაზა. გადაღების პროცესი მომეწონა, რა თქმა უნდა - რაც მანამდე არ ჩამიცვამს, ახლა ავინაზღაურე (იცინის).

- ყმაწვილქალობის პერიოდში მოდელობაზე გიფიქრიათ?

- დედაჩემს 8 შვილი ჰყავდა. მაშინ მოდა სად იყო?! ძირითადად, მთავარი იყო, ქსოვილისთვის გვერდები ამოგვეკერა და ჩაგვეცვა. სხვა ჩასაცმელი სად გვქონდა?.. ჭიათურაში (წარმოშობით იქიდან ვარ) გერმანელი ტყვეები ცხოვრობდნენ. ისინი ყიდდნენ პერანგებს, ქსოვილებს და მსგავს რაღაცებს. დედაჩემი მკერავი გახლდათ. ის ისე გვიკერავდა, რომ "ფასონიანი" კაბა გამოდიოდა.

- ფეხსაცმელზე რას გვეტყვით?

- იმდენი სიხარული ჩვენ, რამდენჯერაც ფეხსაცმელში წყალი შემსვლია (იცინის). გაჭირვება და სიღატაკე მაშინ იყო, თუ იყო: 1939 წელს ომი დაიწყო, ქვეყანა აირია. 200 გრამი პური გვქონდა, საწყალ დედაჩემს კი 8 შვილი ვყავდით სარჩენი. ქმარი არ ჰყავდა. ყველაფერი მაგრად გადავიტანეთ, ამიტომ ბედს არ ვემდური. ახლა 8 დედმამიშვილიდან ორნიღა ვართ - მე და ჩემი ნაბოლარა და. ჩემი ცხოვრების მადლიერი ვარ - შვილები, შვილთაშვილები მყავს.

- თანატოლებში პოპულარული იყავით?

- გრძელი ნაწნავები მქონდა. ეშხიანი გოგო ვიყავი. ქუჩაში, კინოთეატრის წინ (ჭიათურაში) რომ გავივლიდი, ყველას თვალი რჩებოდა ჩემზე. გოგონები მიშლიდნენ - ჩვენთან ერთად არ წამოხვიდეო, რადგან ყველა ბიჭი ჩემით ინტერესდებოდა, სხვები კი იჩრდილებოდნენ (იცინის). აი, ასეთი გოგო ვიყავი, ბებია... სკოლაში 10 კლასიც არ დამიმთავრებია - გავიპარე და შეყვარებულს ძუნძულით გავყევი - გავთხოვდი. მე და ჩემს ქმარს ისეთი სიყვარული გვაკავშირებდა, რომ მსგავსი დღეს არავის აქვს... მეუღლესთან ცხოვრება ორწელიწად-ნახევარი მოვასწარი - 2 შვილი გავაჩინე. ნაადრევად დავქვრივდი... ღმერთის მადლობელი ვარ, რომ შვილები მაჩუქა... სოფელში არ დამკლებია თოხი, ბარი, აბრეშუმის ჭიის მოვლა, ჭარხლის პუნქტში მუშაობა... შაქრის ჭარხლის პუნქტში 25-ტონიან სასწორთან მწონავად 9 წელი ვიმუშავე. ისეთი მაგარი მწონავი ვიყავი, რომ საბჭოს თავმჯდომარე აგვისტოში კაცს გამომიგზავნიდა ხოლმე, - ჭიათურაში ჯერ არ წახვიდე (ქართლში გავთხოვდი), ამ სეზონზეც უნდა იმუშაოო.

GzaPress- დაქვრივების მერე, ცხოვრებას როგორ უმკლავდებოდით?

- ძალიან მტკიცე, მებრძოლი ხასიათის ქალი ვიყავი. კასპში, გრაკალში ვცხოვრობდი. თბილისში რომ გამოვემგზავრე, "მანეთი" მენატრებოდა. ისეთ სამსახურს ვეძებდი, სადაც ბევრი ფული "გაკეთდებოდა". ძალიან გამხდარი, კაპარჩხანა ქალი ვიყავი. ელექტროქარხანაში მითხრეს, - სამუშაოდ საწყობში გაგიშვებთ, მზა პროდუქცია მოგივა და დაიანგარიშებ, ხელფასი 138 მანეთი გექნებაო. ეს რომ გავიგე, ტირილი დავიწყე - 138 მანეთი მეყოფოდა?! დედამთილი, 2 შვილი მყავდა სარჩენი... ელექტროქარხანაში 33 წელი გავატარე. ჩემი სიგამხდრის გამო ვინც უნდობლად მიყურებდა, ყველას "მოვუჯოკრე": ბრიგადაში 12 ქალი მყავდა და მედლები, ორდენები მივიღე, შრომის ვეტერანი გავხდი... მუშაობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, როგორც მოწინავე მუშა, დამაჯილდოეს და თემქაზე 3-ოთახიანი ბინა მაჩუქეს. ტელეფონიც დამიდგეს...

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- ბედნიერად. ძალიან კარგი, მეგრელი სიძე მყავს (იცინის). უმცროსი ქალიშვილი ადრე გათხოვდა, უფროსი კი სახლში დამრჩა. ვეუბნებოდი, - დედა, გათხოვდი, ვისაც გინდა, ცოლად იმას გაჰყევი-მეთქი. მპასუხობდა, - ვინც მიყვარს, შენ ის არ გინდაო. იცოდა, რომ მეგრელი სიძე არ მინდოდა, მაგრამ საოცრად კარგი ბიჭი აღმოჩნდა. მეგის მამას, მხატვარ ზურა გაბუნიას ვგულისხმობ. უკვე 41 წელია, ჩემი ოჯახის წევრია. მისგან კარგის მეტი, არაფერი მახსოვს - საკუთარი შვილივით მიყვარს.

- მეგრელი სიძე რატომ არ გინდოდათ?

- ჩემი პირველი შეყვარებული მეგრელი იყო. დედამისმა სიღარიბის გამო დამიწუნა - ღარიბი ოჯახის შვილს სახლში არ შევიყვანო...

- ძალიან ინერვიულეთ?

- კი. ვტიროდი, ის ბიჭი ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. ნერვიულობის გამო, სწრაფი ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა...

- თქვენი დაოჯახების შესახებ მოგვიყევით.

- წინათ, გოგონები ე.წ. ბედის კვერს ვჭამდით, ანუ ვისაც გათხოვება გვეჩქარებოდა, მარილიან კვერებს ვაცხობდით, ძილის წინ ვჭამდით და სიზმარში, ვინც წყალს მოგვაწვდიდა, ჩვენი საბედოც ის იყო. ეს კვერი მეც მაქვს ნაჭამი. ჩემი მეუღლე (მაშინ შეყვარებული იყო) დამესიზმრა, კარზე აკაკუნებდა. გავძახე: ოთარ, ხელი შემოყავი, ლურსმანი ჩამოსწიე და კარი გაიღება-მეთქი. შინ რომ შემოვიდა, ვუთხარი: - ოთარ, შენი ჭირიმე, დოქით წყალი მომაწოდე-მეთქი. დოქი აიღო, ჭიქა წყლით აავსო, მომაწონდა, გამოვართვი და როცა უნდა დამელია, ზუსტად იმ დროს გამეღვიძა - დალევა ვერ მოვასწარი. ოთარ გიგილაშვილი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ქმარი. დედამთილი ოთარაანთ ქვრივივით მყავდა. სიგიჟემდე ვუყვარდი...

- ოჯახის მეორედ შექმნაზე არ გიფიქრიათ?

- აჰ, არა, არა, დედა! არა, გენაცვალე! ეგღა მაკლდა! ჩემს სოფელში ჩემი სახელი რომ იკითხოთ, ყველა გეტყვით ჩემს ქალობას...

- ახლა, როცა მოდური ტანსაცმელი მოირგეთ, როგორი გრძნობა დაგეუფლათ?

- მოდურად არასდროს მცმია ან როგორ ჩავიცვამდი, როცა სულ შავად და ბნელად ვიყავი?!. ჩემს შვილებს და შვილიშვილებს იუბილეს ყოველთვის ვუხდიდი. ახლა ჩემს არც ერთ დაბადების დღეს აღნიშვნის გარეშე ტოვებენ - 2 აგვისტოს გრაკალში მოდიან. უხარიათ, რომ ამ ასაკის ბებია (თან, ასეთი ნატანჯი და ნაწვალები ცხოვრებაგამოვლილი) ჰყავთ.

- მეორე მოდელ ბებოზე, ვისთან ერთადაც ფოტოგადაღებაში მონაწილეობდით, რას გვეტყვით?

- ვიცი, რომ დუხჭირი ცხოვრება აქვს. ამის გამო, გული დამეწვა... გრაკალში, ჩემთან ვინმე რომ მოდის და მთხოვს, - ანჟელა ბებია, გეხვეწები, 1-2 დღით ფული მასესხეო, მხოლოდ პურის ფული რომ მქონდეს, მას მივცემ. მევალეები დავტოვე და წამოვედი - ფული არ გამომირთმევია. გაისად რომ დავბრუნდები, მომცემენ. თუ არ მომცემენ, ალალი და უსაყვედურო იყოს - იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება მაგონდება...

ლამარა ბებია, 83 წლის: - ადრე ისეთი მშრომელი ვიყავი, რომ არავის დახმარება არ დამჭირვებია. მეგი 3 თვის წინ გავიცანი და დამიახლოვდა, ძალიან გულთბილი და კეთილი გოგოა. ცდილობს, დამეხმაროს და გამამხიარულოს. მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება მოხუცებს. სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. ინფარქტი მაქვს გადატანილი, ბებო და 180 ლარი პენსია წამლის ფულად როგორ ვიკმარო? ფოტოგადაღება მეგიმ შემომთავაზა. მრცხვენოდა, რადგან წინათ შარვალი არასდროს მცმია - სულ კაბა მეცვა, ბებო, მაგრამ დავთანხმდი.

- მოდელობაზე არასოდეს გიფიქრიათ? თქვენი ცხოვრების შესახებ მოგვიყევით.

- არა, ბებო, მოდელობაზე არ მიფიქრია. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ყოველთვის მოწინავე მოსწავლეთა შორის ვიყავი. მერე გავთხოვდი. მეუღლე ადრე დამეღუპა. 24 წლის იყო, როცა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. 20 წლის ქვრივი დავრჩი, 7 თვის ბავშვით. მას შემდეგ ბევრი ვიწვალე, ბეჭებზე ქალისა და მამაკაცის წილი ტვირთი მედო. შვილს სამედიცინო განათლება მივეცი, მუშაობაც დაიწყო... არ იყო ადვილი ცხოვრება. ამაზე ლაპარაკიც არ მინდა...

- მაშინ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდებზე ვისაუბროთ. წარმოშობით საიდან ხართ?

- გურიიდან. ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ლამაზი რაიონია. "პატარა პარიზს" ეძახდნენ... საფერშლო ტექნიკუმი დავამთავრე. სანეპიდსადგურში ვმუშაობდი. ძალიან კმაყოფილი გახლდით. 80 თანამშრომელი ვიყავით. ჩვენი დირექტორი ნინო თიკანაძე გახლდათ. ძალიან გულთბილი ქალი იყო. როცა დავქვრივდი და ბავშვი ობლად დამრჩა, სამსახურში ყველანაირად ხელს მიწყობდა. ობიექტებზე სანიტარიული მდგომარეობის შესამოწმებლად დავდიოდი - მაშინ სანიტარული საკითხი მკაცრად იდგა...

- ქალბატონ ანჟელას დაუმეგობრდით?

- ძალიან კარგი ადამიანია. გუშინ მეგის ვეუბნებოდი, - შენი ბებო უკვე მენატრება-მეთქი. - ხვალ ნახავო, - მიპასუხა. ჰოდა, აი, ვნახე (იღიმის). როგორც გითხარით, წინათ შარვალი არასოდეს მცმია. ახლა რომ ჩავიცვით და გავიპრანჭეთ, გვეცინებოდა - სიბერეში ამას როგორ მივაღწიეთ-თქო (იცინის)?..

მეგი გაბუნია: - ეს საუკეთესო ფოტოსესია იყო ჩვენი ბრენდის ისტორიაში. ბებიები ძალიან ბევრს იცინოდნენ, როცა სხვადასხვა სამოსს ირგებდნენ. 3 საათი მათ საკმაოდ ენერგიულად იმუშავეს. გვიყვებოდნენ ამბებს, სადაც დაღუპული მეუღლეები გაიხსენეს. მათ ერთი საერთო აქვთ: ისინი ძალიან ახალგაზრდები დაქვრივდნენ, თუმცა იმ სასიყვარულო ურთიერთობის მოკლე პერიოდში, ბაბუებმა მათ თბილად გასახსენებელი საკმაოდ ბევრი მოგონება დაუტოვეს... სამომავლოდ, რამდენიმე მსგავს ფოტოსესიას ვგეგმავ. მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი - "მეტი ყურადღება მოხუცებს" - საზოგადოებას მივაწვდინო. მოხუცებს ხომ ჩახუტებაც აბედნიერებთ?!

ეთო ყორღანაშვილი