"ყურადღება ნებისმიერი ადამიანისგან მახარებს" - გზაპრესი

"ყურადღება ნებისმიერი ადამიანისგან მახარებს"

მზიკო ფარტენაძემ საბავშვო მუსიკალური პროექტიდან - "ანაბანა" დაგვამახსოვრა თავი, ახლა კი უკვე 19 წლისაა და "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი გახლავთ. ბათუმელი გოგონა თბილისში მუსიკოს დაქალთან ერთად ცხოვრობს და ჯაზის ხელოვნების შესწავლის პარალელურად, ბიზნესის ადმინისტრირებასაც ეუფლება... გიორგი უშიკიშვილის რჩევა - ჯაზი თავისუფლებაა და სცენაზე თავისუფალი უნდა იყოო, მზიკოს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა: სცენაზე თავისუფლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (ინტერვიუ ჩაწერილია 15 დეკემბერს)...

GzaPress- მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება გაქვს. შეგიძლია, "ანაბანაში" არსებული სიტუაცია კონკურსში ამჟამინდელ შენს მონაწილეობას შეადარო?

- მაშინ 11 წლის ბავშვი ვიყავი. მაშინაც კარგი გამოცდილება მივიღე, კარგი ბავშვები გავიცანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ (ერთ-ერთი ნუცა თოფურია გახლავთ). "ანაბანაში" მონაწილეობისას ყველაფრის შესახებ უფრო ბავშვური შეხედულებები მქონდა, მაგრამ კონკურსში მონაწილეობა მაშინაც მიხაროდა და ახლაც ასეა. უბრალოდ, ახლა ვფიქრობ, პროექტიდან რა "წავიღო" და რა "დავტოვო"; უფრო მეტი ვიმუშაო პროფესიონალებთან, ვინც გვამეცადინებს - ამაზე ვარ ორიენტირებული. 11 წლის ბავშვიც ამას ვფიქრობდი, მაგრამ მცირე ასაკის გამო, მაშინ ეს კარგად გაანალიზებული არ მქონდა.

- პირველ "ლაივზე" გიორგი გაბუნიამ გითხრა, რომ თითქოს, ისევ "ანაბანას" მონაწილის ამპლუაში იყავი... როგორ ფიქრობ, ამ მხრივ, შემდეგ კონცერტზე "გაიზარდე"?

- რატომღაც, მაშინ გიორგი გაბუნიასგან დაბალი შეფასება მივიღე, მაგრამ ეს მეორე ტურისთვის ჩემთვის მოტივაცია იყო - ალბათ, უფრო მეტად "გავიზარდე" და ეს ჟიურიმაც აღნიშნა. თუმცა, გიორგიმ თქვა, რომ ამჯერად, ზედმეტად ქალური ვიყავი, მე კი ასე არ ვფიქრობ. სცენაზე ჩემი ყოველი მოძრაობა ბუნებრივი გახლდათ - სიმღერისთვის ვმღეროდი. მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, - სიმღერა სიმღერისთვის იმღერეო. ჰოდა, მეც ვითვალისწინებ ამ რჩევას... ჟიურის წევრებისგან შეფასებებსაც გულისყურით ვეკიდები. ვფიქრობ, რომ პირველი ტურიდან მეორემდე პროგრესი განვიცადე, თუნდაც - მუსიკალური თვალსაზრისით, სცენაზე დგომის მხრივ...

- საზოგადოების შეფასებებს თუ ეცნობი?

- ჩასაფრებული არ ვარ, სოციალურ ქსელში ვინ რას დაწერს, მაგრამ იშვიათად გადავხედავ ხოლმე. ძირითადად, ჩემი მეგობრებისგან ვიგებ, რომ მაყურებლები ჩემ შესახებ კარგ კომენტარებს წერენ. ეს ძალიან მიხარია. ნეგატიურ კომენტარებს იშვიათად ვხვდები, ისიც - ჟიურის მიმართ გამოთქმულს. მიმაჩნია, რომ ჟიურის ყველა წევრი თავისთავად, კომპეტენტურია. ამიტომ, მათი ლანძღვა საჭირო არ არის.

- კასტინგზე მამა ძალიან გგულშემატკივრობდა, კაბაც კი შეგირჩია... ახლა როგორ გგულშემატკივრობს?

- ამ მხრივ, დედა დამეჩაგრა (იცინის). ჩემს დებსაც კი ეკითხებიან, - ვაიმე, შენს დას მამა ზრდიდაო?! არა, სადაც მამა არის, დედაც იქვეა, მაგრამ რატომღაც, მამაჩემისგან სხვაგვარი სტიმული, გამხნევება "მოდიოდა". ამიტომ ვთქვი, რომ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამაა, მაგრამ დღეს მუსიკალური განათლება რომ მაქვს და ხელოვნება ასე ძალიან მიყვარს, ეს დედაჩემის დამსახურებაა. დედა მუზეუმის თანამშრომელი გახლავთ. მუზეუმში ხშირად დავყავდი. მუსიკალურ სასწავლებელშიც ყოველდღე მას მივყავდი. ამიტომ ხელოვნებისადმი ჩემს სიყვარულს დედასთან ვაკავშირებ... მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ "ანაბანას" კასტინგზე მივსულიყავი - რეკლამა ვნახეთ და თბილისში გამოვემგზავრეთ... "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობა დამოუკიდებლად გადავწყვიტე, მაგრამ მამამ რომ შეიტყო, უფრო დიდი სტიმული მომცა, მხარი დამიჭირა - აბა, რა, უნდა გახვიდეო!.. პირველ "ლაივზე" მამა დარბაზიდან მგულშემატკივრობდა, მეორეზე - ტელეეკრანიდან, კონცერტს კი ჩემი დედმამიშვილები ესწრებოდნენ, მესამეზე - მთელი ოჯახი ჩამოვიდა ჩემს საგულშემატკივროდ.

- ოჯახის წევრებიდან კიდევ ვინ მღერის?

- ოჯახურ გარემოში ყველანი მღერიან. საერთოდ, ხელოვნებასთან ყველა მათგანს კავშირი აქვს. ჩემი და მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა, მაგრამ შემდეგ, ექიმობა გადაწყვიტა; მეორე და ცეკვავდა, მაგრამ ეკონომისტობა არჩია. ჩემი ძმაც ცეკვავდა. ახლა ოჯახურ გარემოში მღერის, როცა ვიკრიბებით. მამაჩემი, სიმღერასთან ერთად, გიტარაზეც უკრავს. დედაჩემიც მღეროდა (მის სამსახურში გუნდი ჩამოყალიბდა და მისი წევრი იყო)... 3 წლის ვყოფილვარ, როცა მე და ჩემი დები სამ ხმაში ვმღეროდით.

- შენსა და შენს და-ძმებს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ალბათ, განსაკუთრებულად განებივრებდნენ...

- კი, ბავშვობაში განსაკუთრებულად მანებივრებდნენ და ეს დღესაც ასეა.

GzaPress

- შენს სასცენო ჩაცმულობას მამა როგორ აფასებს? კონკურსანტების სამოსს მაყურებლები ხშირად აკრიტიკებენ. - კონკურსანტების ჩაცმულობაზე Mercedes-Benz Fashion Week-ის დიზაინერები ზრუნავენ. ჩვენი ჩაცმულობა ყოველ "ლაივზე" უკეთესი ხდება. ახლა ჩვენს სამოსზე აკა ნანიტაშვილმა იზრუნა. ყველას მეორე "ლაივზე" უფრო მოვეწონე, როცა "ოდრის კაბა" მეცვა. "ფეისბუკის" გვერდზე ოდრის შემადარეს კიდეც (იცინის). იმ კაბაში თავს მეც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. პირველ "ლაივზე" რაც მეცვა, იმასაც არა უშავდა. ბიჭები უფრო უკმაყოფილოები იყვნენ, ვიდრე გოგონები. რაკი სიმღერის კონკურსია, ჩაცმულობა მთავარი არ არის - მნიშვნელოვანია, როგორ იმღერებ, თუმცა სამოსში თავს კომფორტულად თუ არ გრძნობ, სიმღერის ხალისიც გეკარგება. პირადად მე, ასეთი შემთხვევა არ მქონია. მამასაც ყველაფერი მოსწონდა - ჩემი ჩაცმულობით კმაყოფილი იყო.

- "ანაბანაში" მონაწილეობის შემდეგ, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტობამდე როგორ ცხოვრობდი?

- "ანაბანას" დასრულების შემდეგ, ისევ ბათუმში დავბრუნდი და სწავლა განვაგრძე - მე-7 კლასში გადავდიოდი. პარალელურად, მუსიკალურში ვსწავლობდი - აკადემიური გუნდის სოლისტი ვიყავი. მერე იყო საქველმოქმედო, სხვადასხვა სადღესასწაულო კონცერტი, თუმცა ამას მასშტაბური სახე არ ჰქონია. აბიტურიენტობის პერიოდში, ოჯახის წევრებს ვუთხარი, რომ სწავლის გაგრძელება თბილისში მინდოდა. ამასთან შეგუება გაუჭირდათ, მაგრამ კარიერის გამო, დამთანხმდნენ. 17 წლისა დედაქალაქში დამოუკიდებლად საცხოვრებლად გადმოვედი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. სტიპენდიანტი გავხდი. დღემდე "აქტიური სტუდენტის" სტატუსი მაქვს, თუმცა პროექტის გამო, ლექციებზე დასწრებას იშვიათად ვახერხებ... მე-2 კურსზე ვიყავი, როცა კონსერვატორიაში ჩაბარება გადავწყვიტე და ჩავაბარე კიდეც (ჯაზის ხელოვნების მიმართულებით). ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა, რადგან ძალიან მაგარ პედაგოგებთან ვსწავლობ. თავს უფრო მეტად თავისუფლად ვგრძნობ, ვიდრე ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლისას (თუმცა, ეს პროფესიაც საინტერესო და საჭიროა).

GzaPress- თბილისში მარტო ცხოვრობ?

- მუსიკოს დაქალთან ერთად ვცხოვრობ, რომელმაც კონსერვატორიაში ჩემთან ერთად ჩააბარა, ოღონდ - ფორტეპიანოს განხრით. ჩვენს სახლში სულ მუსიკის ჰანგები ტრიალებს. თავისუფალ დროსაც მუსიკას ვუთმობთ. სტუდენტური ბილეთები გვაქვს და შეგვიძლია, ჯანსუღ კახიძის ცენტრში, ოპერაში კონცერტებს დავესწროთ... ამ შანსს მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ ახალ-ახალი რაღაცები ვისწავლოთ.

- საოჯახო საქმეებს როგორ ინაწილებთ?

- სხვათა შორის, "გაწერილი" არ გვაქვს, ვინ რა და როდის უნდა გააკეთოს. ყველაფერი თავისთავად ნაწილდება: თუ რაღაც დასალაგებელი, მოსაწერიგებელია, შეხსენების გარეშე ვხვდებით და ვისაც გვცალია, ვაწესრიგებთ. ძალიან ჰარმონიული თანაცხოვრება გვაქვს.

- თაყვანისმცემლები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- სოციალურ ქსელში ბევრი მწერს. სხვაგვარ ინიციატივას არ იჩენენ - "ესემესებით" შემოიფარგლებიან. ვცდილობ, ყველას ვუპასუხო. ყურადღება ნებისმიერი ადამიანისგან მახარებს, მათი შეფასება და შექება სტიმულს მაძლევს.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- შეყვარებული არ მყავს. არ ვფიქრობ, რომ გვერდით აუცილებლად ვინმე მჭირდება ან არ მჭირდება. ყველაფერი თავისთავად ხდება.

- იმაზე თუ ფიქრობ, შენი რჩეული როგორი უნდა იყოს?

- ყურადღებიანი და მზრუნველი: ეს 2 კრიტერიუმი მაქვს, რასაც ჩემი რჩეული აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი