"იღბლიანი ადამიანი ვარ" - გზაპრესი

"იღბლიანი ადამიანი ვარ"

ოთო ფოლადაშვილი წლებია, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავე გახლავთ. ფაქტობრივად, პროექტთან ერთად გაიზარდა... ამჟამად, პროექტში ოთო ირინკა კავსაძის მეწყვილეა. ყოველ "ლაივზე" წყვილი შთამბეჭდავ ნომრებს გვთავაზობს და ფინალისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს...

- ჩემი და ირინკას მიერ შესრულებული კონტერპორარი კიდევ ერთი ახალი სიტყვაა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, ოღონდ - უფრო ოჯახური კუთხით. ვფიქრობ, ეს ემოციური დრამა იყო, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულამდე მივიდა... მეწყვილეების გაცვლის ნომერს რაც შეეხება, როგორც იცით, რუსკა ქარქაშაძესთან ერთად პასადობლი ვიცეკვე. რუსკაში ძალიან დიდი ძალისხმევა "ჩავდე", რომ მცირე ასაკის მიუხედავად, ძლიერი ქალის ხასიათი გამოევლინა და მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ განსაკუთრებული სიძლიერის ცეკვის შესრულებაც შეუძლია.

- მუშაობაში კარგად აგყვა?

- კი. პროექტამდეც ვმეგობრობდით. ერთმანეთთან მუშაობა არ გაგვჭირვებია. ნიჭიერი გოგოა და ეს ყველამ კარგად ვიცით. მისმენდა, მუშაობდა და რეპეტიციებზე მაქსიმალურად "ჩართული" იყო.

- წლებია, ამ პროექტში მონაწილეობ. რას ნიშნავს შენთვის "ცეკვავენ ვარსკვლავები"?

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩემთვის მართლა მეორე ოჯახია, რადგან ამ პროექტის გარეშე, ჩემი ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. მცირე ასაკის ვიყავი, როცა პირველ სეზონში ვმონაწილეობდი. ფაქტობრივად, პროექტთან ერთად ვიზრდებოდი, შევიცვალე...

- პირველი სეზონის მონაწილე ოთო ფოლადაშვილი როგორი იყო?

- ძალიან კარგი, საყვარელი ბიჭი იყო. თუ იმით ვიმსჯელებთ, როგორი გამოხმაურებაც ჩემი და ნუკის წყვილს (პირველ სეზონში) მოჰყვა, ვფიქრობ, მაყურებლებს დასამახსოვრებელი ნომრები შევთავაზეთ. ჩვენ მიერ შესრულებულ ცეკვებს ხალხი სიყვარულით იხსენებს და დღემდე უყურებს. ჩემი და ნუკის მიერ შესრულებული "რაჭული" ფანტასტიკა იყო: ამ ცეკვის ამსახველმა ვიდეომ მილიონ "ნახვას" პირველმა გადააჭარბა. თან, ეს 8 წლის წინ მოხდა. მოკლედ, "რაჭული" გაჰიტდა, შემდეგ აღმოსავლური ცეკვა იყო... მოკლედ, იმ სეზონზე მე და ნუკი ასაკით ყველაზე უმცროსი წყვილი ვიყავით და ისეთი ნომრები შევასრულეთ, რომ ხალხმა შეგვიყვარა, რაც ჩვენთვის დიდი პატივი იყო.

GzaPress- პარტნიორებთან ურთიერთობას აგრძელებ?

- რა თქმა უნდა! ნუკის შემდეგ, რუსკა მაყაშვილთან ერთად ვცეკვავდი და გავიმარჯვეთ კიდეც... ჩემს ნებისმიერ მეწყვილესთან დღემდე ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- მგონი, პარტნიორებში გიმართლებს, არა?

- მეც ვფიქრობ, რომ ფორტუნა ყოველთვის ჩემკენაა. საერთოდ, ცხოვრებაში იღბლიანი ადამიანი ვარ, პროექტში კი ყველაზე იღბლიანი გახლავარ, რადგან ყველა სეზონზე, ვინც კი განსაკუთრებულად გამორჩეული მონაწილე გოგო იყო, ყველა ჩემი მეწყვილე გახლდათ.

- შენი და ირინკას წყვილი ფინალს მიუახლოვდა. როგორი განცდა გაქვს?

- ძალიან კარგი და ჩვეული. ამ პროექტის გარდა, მე და ჯულიანა ბარ-გნარი შეჯიბრებებზე ხშირად ვასპარეზობთ. როგორც იცით, დიდ წარმატებასაც ვაღწევთ. კონკურსებს, შეჯიბრებებს მიჩვეულები ვართ - ეს ჩემთვის ახალი ხილი ნამდვილად არ არის. სპორტთან ძალიან "ახლოს" ვარ, ჩემი მიზნები მაქვს... "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულებამდე 2 კვირაა დარჩენილი და ჩემი მიზანია, მაყურებლებს კიდევ უფრო უკეთესი ცეკვები შევთავაზოთ, 31 დეკემბერს კი ეს ყველაფერი ძალიან კარგად - გამარჯვებით დაგვირგვინდეს.

- შეჯიბრებებს მიჩვეული ხარ, მაგრამ იქ შენი წარმატება მსაჯების შეფასებაზეა დამოკიდებული, პროექტში კი გადამწყვეტი ხალხის მხარდაჭერაა...

- რა თქმა უნდა! სულ ამას ვამბობ, რომ ეს სახალხო პროექტია - გამარჯვებულს ხალხი ირჩევს. ხალხის დიდი იმედი მაქვს, რადგან ჩემი და ირინკას შესრულებულმა ყველა ცეკვამ საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შესახებ მეორე ეპიზოდიდანვე ამბობდნენ, - რა მაგრები არიან, მეტი რაღა უნდა გააკეთონ?! უეჭველი გაიმარჯვებენო... მსგავსი კომენტარები მეორდებოდა. მერე ამბობდნენ, - თუ იფრენენ, თორემ სხვა რაღა უნდა გააკეთონო?! "ვიფრინეთ" კიდეც... ყოველი მომდევნო ცეკვით გვინდა, ხალხი გავაბედნიეროთ, ჩვენ კი მათი იმედი გვაქვს - გვგონია, რომ დაგვირეკავენ და დაგვიმესიჯებენ.

- კონკურსანტებს შორის სიტუაცია დაიძაბა?

- არა. ამ მხრივ გამორჩეული სეზონია - მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს ვამხნევებთ...

- პროექტს მიღმა, ჯულიანა ბარ-გნარი შენი მეწყვილეა, თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთმანეთის კონკურენტები ხართ.

- პირველი შემთხვევა არ არის, როცა მე და ჯულიანას ერთმანეთის წინააღმდეგ გამოსვლა გვიწევს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო სხვანაირი მეგობრობა გვაკავშირებს: საერთო სტუდია, ბიზნესი გვაქვს, ბავშვებს ერთად ვამზადებთ, ერთად ვცეკვავთ... ჩემსა და ჯულიანას შორის შეჯიბრების განცდა არასოდეს ყოფილა, პირიქით - ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ვამხნევებთ.

- ირინკას პირადად გაცნობამდე, მის შესახებ რა იცოდი?

- მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ როდესაც პირადად გავიცანი, მივხვდი, დადებითი გოგოა, მეგობრობისა და ურთიერთობების ფასი იცის. ძალიან ნიჭიერი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და მიზანდასახულია.

- ალბათ, ირინკას ბაბუა - ბატონი კახი პირადად გაიცანი...

- კი, ირინკას ოჯახის გაცნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო და მოხარული ვარ, რომ ეს პატივი მერგო - ბატონ კახისაც და მისი ოჯახის სხვა წევრებსაც უკვე ახლოს ვიცნობ...

- ბატონ კახის შენთვის მაინც თუ უთქვამს ქათინაური?

- ის კომპლიმენტების თქმით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ მისი გამომეტყველებით, ემოციებით ვხვდებით, რომ კმაყოფილია. ეს გვსიამოვნებს. რამდენჯერაც "ლაივზე" მოსულა, ცეკვის შემდეგ, 1-2 კარგი სიტყვით სულ მამკობს ხოლმე.

- ცეკვის გარდა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ტელეწამყვანადაც მუშაობდი. თავს ვარსკვლავად გრძნობ?

- ამაზე ასე არასდროს მიფიქრია. იღბლიანი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს. ტელეწამყვანიც ვიყავი. ახალ გამოწვევებს არ ვუშინდები, პირიქით - მიხარია. მეც ძალიან მიზანდასახული ვარ. რასაც ხელს მოვკიდებ, ის საქმე აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. ტელეწამყვანობა ჩემთვის ის საქმეა, რაც მაბედნიერებს. გარდა ამისა, კონკურსებში, შეჯიბრებებში ვმონაწილეობ. თავისუფალ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით) ჩავაბარე. მაქვს გეგმები, რომელთა განხორციელებისთვის სწორი გზით მივდივარ.

- ამდენ საქმესთან გამკლავებას როგორ ახერხებ?

- არ ვიცი. საერთოდ, კარგი იქნებოდა, რომ დღე-ღამეში 24-ის ნაცვლად, 48 საათი იყოს, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც ვახერხებ, რომ ყველაფერი მოვასწრო. ვცდილობ, გრაფიკში ძილი არ მქონდეს და სულ "გადარბენებზე" ვიყო, ყველა საქმე ბოლომდე მივიყვანო, წარმატებული ვიყო.

- უძილობა პრობლემებს არ გიქმნის?

- ენერგიას არ ვუჩივი. ზოგს ჰგონია, რომ ასაკი ხელს მიწყობს (25 წლის ვარ). ვფიქრობ, ახლა ის პერიოდი მაქვს, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უნდა გამოვიყენო: ვისწავლო, ვიმუშაო, კონკურსებზე გავიდე, გავიმარჯვო... მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტული ეს უნდა იყოს და ასეც არის.

- განტვირთვას ახერხებ?

- ამასაც ვასწრებ (იცინის), ოღონდ - როგორ და როდის, არ ვიცი. ერთი დღე ჩემთან ერთად რომ იარო, მიხვდები, რომ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ამას ვერ გაუძლოს. ძალიან ენერგიული, მრავალფეროვანი, შედეგიანი ცხოვრება მაქვს და ზუსტად ასეთი რეჟიმით ვიღებ სიამოვნებას.

- რომანტიკულ ურთიერთობებს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, რომანტიკული ურთიერთობები აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩემს ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს... ამ თემაზე სხვას ნურაფერს მკითხავ (იცინის).

- შენი და ირინკას მიერ შესრულებული ცეკვებიდან ყველაზე მეტად რომელი გეამაყება?

- მე-8 სეზონში, ირინკასთან ერთად შესრულებული ყველა ცეკვა ნამდვილად ერთი მეორეზე მაგარი იყო! ტანგოს შესახებ ყველა აღიარებს, რომ 8 სეზონის განმავლობაში, მსგავსი არავის შეუსრულებია. ისეთი ნომერი იყო, რომ შეიძლება, პროფესიონალმა მოცეკვავემაც კი ვერ შეასრულოს. "ხანჯლურიც" დაუვიწყარი იყო! "სამეულის ტურში" პასადობლეს და ფლამენკოს მიქსი შევასრულეთ და სასწაული მოხდა - ასეთი ცეკვა ჯერ არ გვინახავსო! ყველაზე ახალი სიტყვა, "ბოლო მოდელი" ცეკვა კონტერპორარი იყო, როცა "სუხიშვილების" ტრანსფორმაცია და "ფრენის" მიქსი გავაკეთეთ. თან, ქართული სიმღერის ფონზე შევასრულეთ. ეს და კიდევ სხვა ცეკვები ისტორიას დარჩება. ცეკვა ფილმიდან - "დღე უკანასკნელი, დღე პირველიც" განსაკუთრებული იყო, პირველ რიგში - ირინკასთვის და ცხადია, ჩემთვისაც დიდი პატივი გახლდათ... მოკლედ, ყველა ტურში შესრულებული ცეკვა ისეთი განსაკუთრებულია, რაც წლების მერეც გამაბედნიერებს...

ეთო ყორღანაშვილი