სამგლოვიარო პროცესიაში "გაჭედილი" ზღაპრის პერსონაჟები - გზაპრესი

სამგლოვიარო პროცესიაში "გაჭედილი" ზღაპრის პერსონაჟები

ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, მეკვლე, გოზინაყი, თოვლი - ეს ყველაფერი ახალ წელთან ასოცირდება. კიდევ, იმედები, ოცნებები და სხვა ბევრი რამ, რაც კონკრეტული ადამიანის სურვილებს უკავშირდება.

"ახალი წელი იყო საოცარი იმედი"

GzaPressმერაბ თავაძე: - პლეხანოვის გამზირზე ვცხოვრობდი და ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ახალი წელი, როცა მთელი გამზირი თოვლის ფიფქებით იყო დაფარული. თბილისში საოცარი ზამთარი იდგა. მაშინ 9-10 წლისა ვიქნებოდი. ახალ წელს სითეთრე და ახლის მოლოდინი უხდება, ამის გარეშე თითქოს არაფერია... ეს იყო ბავშვობის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

ოჯახი არის წმიდათაწმიდა, ამიტომ ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი. ერთხელ, 31 დეკემბერს, ზუსტად ღამის 12 საათზე უნგრეთისა და რუმინეთის საზღვარზე ვიყავი. ჩემი მანქანით კინოგადაღებიდან ვბრუნდებოდი საქართველოში. ლამაზი ზამთარი იყო, რუმინელ და უნგრელ მებაჟეებთან ერთად ახალი წლის სადღეგრძელოს ვსვამდი და ერთმანეთს ვულოცავდით.

ჩემი თაობისაგან აბსოლუტურად განსხვავებულად ხვდება ახალ წელს ახლანდელი ახალგაზრდობა. ჩემთვის ახალი წელი იყო საოცარი იმედი, ახლა სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. არ ვიცი, ალბათ ჩემი ასაკის გამო ვფიქრობ ასე. საერთოდ, ყველა თაობას თავისი დამოკიდებულება აქვს ამ დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით და ყველა ისე ხვდება, როგორც მას უნდა, ანუ თავისებურად სწორად.

ახალ წელს საჩუქრების დარიგება დასავლეთიდან შემოვიდა და ჩვენც მივბაძეთ. საქართველოში საახალწლო საჩუქრების ტრადიცია შობას უკავშირდება. ჩემთვის ახალი წლისა და შობის გარდა, საჩუქარი არის ყოველდღიური რამ, თუკი ამის სურვილი მაქვს, იქნება ეს მეგობრისთვის, ახლობლისთვის, მეუღლისთვის, შვილისთვის და ა.შ.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ცოტა მეტი სიყვარულით და ყურადღებით ვიქნებით ერთმანეთის მიმართ. სინდისს გეფიცებით და გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მინდა, რომ მტრობასა და შურს თავი დაანებონ ქართველებმა, დაივიწყონ ყველაფერი ცუდი, რაც შლეიფად მოსდევთ. ერთმანეთს ღიმილით შევხედოთ, იყოს სიკეთე და ბედნიერება.

გადარბენაზე...

GzaPressნინო მუმლაძე: - მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ყოველ წელს უნარშეზღუდული და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმებს აწყობდა. პრეზიდენტის სასახლეში ჩვენი თეატრის საახალწლო პროგრამით გამოვდიოდით. წარმოდგენის პერსონაჟები ზღაპრების გმირები იყვნენ. გვყავდა ვეფხვი, მგელი, ძაღლი, ტურა... დაახლოებით 40 პერსონაჟი შესაბამისი კოსტიუმებით. თეატრში დღეში სამ სპექტაკლს ვთამაშობდით და მეოთხე - სასახლის წარმოდგენა იყო. დილის 11 საათზე პრეზიდენტის სასახლეში მივდიოდით, შემდეგი სპექტაკლი მოზარდ მაყურებელში პირველ საათზე იწყებოდა. ბუნებრივია, გამოცვლას ვერ ვასწრებდით, ამიტომ კოსტიუმებით ვსხდებოდით მანქანებში, შევრბოდით თეატრში და მერე პირდაპირ სცენაზე. ზღაპრის პერსონაჟებით სავსე 8-10 მანქანა ესკორტივით მოძრაობდა. გზაზე ჩვენი შემხედვარე სხვა ავტომობილების მძღოლებს და განსაკუთრებით, პატრულს თვალები შუბლზე ასდიოდათ.

ერთ დღესაც, ისევ გვაგვიანდება და სასახლიდან გამოვვარდით. მანქანები ჯებირთან გვიყენია, მეორე მხარეს მოსახლეობა ცხოვრობს. ვხედავთ, რომ ქუჩაში უამრავი ადამიანი დგას, მანქანებთან მისვლას ვერ ვახერხებთ. თურმე დაკრძალვაა და მალე კატაფალკაც გამოჩნდა. რა ვქნათ? ასე კოსტიუმებში გამოწყობილები ვდგავართ და წინ ვერ მივდივართ. თან გვეცინება, ზოგიერთმა ყურადღება მოგვაქცია და დაგვაფიქსირა. მეტი გზა არა გვაქვს, უნდა "გავჭრათ" ხალხის ნაკადი. ამასობაში მიცვალებულიც გამოასვენეს. უკვე თეატრიდან გვირეკავენ, სადა ხართო? როგორ გინდა, კუბოს გვერდი აუარო? გვრცხვენია, მაგრამ მივდივართ. სწორედ ამ მომენტში ზურნის, დოლის და დუდუკის ხმებია, სამგლოვიარო მუსიკა დაიწყო. ისედაც წკიპზე ვიყავით, თავი ვეღარ შევიკავეთ და არანორმალური სიცილი აგვივარდა. შეგვრცხვა და შევვარდით მანქანებში. გვაგინებენ, გვწყევლიან, ჯერ რა ცირკი მოგვიწყვეთ და ახლა კიდევ იცინითო. ამ ორომტრიალში, როგორც იქნა, გამოვაღწიეთ. ასე უხერხულად თავი არასოდეს მიგრძნია. ნინო ლეჟავამ კარგი ფრაზა თქვა: გვირილისფორმიან მარიამ ჩუხრუკიძეს, რომელიც ძალიან დაიბნა და ხალხის ნაკადში გაიჭედა, ასე მიმართა: წამოდი, ქალო, ვინმეს "ბუკეტი" არ ეგონო და კატაფალკაში არ ჩაგდონო.

შვილის საახალწლო სურვილი

GzaPressმანიკა ასათიანი:

- საახალწლო მორთულობა, საახალწლო კერძები, კარგი განწყობა... ახალი წლის შეხვედრა ძალიან მიყვარდა ოჯახურ გარემოში. ბოლო წლებია კონცერტები მიმყავს და შესაბამისად, ახალ წელსაც გარეთ ვხვდები. ამას მიჩვეული არ ვიყავი, მაგრამ ესეც დიდი ემოცია იყო ჩემთვის, იმიტომ რომ რეალურად, ამდენი ხალხის სიხარულს გრძნობ და ინაწილებ. ასე რომ, ძალიან მომეწონა საახალწლო კონცერტების წაყვანა. 31 დეკემბერს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალზე ვიქნები და მერე შევუერთდები ოჯახს.

- საახალწლოდ რას ამზადებ ხოლმე?

- კერძების მომზადება და ზოგადად, სამზარეულოში საქმიანობა მიყვარს, მაგრამ იმდენად მოუცლელი ვარ დეკემბრის ბოლო დღეებში, რომ ფაქტობრივად, ამისთვის დრო აღარ მრჩება. წამყვანებისთვის ყველაზე დიდი დატვირთვა საახალწლო პერიოდზე მოდის. ერთადერთი, გოზინაყს ვამზადებ, სხვა რაღაცებს კი ოჯახის წევრები გამინაწილებენ (იღიმის).

- შვილის საჩუქრების სია გრძელია?

- გიორგი სწერს თოვლის ბაბუას სურვილებს და ბევრი რამის ჩამოწერა იცის ხოლმე. შარშან ძალიან სასაცილოდ დაიწყო, მისი ერთ-ერთი შეკვეთა ასეთი იყო - უნდოდა და და ძმა (იცინის). ძალიან საყვარელი ბიჭია, ჯერ ვერ ავუსრულეთ სურვილი, რომ გვერდით 2 ცოცხალი ბავშვი ჰყავდეს.

- 12 საათის დადგომას როგორ ულოცავთ ერთმანეთს?

- მივირთმევთ რაიმე ტკბილს, როგორც ამბობენ, ტკბილად რომ დავიწყოთ წელი. მერე ერთმანეთს გადავკოცნით და კარგ წელს ვუსურვებთ. თოვლის ბაბუა გიორგის საჩუქრებს ჩუმად უტოვებს. ვეუბნებით, რომ მოვიდა და ისე მალე წავიდა, ვერ მოვასწარით დანახვა. ჩემს ბავშვობაში ბებიაჩემი იცვამდა თოვლის ბაბუის ფორმას და ისე შემოდიოდა სახლში. მე ვერ ვცნობდი, ჩემი და კი მაშინვე ამბობდა, ბებოს ხელებიაო.

- შენც უწერდი საჩუქრების სიას თოვლის ბაბუას?

- კი, მაგრამ დაუწერელი საჩუქრებიც ბევრი მომდიოდა. დედ-მამისგან ცალკე ვიღებდი, ერთი ბებია-ბაბუასა და მეორე ბებია-ბაბუასგან - ცალ-ცალკე. სხვათა შორის, დღეს ასეა ჩემი შვილი, სადაც მიდის, ყველგან საჩუქარი ხვდება.

- რა საახალწლო სურვილი გაქვს?

- რომ გითხრათ, საჩუქარს ვუკვეთ ვინმეს და მით უმეტეს, თოვლის ბაბუას, ასე არაა (იცინის), მაგრამ ერთი სურვილი მაქვს - ჩემ გარშემო ვინც მყავს, ჯანმრთელად და კარგად მყავდეს. ზოგადად კი, თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, ყველას ჯანმრთელობა, სიმშვიდე ქვეყანაში, ბევრი ღიმილი და ბედნიერი წელი გისურვოთ!

თუ შეძლებს თოვლის ბაბუა...

კახა მიქიაშვილი: - ბავშვობიდან ყველაზე კარგად ერთი ახალი წელი მახსოვს, როცა მეორე თუ მესამეკლასელი მოსწავლე კარის მეზობლის მეკვლე ვიყავი. მათთან დილით შევედი, პატივით მიმიღეს, - აი, ჩვენი მეკვლე მოვიდაო და ბევრი შოკოლადი მაჩუქეს. ის ქალბატონი შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა. გამიხარდა ჯერ ერთი ის, რომ ჩემი მეკვლეობა დააფასეს და მერე - გულუხვად რომ დამასაჩუქრეს. მაშინ პირველად ვიყავი მეკვლე და თავი დიდი პერსონა მეგონა. სახლში უამრავი შოკოლადით დავბრუნდი. მახსოვს, ფილები ფოლგის ქაღალდში იყო გახვეული. ეტყობა, თანამშრომლებს ასე აძლევდნენ, ბოლომდე შეფუთულიც არ იყო სპეციალურად. განსაკუთრებით შავი, პატარა ზომის შოკოლადი იყო უგემრიელესი, ასევე გრილიაჟები და ა.შ.

ახალი წელი ჩემთვის ასოცირდებოდა სავარაუდოდ, ძველი დროის ტრადიციასთან, რასაც ბებიაჩემი მისდევდა და ყოველ წელს თაფლში ვაშლს ათავსებდა, ვაშლში კი რკინის ფულს დებდა ბარაქის ნიშნად.

- 31 დეკემბერს სპექტაკლი გითამაშიათ? - 31-ში არა, მაგრამ 30 დეკემბერს კი ხშირად მქონია სპექტაკლი, ასევე 2 და 3 იანვარს... პირველ იანვარს რეპეტიციაზეც ვყოფილვარ. მახსოვს სპექტაკლ "ძმებს" ვდგამდით და 13 იანვარს ძველი ახალი წელი რომ დადგა, ამას მაშინ მივხვდით, როცა გარეთ ფეიერვერკების ხმა გაისმა. ჩვენ ამ დროს სცენაზე ვიდექით და რეპეტიციას გავდიოდით.

- შვილების საჩუქრების ნუსხას როგორ უმკლავდებით? - ამ მხრივ გამიმართლა, ჩემი შვილები საბედნიეროდ, ძალიან შეგნებულები არიან. ზოგი ბავშვი ჯიუტია, რაღაც უნდა და ითხოვს. ჩემები არასდროს ამბობენ, - მინდა ან უნდა იყოს. ისინი თხოვნას ასე იწყებენ: "შეიძლება?" ქვეტექსტი ასეთია: საშუალება თუ არისო? ახლაც, პატარა თინანომ თოვლის ბაბუას სურვილები დაუწერა, ჯერ ასე სჯერა. ჩამოწერა, - ეს მინდა, ეს მინდა... და ბოლოს წერია: თუ შეძლებს თოვლის ბაბუა. ცოტა ხნის წინ ვკითხე, რას ფიქრობ, მოგიტანს თოვლის ბაბუა საჩუქრებს-მეთქი? ასე მიპასუხა: იმედი არ მაქვს, რადგან რაც დავუწერე, საქართველოში არ იშოვება და თუ მოახერხებს, კარგი იქნებაო.

- აქცევთ ხოლმე ყურადღებას, რისი წელი მოდის და როგორ უნდა შეხვდეთ 12 საათს?

- ასეთი ცრურწმენები არ მახასიათებს. 12 საათზე, როგორც წესი, პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვთხოვ მშვიდობიანი წელი გვქონდეს, სხვა განსაკუთრებული არაფერი.

ნანული ზოტიკიშვილი